პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ძალადობა მოზარდებში ანუ რატომ არის სპილო უჩინარი

„ყველა ბავშვი ერთიმეორეზე უარესია, დედიკომ მითხრა, და ამიტომ აღარ ვეთამაშები მათ, ისინი საშინელი ადამიანები არიან”, – მომდევს მეოთხეკლასელი ანდრო და თან თავის ამბებს მიყვება, „იცი რა, მე არ მიყვარს ისინი, მათ მე მცემეს”. ვცდილობ გავიგო, რატომ, მაგრამ არ მიმხელს: „საიდუმლოა, ვერ გეტყვი””, – და ისევ გარბის.

მეორედ ანდროს ისევ სტადიონთან, ბავშვებთან ვხედავ, ბიჭებს წიხლებს ურტყამს და თანატოლ ლუკას სახეში გამეტებით აწნავს სილას. ბიჭს ლოყაზე გამეტებით მოქნეული ხელის ანაბეჭდი ემჩნევა. მას მეგობარი ესარჩლება და ანდროს უყვირის: „იცი, ლუკას მამა ვინ არის? ადვოკატია და აგერ ნახავ, თუ არ მიგასამართლოს ციხეში, შე ეშმაკო!” „მართლა ეშმაკია ეს!” – ყვირიან ბიჭები. გორგოლაჭებიანი გოგონა მარიამი, რომელიც იქვე ზის, ანდროს მშვიდად უხსნის: „თუ არ მოგწონს ეს ბავშვები, წადი, სხვაგან ითამაშე”. ანდრო დახტის, მაისურს აწვალებს, ბავშვებს მაინც ვერ შორდება, მერე შორიდან ქვებს ისვრის, ბოლო გარბის და ავტოფარეხის სახურავზე ჯდება. იქ კარგა ხანს რჩება.

„ყველა პატარა ბიჭუნა პოტენციური უფლისწულია”, – მახსენდება ჩემი მეგობრის სიტყვები და ვადარებ ანდროს დედის ნათქვამს: „ყველა ბავშვი ერთმანეთზე უარესია”. როგორც ჩანს, ანდრომ დაუჯერა დედას, რომელმაც, სამწუხაროდ, კვალიფიციური რჩევა ვერ მისცა შვილს იმის თაობაზე, როგორ მოეგვარებინა კონფლიქტი. დედას, ალბათ, ჰქონდა მიზეზი, მიეცა ასეთი რჩევა – მას სურდა, დაეცვა შვილი ხელახალი ძალადობისგან, მაგრამ ამ გაფრთხილებით მან ანდროსა და სხვა ბავშვებს შორის კონფლიქტი უფრო მეტად გააღრმავა. გადატანილი ძალადობა კი უკვალოდ არ დედისგან ფსიქოლოგიურად წახალისებული ანდრო საკუთარი თავის მოძალადესთან იდენტიფიცირებას ახდენს, ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, ფიზიკური თუ ვერბალური შეურაცხყოფით, ცდილობს შური იძოს გადატანილი დამცირებისთვის და ღირსება აღიდგინოს.
ფსიქოლოგი, GCRT წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი მაია ცირამუა, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს, ასეთ ფაქტებს ჩვენი კულტურისთვის ტიპობრივად მიიჩნევს: „სამწუხაროდ, ძალადობრივი ქცევის საუკეთესო გაკვეთილებს მოზარდები საკუთარ ოჯახებში იღებენ, სადაც ხშირად ასეთი მაგიური, ძალადობრივი წრეა შეკრული – მამა ძალადობს დედაზე, დედა პოულობს განტევების ვაცს შვილის სახით, შვილი ჩაგრავს თავისზე უმცროს და-ძმას (ან აწვალებს ცხოველებს) და ა.შ. თუმცა წრე ფართოვდება და ბავშვი ეძებს მსხვერპლს გარეთაც – თანატოლებს შორის. 

ძალადობა ქცევის არა მხოლოდ კარგად დასწავლილი, არამედ უმეტესად დეკლარირებული, „ლეგიტიმური” ფორმაა. „თუ დაგარტყეს, შენც უნდა დაარტყა, თავი არავის დააჩაგვრინო, ლაჩარი ხომ არ ხარ?” – ესეც სტერეოტიპული მიდგომაა; მშობელი, ნაცვლად იმისა, შვილს ასწავლიდეს პრობლემის კონსტრუქციული მოგვარების სტრატეგიას, ზოგჯერ მედიატორის როლსაც ასრულებდეს ან ცდილობდეს, დაანახვოს ბავშვს თავისი წილი პასუხისმგებლობა კონფლიქტურ სიტუაციაში, ქმნის სამყაროს, თანატოლების, პედაგოგების მტრულ ხატებს: „არავინ დაგინდობს, მუდამ მზად უნდა იყო…” ამას ბავშვის ქცევის გართულებამდე მივყავართ. თავს იჩენს შიში, საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, რომელიც ხშირად აგრესიული ქცევით კომპენსირდება. აგრესიულ გამოვლინებას გარემოდან შესაბამისი პაუხი მოჰყვება და ბავშვი აქაც მოჯადოებულ წრეში ექცევა. თანატოლებმა ის გარიყეს მასტიგმატიზირებელი სახელით „ეშმაკი”,ასეთ იარლიყებს კი ხშირად ერთგვარად მაგიური ძალა აქვს, კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვის ქცევას და ფაქტობრივად შეუქცევადი პროცესი იწყება.

ბულინგი, თანატოლთა შორის ძალადობა, დღეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზულ კვლევას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამების შექმნა და ამოქმედება, რაც სფეროს სპეციალისტებს გამოწვევის წინაშე აყენებს”.
კითხვაზე, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ პრობლემას სასწავლო დაწესებულებები, მაია ცირამუა გვაპსუხობს: „სამწუხაროდ, სკოლა აქ უძლურია, ის ან არასწორად ერევა პროცესში, ან საერთოდ იგნორირებას უკეთებს ფაქტს, ან ყველაფერი ბავშვის სკოლიდან გარიცხვით სრულდება. ზოგჯერ საქმე მშობლების დაპირისპირებამდეც კი მიდის. ორი წლის წინ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეთი ამბავი მოხდა – დედა, რომელიც გაბრაზებული იყო შვილის თანაკლასელზე, სკოლაში მივიდა მასთან „საქმის გასარჩევად”, 11 წლის გოგონა დამრიგებელთან ერთად გარეთ გაიყვანა, ჩაიყვანა სკოლის სარდაფში, სადაც ნაკლები ხალხია და დამრიგებელთან ერთად „გაუსწორდა” მას – მუქარით, ღირსების შემლახავი დამოკიდებულებით, უცენზურო სიტყვებით. გოგონამ, ცხადია, ამის შედეგად ძლიერი ტრავმა მიიღო, ფაქტობრივად, იძულებული გახდა გასცლოდა სიტუაციას და სხვა სკოლაში გადავიდა”.
მაია ცირამუას გამოსავლად მიაჩნია სკოლაში პროფესიონალი სოციალური მუშაკის, მანდატურის ან ბავშვთა უფლებების დამცველის არსებობა, რომელიც ასეთ შემთხვევებზე იმუშავებს, ერთგვარი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს კონფლიქტურ სიტუაციებში და მოზარდებს, რომლებსაც ეს თუ ის ქცევითი ან ემოციური დარღვევა აქვთ, ფსიქოლოგთან გადაამისამართებს.
„ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებობს ფსიქოლოგიური ცენტრები, რომლებიც რთულ ქცევით დარღვევებზე მუშაობს, თუმცა არ ვიცი, აქვს თუ არა ამ სამსახურს სკოლებში მედიაციის ჩატარების პრაქტიკა ან სკოლის მანდატურს – სათანადო პროფესიული უნარები. ვიცი, რომ ამჟამად მანდატურის სამსახურის რებრენდინგი მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, სამომავლოდ თქვენ მიერ აღწერილის მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელი იქნება მულტიდისციპლინური მიდგომებით”, – ამბობს ის.

ამასობაში კი გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF)  საგანგაშო დასკვნას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქართველების 60 პროცენტი ბავშვის ძალადობრივი აღზრდის მომხრეა. გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, მტრული და აგრესიულია. თითქმის ყველგან – ოჯახში, ბაღში, სკოლაში თუ ქუჩაში – აგრესია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული და ხშირად დაგვიანებულიცაა. ამ პრობლემებთან ბრძოლა კი სერიოზული გამოწვევაა მთელი საზოგადოებისთვის, რათა ყველამ ერთად, თანაბარი ძალისხმევით ვცადოთ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჰუმანური საზოგადოების შექმნაში, განსაკუთრებული როლი კი ამაში მაინც ოჯახსა და სკოლას ეკისრებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი