შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მარია მონტესორის სწავლების მეთოდი

მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე წელიწადი მათ შესწავლაში გაატარა. 28 წლის ასაკში მონტესორი გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლის დირექტორი გახდა. სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლისუუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. ეს მოვლენა მაშინდელ იტალიაში სასწაულად შერაცხეს. მონტესორიმ აღმოაჩინა, რომ ამ ბავშვებს შეეძლოთ სწავლა პრეცეპტუალური სისტემის დახმარებით. მან შეიმუშავა ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშების მთელი სისტემა და უჩვეულო სათამაშო მოწყობილობები და დაკვირვების საფუძველზე აღმოაჩინა თანამედროვე მეცნიერთა მიერ დადასტურებული კანონზომიერება: რაც უფრო სხარტი ხდება ბავშვის ნატიფი მოტორიკა და რაც უფრო მეტი საგნის მეშვეობით – მგრძნობელობით გამოცდილებაზე დაყრდნობით ეცნობა იგი გარე სამყაროს, მით უფრო სწრაფად და ადვილად სწავლობს მეტყველებასა და წერა-კითხვას.

1907 წელს მარია მონტესორის სთხოვეს, პასუხისმგებლობა აეღო უსახლკარო ბავშვებზე, რასაც შედეგად რომის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვთა სახლის დაარსება მოჰყვა. „ბავშვის სახლში” მან შეიფარა ღარიბი, უსახლკარო და პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, რომლებსაც თავისი მეთოდით მალე შეასწავლა წერა-კითხვა და სამაგალითო მოწაფეებად აქცია.

მაინც რაში მდგომარეობს მარია მონტესორის სწავლების უნიკალური მეთოდი?

მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისთვის მას აუცილებლად მიაჩნდა სწავლების პროცესში ფსიქიკური განვითარების იმ კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის უნარი. მაგალითად, მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წელი და სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი წახალისება. მონტესორისეული აღმზრდელი დამხმარეა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, არ არსებობს ზარმაცი და არასასურველი ქცევების მქონე ბავშვი.; სიზარმაცე და ქცევითი პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო არ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს.

საგანგებოდ ბავშვისთვის შექმნილი გარემო

მარია მონტესორიმ პირველმა გამოთქვა აზრი – და შემდეგ პრაქტიკულადაც განახორციელა – იმის შესახებ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სათანადო ზომის ავეჯი. თავდაპირველად მან დაამზადებინა პატარა კარადები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ მათით სარგებლობა. მონტესორის თანახმად, გარემო უნდა პასუხობდეს ბავშვის განვითარების თითოეული საფეხურის სენსიტიურ პერიოდებს. ეს „სპეციალური გარემო” სხვადასხვა საფეხურისთვის სხვადასხვაგვარია, თუმცა ერთ პრინციპზეა დაფუძნებული. სწორედ ეს გარემო და მონტესორისეული მასწავლებელი განასხვავებს სხვებისგან მის თეორიას. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვის თავისუფალი აქტივობა მოიცავს სწავლების 80%-ს, მხოლოდ დანარჩენი 20% ეკუთვნის მასწავლებელს. ამგვარი თვალთახედვა უცხოა სწავლების ტრადიციული მეთოდისთვის, სადაც წამყვანი ადგილი მასწავლებელს უკავია. პატარებზე მორგებული გარემო მათ საშუალებას აძლევს, შეასრულონ განსხვავებული მოქმედებები დამოუკიდებლად. ამასთან, ამ გარემოში ისინი თვითონვე აღმოაჩენენ თეორემებს, რომლებიც არა წარმოდგენილი, არამედ „აღმოსაჩენია”.

   
სასწავლო მასალები

ეს მასალები არის სახლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გადებული ხიდი, სამყაროს მცირე მოდელი, რომლის მეშვეობითაც ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, უვითარდება სივრცეში კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის მექანიზმები. სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით – მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით. ბავშვები მასალებით მანიპულაციის დროს ეცნობიან სხვადასხვა კატეგორიას: დიდი-პატარა, გლუვი-პრიალა და ა.შ., ხედავენ მათ შორის განსხვავებებს და ამ გზით ივითარებენ ანალიზისა და სინთეზის უნარს. მაგალითად, ბავშვებმა უნდა ააგონ ვარდისფერი კოშკი სხვადასხვა ზომის კუბებისგან, ყველაზე დიდი კუბი საფუძველში უნდა მოაქციონ, ხოლო ყველაზე პატარა – წვერზე. ყველა კუბი ერთი და იმავე ფერისა და მასალისაა, განსხვავება მხოლოდ ზომაშია. ამრიგად, ბავშვებმა ზომის მიხედვით უნდა მოახერხონ დიფერენცირება. არის დავალებები, როდესაც ბავშვები ნივთებს ახარისხებენ ფერის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვის აღქმაში წამყვანია სწორედ სენსორული ინფორმაცია, ეს მასალები მას სამყაროს შეცნობაში ეხმარება. მონტესორისეული სწავლების მიხედვით, წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლება არ არის სკოლამდელი განათლების მიზანი – ის მხოლოდ თანმხლები პროცესია. სენსორული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვს თანდათანობით უჩნდება ინტერესი იმისა, რამდენით დიდია, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ერთი კუბი მეორეზე და სწორედ ამ დროს ჩნდება ელემენტარული მათემატიკური ცოდნის მიწოდების საშუალება. ასეთივე მეთოდით ხდება ენის ათვისება: სიმღერებით, ლექსებით, მოთხრობებითა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი დავალებებით ბავშვს ეტაპობრივად უქმნიან წინა პირობებს წერა-კითხვის დასაუფლებლად. ამ ყველაფრის კომბინაცია ბავშვს ნელ-ნელა, ძალდაუტანებლად, შეუმჩნევლად ასწავლის წერა-კითხვას. 

მონტესორის განათლების სისტემა, უკვე 100 წელიწადზე მეტია, წარმატებით იყენებს ენის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მყარ ზედაპირზე დამაგრებული ზუმფარის ქაღალდისგან გამოჭრილი ასოებით ვარჯიში. ბავშვები ერთსა და იმავე დროს ხედავენ, შეიგრძნობენ და გამოთქვამენ მათ, ასე რომ, სწავლება მიმდინარეობს კომბინირებულად, სამი სენსორული არხის დახმარებით.

   

მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მარია მონტესორიმ დაასკვნა, რომ არსებობს მასალების განსაზღვრული რიცხვი, რომელიც სავსებით საკმარისია ბავშვის კულტურული განვითარებისთვის; უბრალოდ, ამ გარემოში უნდა იყოს მისი თუნდაც ერთი ნიმუში. ეს მასალები ბავშვის „კოსმოსურ აღზრდას” ემსახურება. ბავშვებს სამყაროს შესახებ ცოდნას აწვდიან სწორედ ამ სპეციფიკური საგნების დახმარებით, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სამყაროსა და ბუნების შესახებ. მასალა ამ შემთხვევაშიც სენსორულია და მიეწოდება ზოგადიდან კერძოს მიმართულებით. მაგალითად, ბავშვი ჯერ ითვისებს ცოდნას სამყაროს შესახებ, შემდეგ – ცხოველებისა და მცენარეების შესახებ; ცხოველთა სამყაროს ზოგადად გაცნობის შემდეგ ის იღებს ინფორმაციას ცხოველთა ნაირსახეობების შესახებ და ა.შ.

საგნები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლობას უყალიბებს

ეს საგნები თავისებურად „იწვევენ” ბავშვების აქტივობას. ბავშვებს აქვთ ნაირგვარი გეომეტრიული ფიგურები, პაზლები, ფერადი მძივის მარცვლები და უამრავი სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის კუბი. მონტესორის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ყველა ნივთი, ავეჯი თუ საგანი, ჯაგრისი იქნება ეს თუ აქანდაზი, მაქსიმალურად არის მორგებული ბავშვის ზომებს, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს მათი გამოყენება. ამ ნივთების მოხმარება, მაგალითად, წყლით სავსე დოქის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რაც მისი თვითგანვითარების საფუძველია. ბავშვების მიერ გამოსაყენებელი საგნები აწყვია მათთვის ხელმისაწვდომ თაროებზე, თანაც ეს ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ ბავშვებმა ადვილად მიაგნონ შეცდომებს და გაასწორონ. მონტესორის სისტემაში მასწავლებელს არ მიეკუთვნება მაკორექტირებლის როლი, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ასეც ხდება. სხვის მიერ მიცემული მითითების, ანუ გარეგანი განსჯის ნაცვლად ბავშვი ეყრდნობა ინტერნალურ განცდებს, საკუთარ აზრს, დაშვებული შეცდომების შესახებ. პასუხები მოცემულია მექანიკური (მაგალითად, რომელიმე სათამაშოს ნაწილები მხოლოდ ერთი, განსაზღვრული გზით ერგება ერთმანეთს), ვიზუალური (ნივთების დახარისხება შესაძლებელი გარკვეული მახასიათებლების მიხედვით, მხედველობით ან შეხებით), ხანდახან კი, უბრალოდ, ფურცელზე პასუხების ჩამონათვალის სახით. შეცდომების აღმოჩენისას საკუთარ გამოცდილებასა და თვითშეფასებაზე დაყრდნობით ბავშვს უყალიბდება „მეგობრული” დამოკიდებულება შეცდომების მიმართ და ეს მეგზურობას უწევს მას თვითგანვითარების გზაზე. 
შერეული ასაკობრივი ჯგუფები

ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინ თუ სამსახურში, სხვადასხვა ასაკის ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. ტრადიციული სკოლებისგან განსხვავებით, სადაც კლასში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ასაკობრივი ჯგუფი, მონტესორის სკოლაში ასაკობრივი ჯგუფები შერეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გარემო სჭირდებათ, მონტესორის კლასები შედგება 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე 6-დან 12 წლამდე და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშევბისაგან. თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე პატარა წარმომადგენელი გარშემორტყმულია თავისზე ოდნავ მეტად გამოცდილი და ასაკით უფროსი ბავშვებით, რომლებიც მისთვის მოდელებს წარმოადგენენ. თავის მხრივ, უფროსი ბავშვები, პატარებით გარშემორტყმულნი, გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და მეტად თავდაჯერებულნი აჩვენებენ პატარებს საკუთარ შესაძლებლობებს. შეჯიბრს თანამშრომლობა ცვლის და სწორედ ეს არის ამ პატარა სოციუმების მამოძრავებელი ძალა. წინასწარ მომზადებული გარემოთი ხელშეწყობილი თვითგანათლება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ბავშვი სწავლობს და ვითარდება.

თავისუფლება და დისციპლინა

სპეციალურად შექმნილი გარემოს ზემოქმედების შედეგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად ეს გარემო. იგი ბავშვებს აძლევს მათთვის აუცილებელ „იარაღებს”, თუმცა მათ უნდა შეძლონ ამ „იარაღების” საშუალებით ცოდნის აღმოჩენა და მათით მანიპულირება.

გარემოსთან ბავშვის ინტერაქცია ინდივიდუალური განვითარებისთვის ყველაზე ნაყოფიერია მაშინ, როდესაც ის ეფუძნება არჩევანის თავისუფლებასა და პირად ინტერესს. მონტესორისეულ საკლასო ოთახში ბავშვი თვითონ ირჩევს სასურველ აქტივობებს და ამ აქტივობათა შესასრულებლად შეუზღუდავი დრო აქვს. გარდა ამისა, ბავშვს საშუალება ეძლევა, ერთი და იგივე აქტივობა იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც მოისურვებს. ეს აქტივობა შესაძლოა იყოს თამაში, ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და სხვა.

პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ამ თავისუფლებას მიჰყავს ბავშვები დისციპლინამდე. ტრადიციული მიდგომის თანახმად, ბავშვები არსებითად უწესრიგოები და თავაშვებულები არიან, მხოლოდ დასჯით შეიძლება მათი სიჯიუტისა და იმპულსურობის დათრგუნვა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბავშვისგან სასურველი ქცევა რომ მივიღოთ, აუცილებელია მისი დასჯა ან წახალისება კონტექსტის შესაბამისად, მაგრამ, თუმცაღა საზოგადოება ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. როდესაც გარეგანი მოტივი ჩამოშორებულია, ადამიანში რჩება საკუთარი ქმედებებისა და განზრახვების კონტროლის მხოლოდ სუსტი სურვილი, სუსტი ზნეობრივი საზღვრები და ადამიანის მოთხოვნილება ითანამშრომლოს სოციუმთან მხოლოდ იმაზეა დამყარებული, რომ მან „უნდა” გააკეთოს ეს და არა იმაზე, რომ მას „უნდა” სოციუმთან ურთიერთობა.

მონტესორის სისტემა ბავშვს ნებისყოფის გამომუშავებაში ეხმარება. მონტესორის საკლასო ოთახში ბავშვი მუდმივად გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და სწორედ ამის წყალობით უყალიბდება საკუთარი სურვილებისა და ინტერესების „მოსმენის” უნარი. თუმცა გარემო გარკვეულწილად ლიმიტირებულია, სოციალურიც და ნატურალურიც, რაც ბავშვს უვითარებს იმპულსების შეკავების უნარს. ამ სპეციალურ გარემოში, როგორც უკვე ვახსენეთ, არის მხოლოდ ერთი ნიმუში ამა თუ იმ საგნისა, მაგალითად, არის მხოლოდ ერთი სახატავი რვეული და თუ ბავშვს აქვს ხატვის იმპულსი, ამ დროს კი სხვა ხატავს, მას ამ იმპულსის შეკავება უხდება; თუ რომელიმე სათამაშო „დაკავებულია”, ბავშვი უნდა დაელოდოს, სანამ ის არ გათავისუფლდება. 

მონტესორის განათლების სისტემაში შექმნილია სპეციალური პირობები, რათა ბავშვის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ინიციატივა, დამოუკიდებლობა, კონცენტრაცია, თვითრეგულაცია, თანაგრძნობა, გახდეს თვალსაჩინო და ბუნებრივი, ნორმალიზებული მოვლენა. მათი გათავისება არ ხდება ძალდატანებით ან მითითებებით. სწორედ იმის დამტკიცება სურდა მონტესორის, რომ ეს მახასიათებლები ბავშვში ბუნებრივად დევს. ისეთი მახასიათებლები კი, როგორებიცაა სიჯიუტე, ჭირვეულობა, სიზარმაცე და სხვა, ვლინდება მაშინ, როდესაც გარემო არ უპასუხებს ბავშვის მოთხოვნილებებს და განვითარების ბუნებრივი პროცესი ფერხდება. როდესაც ბავშვებს აქვთ თავისუფლება იმ გარემოში, რომელიც მათზეა მორგებული, ისინი იფურჩქნებიან (blossom). როდესაც იმპულსების ძლიერი შეკავების შემდეგ სასურველ მოქმედებას იწყებენ, ისინი გამოცოცხლდებიან, კმაყოფილებას განიცდიან, ხოლო მას შემდეგ, რაც აქტივობას განაგრძობენ სასურველ მოქმედებაზე კონცენტრირებით, ბავშვები სწავლობენ შინაგან დისციპლინას და განიცდიან სიმშვიდეს. სწორედ ბავშვის ამ მახასიათებლების ნორმალიზებაა მონტესორის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი.

მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ (რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებშია ჩატარებული) აჩვენა, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მონტესორის სახელობის უამრავი სკოლა, რომლებიც იყენებენ მის მეთოდს, თუმცა მცირე ინტერპრეტაციებით.
წყარო:

https://www.absorbentminds.co.uk/acatalog/What_is_Montessori_.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი