გაკვეთილზე კითხვას მოსწავლეები ხშირად ჩუმ, ინდივიდუალურ და მოსაწყენ საქმიანობად აღიქვამენ, უმეტესად მაშინ, როდესაც საქმე ეხება შედარებით გრძელ ან რთულ ტექსტებს. ამან, განსაკუთრებით – უცხო ენის სწავლებისას, შესაძლოა გადატვირთვა, ინტერესის დაკარგვა ან პასიური მუშაობა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი მეთოდების მოშველიება, რომლებიც კითხვას უფრო აქტიურ, უკეთ სტრუქტურირებულ და, რაც მთავარია, კომუნიკაციურ პროცესად აქცევს. სწორედ ასეთი მეთოდია საკითხავი რალი.
რა არის საკითხავი რალი
საკითხავი რალი არის ქმედებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც ტექსტთან მუშაობას დინამიკურ და საინტერესო პროცესად აქცევს. ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები რალის პრინციპით გადაადგილდებიან დავალებებს შორის, დამოუკიდებლად ეძებენ ტექსტში საჭირო ინფორმაციას, კითხულობენ და ამუშავებენ.
ამ მეთოდის წყალობით კითხვა აღარ არის უბრალოდ ტექსტის თავიდან ბოლომდე წაკითხვა – ის ინფორმაციის მიზნობრივი მოძიებისა და გაგების პროცესად გარდაიქმნება. გარდა ამისა, საკითხავი რალი აერთიანებს კითხვას, მოძრაობას, თანამშრომლობასა და თამაშის ელემენტებს, რისი წყალობითაც ის განსაკუთრებით ეფექტურია მოზარდებთან მუშაობისას.
მეთოდის დიდაქტიკური მიზნები
საკითხავი რალის გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სასწავლო მიზანი აქვს:
- კითხვის უნარის განვითარება, განსაკუთრებით – გლობალური და სელექციური კითხვისა;
- მოსწავლეთა გააქტიურება მოძრაობისა და თამაშის ელემენტების საშუალებით;
- ინფორმაციის მოძიების სტრატეგიების განვითარება;
- თანამშრომლობითი სწავლა წყვილებში ან ჯგუფებში;
- კითხვის მოტივაციის ამაღლება, განსაკუთრებით – შედარებით გრძელი ტექსტების შემთხვევაში;
- უცხო ენის (და არა მარტო მისი) შესწავლისას ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტი აღიქვან არა რთულ დავალებად, არამედ ინფორმაციის აღმოჩენის შესაძლებლობად და აქტიურ პროცესად.
საკითხავი რალის ეტაპები
საკითხავი რალი შეიძლება სამ ძირითად ეტაპად დაიყოს:
- მომზადება
მასწავლებელი ირჩევს მასალას (მაგალითად, მოკლე ისტორიას, საინფორმაციო სტატიას ან რამდენიმე მცირე ტექსტს). ამზადებს კითხვებსა და დავალებებს, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია მხოლოდ მოცემული ტექსტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ.
დავალებების შესაძლო ტიპები:
- ინფორმაციული კითხვები (ვინ? სად? როდის?);
- სწორია / არასწორია ტიპის დავალებები;
- ტექსტთან დაკავშირებული მცირე გამოცანები;
- ტექსტში გამოტოვებული ადგილების შევსება;
- ტექსტში დავალების შესატყვისი ციტატის მოძიება.
ეს დავალებები შეიძლება განთავსდეს საკლასო ოთახის კედელზე ან მერზებზე „გაჩერებების“ სახით.
- განხორციელება
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებად ან მცირე ჯგუფებად. ისინი გადაადგილდებიან საკლასო ოთახში, კითხულობენ დავალებებს და პასუხებს წერენ სპეციალურ ფურცელზე.
მოძრაობა შეიძლება ორგანიზებული იყოს სხვადასხვა ფორმით:
- გაჩერებებით სწავლება (Stationenlernen);
- „კლასის გასეირნება“ (Klassenspaziergang) – ტექსტები განთავსებულია კედლებზე და მოსწავლეები გადადიან ერთი დავალებიდან მეორეზე;
- ჯგუფური რალი სხვადასხვა საწყისი წერტილით.
- შედეგების განხილვა
დასასრულ, პასუხები ერთობლივად მოწმდება. შესაძლებელია:
- პასუხების დარიგება, შედარება და შემდგომი განხილვა;
- პასუხების საერთო განხილვა;
- ჯგუფებს შორის შედარება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;
- კითხვის სტრატეგიებზე მოკლე რეფლექსია (თვითრეფლექსია);
- სიმბოლური ჯილდო ყველაზე წარმატებული ჯგუფისთვის (ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში).
მეთოდის უპირატესობები
საკითხავ რალის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- აქტიურობა და მოძრაობა –
მოსწავლეები მერხებთან კი არ სხედან, არამედ მოძრაობენ და აქტიურად მუშაობენ ტექსტთან. - დიფერენცირების შესაძლებლობა –
დავალებები შეიძლება განსხვავებული სირთულის იყოს. სწრაფი მოსწავლეებისთვის შეიძლება დამატებითი დავალებების შეთავაზება. - თანამშრომლობითი სწავლა –
წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან, მოსაზრებებს ცვლიან. - კითხვის სტრატეგიების განვითარება – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იპოვონ ტექსტში საჭირო ინფორმაცია, როცა ყველა სიტყვა გასაგები არ არის.
- დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობა – მასწავლებელი დამკვირვებელია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერევა პროცესში.
მეთოდის ვარიანტები
საკითხავი რალი შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს.
- ტექსტის ფაზლი – მოსწავლეები ჯერ აწყობენ ტექსტის ნაწილებს, შემდეგ კი პასუხობენ კითხვებს.
- სურათისა და ტექსტის დაკავშირება –
მოსწავლეები აკავშირებენ სურათებს შესაბამის ტექსტურ ინფორმაციასთან. - ციფრული საკითხავი რალი
– დავალებები წარმოდგენილია QR-კოდებით ან ონლაინ ინსტრუმენტების (მაგ., პადლეტის) საშუალებით. - საკითხავი რალი როგორც პროექტის საწყისი ეტაპი – რამდენიმე ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, მაგალითად პოსტერს ან პრეზენტაციას.
პრაქტიკული რეკომენდაციები
საკითხავი რალის წარმატებით განხორციელებისთვის სასურველია:
- დავალებები იყოს მარტივად და მკაფიოდ ფორმულირებული;
- სადგურების რაოდენობისას გათვალისწინებული იყოს გაკვეთილის ხანგრძლივობა;
- მოძრაობა კლასში იყოს კარგად ორგანიზებული.
მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ის გამოიყენება მიზნობრივად, მაგალითად, ახალი თემის შესავალში, გრძელი ტექსტების დამუშავებისას ან გამეორებისთვის.
დასკვნა
საკითხავი რალი არის საინტერესო და ეფექტიანი მეთოდი უცხო ენის (და არამხოლოდ) სწავლებისას. ის აერთიანებს კითხვას, მოძრაობას, თანამშრომლობასა და თამაშის ელემენტებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და კითხვის უნარის განვითარებას.
ეს მეთოდი, განსაკუთრებით – მოზარდებთან მუშაობისას, ხელს უწყობს ტექსტთან მუშაობის ცოცხალ და აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნას.


