დაწყებით საფეხურზე ემოციური ინტელექტის, განსაკუთრებით კი ემპათიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე რეალობა სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. ბავშვისთვის კი ამ განსხვავების გააზრება მარტივი არ არის – მას უჭირს მიხვდეს, რომ ის, რაც თავად ახარებს, სხვისთვის შეიძლება დისკომფორტის მიზეზი იყოს.
წარმოიდგინეთ ზღვის პირას, მზის სხივების ქვეშ ყოფნა – უმრავლესობისთვის ეს დასვენებისა და ბედნიერების სიმბოლოა. თუმცა, იგივე გარემო შეიძლება აუტანელ სიცხესთან ასოცირდებოდეს და დისკომფორტს იწვევდეს. ან თოვლიანი მთა – სილამაზე და სიხარული – შეიძლება სევდის წყაროდ იქცეს ბავშვისთვის, რომელიც ტრავმის გამო აქტივობაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.
სწორედ ამ ემოციური პარადოქსის გასააზრებლად II კლასში განხორციელდა ინტერდისციპლინური აქტივობა – „ემოციური სათვალეები“, რომელიც აერთიანებდა ხელოვნებას, ქართულ ენასა და საგანს „მე და საზოგადოება“. აქტივობა პირდაპირ ეხმიანება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას – მოსწავლემ შეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა და გაგება.
გაკვეთილი დაიწყო საერთო მსჯელობით. დაფაზე ჩამოვწერეთ სხვადასხვა გარემო (ზღვა, ტყე, მთა და სხვ.) და მოსწავლეებს დავუსვით სამი საკვანძო კითხვა:
- სად ვარ?
- რას ვხედავ?
- როგორი განწყობა მაქვს?
ამ კითხვებმა მოსწავლეებს მისცა აზროვნების ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ისინი გარემოსა და ემოციას შორზე მსჯელობდნენ.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა მიიღეს პერსონაჟის შაბლონები დიდი სათვალეებით. მათი დავალება იყო, სათვალის მინებზე აესახათ გარემო – რას ხედავს პერსონაჟი, ხოლო სახის გამომეტყველებით გადმოეცათ მისი შინაგანი განწყობა – ემოცია.
შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი და შინაარსით დატვირთული ნამუშევრები: ტყის სილამაზითგაოცებული პერსონაჟი, ზღვის სანაპიროზე სიცხის გამო და სევდიანი სახეები, რომლებიც თოვლიან მთებს შორიდან შესცქეროდნენ. თითოეულმა ნამუშევარმა წარმოაჩინა ინდივიდუალური პერსპექტივა და ემოციის განსხვავებული ინტერპრეტაცია.
მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატი მოკლე პრეზენტაციის ფორმით გაუზიარა თანაკლასელებს. ამ პროცესმა მათ საშუალება მისცა, სამყაროს სხვისი პერსპექტივიდან შეეხედათ და გაეაზრებინათ, რომ ადამიანთა განცდები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის პერსონიფიცირებას, ავითარებს ემოციურ ინტელექტს და აყალიბებს მნიშვნელოვან სოციალურ უნარს – სხვისი მდგომარეობის გააზრებას.
„მეორე ადამიანის ადგილზე თავის დაყენება“ აღარ არის აბსტრაქტული მდგომარეობა – უკვე პრაქტიკული გამოცდილებაა, რომელიც ბავშვს ასწავლის სამყაროს სხვისი „სათვალით“ დანახვას.



