პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„იგი“ – საბჭოთა რეჟიმის ალეგორია თუ პლატონის გამოქვაბულის რეცეფცია

ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა საბჭოთა ლიტერატურისა და ხელოვნების ალეგორიული ნიმუშების კვლევა. ვერ წარმომიდგენია, ხელოვან ადამიანს, შემოქმედს როგორ შეეძლო აეტანა პიროვნებაზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. არადა, საბჭოთა რეჟიმი არა მარტო მასის ერთფეროვნებას მოითხოვდა, არამედ ცდილობდა, ხელოვნებაც ჩარჩოებში მოქცია. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ნიჭიერი ხელოვანებიც არ ეპუებოდნენ „ზევიდან” დაწესებულ კანონებს, ეძიებდნენ საშუალებებს, როგორ გამოეხატათ პროტესტი და რა ფორმით მიეწოდებინათ სათქმელი თავიანთი მსმენელისა თუ მაყურებლისათვის. ამიტომაც მათ ნაცად ხერხს მიმართეს და საბჭოთა ლიტერატურაში პოპულარული გახდა ე.წ. ეზოპეს ენა. საბჭოთა ხელოვანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ათეული წლების მანძილზე ხდებოდა მათი უსასტიკესი დევნა. ალბათ, კაცობრიობას არ ახსოვს არცერთი რეჟიმი, რომელიც ასეთი დაუნდობელი ხერხებით ებრძოდა შემოქმედებს: დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვი ათასობით მწერალსა და მხატვარს, მუსიკოსსა და თეატრის მოღვაწეებს ითვლიდა. ნიჭიერ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ეფიქრათ, ვიღაც ემიგრაციაში წავიდა, ვიღაც შიშისგან დადუმდა, ვიღაცამ კი პროტესტის გამოხატვის ძველებურ ხერხს, ეზოპეს ენას მიმართა , ანუ პირდაპირი სათქმელი შენიღვა. უცნაურია, მაგრამ რეჟიმის „დამსახურებაა” ის, რომ ხელოვანებმა თავიანთი ნიჭიერება არაჩვეულებრივი ფორმებით გამოავლინეს და ჩვენც, რიგითი ადამიანები ალბათ ისევ საბჭოთა რეჟიმს უნდა „ვუმადლოდეთ”, რომ მეკვიდრეობად დაგვიტოვა ის საოცარი ფილმები, სპექტაკლები, მხატვრული ტილოები  თუ წერილობით ძეგლები. ამ მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ელდარ რიაზანოვის გენიალური ალეგორია იმაზე, თუ როგორ ჰგავდა სსრკ-ის ყველა ქალაქი ერთმანეთს: ქუჩის სახელწოდებიდან დაწყებული დამთავრებული კორპუსის, ბინაში ოთახების განლაგების, ავეჯის მსგავსებით. არ შეიძლებოდა საბჭოთა ადამიანი ინდივიდი ყოფილიყო, ყველას ერთ ყაიდაზე შეკერილი ტანსაცმელი უნდა სცმოდა, ყველას ერთნაირ სახლში უნდა ეცხოვრა, აგარაკიც კი ყველას ერთი სიდიდის უნდა ჰქონოდა.  თუკიდიდე „პელოპონესის ომში”  წერდა, ომის შემდეგ განადგურდება ქალაქები, მაგრამ გაივლის ხანა და მომავალი თაობები არქიტექტურით იმსჯელებენ, როგორ ქვეყანაში უცხოვრიათ ადამიანებსო. ე.წ. ხრუშოვის ტიპის არქიტექტურა ალბათ საუკეთესოდ დაუხასიათებს მომავალ თაობებს საბჭოების ქალაქებს. საქართველოც, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა, ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. აქ არქიტექტურაც იმეორებდა სხვა რესპუბლიკების სტილს, პოპულარული კინოც, მწერლობაც და უბრალო ყოფაც. საბედნიეროდ, გამონათებებიც არსებობდა. ნიჭიერი შემოქმედები ცდილობდნენ, გაერღვიათ მოჯადოებული წრე, თვითონაც მოეძებნათ თავიანთი სახე და ხალხისთვისაც მოეძებნათ დაკარგული ინდივიდუალობა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა ქართულ კინოში; მხატვრობამაც თავისი სათქმელი თქვა თავისებური ამბოხის მცდელობით. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ქართული საბჭოთა მწერლობის შესწავლაც.

 ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი”-ც სწორედ ინდივიდუალობადაკარგული საბჭოთა რეჟიმის ადამიანის ალეგორიად მიმაჩნია.   როდესაც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს პლატონის ყველაზე ცნობილი დიალოგი „სახელმწიფო”. ამ ნაწარმოების მეშვიდე თავში დიალოგის მთავარი მონაწილე ფილოსოფოსი სოკრატე მსმენელებს ერთი უცნაური გამოქვაბულის წარმოდგენას მოსთხოვს: წარმოიდგინეთ, გამოქვაბული, რომელშიც ტუსაღები ბავშვობიდან ცხოვრობენ. მათ ფეხებზე და კისერზე ბორკილები ადევთ და ასე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. ტუსაღებს არც თავის მოტრიალება შეუძლიათ, არც ერთმანეთთან დალაპარაკება. ისინი მხოლოდ წინ აღმართულ კედელს მიშტერებიან, რომელზეც სხვადასხვა საგნების ჩრდილები პროეცირდება პატიმართა უკან ანთებული კოცონის სინათლის წყალობით. ამ საგნის ჩრდილებს კი „ეკრანზე” ე.წ. მეორე სართულის ბინადარნი ქმნიან. არავინ იცის, ვინ ცხოვრობს „მეორე სართულზე”, მათ ხელში ხელნაკეთი ნივთები უჭირავთ და მორიგეობით ასწევენ ხოლმე ზევით იმ იმედით, რომ ამ ნივთების ჩრდილი კედელზე აისახება, პატიმრები კი ყველაფერს დაინახავენ. მაშინ, როდესაც ზედა ბინადარნი საგნებს ზევით სწევენ, გახმოვანებასაც არ ივიწყებენ: ხან ჩაიჩურჩულებენ, ხან სხვა ხმას გამოსცემენ, ისეთს, როგორიც, მათი აზრით, ამ საგანს შეეფერება. ტუსაღებმა სხვა არაფერი იციან, მხოლოდ კედელზე პროეცირებული „სინამდვილე”, რომელიც მათ უტყუარი ჰგონიათ. ამის შემდეგ სოკრატე მსმენელს თხოვს, წარმოიდგინონ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი შემთხვევით, აუხსნელი მიზეზით, რომელიმე პატიმარი მოახერხებს და ჩამოშორდება დანარჩენ ტუსაღებს. მათ უკან ერთი ხვრელია, რომელიც ზევით ადის. პატიმარი ჯერ უკნიდან მანათობელ კოცონს დაინახავს, მერე – „მეორე სართულის” ბინადართ და მათ საქმიანობას, მერე ალბათ ამასაც არ დასჯერდება და კიდევ უფრო ზევით განაგრძობს სვლას. ასე აღმოჩნდება პატიმარი ნამდვილ სამყაროში და პირველი, რისთვისაც მას თვალის გასწორება მოუხდება, იქნება მზე. ცხადია, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან მანამდე პატიმარი სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა და მისთვის მზის სინათლეზე ყოფნა ურთულესი იქნება. მაგრამ მისი თვალები თანდათან შეეჩვევიან სინამდვილეს, სინათლეს და პატიმარიც უკვე რეალურად არსებული გარესამყაროს აღმოჩენას შეძლებს. მას შემდეგ, რაც პატიმარი ამასაც შეეჩვევა, იგი ვეღარ გაჩერდება უსაქმოდ: აუცილებლად მოუნდება, რომ თავისი ახალშეძენილი ცოდნა სხვებსაც გააგებინოს, სხვებსაც გაუზიაროს, რომ პატიმრები, ტყვეები არიან, რასაც ჭვრეტენ, სინამდვილე არაა, სინამდვილე ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ლამაზია, მზეც კოცონზე უკე ანათებს და საგნებიც უკეთ ჩანს ამ სინათლეზე. გამოფხიზებული შეეცდება, უკან დაბრუნდეს გამოქვაბულში და ახაროს დანარენებს სიმართლე. მაგრამ როგორ მიიღებენ მას ძველი თანამოსაკნენი? დაუჯერებენ კი მას? რა თქმა უნდა, არა, რადგან ტუსაღებს ვერც კი წარმოუდგენიათ და ალბათ არანაირი სურვილიც არა აქვთ, რამე შეცვალონ. ისინი შეჩვეულები არიან ტყვეობას და ვერც აცნობიერებენ, რომ „მეორე სართულის” ბინადართა ტყვეები არიან. ამიტომაც „მახარობელს” ჯერ სიცილს დააყრიან, მერე კი – თუ იგი არ გაჩერდება და, რა თქმა უნდა, იგი ვერ გაჩერდება, არ მოუნდება რა სხვების მარადიულ სიცრუეში დატოვება – არ დაინდობენ და უსასტიკესადაც მოეპყრობიან, ცემას და წამებასაც კი დაუწყებენ. სოკრატეს „იგი”-საც სიკვდილი ელის, სიკვდილი თანაგუნდელებისგან, სიკვდილი მათგან, ვისი სიკეთეც იგის წყუროდა. საინტერესოა, რომ სოკრატეს პატიმარს სახელი არ გააჩნია, სახელი არ გააჩნია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის გმირსაც: იგი საკუთარი სახელი არაა, იგი ფსევდოსაზოგადოების ნებისმიერი წევრი შეიძლება იყოს. საინტერესოა ისიც, თუ ვინ არიან სოკრტესთვის ე.წ. მეორე სართულის ბინადრები. ფილოსოფოსი ამაზე არ საუბრობს, რადგან იგულისხმება, რომ დასკვნა მსმენელმა უნდა გამოიტანოს. აქ კი მსმენელმა შეიძლება ბევრი ჩანაცვლება მოახდინოს დაწყებული ეთიკით, კულტურითა და მეცნიერებით და დამთავრებული პოლიტიკოსებით, მედიით, ენით, რელიგიით და ა.შ. თუკი ხელოვანებს წარმოვიდგენთ მეორე სართულის ბინადართა ადგილზე, მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთ ფანტაზიებში პროეცირებულ რეალობას გვთავაზობენ, ისინი გვაწვდიან საგნებს, რომელთაც ხმასაც თვითონ უგონებენ; თუკი პოლიტიკოსებს მოვათავსებთ მეორე სართულზე, მივხვდებით, რამდენი ტყუილის მოწოდება და სიმართლედ გასაღება ხელეწიფებათ მათ; თუკი მედიას ჩავანაცვლებთ ამ უცნაურ ბინადრებს, დავინახავთ, რომ არ უნდა ვიყოთ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ტყვეობაში, რადგან ჩვენ კრიტიკული აზროვნების უნარი დაგვიჩლუნგდება და ვეღარ შევძლებთ ტყუილ-მართლის გარჩევას; ზედა სართულზე ენაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუმცა ენას სულიერი წარმომადგენლები არა ჰყავს, მაგრამ – მაინც. ენა ხომ სიტყვებისგან შედგება, სიტყვებს კი მარტო დენოტაცია კი არა, კონოტაციებიც გააჩნია. როცა ერთი ადამიანი ერთ კონოტაციას იყენებს, მეორე, შეიძლება, ვერ ხვდებოდეს მას და სხვაგვარად აღიქვამდეს ნათქვამს, ამიტომაც ცდებოდეს და სათქმელს ბოლომდე სწორად ვერ ჩასწვდეს – ეს მთქმელმა გამიზნულადაც შეიძლება, გააკეთოს და ყოველგვარი უკანა ზრახვების გარეშეც. ასეა თუ ისე, სოკრატეს მიერ აღწერილი „მეორე სართულის” ბინადარნი” ძალიან წააგავს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ბელადს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკოსების ხელშია ის ძალა, რომლითაც „საზოგადოებაზე” მანიპულაციების ჩატარება შეიძლება. სოკრატეს მონათხრობიდან ვერ ვხვდები, იციან თუ არა ზედა სამყაროს არსებობის შესახებ ზედა სართულის ბინადრებმა. თუ მათ ეს იციან, მაშინ ორჯერ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან. „იგი”-ის ბელადმა კი არ იცის სხვა რეალობის, თუნდაც უფრო ლამაზი და მომხიბლავის, არსებობის შესახებ. მაგრამ ეს მის დანაშაულს არ ამცირებს. საინტერესოა ისიც, რომ სოკრატეს ტუსაღი, როდესაც ჯერ კოცონს, მერე კი „დღის თვალს” დაინახავს, ტკივილს განიცდის. ეს ტკივილი ფიზიკურიცაა, მაგრამ მას სიმბოლური დატვირთვაცა აქვს. უმძიმესია იმის გაცნობიერება, რომ მრავალი წელი ტყუილში ცხოვრობდი, რომ მრავალი წელი დროს ფუჭად კარგავდი, რომ უამრავი სხვა საინტერესო არსებობს შენი ვიწრო სამყაროს მიღმა და ამ სამყაროს მშვენების წვდომაზე უკეთესი არაფერი არ არის. ჯემალ ქარჩხაძის იგისაც ფიზიკურად ტკივა, როდესაც წელში იმართება, როდესაც თავის ზევით აწევა შეუძლია და სინათლის წყაროს – „ღამის თვალს” ხედავს. მისი ტკივილი ფიზიკურიცაა და სიმბოლურიც, მაგრამ ამ ტკივილთან შეგუება მალევე ხდება, თავდაპირველ გაუსაძლის მდგომარეობას შვება ჩაენაცვლება და ახლა უკვე საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაა ტკივილის მომგვრელი. მოთხრობის გმირსაც უნდა, რომ გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს ეს აღმოჩენა, თუმცა მათგან ხიფათს ელის. ამიტომაც ჯერ მალავს, მაგრამ ბოლომდე დამალვა წარმოუდგენელია.

 სოკრატეს პატიმარიც და ქარჩხაძის იგიც განწირულნი არიან დაღუპვისთვის, თუმცა მათი კვალი რჩება და არ იკარგება, ისევე როგორც არ იკარგება ძველი ბელადის კვალი. ასეთი გზის გამკვალავების ცხოვრება რთულია, მაგრამ, თუკი იცი, რომ კვალს მაინც დატოვებ, თუკი იცი, რომ ვიღაც მაინც გაითვალისწინებს შენს გამოცდილებას, მაშინ ადვილი ხდება სიკვდილი, გამართლება აქვს თავგანწირვას. მგონი, თქვენც ბარათაშვილის „მერანი” გაგახსენდათ, არა?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი