პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ბავშვური ფანტაზიის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა”

თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მსგავსი არც ერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვით~, _ ვკითხულობთ „პატარა უფლისწულში”. ეს მოთხრობა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ მეგობარს მიუძღვნა მეტად საგულისხმო წარწერით: `ლეონ ვერტს. პატიებას ვითხოვ ბავშვებისგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი, მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება და, თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას: ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო~. ამგვარი მინაწერი ნებისმიერ საბავშვო წიგნს მოუხდებოდა, რადგან ზუსტად წარმოაჩენს ბავშვებისა და დიდებისათვის დაწერილი წიგნების არსს.

`წიგნს ვერაფრით შეცვლი, _ წერს ასტრიდ ლინდგრენი, _ წიგნი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. თანამედროვე ბავშვები უყურებენ კინოფილმებს, ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ ილუსტრირებულ ჟურნალებს _ კი, ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან. წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი კი თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს. ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა~.
თანამედროვე გერმანელი მწერალი კრისტოფ ჰაინი დიდებისა და პატარებისთვის თანაბარი გატაცებით წერს. ამჯერად, გირჩევთ ბავშვებს წააკითხოთ წიგნი `დედიკო ჩვენთან აღარაა~ (თარგმნა მაია მირიანაშვილმა). თემატიკა მარადიულია _ ათასგვარად გამოვლენილი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, ბავშვის გაოცებული თვალებით აღქმული და ახსნილი სამყარო, დიდებისა და პატარების ურთიერთობა.

ამ წიგნში პატარები თანატოლთა ფიქრებსა და განცდებს გაეცნობიან, დიდები კი ერთხელ კიდევ შეხედავენ საკუთარ თავს ბავშვის თვალებით. ნაწარმოებში ისტორიაა ერთი ოჯახისა, რომელმაც ახალგაზრდა დედა დაკარგა. სამი და-ძმა ცდილობს მამასთან ერთად გაუმკლავდეს უდედობის ტკივილს. მწერალი ამბავს მესამე პირში ჰყვება, ასე რომ, ნეიტრალური უნდა იყოს აღწერილი ამბების მიმართ, მაგრამ უნებურად მონაწილეობს, როგორც ერთი უჩინარი ბავშვი.

პატარა გოგონა ულა ხშირად ფიქრობს, რომ არაფერი ენაღვლებათ ლამაზ დედიკოსა და მამიკოს, რადგან ისინი დიდები არიან. ამ პატარა გოგონასთვის დიდობა უნაღვლობასთან არის გაიგივებული, თვითონ კი უზარმაზარი ნაღველი აქვს, არა მხოლოდ ცოცხალ, არამედ დიდებისთვის უსულო სამყაროსთან ურთიერთობით გამოწვეული. მწერალი კარგად გამოკვეთს ამ პატარა გოგონასა და მისი უფროსი ძმების, ერთმანეთისაგან განსხვავებული კარელისა და პაულის ხასიათებს. კარელს ტვინი `მაიერის ლექსიკონით აქვს გამოტენილი~, პაულს კი ყველაფერზე თავისი ორიგინალური თვალსაზრისი აქვს და არად დაგიდევთ, რა წერია წიგნებსა თუ ლექსიკონებში. მაგალითად, სჯერა, რომ მთების სიმაღლე მუდამ იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენი თოვლი დაეფინება. თუ მთას ღამით ერთი მეტრი თოვლი დაედება, იმ ღამით ის მთა უცბად გაიზრდება და მთელ მსოფლიოში სწორედ ის გახდება უმაღლესი. ეს `თვალსაზრისი~ პატარებს ფანტაზიას გაუღვიძებს, დიდებს ჩააღიმებს და დააფიქრებს ამ ლამაზ სიმართლეზე. ქვეყნიერებაზე განა ყველაფერი ფარდობითი არ არის?

მწერალი ცდილობს და ახერხებს კიდეც ამბავი ისე მოგვითხროს, ბავშვებს რომ დააინტერესებთ. `ულა თავისი ორივე ძმით აღფრთოვანებული იყო: კარელითაც, მსოფლიოში მისი უცოდინარი რომ არაფერი იყო და პაულითაც, რომელმაც შეიძლება ყველაფერი არ იცოდა, მაგრამ თავისი მყარი და უდავო მოსაზრებები გააჩნდა~. ბავშვების ფანტაზიას მშობლებიც კვებავენ. სცენარისტი დედა, `მომღიმარ მტრედს~ რომ ამსგავსებენ, და მოქანდაკე მამა ხელოვნების სიყვარულს უნერგავენ ბავშვებს. ოჯახში ძაღლიც ჰყავთ, ჯიშიანი შტროლხი, რომელიც შთაბეჭდილებაში რჩება საოცრად ლამაზი და ჭკვიანი თვალებით. მამამ იცის, რომ ბავშვობა დიდი სამყაროა, თავისი წეს-კანონებით, ამიტომ ცდილობს დაიცვას. ხანდახან კარელი გაიკვირვებდა: „მამა, ეგ ხომ ყველა ბავშვმა იცის?~ მამა კი გულწრფელად და დიდებისთვის გასაგებადაც პასუხობდა: `ჰო, მაგრამ მე ხომ კარგა ხანია ბავშვი აღარ ვარ, აბა, საიდან უნდა ვიცოდე?~.

ამ დაკარგული ცოდნის მოპოვებას ესწრაფიან მწერლები, როცა კვლავ და კვლავ უბრუნდებიან ბავშვობას. არაერთ ცნობილ მწერალს შეუქმნია თავისი შედევრი სწორედაც რომ ბავშვობისდროინდელი ამბის იმპულსით. შემოქმედება ჰგავს ბავშვურ თამაშს, როდესაც წარმოსახულ სამყაროს ქმნი და გამოგონილ პერსონაჟებს სიცოცხლეს შთაბერავ წიგნის სამყაროში სახეტიალოდ. მოთხრობაში თავისი თავგადასავალი აქვს წმინდა მარიამის ქანდაკებას, მასში მამა გარდაცვლილი დედის ღიმილსაც გააუკვდავებს. მწერალი კარგად ხატავს ბავშვების შეხვედრას სიკვდილთან, იმ ელდასა და ტკივილს, რომელსაც მხოლოდ გაზრდა თუ გააფერმკრთალებს. მწერალი ცდილობს სიკვდილი იდუმალების ბურუსში გაახვიოს, რათა ბავშვებისთვისაც იქცეს გამოცანად. ულას სჯერა, რომ მათი ყვავილები განსაკუთრებით ლამაზად იმიტომ ხარობდნენ, დედა ყოველთვის ელაპარაკებოდა. თვით ძველი კაკლის ხეც კი განუწყვეტელი ბაასით აიძულა, ისევ გამოესხა ნაყოფი. დედისა და ღვთისმშობლის სახება მოთხრობაში ერთმანეთს გადაეწვნება. ამიერიდან ორივე მათი მფარველია.

მამას თავისი ხალისიანი საუბრებით ძალდაუტანებლად, ნელ-ნელა შეჰყავს ბავშვები ხელოვნების სამყაროში. ის უხსნის ულას, მიქელანჯელოს მფარველი ანგელოზი ეხმარებოდა, რომ ისეთი რამ შეექმნა, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ძალას აღემატება. ბავშვი გაიოცებს: განა შენ არ გყავს მფარველი ანგელოზიო, რაზეც მამა ბავშვისთვის დამაჯერებლად პასუხობს: ეტყობა, ჩემი ანგელოზი ისეთი მოხერხებული არ არისო. დიდის ირონიას ბავშვი ვერ ხვდება და აღიქვამს, როგორც წყალგაუვალ `საბუთსა~ თუ `ახსნას~.

ულა მიქელანჯელოს შეცდომით ანგელოს ეძახის და მამასთან საუბრის შემდეგ იტყვის: `იცი, ახლა რა გავიფიქრე მიქელ ანგელოზე? იქნებ ის არც იყო ადამიანი? იქნებ სინამდვილეში თავად მიქელ ანგელოზი იყო?~ გაოცებულ მამას ისღა დარჩენია ჭკვიან შვილს დაეთანხმოს: `მთავარანგელოზი მიქაელი, რომელსაც სურდა დაემტკიცებინა, თუ რის გაკეთება შეიძლება ქვისაგან~, და მერე დიდებისთვისაც გააკეთოს დასკვნა: `თუ ეგ მართლაც ასეა, მაშინ ხელოვნების ისტორია თავიდანაა დასაწერი~.

პატარა უფლისწულს აწუხებს: `დიდებს რომ უთხრათ, `ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო~, ვერაფერს მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: `მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს~ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!~

წერილს კვლავ ასტრიდ ლინდგრენის სიტყვებით დავასრულებ: `მშვენიერია ხელმეორედ დაბრუნება სამოთხეში, როდესაც წიგნს წერ; მშვენიერია, როდესაც ისევ ბავშვად გადაიქცევი. ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ყველა, ვინც ბავშვებისთვის წერს~.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი