პარასკევი, მარტი 27, 2026
27 მარტი, პარასკევი, 2026

მოსწავლის აგრესია – ქცევა თუ სიგნალი?

სასკოლო გარემოში, აგრესიული ქცევა ხშირად  აღიქმება როგორც დისციპლინური დარღვევა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჭრილში, აგრესია წარმოადგენს ბავშვის შინაგან მდგომარეობასა და გარემო გამღიზიანებლებს შორის არსებული დისონანსის გამოხატულებას. როდესაც მოსწავლეს, საკუთარი მდგომარეობის ასახსნელად, არ გააჩნია საკმარისი ვერბალური, სოციალური და  ფსიქო-ემოციური რესურსი, ის „სხეულით საუბრობს“. აგრესიული ქცევა, ამ კონტექსტში, შეიძლება განიმარტოს როგორც დისრეგულირებული თვითრეგულაციის ფორმა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს სტრესის დასამუშავებლად  არ გააჩნია საკმარისი ემოციური და კოგნიტიური სტრატეგიები.  ეს მიდგომა ეყრდნობა პოზიტიური ქცევითი მხარდაჭერის  მოდელს, რომელიც აქცენტს აკეთებს არა დასჯაზე, არამედ ქცევის ფუნქციურ ანალიზზე – იმის გაგებაზე, თუ რა საჭიროებას ემსახურება კონკრეტული ქმედება. მთავარი  პედაგოგიური კომპეტენცია ამ დროს არის მიდგომა, როდესაც  მოსწავლის მიერ გამოვლენილი აგრესია  არ არის პრობლემა, რომელიც უნდა შევაჩეროთ – ეს სიგნალია, რომელიც უნდა წავიკითხოთ.

პრაქტიკული ქეისი: ნიკას შემთხვევა

ნიკა მესამე კლასის მოსწავლეა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა მას შეცდომაზე მიუთითა, ნიკა აგრესიას ავლენს თანაკლასელის მიმართ და ყვირის: „მე არასდროს არავინ მეხმარება!“.

ნიკას ქცევა არის მწვავე რეაქცია შერცხვენისა და უძლურების განცდაზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში (დაახლ. 8-9 წელი), ერიქსონის (1950/1996) თეორიის მიხედვით, ბავშვი იმყოფება „შრომისმოყვარეობა vs არასრულფასოვნების“ ფაზაში. ნებისმიერი საჯარო მარცხი მის მიერ აღიქმება არა როგორც სამუშაო პროცესი, არამედ როგორც პიროვნული „კატასტროფა“.

თეორიული რეფლექსია – ქცევა, როგორც  რეაქცია

ნეიროფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ სტრესის დროს მოსწავლის ტვინში ხდება ე.წ. ამიგდალური გატაცება (Amygdala Hijack) — მდგომარეობა, როდესაც ტვინის ემოციური ცენტრი სრულად ბლოკავს რაციონალურ აზროვნებას.  მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს „ცუდ ქცევას“, ეს არის  ნეირობიოლოგიურად განპირობებული ავტომატური რეაქცია საფრთხეზე. ამ დროს ბავშვი თავდაცვის რეჟიმში გადადის. ეს მდგომარეობა  შეიძლება სამი ფორმით გამოვლინდეს:

  • ბრძოლა: აქტიური წინააღმდეგობა, ყვირილი ან ფიზიკური აგრესია. ნიკას შემთხვევაში, თანაკლასელზე თავდასხმა სწორედ „ბრძოლის“ რეაქცია იყო, რათა „საფრთხე“ (სირცხვილის განცდა) ძალით დაეთრგუნა.
  • გაქცევა : სიტუაციისგან ფიზიკური ან მენტალური განრიდება, მაგალითად, საკლასო ოთახიდან გასვლა ან დავალებაზე უარის თქმა.
  • გაშეშება: ინფორმაციის დამუშავების უნარის დაკარგვა, როდესაც მოსწავლე თითქოს „იყინება“ და ვერ სცემს პასუხს ელემენტარულ კითხვებსაც კი.
სწრაფი რეაგირების მინი მოდელი

  1. გაჩერდი (არ უპასუხო იმავე ემოციით)
  2. დაარქვი ემოციას სახელი
  3. მიეცი სწორი  მიმართულება

 

ინტერვენციის სტრატეგიები

ეფექტური ინტერვენცია ეფუძნება სიგელისა და ბრაისონის (Siegel & Bryson, 2011) „დაკავშირებისა და გადამისამართების“ პრინციპს. მასწავლებლის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეესკალაცია:

  1. ემოციის ვალიდაცია: ნიკოლას ლონგის  მეთოდოლოგიის მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ემოციის იდენტიფიცირება (მაგ: „ვხედავ, რომ ახლა ძალიან გეწყინა“).
  2. დეესკალაცია და უსაფრთხოება: მშვიდი ტონი და ინდივიდუალური მხარდაჭერა ამცირებს შიშის რეაქციას და მოსწავლეს რაციონალურ აზროვნებაში აბრუნებს.
  3. შეცდომის ნორმალიზება: ეს ხელს უწყობს „ზრდის მენტალიტეტის“  ჩამოყალიბებას, სადაც შეცდომა სწავლის ინსტრუმენტია და არა პიროვნული ნაკლი.
  4. შემდგომი გააზრება: როცა მოსწავლე დამშვიდდება — რა მოხდა? რა იგრძნო? რას გააკეთებდა სხვანაირად?

მასწავლებლის რეაგირების  თვითშეფასების ჩეკლისტი

(მომზადებულია PBIS და LSI მეთოდოლოგიების საფუძველზე)

მასწავლებლის რეაგირება (ქმედება) მოსწავლის საპასუხო სიგნალი (შედეგი) (+ / -)
ტონალობის მართვა: მშვიდი ხმა და ღია სხეულის ენა. თავდაცვითი პოზა შესუსტდა, ყვირილი შეწყდა.
ემოციის ვალიდაცია: „ვხედავ, რომ გეწყინა“. მოსწავლემ იგრძნო, რომ მისი ესმით.
უსაფრთხო სივრცე: ინდივიდუალური საუბარი. შემცირდა საჯაროდ შერცხვენის განცდა.
შეცდომის ნორმალიზება: „შეცდომა სწავლის ნაწილია“. მოსწავლე დაუბრუნდა დავალებას შიშის გარეშე.
საჭიროებაზე ფოკუსი: „რით დაგეხმარო?“ მოსწავლემ მოახდინა საჭიროების ვერბალიზაცია.

 

რეფლექსია  მასწავლებლისთვის 

გაიხსენეთ შემთხვევა: როდესაც მოსწავლე აგრესიულად მოიქცა, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია — ქცევის აღკვეთა თუ მისი გამომწვევი ემოციის ძიება? ამ პარაგრაფის გაცნობის შემდეგ, როგორ შეცვლიდით თქვენს რეაგირებას?

გარემოს ანალიზი: არსებობს თუ არა თქვენს საკლასო ოთახში ფიზიკური ან ემოციური „უსაფრთხო სივრცე“, სადაც სტრესის მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეს დამშვიდება შეუძლია?

შეცდომის კულტურა: რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს კლასში შეცდომა აღქმული იყოს როგორც „სწავლის შესაძლებლობა“ და არა როგორც „საფრთხე თვითშეფასებისთვის“?

აგრესიული ქცევის დროს მასწავლებლის მთავარი შეცდომაა ქცევის კონტროლი ემოციის გაგების გარეშე. ხოლო მთავარი პროფესიული უნარია – ქცევის მიღმა მდგომი საჭიროების ამოცნობა. 

მასწავლებლის პროფესიონალიზმი იზომება არა იმით, თუ რამდენად სწრაფად აჩერებს მოსწავლის არასასურველ ქცევას, არამედ იმით, თუ რამდენად ზუსტად კითხულობს ქცევის მიღმა დანახულ  მოსწავლის საჭიროებას.

გამოყენებული ლიტერატურა (APA Style)

  • ერიქსონი, ე. (1996). ბავშვობა და საზოგადოება. ( გამოიცა 1950 წელს).
  • Colvin, G. (2004). Managing the Cycle of Acting-Out Behavior in the Classroom. Behavior Associates.
  • Long, N. J., Wood, M. M., & Fecser, F. A. (2001). Life Space Crisis Intervention: Talking with Students in Conflict. PRO-ED.
  • Siegel, D. J., & Bryson, T. P. (2011). The Whole-Brain Child. Delacorte Press.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“