სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ უყვართ პატარა გოგოებს (ვარიაციები თემაზე: საბჭოთა ისტორიები)

5-6 წლის ვიქნებოდი, მამაჩემს მეგობარმა დიდი საკონცერტო როიალი რომ აჩუქა. მახსოვს, მთელი სადარბაზო გაოცებული შესცქეროდა, ორმა ქურთმა მუშამ მეცხრე სართულზე როგორ ამოიტანა. იმოდენაა, 5-6 ვაჟკაცი ვერ დაძრავს. ხელოსანი მოიყვანეს, ააწყობინეს და ჩემი და მუსიკალურ შვიდწლედში შეიყვანეს. საბედნიეროდ, მალევე მიხვდნენ, ტყუილად აწვალებდნენ და ისიც ცხადი გახდა, რომ საბჭოთა სამოთახიან ბინაში ამხელა ნივთის ქონა აუტანელი იყო.

სანამ მოიფიქრეს, რომ იქვე, გვერდზე, კარის მეზობლისთვის ეჩუქებინათ (გაყიდვა, რაღა თქმა უნდა, არც უცდიათ) და სანაცვლოდ ყოვლად უვარგისი ბელორუსული პიანინო განვადებით შეიძინეს, ჩემი მუსიკაზე შესვლის დროც დადგა.

ისე მშობლების ტრადიცია მეც წარმატებულად გავაგრძელე და ის პიანინო ისე გავაჩუქე, უფროსი შვილი რომ არ დაინტერესდა, უმცროსს არ დასჭირდეს-მეთქი, არც მიფიქრია. არადა, დასჭირდა და ერთხანს, სანამ ყიდვა მოვახერხე, იმ მამაჩემის გაჩუქებულ როიალზე გამყავდა სამეცადინოდ.

არსად და არაფერში არ ვყოფილვარ ისეთი უნიჭო და მაჩანჩალა, როგორც იმ მუსიკალურ სკოლაში. ერთადერთი მუსლიტერატურაში მქონდა მაღალი შეფასება, დანარჩენში კოჭლი სამიანი მეწერა. უცნაურია, მაგრამ არავის დაუძალებია, იარეო და მაინც დავდიოდი.

სკოლა სახლის წინ მქონდა, იმ სკოლაშივე იყო მუსიკალურიც, თითქოს მასწავლებლებიც იმავე სივრცეს ეკუთვნოდნენ, მაგრამ უფრო ოჯახური, თბილი გარემო იყო. დღესაც მიხარია, როცა რომელიმე მათგანი მხვდება. ვიცი, მათაც ვუყვარვარ, მაგრამ ახლაც ხშირად მესიზმრება: ხვალ გამოცდა მაქვს და ნაწარმოები ზეპირად არ ვიცი.
ისე, რომ ვუფიქრდები, კი ვიყავი საყვარელი მოსწავლე. დედაჩემს მუდმივად აწუხებდა დაუძლეველი ვნება, დაეპურებინა მშიერი ადამიანები. ცალკე სოფლიდან ბებიას გამოგზავნილი ყველი, კვერცხი და კარაქი არ ასვენებდა. მშივრები იქნებიანო – იტყოდა და ჩემი წასვლისთვის უზარმაზარ ფირფიტას შეაცხობდა ხოლმე ჰაერღუმელში. დედაჩემის ხაჭაპური, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანის დედის, ცალკე ამბავია. თანაც ამ ხაჭაპურებით ნიშანსა და შეღავათს არ ვყიდულობდი, ის მაჩანჩალა სამიანები ისედაც მეკუთვნოდა. რაღაცნაირად ბუნებრივად ხდებოდა.

ბავშვს თავში რა აქვს, რას გაიგებ? ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი შვილები რაზეც დადიან და რასაც აკეთებენ, იქნებ რა ამოძრავებთ?!

ხაჭაპურებით მისვლის გარდა, მუსიკაზე სიარულს ჰქონდა ერთი მთავარი მოტივაცია – მარტოობა, რომელიც სულ მიყვარდა და სულ მაკლდა.

იცით რა არის მახვილებით მეცადინეობა? ყოველ პირველ ნოტს მახვილით უკრავ, მეორეს -მსუბუქად, მერე პირიქით და მერე ტემპში დაკვრისას ხელები აღარ გებლანდება. აი, გრიგის ეტიუდების ეგრე მეცადინეობას რომ დავიწყებდი, სამეზობლოში თხუთმეტ წუთში ყველა გაქცეული იყო. ამიტომ დავამთავრე შვიდწლედი.
ერთხელ, მგონი მეხუთე კლასში ვიყავი, ძალიან მომბეზრდა და გამოვედი. არც არავინ შემწინააღმდეგებია. კარგად ესმოდათ, მთლად სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემი დაკრული. გამოვედი და თავიდან კარგი იყო, მაგრამ მერე ისე მომენატრა მარტო ყოფნა, მივხვდი, მუსიკაზე სიარული სჯობდა. ახლა დაბრუნება მინდა-მეთქი, ვეღარ ვთქვი და დღიური გავაშანშალე, რომელშიც დაწვრილებით აღვწერდი ჩემს სინანულს მუსიკის მიტოვების გამო და ვამთავრებდი მთლად უსინდისო რიტორიკული შეკითხვით: ნეტავ, მშობლებმა მაინც რატომ არ გამიწიეს წინააღმდეგობა?

ეს დღიური ისე ცხვირწინ დავუდე დედაჩემს, ვიცოდი თავს ვერ შეიკავებდა. საღამოს მომიცუცქდნენ, ხომ არ ნანობ, ხომ არ დაბრუნდებიო და მეც მორცხვად განვაცხადე თანხმობა.

ისეთი წყნარი, ბუნჩულა და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე მოსიარულე, სინამდვილეში რომ ასეთი აფერისტობის გამკეთებელი ვიყავი, ეჭვადაც არ გაუვლიათ.

მაგრამ ყველაზე კარგი, რაც იმ მუსიკალურმა მომცა, ჯანსუღ კახიძის ლექციები იყო. მესამე კლასში ვიყავით, რომ დაიწყო. იმ მუსიკალურში ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარი – მაკაც დადიოდა. ჩავჭიდებდით მაკა და მე ხელს ერთმანეთს, პატარები, 9 წლისანი, დაველოდებოდით წერეთელზე დიდ ყვითელ პირველ ნომერ ავტობუსს და ამაყად, დიდი ქალბატონებივით მივდიოდით სიმფონიური მუსიკის შემსწავლელ ლექციებზე ფილარმონიაში.
უკან გამოსულებს ან მამაჩემი დაგვხვდებოდა, ან მამამისი. ორივეს, როგორც საბჭოთა წესი იყო, „ჟიგული” ჰყავდა და ორივე ჟიგული, ე. წ. კრემისფერი იყო.

დღევანდელი გადასახედიდან ხშირად შემცოდებია ჩემი თავი ნაცრისფერი საბჭოთა ბავშვობის გამო, მაგრამ ჯანსუღ კახიძის ლექციები ისეთი დღესასწაული იყო, ნამდვილად ვისურვებდი დღევანდელი თაობებისთვისაც არსებობდეს რაიმე მსგავსი.

ჩვენს განკარგულებაში იყო დიდი მაესტრო და მთელი სიმფონიური ორკესტრი. საკრავების რაობიდან დაწყებული, ჟანრებით დამთავრებული – ყველაფერს გვიხსნიდნენ და გვიკრავდნენ. ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვიპოვე ჩანაწერები, იმედი მაქვს, ტელევიზიაში მაინც ექნებათ.

კიდევ გვქონდა მაკას და მე ერთი საიდუმლო. ორივეს ძალიან მოგვწონდა სიმფონიური ორკესტრის წევრი, ახალგაზრდა მევიოლინე, წვერებიანი, სიმპატიური მუსიკოსი. ჯერ სიყვარულის რა ვიცოდით, მაგრამ ამ მოწონებით კბილს ვუსინჯავდით საკუთარი გრძნობების სამყაროს.

ამ მევიოლინეს ნახვა დამატებითი ბონუსი იყო იმ ლექციებზე. ორივეს რომ მოგვწონდა, ესეც ძალიან გვაწყობდა, ეჭვი და მეტოქეობა, რაღა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში არ შეგვაწუხებდა.

ჯანსუღ კახიძის ლექციებმა კლასიკური მუსიკის მსმენელებად გაგვზარდა. მოგვიანებით, სხვებისგან გამორჩევის ჭია რომ შემიჩნდა, ესეც მეხმარებოდა. მაღალ კლასებში, მახსოვს, უკვე „ბიტლებს” უსმენდნენ და მე ამაყად ცხვირს ვუბზუებდი. მერე წლები დამჭირდა როკისაც გამეგო რამე. ამასობაში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ჩემს თანატოლ რუს პიანისტ ევგენი კისინზე და რაღაც ესტრადის მოსმენას არ ვკადრულობდი.

ევგენი კისინის შეყვარება მევიოლინესთან შედარებით, რომლის სახელიც კი არ ვიცოდით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

მართალია რუსი გახლავთ და მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ვუნდერკინდი, (საბჭოეთში ასეთებად იშვიათად აღიარებდნენ) ხშირად ჩამოდიოდა.

მეც, რა თქმა უნდა, არც ერთ კონცერტს არ ვტოვებდი და უკვე ძალიან კონკრეტული ოცნებაც მაწუხებდა, მიმეწერა წერილი. მისი სამუსიკო სკოლის მისამართიც გაგებული მქონდა, თუმცა რის მიწერას ვაპირებდი, აღარ მახსოვს, როცა საშინელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი -რუსული!

წიგნებს კი ვკითხულობდი თავისუფლად, მაგრამ საბჭოთა რუსულის მასწავლებელი ცალკე საშიში მოვლენა იყო და საშიში მასწავლებლებისგან არაფრის სწავლა არ შემეძლო არასდროს. ისე, მგონი, არც თვითონ იწუხებდნენ დიდად თავს. ის კი არა, მეოთხე კლასში ერთი ასაკოვანი სიმსივნით დაავადებული ქალი გვასწავლიდა. ერთხელ ისიც კი გვითხრა, მე რატომ უნდა მოვკვდე და თქვენ რატომ უნდა იცხოვროთ დიდხანსო? გვიწერა და გვიწერა ორები რამდენიც შეეძლო და გაიყვანეს ბოლოს. ეგეთები ბევრი ხდებოდა, მაგრამ რუსულის მასწავლებლები განსაკუთრებულად არ მიყვარდა. მოკლედ, მოვითხოვე მომზადება და ჩემს ცხოვრებაში ახალი დღესასწაული დაიწყო. რეპეტიტორობაზე სრულიად გენიალური ქალბატონი, ლეილა კაჭარავა დაითანხმეს.

მივდიოდი დიდუბიდან ვაჟას ბოლოში პატარა „ხრუშოვკა” ბინაში და იქ ზღაპარი მხვდებოდა. მართალია, მართლწერა არც ქალბატონ ლეილას უსწავლებია, მაგრამ ლისტის „რაფსოდიების” ფონზე (რომელსაც თვითონ მიკრავდა) მაკითხებდა ცვეტაევას, ახმატოვას, მანდელშტამს. ერთხელ მახსოვს ერთ დღეში ვუთარგმნე პუშკინის ოცი ლექსი. ალბათ რა მაღალხარისხოვანი თარგმანები იყო?!

დამთავრდებოდა გაკვეთილი და ქვევით მამა მელოდა. გოგოების და მამების სიყვარული საერთოდ ხომ მაგარია, მაგრამ ჯერ კიდევ სადღაც შორს მცხოვრები მუსიკოსები და მსახიობები და ეგეთები რომ უყვართ, იმ გოგოების და მამების ურთიერთობა კიდევ სხვაა!

ვაჟაზე, ერთ-ერთ პურის საცხობში, ბურბუშელა იყიდებოდა. საბჭოეთში ბურბუშელაც დიდი იშვიათობა იყო. თუ გაგვიმართლებდა, ვიყიდდით იმ ბურბუშელას და გაკვეთილის შთაბეჭდილებების გაზიარებით და ბურბუშელას ჭამით მოვდიოდით სახლამდე.

ბურბუშელაც დღესასწაული იყო, ქალბატონი ლეილას გაკვეთილებიც, მამას მოკითხვაც და მისთვის იმის მოყოლაც, რას ვსწავლობ და რას ვაკეთებ. თუმცა, ევგენი კისინისთვის წერილის მისაწერად რომ დავდიოდი რუსულზე, ეს მისთვის არასდროს მითქვამს. არც მისთვის, არც არავისთვის იმ პერიოდში. რომ გადამიარა, მერე გამოვტყდი, მამა კი უკვე აღარ იყო ცოცხალი, მერე მოვყევი საკუთარი თავის დაცივნითა და შემწყნარებლური ღიმილით. არადა, რომ ვფიქრობ, იმ პატარა გოგოს ჩემი დასაცინი არაფერი ჰქონდა.
. . . . .
ეს ამბები ამას წინათ მოსულმა წერილმა გამახსენა. მაკა მწერდა: ევგენი კისინი ჩამოდის თბილისში, ბილეთები ავიღე, 30 მარტს „მუზის” მარცხენა ფეხთან გელოდებიო.

მე და მაკა ისევ ვმეგობრობთ.
 
 
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი