პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სახლი – რომელსაც ვკარგავ

ფასანაურს და გუდაურს შუა, სამხედრო გზაზე ერთი პატარა სოფელია – ნაღვარევი.

18-20 კომლი იქნება. ჩემი დიდი პაპა, პავლე, გაღმა სოფლიდან გამოსულა და დასახლებულა. გაღმა უფრო მზიანია, ბალახიც უკეთესია და საქონელსაც რძე უფრო ღალიანი უდგებაო, ამბობენ. ეტყობა, პავლემ გზასთან სიახლოვე ირჩია და არც შემცდარა. გაღმა აღმართებზე ფეხით სიარულის თავი ნამდვილად არ გვაქვს მის გაქალაქელებულ შთამომავლებს.

პავლემ რომ სახლი დატოვა, ის მე არ მომსწრებია. პაპაჩემი ფრონტზე დაიღუპა. დარჩა ბებიას დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს დაბადებული მამაჩემი და 4 წლის მამიდაჩემი.

ბებია საწყალი ქვრივი არასდროს ყოფილა, ოთარაანთ ქვრივივით ძლიერი იყო, ძლიერიც და კეთილიც. სოფელსაც აშინებდა და არც ის მახსენდება, როდესმე უზარმაზარი სუფრის ალაგება-დაბინავების შემდეგ საჭმელების კალათში ჩალაგება და გაჭირვებული მეზობლისთვის სოფლის ბოლოში გადატანა დაზარებოდეს.

შვილის სიკვდილსაც მოესწრო, მაგრამ ვიღაცამ რომ უთხრა, ოთარაანთ ქვრივივით ხარო, საშინლად იუკადრისა, იმას არავინ დარჩა, მე შვილიშვილები დამრჩნენ, მაგას როგორ მკადრებო.

ის სახლი, რომელსაც მეც მოვესწარი, ბებიას აშენებული იყო. იმასაც თავისი, მხოლოდ იმ დროისთვის დამახასიათებელი ისტორია ჰქონდა.

50-იან წლებში საბჭოთა მთავრობას მორიგი ბრძანება გაუცია, ვისაც ხარები გყავთ, სახელმწიფოს უფასოდ უნდა ჩაგვაბაროთო. ბებიას წყვილი ხარი ჰყოლია.

იცი, შვილო, რამოდენა ჯანი უნდა იმათ გაზრდას, იმათთვის თივის თიბვას, 7 კილომეტრზე სათიბში ასვლას და მუშაობას, იმათ როგორღა დავთმობდიო, – გაოცებული ყვებოდა ხოლმე.

მოკლედ, წაუყვანია ეს ხარები და პირიქითა ხევსურეთში თავისი მამამთილის ძმადნაფიცთან დაუმალავს. ღამე მიდიოდა ტყე-ტყე და დღისით იმალებოდა უიარაღო, ხმლის ანაბარა.

ამ ჩამორთმევის ამბავს რომ გადაუვლია, ორ წელიწადში უკან გადმოურეკავს ეს ხარები, გაუყიდია და იმ ფულით აუშენებია ის სახლი, რომელიც 1979 წლამდე გვქონდა.
მერე მამამ ახალი სახლი აგვიშენა.
თუკი ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, მე იმ სახლიდან მოვდივარ.

მარტო ზაფხულობით კი არა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავადგებოდით გზას, მამას თავს რომ შევაწყენდით კითხვებით: – მალე მივალთ, მალე მივალთო? ხუმრობით დაგვიცაცხანებდა: – თქვენნაირად კომფორტულად თამარ მეფეც ვერ მგზავრობდაო და გზაც გაილეოდა.

რაღაც ხომ უნდა გახსოვდეს ადამიანს ისეთი, მოგონებისას თვალები დახუჭო და ცხვირის ნესტოები სიამოვნებით აგითრთოლდეს.

მე ეგეთად ნაღვარევში ასვლა მახსოვს. ზამთარში მარტო ბებიას ოთახი თბებოდა. უზარმაზარ თოვლში, საშინელ ყინვაში ამ ოთახის კარს რომ შეაღებდი და სითბო, შეშისა და შემწვარი ვაშლის სუნი ერთად რომ გეცემოდა, აი, ის იყო სახლში დაბრუნება!

რომ გაიზრდები, სადღაა სახლში დაბრუნება და ეგეთები. თუ ახვალ, ბებიას შემწვარ ვაშლებს კი არა, საქმეს უნდა ეცე. აღარც ბებიაა, აღარც თავისუფლება, სახლიც ცივია და გასათბობი.

და იწყებ საქმეს, იწყებ ლაგებას. რაღა თქმა უნდა, შენს ასვლამდე წამოზრდილი დისშვილები ყოფილან მეგობრებთან ერთად და ყველაფერი ისე არ დაუტოვებიათ, შენ რომ ისურვებდი. ჰოდა, ცდილობ აღადგინო შენი წესრიგი. ნივთებს შენთვის მისაღები ადგილები მიუჩინო, რომ მერე ამაყად მიმოიხედო და ჩემიაო, – თქვა.
არადა, აღარაა შენი.

ამ ზაფხულს ჩემმა დამ და მე პირველად დავტოვეთ ბავშვები მარტო. ჩვენები, იმათი მამიდაშვილები, ბიძაშვილები, 12-16 წლისანი.

ისეთი მოწამლულები დაგვხვდნენ თავისუფლების სურნელით, მთელი ზამთარია, იხსენებენ და სამომავლო გეგმებს აწყობენ. ეს ფოტოც ერთ-ერთი მათგანის შიოს გადაღებულია.

შემოდგომაზე უკვე ხელი ჩავიქნიე. აღარ ლაგდება ეს სახლი ჩემს გემოზე. გამირბის და თავის ცხოვრებას იწყებს. უფრო არეულს, ლაღს, მაგრამ უკეთესს.

რატომ მოვყევი ნაღვარევის ისტორიას?

პროფესიიდან გამომდინარე სულ 16-20 წლის ახალგაზრდებთან მაქვს საქმე. თითქოს არავინ ვარ მათთვის, ზოგიერთს უბრალოდ კვირაში ერთხელ უზარმაზარ ჯგუფში ვუკითხავ ლექციებს და სემესტრი ისე გადის, ყველას სახელსა და გვარს ვერც ვიმახსოვრებ. და მაინც, ხდება ხოლმე, მოდიან და თავიანთ გულისტკივილს შემომჩივიან. რა აწუხებს ამ დროს ადამიანს? მშობელი, რომელიც ბოჭავს თავისი მოთხოვნებითა და ღირებულებებით და რომელსაც არაფრის დათმობა არ უნდა. რომელსაც ამ შუა ასაკამდე უკვე დაულაგებია თავის ირგვლივ ცხოვრება: მთავარი ღირებულებები – ცალკე; კომპრომისები – ცალკე; დამცხრალი და დაბლაგვებული ოცნებები – საიმედოდ გადამალული; ამბიციები? რაც თვითონ ვერ დაიკმაყოფილა, შვილები შეძლებენ. შვილები იქნებიან ისე ბედნიერები, როგორც მათ წარმოუდგენიათ. არადა, ეს შვილები არა მხოლოდ მიდიან ჩვენგან, თან ამ ჩვენს დალაგებულ ცხოვრებასაც ყირაზე აყენებენ. მაგრამ, მიუხედავად ამბოხისა, ძალიან სჭირდებათ უფროსი ადამიანის თანადგომა. ისე სჭირდებათ, სახლში თუ ვერ იპოვეს, გარეთ ეძებენ.

„ ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო…

დედაშვილობაში შენ-ჩემობა რად არის? – ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავის თავსა. დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით ორი თვალი არა ჰქონოდა, თუ აქვს, რად უჭრის, ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? – რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, – რა საკითხავია დედაშვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედაშვილობაცა!

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრის მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდან გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა:

არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი.. მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…”

ამ ციტატაში ყველაზე მეტად დასაწყისი მომწონს: „ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო”. არაფრით არ შეიძლებოდა, გიორგის დედა გრძნობებს აჰყოლოდა და ისე გაეშვა შვილი. უთანასწორო საზოგადოებაში, სადაც მარტო დარჩენილ ქალს ჩაგრავენ, ზედ უვლიან და მხოლოდ მაშინ უთანაგრძნობენ, თუ მორჩილად დაიჭერს სუსტის და საწყლის ადგილს, ოთარაანთ ქვრივმა შეძლო, რომ საკუთარი და ოჯახის ძლიერების ციხე-სიმაგრე ამოეშენებინა. გიორგის მოჯამაგირედ წასვლით ამ ციხე-სიმაგრეს ჩრდილი ადგებოდა. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება? ამას გული არასდროს უკარნახებდა. ამას ფიქრი სჭირდება. ფიქრი უკეთესი მოკავშირეა.

მიდიან ჩვენი შვილები მარტოკები, არაფრის მქონენი, ჯერ ვერც სახლზე იტყვიან, ჩემიაო, ვერც წლებით გამყარებულ სტერეოტიპებს შეაფარებენ თავს. მიდიან თითქოს უშიშრად – უქონელი ადამიანი უფრო თამამია, მაგრამ მაინც ეშინიათ. უნდათ, ამ აბორგებულ ბოდიალში სადმე ახლოს უფროსიც ეგულობოდეთ და ჭკუის სწავლებას კი არა, თანადგომას ითხოვენ.

ჩვენც გვიჭირს. გვეგონა, სიმშვიდის რაღაც კედლები ამოვიშენეთ, რაღაც ადგილი მოვნახეთ, რომლის დათმობაც ადვილი არაა, მაგრამ იქით, ამ კედლებს მიღმა იქნებ უკეთესი, საინტერესო სამყაროა. იქნებ ყველაფერი, რასაც წლების მანძილზე მივეჩვიეთ და სიმშვიდის გარანტად მივიჩნიეთ, შეუმჩნევლად გვექცა ბორკილებად და სინამდვილეში, ჩვენც გაცილებით მეტი შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შვილები ამას ელოდებიან.
 
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი