ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მეტამორფოზის საიდუმლო კლასის გამოუსწორებელი მაჩანჩალასგან ანუ დანიელ პენაკი

იშვიათია ავტორი, სწავლების მეთოდებზე, მიდგომებზე, სასწავლო პროცესის პრობლემებზე „იზმების”, რთული ქვეწყობილი წინადადებებისა და პროფესიულ ლექსიკონში დასაძებნი ტერმინების გარეშე რომ წერდეს. მეტიც: არასოდეს წამიკითხავს სიამოვნებით სასწავლო მეთოდების სახელმძღვანელოები. ამ მხრივ დანიელ პენაკის „სკოლის სევდა” უიშვიათესი გამონაკლისია. სათაური გაუწყებს, რომ რომანის კითხვას იწყებ, მაგრამ დასასრულისკენ ხვდები: რომანივით შეფუთული სასწავლო მეთოდები „შემოგატყუეს”, მარტივი, ადამიანური ენით დაწერილი და საინტერესო თავგადასავლებით სავსე.
პენაკის „სკოლის სევდა” მათთვისაა, ვისაც სკოლასა და, საერთოდ, ბავშვებთან რაიმე კავშირი აქვს, მათთვისაც, ვინც ოდესმე ოროსანი და კლასის მაჩანჩალა ყოფილა და მათთვისაც, ვინც ასეთებს ცხვირს უბზუებდა.
წიგნი ჩამორჩენილი მოსწავლის გულისმომკვლელ განცდებსა და ჯადოქრობაზეა – იმაზე, როგორ უნდა აიგლიჯო საბედისწერო იარლიყი, რომელიც საზოგადოებამ მოგაკრა, რა განაპირობებს სასიკეთო ძვრებს, რომლებიც ადამიანს დროსა და სივრცეში საკუთარ თავს აპოვნინებს და სასიცოცხლო ძალების საბადოს მიაგნებინებს მაშინ, როდესაც ყველასათვის იგი უმომავლო, მაჩანჩალა მოსწავლეა; როგორ უნდა აღდგე ფენიქსივით ფერფლიდან და კლასის ოროსნისგან საუკეთესო მასწავლებლად და კარგ მწერლად იქცე. მთელი წიგნი ამ და სხვა კითხვებზე ვრცელი პასუხია.
კლასში ყოველთვის არის ერთი მოსწავლე მაინც, რომელსაც გამუდმებით ეფანტება გონება, ავიწყდება ყველაფერი და რომლის ინდიფერენტულობასა და სიზარმაცეს ვერც საინტერესო სასწავლო გარემო შველის, ვერც მშობლებისა და მასწავლებლების ძალისხმევა. ყველაზე წარმატებულ მასწავლებლებლებსაც კი ჰყავთ „მოუდრეკელი”, „ამოუხსნელი” მოსწავლეები, რომლებსაც გულის სიღრმეში თავიანთი პროფესიული მარცხის მაგალითად მიიჩნევენ.
არადა, სიზარმაცე და სწავლისადმი გულგრილობა შეიძლება უამრავი ფსიქოლოგიური ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეყოფა თუ არა მასწავლებელს ნებისყოფა,  იპოვოს პასუხი კითხვაზე „რატომ?” დანიელ პენაკი მიიჩნევს, რომ აქ უმთავრეს როლს სიყვარული ასრულებს – ფენომენი, რომელიც პენაკისდროინდელ სასკოლო სივრცეში ტაბუდადებული და იგნორირებული იყო.
სასწავლო პროცესისადმი შიშის მიზეზი შესაძლოა სტრესი და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფანტაზიებიც კი იყოს: დანიელ პენაკი, მაგალითად, თამაშის დროს ქალაქის დიდ ნაგავსაყრელში ჩავარდა, რამდენიმე საათი ფართხალებდა უზარმაზარ სანარცხე ორმოში, სანამ შემთხვევით არ მიაგნეს და ამოიყვანეს. მერე სეფსისით დაავადდა და ორი თვე მკურნალობდნენ. ამ ამბების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული, ხშირად გრძნობდა თავს სანაგვე ორმოში მოსროლილ ნარჩენად, ყოველი გაკვეთილის ახალი თემა კი იმ საზარელ, ძალით საჩხვლეტ ნემსებად ეჩვენებოდა, მედდები რომ მთელი ორი თვე უკეთებდნენ. მთავრული ასოებისადმი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა: „მეჩვენებოდა, რომ განზრახ, ჩვენი ურთიერთობისთვის ხელის შესაშლელად იდგნენ ჩემსა და საკუთარ სახელებს შორის, დიდი ასოთი დაწყებული ნებისმიერი სიტყვა იმთავითვე დასავიწყებლად იყო განწირული: ქალაქები, მდინარეები, ომები, გმირები, ხელშეკრულებები, პოეტები, გალაქტიკები, თეორემები რიგრიგობით იშლებოდნენ მეხსიერებიდან ერთადერთი ნიშნით – ნებისყოფის მტრით, დიდი ასოთი იწყებოდნენ. „სდექ! – ყვიროდა დიდი ასო – აქეთ არ შეიძლება! ეს საკუთარი სახელია და კრეტინებისთვის შემოსვლა აკრძალულია!”
სიზარმაცე ხანდახან პროტესტის ფორმაა სწავლის თავს მოხვეული პროცესის მიმართ, ან უბრალოდ წინასწარ გაწერილი ცხოვრება (სკოლა, უნივერსიტეტი, ოჯახი, სამსახური) უინტერესოა ბავშვისთვის, რომელსაც სიახლეები, აღმოჩენები სჭირდება და სულაც არ იზიდავს უფროსების უწყვეტი ჩიჩინი „სოციალური დარვინიზმის” საფეხურების შესახებ (გული არ გიღონდებოდათ ბავშვობაში, თქვენი უღრუბლო მომავლის თაობაზე მშობლების გეგმებს რომ მოჰკრავდით ხოლმე ყურს?). იქნებ სწორედ ამ პროტესტში ჩანს მეამბოხე სულის გენიალურობა „დიპლომიანი წინაპრების შთამომავალი, პირდაპირ სოციალურად ვიყავი დაპროგრამებული, გვარის მშვენება და სიამაყე გავმხდარიყავი: თავდაპირველად – პოლიტექნიკური ან პედაგოგიური ინსტიტუტი, მერე, რა თქმა უნდა – ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა; იქვე კიდევ რამე უნდა ყოფილიყო, სამინისტროზე არანაკლები; უნდა გამეგრძელებინა იღბლიანი ქორწინებით და მეჩინა ბავშვები, რომლებსაც აკვნშივე გადავუწყვეტდით ლუდოვიკო დიდის ლიცეუმში სწავლას. ბანალურზე ბანალური სოციალური დარვინიზმი! ელიტის წარმოება…”
თუ გვსურს, მოსწავლეებმა რეალობა შეიგრძნონ და თავისუფლად გამოამჟღავნონ შესაძლებლობები, არ უნდა ვაყვედრიდეთ წარსულის შეცდომებს და არ უნდა ვაშინებდეთ მომავლით.
მოსწავლეს, რომელსაც არ ესმის ის, რაც მის ირგვლივ ყველასთვის გასაგებია, სირცხვილი წვავს. განუზომელია მისი მარტოობა ამ ყოვლისმცოდნეთა სამყაროში. მხოლოდ ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია ამ ტყვეობიდან მათი დახსნა, – ასე მიაჩნია დანიელ პენაკს, – „ერთი უშინაარსო სასწავლო წელი ხომ მინის ქილაში გატარებულ მარადისობას უდრის”.
ყველა მოსწავლე საკუთარ ინსტრუმენტზე უკრავს, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ შექმნის ჰარმონიულ მუსიკას ამ ნაირ-ნაირი ინსტრუმენტებისგან. კარგი კლასი ორკესტრია, რომელიც სიმფონიას ასრულებს და თუ ორკესტრში სამკუთხედი გყავთ, რომელსაც მხოლოდ „დინ-დინის” გამოცემა შეუძლია, მთავარია, ის დროულად აჰყვეს სხვა ინსტრუმენტებს და რაც შეიძლება უკეთესად ჟღერდეს. ბოლოს და ბოლოს, სამკუთხედსაც შეაქვს წვლილი მუსიკის სრულყოფაში. პრობლემა ის არის, რომ ხანდახან მასწავლებლები არწმუნებენ მოსწავლეებს, თითქოს მხოლოდ პირველი ვიოლინოები იყვნენ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ამქვეყნად.
პენაკი „სკოლის სევდაში” მოდაზეც წერს, როგორც ახალგაზრდების თავშესაფარზე; წერს სამოცდაათიანი წლების იროკეზებიან მოსწავლეებზე, ოთხმოციანების პანკებსა და გოთებზე, ოთხმოცდაათიანების ნეოჰიპებზე, ინფექციასავით სწრაფად რომ ეყრებოდათ სამოსის, მუსიკის, საკვების, თამაშებისა თუ ელექტროტექნიკის მოდა, წერს მომხმარებელთა საზოგადოების ყველაზე აქტიურ წევრებზე – ახალგაზრდებზე, რომლებსაც ცოცხალ, მოსიარულე რეკლამებად იყენებენ ბრენდები და მოდური მარკები, „ბრენდის სამოსი იგივე უნიფორმაა, რომელიც ცოცხალ რეკლამად გაქცევთ, თითქოს მაღაზიის მანეკენები იყოთ”. დანიელ პენაკი ბავშვობაში ნანახ ადამიან-რეკლამას იხსენებს, ასაკოვან ძიას – მოსიარულე ბუტერბროდს, მისი სახლის პირდაპირ, სარეკლამო ბანერების ფონზე რომ იდგა და რომელიღაც ფირმის მდოგვს ასხამდა ხოტბას. „თქვენს თავსაც იგივე ხდება, – ეუბნება პენაკი მოსწავლეებს, – და საერთოდაც, მგონია, რომ რა ძვირფასი სამოსიც უნდა გეცვათ, ნებისმიერი თქვენგანი უფრო ფასეულია”. ამის შემდეგ კლასში იწყებოდა კამათი ფასებზე, მერე კი – ფასეულობებზე, ოღონდ არა საბაზრო, არამედ სხვა, მარადიულ ფასეულობებზე. 
ჩვენს ეპოქაში ბაზარი ცდილობს, ბავშვი სრულუფლებიან და დამოუკიდებელ კლიენტად აქციოს. კლიენტი-ბავშვი კი, რომელიც უზრუნველყოფილია ყოფა-ცხოვრების ყველა აუცილებელი ელემენტით – სამოსით, საკვებით, ტექნიკით, ტრანსპორტით, ისეთივე მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს, როგორსაც მისი მშობლები. კლიენტი-ბავშვი ბაზრის დიდ ნაწილს შეადგენს, მისი სურვილები განუწყვეტლივ იზრდება და მრავალფეროვნდება, რაც საბაზრო-ეკონიმიკური მანქანის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით კლიენტი-ბავშვი მეტად მნიშვნელოვანი პერსონაა, უფროსების მსგავსი სრულუფლებიანი მომხმარებელი.
ბავშვის სურვილების ასრულება თითქოს მშობლებისა და ახლობლების სიყვარულის ხარისხის მაჩვენებელია. მომხმარებელთა საზოგადოებაც ასე ვითარდება: გიყვარდეს შვილი ნიშნავს გიყვარდეს მისი სურვილები, რომლებიც უმთავრესად ნივთებით შემოიფარგლება, და ხშირად ადამიანები ერთმანეთს ნივთებით უმტკიცებენ სიყვარულს…
ყოველ ეპოქას მშობლებისა და შვილებისადმი სიყვარულის გამოხატვის თავისებური ენა აქვს. ჩვენი ეპოქა საგნების ენით მეტყველებს. უცნაური ბავშვის, დანიელ პენაკის, სკოლიდან გამოყოლილ სევდას კი ნივთები ვერ უშველიდა. მის ღრმა, შინაგან ტრაგედიას მხოლოდ ცოცხალი, ადამიანური ენერგია და თანადგომა სჭირდებოდა. გამოჩნდნენ კიდეც მის ირგვლივ ისინი, ვინც უნებურად უბიძგა აზროვნების ძირეული ცვლილებებისკენ, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, თავდაყირა დააყენა მისი უშინაარსო ცხოვრება და კლასის მაჩანჩალა უამრავი ადამიანისთვის საყვარელ მწერლად აქცია.
სკოლისგან გატანჯულ პენაკს ოჯახში ყოფას მამა უმსუბუქებდა, რომელსაც არასოდეს წარუკვეთდა სასოს შვილის წარუმატებლობა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ლეგენდასავით იხსენებდნენ გამუდმებით, დანიელს მთელი წელი დასჭირდა, ასო „ა” რომ დაემახსოვრებინაო. „პანიკის გარეშე, გეთაყვა, – ამშვიდებდა მამა ყველას, – სულ რაღაც ოცდაექვსი წელიწადი და მთელი ანბანი ეცოდინება”. მერეც, როცა პენაკმა სკოლის გამოსაშვები გამოცდა ვერ ჩააბარა და მეორე წელს სცადა ატესტატის მიღება, მამამ გულიანად გაამხნევა: არაფერია, ბოლოს და ბოლოს ავტომატურად გამოგიმუშავდება გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების ჩვევაო. დიდი ხნის შემდეგ, როცა პენაკმა 1968 წელს ფილოლოგის დიპლომი მიიღო, მამა, ჩვეულებისამებრ, ხუმრობდა: „შენი დიპლომისთვის რევოლუცია გახდა საჭირო (იგულისხმება 1968 წლის საფრანგეთის რევოლუცია), ნეტავ რა მოხდება, დისერტაციის დაცვა რომ გადაწყვიტო, მესამე მსოფლიო ომს დაელოდები?” პენაკი მთელი გულით იცინოდა მამის ხუმრობებზე, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მომავალში რა ეკეთებინა: „რა დისერტაცია, მამა?! არავითარი დისერტაცია, აზარტული თამაშები არ მიზიდავს, არც პროფესორობა მჭირდება, ისეც უამრავი დრო ვფლანგე. მაგისტრატურა სავსებით საკმარისია სკოლის მასწავლებლის საარსებო მინიმუმისთვის. უბრალო მასწავლებელი, მამა. ჩვეულებრივ სკოლაში. თუ საჭიროა, დამნაშავე დანაშაულის ადგილს უბრუნდება, ჰოდა მეც სანაგვეში მოსროლილ ბავშვებთან ვიმუშავებ და მუდამ მემახსოვრება, როგორი ვიყავი თვითონ”.
მეორე საბედისწერო ადამიანი ფილოსოფიის მასწავლებელი და მისი მეგობრის, ნიკოლას მამა ჟან როლენი იყო. ყოველთვის, როცა პენაკი გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრებოდა, ჟანი მას საუკეთესო რესტორანში ეპატიჟებოდა, რათა ისევ და ისევ დაერწმუნებინა, ყველას ინდივიდუალური ცხოვრებისეული რიტმი აქვს, შენ, უბრალოდ, ცოტათი შეფერხდიო. პენაკმა „სკოლის სევდა” სწორედ ჟან როლენს მიუძღვნა: „ჟან, ჩემო ძვირფასო ჟან, დაე, ამ გვერდებმა შენს ფილოსოფიურ სამოთხეში გაგამხიარულონ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც”.
იყო კიდევ მათემატიკის მასწავლებელი მესიე ბალი, რომელიც ყოველთვის საკლასო ოთახში ხვდებოდა ბავშვებს, ღიმილით ესალმებოდა და ისინიც პირველივე სიტყვებიდან მათემატიკის სამყაროში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ბალი თავისი საგნის სამყაროში ჩაყურყუმელავებულიყო. წრფელი სურვილი ცოდნის გაზიარებისა თბილ და მშვიდ პიროვნებად აქცევდა. ბავშვებს აზრადაც არ მოსდიოდათ მის გაკვეთილზე აურზაურის ატეხა. ვერც მას წარმოედგინა, რაზე შეიძლებოდა ეფიქრათ მოსწავლეებს გაკვეთილზე, თუ არა მათემატიკაზე. მეცნიერების სიყვარულს მისი არსება უცნაური სიკეთით გაესხივოსნებინა. ბალი თავისი საქმისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა და ეს ბავშვებზეც გამაბრუებლად, ჯადოსნურად მოქმედებდა. მესიე ბალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიც იყო, რომ არასოდეს იმუქრებოდა გამოსაშვები გამოცდების გადაულახავი სირთულეებით, არც უბადრუკ მომავალს ახსენებდა არასოდეს, რომელიც, დანარჩენი მასწავლებლების აზრით, აუცილებლად ელოდა ჩამორჩენილ მოსწავლეებს.
და მთავარი ანტიდეპრესანტი – სიყვარული, რომელიც ყველაზე ინერტულ სულებზეც კი პოზიტიურად მოქმედებს: „მე ქალს ვუყვარდი! შეყვარებული პირველად მომმართავდა სახელით! ახლა უკვე მართლა ვცხოვრობდი, ვარსებობდი ქალის თვალებში, გულსა და ფიქრებშიც კი. მისი მზერა ყველაფერს ამბობდა! მან მე ამირჩია! მე! მან! მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ასეთ ვნებას ძალი შესწევს, სიმშვიდე და თავდაჯერება შესძინოს ადამიანს. შვიდმილიანი ნაბიჯებით მივიწევდი წინ. სკოლის დამთავრების შემდეგ თვალის დახამხამებაში მივიღე ფილოლოგის დიპლომი, დავამთავრე მაგისტრატურა, დავწერე პირველი რომანი… მე ხომ მეტი არც არაფერი მსურდა – მხოლოდ თავისუფლად წერა და ჩემს ცაზე ჩემივე ფრთებით ფრენა! და კიდევ ის, რომ სატრფოს ძველებურად ვყვარებოდი”.
მასწავლებლის ყველაზე დიდი მიზანიც ალბათ მოსწავლეებისთვის საკუთარ ცაზე საკუთარი ფრთებით ფრენის სწავლებაა, თუმცა ამისთვის „უნდა იყო საჭიროზე მეტად კეთილი, რომ ეს სიკეთე რამეს მაინც ეყოს ამქვეყნად”.
მიუხედავად შინაგანი რევოლუციებისა, ადამიანები გულისგულში ისეთივენი რჩებიან, როგორებიც იყვნენ. „ჩვენში ბევრი არაფერი იცვლება, – წერს დანიელ პენაკი „სკოლის სევდის” დასასრულს, – ეჭვები მიპყრობს. ეჭვი მეპარება ამ წიგნის აუცილებლობაში, საკუთარ თავში, საერთოდ, ცხოვრებაში და ეს ეჭვები ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით სწრაფად ვრცელდება. ასეთი რამ ხშირად მემართება, ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ დღითი დღე მაინც იმ ოროსანს ვემსგავსები, რომელზეც მინდოდა დამეწერა, იგივე სიმპტომები მაქვს, რაც ცამეტი წლისას მქონდა: მეოცნებეობა, ყურადღების გაფანტულობა, იპოქონდრია, ნევროზულობა, საკუთარ წარუმატებლობებზე წუწუნი – და ბოლოს კომპიუტერის ეკრანს მივშტერებივარ, როგორც ერთ დროს – საშინაო დავალებას ან საკონტროლო სამუშაოს… „მე ისევ აქ ვარ, არსად გავმქრალვარ”, – ხითხითებს კლასის მაჩანჩალა, ოდესღაც რომ ვიყავი”.
P.S. პენაკის „სკოლის სევდა” მალე ქართულ ენაზეც ითარგმნება, მანამდე კი შეგიძლიათ, რუსულ და ფრანგულ ენებზე წიგნი შემდეგ ბმულებზე მოიძიოთ: 
https://www.scribd.com/doc/73475878/Chagrin-d-Ecole-Daniel-Pennac
https://www.loveread.ec/read_book.php?id=22671&p=1

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი