შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მწერალი და მისი შემოქმედება

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც 1920 წელს ჟურნალ  “სტუდიუმში”  გამოაქვეყნეთ პირველი ნაწარმოები?

– იმ დროს გვატემალაში დაარსდა ჟურნალი “ელ იმპერიალი” პოეტ პორფირიო ბარბა ჟაკობის თავკაცობით. იქ ამიყვანეს რედაქტორად. ვადგენდი მიმოხილვებს რეპორტიორთა ინფორმაციებიდან, ყველა მასალას კი თავად ბარბა ჟაკობი ასწორებდა,  იშვიათი ლიტერატურული ნიჭის მქონე კაცი. ჟურნალისტური მოღვაწეობა არ აფერხებდა ჩემს სამწერლო  საქმეს. საკმაოდ ბევრს ვწერდი – ძირითადად მოთხრობებს.
– ჯერ რომანს ვერ  შეჰბედეთ?
– არა, ერთი რომანიც დავწერე და, როგორც გითხარით, მრავალი მოთხრობა, რომლებიც წიგნად გამოიცა პარიზში. მოთხრობებთან ერთად გამოვაქვეყნე სადიპლომო ნაშრომიც “ინდოელთა სოციალური პრობლემა”.

– ეს იურიდიული ფაკულტეტის სადიპლომი იყო?
– მართალი ბრძანდებით. იგი დავწერე  1923 წელს. მანამდე კი მთელი წლის განმავლობაში  მომიხდა სიარული ინდოელთა დასახ- ლებებში ფაქტების შესაკრებად.  ასე რომ,  ფუჭია იმის  ვარაუდი, თითქოს შემთხვევით, გადავაწყდი  რა მდიდარ საბადოს,  – მივედი ინდეანისტურ  ლიტერატურასთან,  – თვითონ  იღბალმა  მიმიყვანა იქ.  ჯერ კიდევ სრულიად პატარა, ოთხი წლის  ასაკიდან  მუდმივად ინდიელთა წრეში ვტრიალებდი. დიპლომზე მუშაობისას კი ხელახლა შევხვდი  ინდიელთა რანჩოს  ყოფას. ჩემი ნაშრომისთვის სანმარკოსის უნივერსიტეტის პირველი პრემიის მინიჭებისთანავე 1923 წელს ევროპაში წავედი, სორბონაში, ეკონომიკის შესწავლის განზრახვით, მაგრამ მოვისმინე რა კურსი მაიას ტომების მითებისა და მრწამსის შესახებ, დავრწმუნდი: აი, ჩემი მოწოდება. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო!

–  მწერლის  ცხოვრება და  შემოქმედება  ერთი მთლიანი ხლართია, ამასთან  ერთად თვით თითქოსდა ლიტერატურულ მოღვაწეობასთან არანაირად დაკავშირებული ფაქტორებიც კი დიდ  გავლენას ახდენენ შემოქმედებით პროცესზე. ამიტომ ინტერესმოკლებული არ იქნება, გაგვანდოთ, როგორ ქმნით ნაწარ- მოებებს, როგორ წერთ, დღის რომელ მონაკვეთში, რა სულიერი განწყობისას, რამდენს წერთ  ყოველდღიურად, როგორ იწყებთ და ამთავრებთ მუშაობას?
– ჩემი აზრით, ცდილობს რა შეიცნოს საკუთარი თავი, მწერალმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიაგნოს თავის, ასე ვთქვათ, “ნათელხილვის  საათებს”, საათებს, როცა ყველაზე უფრო ეადვილება მუშაობა, ფიქრი, წარმოსახვა. თითოეულ მწერალს დღე-ღამის თავისი განსაკუთრებული პროდუქტიული დროის მონაკვეთი აქვს, რომელიც განისაზღვრება მთელი მისი ორგანიზმის ცხოველმოქმედების რიტმით. ჩემი “ნათელხილვის საათები” იწყება განთიადისას. წესისამებრ სამუშაოდ ხუთ საათზე ვჯდები. ყველაფერ დაწერილს განზე გადავდებ ხოლმე და აღარასოდეს ვკითხულობ. სამოცდაათი ან ასი გვერდის დაწერის შემდეგაც კი არ ჩავხედავ რომანის დასაწყისს, რომ გაგრძელებისას არ ავბურდო. შექმნის ფენომენი არაჩვეულებრივად რთულია. დიდი პოეტი პოლ ვალერი ძალიან ბევრს მუშაობდა ამ საკითხზე, ცდილობდა გარკვეულიყო, რა მიზეზები, იდუმალი ძალები, ფაქტორები, ელემენტები განაპირობებენ  შემოქმედებას და მივიდა  იმ დასკვნამდე, რომ  უმთავრესია შემთხვევა, გამართლება, გარემოებათა ბედნიერი დამთხვევა. სავსებით  ვეთანხმები. ხდება ხოლმე, ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში უშედეგოდ ვიჭყლეტ ტვინს ერთი, ერთადერთი სიტყვის, ერთი სინონიმისათვის და უცებ, როცა, დავუშვათ, გაზეთისათვის გამოვდივარ ქუჩაში, სწორედ ის სიტყვა გაკრთება გონებაში. მაშინვე სირბილით ვბრუნდები უკან, ჩავწერ იმ სიტყვას – და აი,  მთელი გვერდი უკვე ცოცხლდება  და ერწყმის რომანის საერთო ქარგასხშირად პოეზიას ქედმაღლურად ექცევიან და პოეტებიც სავსებით სამართლიანად აღშფოთებული არიან ამის გამო. პოეზიის წამყვანი პოზიცია ლიტერატურაში ხომ განხილვას არ ექვემდებარება და პროზა მას მისდევს, მაგრამ ლათინურ ამერიკაში  რომანი რამდენადმე მეტად  ფასობს, ვიდრე  პოეზია. საქმე  ისაა,  რომ  ამერიკელები ბუნებით პოეტები და ნოველისტები არიან, ანუ ისეთები, რომელთაც ხელეწიფებათ მხოლოდ ხანმოკლე შემოქმედებითი ძალისხმევა. რომანი კი მოითხოვს გამუდმებულ შემოქმედებით აქტიურობას, ხანგრძლივ ყოველდღიურ მუშაობას, ესე იგი გაცილებით უფრო მეტ შრომას, ვიდრე ლექსი და მოთხრობა. ზოგიერთი მწერალი ერთგვარი  მსახური ხდება თავისი  რომანისა,  მისჯილი აქვს სამწერლო მაგიდასთან გაატაროს გარკვეული  სასამსახურო  დრო. ხანდახან საბეჭდ  მანქანას ისე  მივუჯდები (ხელით  არ ვწერ), არ ვიცი რით დავიწყო,  მაგრამ საკმარისია კლავიშებს თითები შევახო, რომანის გაგრძელება უმალვე  გამონათდება გონებაში. როგორც ვალერი ბრძანებდა, პირველ სიტყვებს ღმერთები გვკარნახობენ, ოღონდ ამ ღვთაებრივ წყალობას ჩვენი წვლილიც, სუფთა ადამიანური გარჯაც უნდა შევაშველოთ.
– შემოქმედებით პროცესს კიდევ ერთი საყურადღებო თავისებურება ახასიათებს – მოულოდნელობის ელემენტი. როცა რომანი მნიშვნელოვნად წავა წინ და მისი ხასიათიც გამოიკვეთება, ხდება ხოლმე, რომ თვით სიუჟეტიც, გმირთა  ფსიქოლოგიაც, მოქმედების განვითარებაც გაიძულებენ წეროთ ის, რასაც ადრე, რომანის დაწყებისას, არ აპირებდით. თქვენც გემართებათ მსგავსი რამ?
– რა თქმა უნდა. ყველა რომანშია ავტობიოგრაფიული ელემენტები, მაგრამ განსაკუთრებით ბლომად მწერლის პირველ რომანში. შემთხვევითი  არაა,  რომ  ზოგიერთები პირველი რომანის  შემდეგ საერთოდ ვეღარაფერს ქმნიან. მართლაცდა, იგი იოლად იწერება, მასში ხომ ავტორი მეტწილად განცდილსა და  ნანახს აქსოვს: ბავშვობის,  ყრმობის  შთაბეჭდილებებს,  სიყვარულის, იმედების, იმედგაცრუების, მუშაობის გამოცდილებას. ყველაფერი ეს პირველ რომანში  მშვენივრად ლაგდება. გაცილებით რთულია დაწერო რომანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ავტობიოგრაფიასთან  და რომლის გმირებსაც თავისთავადი ხასიათი  აქვთ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. სწორედ ესაა ნამდვილი რომანი,  როგორსაც ჩვენ ვხვდებით ბალზაკთან, სერვანტესსა და სხვა მწერლებთან. იგი იბადება მაშინ, როცა შემოქმედი კი არ ბატონობს თავის ქმნილებაზე, არამედ ქმნილება შემქმნელზე. შემოქმედების პროცესი აიძულებს თითოეულ გმირს დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი  ბედი და ცხოვრება. ყოველივე ისე ხდება, როგორც მიგელ დე უნამუნოს ერთ რომანშია, სადაც გმირები, წარუდგებიან რა ავტორს, უპროტესტებენ ჩანაფიქრს იმისათვის, რომ მათ ჩახოცვას აპირებს: “თქვენ არა გაქვთ ამის უფლება, ღმერთი როდი ხართ”.  ასე დამემართა მეც რომან “დაკრძალულთა თვალებზე” მუშაობისას: ძალიან მიყვარდა ჩრდილოამერიკელი ყმაწვილი ბობი  ტომპსონი და  ყოველნაირად ვცდილობდი გამეჭიანურებინა რომანი, რათა შემენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე, ზედმეტი თავიც კი დავწერე, თუმცა, ამასთანავე, კარგად ვიცოდი, რომ  გმირი უცილობლად უნდა დაღუპულიყო.
– თქვენი  შემოქმედება ვითარდება ორი მკვეთრად გამოხატული მიმართულებით, პირველს შეიძლება ვუწოდოთ ტელურისტური და ეზოთერმული, ანუ მაგიური. ამ  რიგს განეკუთვნება “გვატემალის  ლეგენდები”, “მაისის  ადამიანები” და  “მულატი როგორც მულატი”. მეორე მიმართულება ასახავს თანამედროვე სამყაროს  საჭირბოროტო  პრობლემებსა და  წინააღმდეგობებს – მხედველობაში  მაქვს  თქვენი  მძაფრად სოციალური, მამხილებელი ნაწარმოებები “სენიორ პრეზიდენტი”, “მწვანე პაპი”, “ქარიშხალი”, “დაკრძალულთა თვალები” და “უიკ-ენდი გვატემალაში”. ბუნებრივია, თქვენი შემოქმედების ამ ორ მიმართულებას შორის ისეთივე მტკიცე შინაგანი კავშირია, როგორც პირამიდის წახნაგებს შორის. სასურველი იქნებოდა,  თუკი დაწვრილებით მოგვითხრობდით თითოეულ მიმართულებაზე.

– წინასწარ არ მქონდა განზრახული, მაგრამ ისე მოხდა, რომ წერა დავიწყე იმ მიმართულების მიხედვით, თქვენ რომ ტელურისტული, ანუ მითოლოგიური, დაარქვით: ვამუშავებდი მაიასა და გვატემალის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელი ტომების მითებს და მათ წარმოვადგენდი არა სამეცნიერო ან დიდაქტიკურ პლანში, არამედ ყველაზე უფრო მისაწვდომი გასართობი ფორმით, თითქოსდა ვაიძულებდი მკითხველს მთელი არსებით ჩანთქმულიყო უცხო სამყაროში, ემოგზაურა ქვეყნის  მწვანე  ზონებში,  რომლებიც თვლემდნენ ძალზე ძველი ან, პირიქით, ახალგაზრდა მცენარეულობის საფარქვეშ.

ამ  მხრივ “მაისის  ადამიანებში” არავითარ დათმობაზე არ წავსულვარ მკითხველის მიმართ და ამიტომ ეს რომანი სხვაზე უფრო ძნელად საკითხავია. რომანებში “მაისის  ადამიანები” და “მულატი როგორც მულატი” ვეცადე  მთლიანად დავკავებულიყავი წმინდად ინდოამერიკული – ანუ ერთდროულად ინდიელური და ამერიკული თემატიკით. ვეძებდი და ვპოულობდი (უმეტესწილად უფრო ვეძებდი, ვიდრე ვპოულობდი) შესაძლებლობებს  მშვენიერი  ესპანური ენით გამომეთქვა  ჩემი ხალხის აზრები და გრძნობები.

თვითონ მეტისი ვარ. შეიძლება ითქვას,  ინდიელთა სისხლი ჩემში ებრძვის  ესპანურს, გარეგნულად კი ეს იმით გამოიხატება,  რომ ესპანური ენით გადმოვცემ ინდიელის მისწრაფებებს, – ასეთია მეტისური ლიტერატურის ერთ-ერთი ფორმა.  რომანებით “მაისის ადამიანები” და “მულატი როგორც მულატი” შევეცადე გამეცოცხლებინა ყველა მითი, რწმენა და ლეგენდა, თავად რომ  მოვიძიე  და მოვისმინე ხალხში.
– თქვენი შემოქმედების ეს მიმართულება ძირითადად ხალხის რელიგიურ შეხედულებებთანაა დაკავშირებული.
– გვატემალელ ინდიელთა ტომებს – მაიას, კეჩუას კეკჩიკელეის – ძალზე მდიდარი ზეპირსიტყვიერება აქვთ. თუკი გენდო ინდიელი, – ეს კი არც ისე  ადვილია, – უამრავი  საინტერესო რამ შეუძლია გიამბოს. მათ შესანიშნავი მეხსიერება აქვთ, – სავსებით ბუნებრივია: საკუთარი  მახსოვრობის გარდა, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის არავითარი სხვა საშუალება  არ გააჩნიათ. ინდიელებს და გვატემალელ უბრალო ადამიანებს განვითარებული თხრობითი ტრადიციები აქვთ. გადაეცემა რა ერთი მთხრობელიდან მეორეს, ნამდვილი ამბავი ლეგენდად იქცევა, ლეგენდა კი რაიმე რეალურში გადადის. ინდიელის  პრიმიტიული, ნახევრადბავშვური აზროვნება  არ არჩევს რეალურს  არარეალურისაგან,  ნამდვილს წარმოსახულისაგან. ჩემს ნაწარმოებებში სწორედ ცნებათა ეს მაგიური აღრევა გამოვიყენე. ხშირად გადავამუშავებდი ხოლმე ხალხურ გადმოცემებსა და  თქმულებებს, თან ვცდილობდი, ერთი მხრივ, ჩავწვდომოდი მათ ხასიათს,  შემენარჩუნებინა მითიურის გემო და, ამავე დროს, გამეხადა ისინი სანდო,  ცოცხალი და თანადროული.
ვფიქრობ, თითქმის შევძელი ეს “მაისის  ადამიანებში”; მაგალითად,  ასეთ სასიუჟეტო მომენტში: კაცი ეძებს გაქცეულ ცოლს და ეს ძიება, გააზრებული როგორც მუდმივი დევნა და ხელიდან გასხ- ლტომა ქალური საწყისისა, ავლენს რომანის სასიცოცხლო ძარღვს და  ზოგიერთი გმირის  ადამიანურ  არსს.  ეს დაუცხრომელი  ძიება ერთ-ერთი წახნაგია ჩვენი ყოფისა და აღიქმება როგორც მითი, მითი კაცისა მისი მარადიული ლტოლვით ქალისადმი. “მაისის  ადამიანების” ორი მთავარი  გმირის – ბრმისა  და მარია  ტეკუნის ისტორია ცხოველმყოფელი, თითქოსდა  უეჭველია,  მაგრამ,  ამავე დროს, სიზმარეულიც. ბრმა მარტო ხმით ცნობს  ცოლს და სპეციალურად ქალთა სამკაულების გამყიდველი ხდება, მაგრამ ცოლს მაინც ვერ პოულობს.
“მაისის  ადამიანებში” ჩვენი ფოლკლორის კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია – ტოტემიზმი. ინდიელს სწამს, თითქოს მასთან ერთად იბადება  რომელიმე ცხოველი, – იქნება ეს ჩიტი, გველი, იაგუარი, პუმა და კურდღელი, – რომელსაც მისი დაცვა ავალია. ისევე, როგორც ყოველ ქრისტიანს, ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, ინდიელს ჰყავს ცხოველი, დაბადებიდან სიკვდილამდე რომ დარაჯობს მის სიცოცხლეს. უფრო მეტიც, კონკისტის ეპოქის მრავალ დოკუმენტში – მათ კი ძალზე საღად მოაზროვნე ხალხი ქმნიდა, – მოიხსენიება  სხვადასხვა ხასიათის განსაცვიფრებელი ფაქტები,  მაგალითად, ასეთი:  ხიდზე დაჭრილი  იაგუარი უეცრად გაქრება,  სამაგიეროდ ამ  ადგილიდან საკმაოდ შორს ხვდებიან ინდიელ ქალს მხარზე  ზუსტად ისეთივე ჭრილობით, როგორც იმ იაგუარს. ესე იგი, გადმოცემის თანახმად, საფრთხის მომენტში ადა- მიანი შეიძლება გადაიქცეს თავის ტოტემ ცხოველად და, პირიქით, ცხოველი – ადამიანად.
მთელი ეს ერთობლიობა ხალხური ლეგენდების, თქმულებებისა და მითებისა  ვეცადე  გადმომეცა არა  ლექციების ან მეცნიერული ტრაქტატის სახით, არამედ მხატვრული ფორმით, – ისე,  რომ  ყველას  შეეძლოს ჩასწვდეს მათში თვითმყოფად, წმინდა ამერიკული მსოფლმხედველობის  ელემენტებს.
– ესე იგი, ეგრეთ წოდებულ “მაგიურ რეალიზმს” გარკვეულწილად საფუძვლად უდევს  ორი მხატვრული პლანი, რომელთა შორისაც არსებობს  მუდმივი აზრობრივი ძაბვა, როგორც დენი ორ ელექტროპოლუსს შორის. ამას ესწრაფოდით “მაისის ადამი- ანებზე” მუშაობისას. ხომ ასეა?
– დიახ, რომანებში “მაისის  ადამიანები” და “მულატი როგორც მულატი” მაგიური რეალიზმი არსებითად აერთიანებს ერთობლივი თხრობის ორ  პლანს –  რეალურსა და  ფანტასტიკურს. ოღონდ ინდიელი ისე  უხვად  გვაწვდის  თავისი სიზმრებისა და ჰალუცინა- ციების წვრილმანებს, რომ  წარმოსახვითი პლანი უფრო რეალური გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილე, ცხადი ხდება, მაგიურ რეალიზმზე ლაპარაკი გამორიცხულია ინდიელის პრიმიტიული ცნობიერების, ბუნების  მისეული  განსაკუთრებული აღქმის, მასში ღრმად  გამჯდარი ძველთაძველი რწმენის გაუთვალისწინებლად. მეორე მხრივ, ეს ჩვენისაგან განსხვავებული ცოდნაა,  სინათლის სხვა წყარო, სამ- ყაროს გამცისკროვნებელი გარედან  და შიგნიდან. რამდენადაც  მე გამეგება, მაგია აერთიანებს პიროვნების შინაგან სამყაროს ერთურთისაგან  შობილ და არსებულ მოვლენათაგან  დამოუკიდებლად მის მარადიულ მოძრაობასა და მათ ურთიერთობას გარესამყაროსთან – კოსმოსთან.
მაია და აცტეკები პოეზიას ღმერთების მაგიას ეძახდნენ, მიაჩნდათ რა იგი ყოველივე არსებულის გაღმერთებად. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ პოეტის სიტყვები ღვთაებრივია და წარმოითქმის ძილ-ღვიძილის ზღვარზე, ნათელხილვური რულისას, ჯადოსნურ ქვად, ჯადოსნურ ხედ, ჯადოსნურ ცხოველად გარდასახვის მდგომარეობაში.
ესპანელი კონკისტადორებისათვის  ინდიელთა ხელოვნებანი წარმოადგენდნენ ეშმაკისეულ ჯადოს, სატანისტურ მონაჩმახს. შემდგომში მაგიაც ამოძირკვეს და ხელოვანნიც გაანადგურეს. ესპანელი, რომელიც სიტლანქემ, სისასტიკემ, ხელოვნების აღუქმელობამ მოსწყვიტა  მაგიას, ბოლოს თვითონაც იტანჯება გარემომცველ სამყაროში მშვენიერებისა და ხიბლის არარსებობის გამო, იმ ხიბლისა, რომელიც, მისი  აზრით, მაგიისა და ხელოვნებისაგან შორსაა  და  რომელიც  თავად  ჩაკლა  საკუთარ  თავში.  არსებითად იგი ბარბაროსია, უძველესი ბარბაროსი, რამეთუ გაანადგურა  მაგი – ხელოვანნი, ბედნიერი მეოცნებენი, თავიანთი მომაჯადოებელი ხელობით ზღაპრული სიმართლის, ძილ-ღვიძილის, ბავშვური პრიმიტიული თვლემის ნირვანით რომ  ასაჩუქრებდნენ ადამიანებს.

– თქვენს გამოთქმას “ძილ-ღვიძილი”, ანუ თვლემა, მე, როგორც სახეს, ასე აღვიქვამ: ეს რაღაც სიბნელეში უეცარი გამონათებისმაგვარია, რომელიც წამიერად წარმოაჩენს სხვა სამყაროთა კონტურებს. მართლაც, ხელოვნებათმცოდნე ფრანც როტხი, რომელსაც მიაწერენ ტერმინ “მაგიური რეალიზმის” შემოღებას, ამბობდა, რომ  “იდუმალება  მოწყალე  თვალით კი არ გადმოხედავს ხოლმე სამყაროს ახალშექმნილ ხატს, იგი დამალულია და ფეთქავს მასში”.
– მაგია-ჯადოქრობის ხელოვნების, სინამდვილის გამონაგონად, სიზმრად, პოეზიად, მხატვრობად, მუსიკად გარდამქმნელ ელემენტთა ამ სამყაროს თაობაზე… ყველაზე ხატოვნად ითქვა  “საგაზაფხულო ნათელხილვის” იმ ნაწილში, რომელსაც ჰქვია “კი, მაგრამ არა მაგია”. გაიხსენეთ  ლექსი, ამ სიტყვებით რომ  იწყება:
შეშლილი ფრინველნი
უმიზნოდ ტრიალებენ ცაში;
მაღლა მიისწრაფიან
ტალღებს დაჯახებული შმაგი ქარებიც.
შემდეგ კი ლექსში ნათქვამია, რომ, მიუხედავად თავიანთი მაგიითურთ ჯადოქრების  ალაგმვისა, სილამაზე მაინც  არსებობს თავისთავად, ყოველგვარ  “ხელმარჯვეთა”, “შემლამაზებელთა”, “გრძნეულთა” და “შამანთა” თვინიერ.
ბუნება განმსჭვალულია სილამაზით; სილამაზით იღვრება ფრინველთა გალობაში, მათ ნარნარში, ზღვათა  ნაპირების განუ- მეორებელ ხვეულებში, მთათა უცნაურ მოხაზულობებში, მაგრამ ხელოვანნი, სინამდვილის ეს “გამყალბებელნი” (ზუსტი სიტყვაა!), ხელოვნურობად აქცევენ ხოლმე ყოველივეს, რაც ისედაც არსებობს ბუნებაში თავისთავადი სახით: ხმას, ფერს, ფორმას.
დიახ, სილამაზე არსებობდა თავისთავად, მაგრამ არ გამხდარა მაგიური,  სანამ  ადამიანის  მსახურად  არ იქცა  და  ჭიპლარით  არ შეეკრა  მას,  დედაშვილური  სიყვარული  არ გაჩნდა  მათ  შორის. სილამაზე იყო უნაყოფო,  სტატიკური, ცხადი, მშვენიერი,  მაგრამ აკლდა ხელოვნებისა და მაგიის დინამიკა – ის, რისი მიცემაც შეეძლო მხოლოდ ადამიანგამაღმერთებელს, შემოქმედ-გრძნეულს. 
სიტყვა სიმღერისთვის როდი იბადება,
სიტყვა ჩნდება მაგიისათვის,
მისი  საოცრება – მოლოდინია.
– ახლა  გთხოვთ გვესაუბროთ  თქვენი  შემოქმედების იმ მიმართულებაზე, რომელიც უკავშირდება სოციალური პრობლემების  ასახვას. ეს ტენდენცია პირველად გამომჟღავნდა რომანში “სენიორ პრეზიდენტი”, შემდეგ განვითარდა “ბანანის ტრილოგიაში”,  რომანებში – “მწვანე პაპი”, “ქარიშხალი” და “დაკრძალულთა თვალები” – და კულმინაციას მიაღწია მოთხრობების კრებულში “უიკ-ენდი გვატემალაში”.
– რომანში  “სენიორ პრეზიდენტი” რაღაც სიურეალისტური ბურუსის მსგავსი შეიმჩნევა – ეს ბევრმა კრიტიკოსმაც აღნიშნა. ასე რომ, თუმცა ეს წიგნი  უეჭველად პოლიტიკურია თავისი ხასიათით, მაინც ვერ  ასცდა  იმ “სიბნელეს”, რომელიც თქვენ ადრე ახსენეთ.
ჩემი თაობის ლათინოამერიკელი მწერლები – მე  მათ “ოციანი წლების თაობას “დავარქმევდი – ალეხო კარპენტერი, არტურო უსლარ პეტრი, სესარა ვალეხო და პაბლო ნერუდა – უკვე მიადგნენ ძილ- ღვიძილის ზღვარს. იგივე შეიმჩნევა “სენიორ პრეზიდენტშიც”.
ამასთანავე, ეს წიგნი ორმაგად პოლიტიკურია, ეძღვნება დიქტატურის ასახვას და წარმოგვიდგენს დიქტატორს იმგვარად, როგორიც ის იყო სინამდვილეში და როგორადაც დარჩა გვატემალაში თავისი ოცდაორწლიანი მმართველობის დროს. ეს იყო უჩინარი და ყოვლისშემძლე არსება.  მინდოდა  არა  მარტო დიქტატორი წარმომესახა, არამედ მეჩვენებინა მთელი  საზოგადოების გახრწნაც  დიქტატორული რეჟიმის დროს.
დიქტატურა უზარმაზარი შხამიანი ობობაა. რომანში ნაჩვენებია, როგორ იხრწნება,  იყიდება და ითრგუნება საზოგადოების ყველა ფენა,  როგორ გარდაიქცევიან ადამიანები ან უსულო მექანიზმებად,  ან საშინელ ფანატიკოსებად, ან საზიზღარ მედროვეებად. დიქტატურა უსაზარლესი ბოროტებაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, ბოროტება ჭეშმარიტად განუზომელი. ზოგს ჰგონია,  თითქოს დიქტატურის შემდეგ ახალი დროება დადგება და ყველაფერი დალაგდება, – სამწუხაროდ, ასე არაა. წლები გადიან და დიქტატორისა და მისი სისტემის სული კვლავაც ცოცხლობს. რატომ? იმიტომ რომ დიქტატურა ძვალსა და რბილში უზის საზოგადოებას.
“სენიორ პრეზიდენტის” არსი არა მარტო ესტრადა კაბრერას დიქტატურის აღწერაა, არამედ იმის გამოხატვაც, როგორ იღვიძებს ჯერაც ჩამოუყალიბებელი თვითშეგნება.  წიგნი  დაიწერა როგორც სასოწარკვეთილების დაძლევა. ამ მხრივ განსაცვიფრებლად ღრმაა გაბრიელა მისტრალის სიტყვები, რომელმაც “სენიორ პრეზიდენტს” უწოდა “მონანიების აქტი”. ჩემი სხვა ქმნილებებისაგან განსხვავებით, ეს წიგნი გამოსაქვეყნებლად არ დამიწერია. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე გამოქვეყნდებოდა.
ყველაფერი, რაც “სენიორ პრეზიდენტში” აისახა, განსაკუთრებით შიშის  განცდა, ზუსტი ანარეკლია იმ წრისა, რომელშიც მე ვიზრდებოდი. ჩემი  მშობლები  იდევნებოდნენ, თუმცა  წარმოდგენაც  არა ჰქონდათ  რაიმე  შეთქმულების მაგვარზე, უბრალოდ, მათ ალმაცერად უყურებდნენ, სხვა არაფერი, მაგრამ საუბრისას ყველა კარს კეტავდნენ…
რომანში გადახარშულია ბევრი რამ გაგონილი ამბებისგან. პარიზში მასზე მუშაობისას ყველა ფაქტი მხოლოდ საკუთარი მეხსიერებიდან ამომქონდა, ერთს მეორე მოჰყვებოდა და მეც ავტომატივით ვწერდი და ვწერდი…
– მაგრამ  იმდენს არ წერდით, რამდენჯერაც გადაწერდით ხოლმე  რომანს.
– იმ ხანებში პარიზში  მძლავრდებოდა ფორმალისტური მიმართულება ცნობილი მწერლის ჰერტრუდა სტაინის მეთაურობით, მათ თვით ჯოისი და პოეტი პოლ ფარგიც ემხრობოდნენ,  რომელთათვისაც სიტყვა უზენაესი რამ იყო. ყველა ძლიერ გაიტაცა სტილისტიკამ. მეც ზუსტ ფრაზებს ვეძებდი. ამან მაიძულა ისევ და ისევ, თითქმის ზედიზედ ოცჯერ მაინც გადამემუშავებინა ხელნაწერი. ზოგი თავი ზეპირად ვიცოდი პირველიდან ბოლო სიტყვამდე.

– ეს გადაწერა მნიშვნელოვან ცვლილებებთან იყო დაკავშირებული?
– დიახ. ვასწორებდი ფრაზების ჟღერადობასაც. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ  მე ვარ  “ყურის” მწერალი. არ შემიძლია დავწერო წერილი, რომანის გვერდი ან ლექსი, ხმამაღლა თუ  არ წავიკითხე. თუკი მათი ჟღერადობა მომეწონა, ესე იგი, კარგია. თუ  არა  და ვეძებ დამნაშავე ფრაზას, ვცვლი სიტყვებს მანამ, სანამ არ დამაკმაყოფილებს…
– რა ადგილი უკავია  თქვენი  შემოქმედების სოციალურ მიმართულებაში “ბანანის  ტრილოგიას”? უფრო ფართოდ – არა მარტო თქვენს შემოქმედებაში, არამედ თქვენი ქვეყნის, კონტინენტისა და მთლიანად ლათინური ამერიკის ხალხების ბრძოლის ისტორიაში?
– “ბანანის ტრილოგია” სამი რომანისაგან შედგება. “ქარიშხალში” ასახულია მცირე პლანტაციების მფლობელთა ბრძოლა უზარმაზარ საერთაშორისო მონოპოლისტურ კომპანიებთან; “მწვანე  პაპში” ნაჩვენებია,  კომპანიის  კაპიტალი  როგორ აღწევს სახელმწიფოს ყველა  არტერიაში  და  ქმნის  საკუთარ ხელისუფლებას;  ბოლოს, “დაკრძალულთა თვალებში” საუბარია საყოველთაო გაფიცვაზე, რომელმაც კომპანიის ადმინისტრაცია აიძულა დაეკმაყოფილებინა მოჯამაგირეთა მოთხოვნები.
ამ რომანების დაწერის იდეა  მიკარნახა ორი ჩრდილოამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟმა. მათ სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით მოინახულეს ცენტრალური ამერიკის ბანანის პლანტაციები და რეპორტაჟი გამოაქვეყნეს სათაურით “ბანანის იმპერია”. იქ მრავალი “მოსაზრება” ფიგურირებდა იმის  თაობაზე,  როგორმე ბანანის პლანტაციებში  გამეფებულ ექსპლოატაციას  ადამიანური ფორმები მივცეთო. იხილეს რა ბანანის პლანტაციების მფლობელთა მიერ პეონების ჩაგვრის შემაძრწუნებელი ფორმები, ჟურნალისტები საერთოდ ადამიანის  მიერ  ადამიანის  ჩაგვრამ  კი არ  აღაშფოთა, არამედ მხოლოდ რჩევით შემოიფარგლნენ, ასე ძალიან მკაცრები ნუ იქნებით და პატივი ეცით თქვენს კომპანიებსო.
ამ  რეპორტაჟისა და მერე თვითონ წიგნის  “ბანანის იმპერიის” შესწავლამ დამარწმუნა, რომ მათი მკითხველი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იქნებოდნენ  – მხოლოდ დარგის სპეციალისტები.  და მაშინ გადავწყვიტე ეს ამბები საყოველთაო  სამსჯავროზე გამომეტანა რომანის რომელიმე გმირის პირით. ასე წარმოიშვა ლესტერ მიდის სახე “ქარიშხლიდან” – სახე ნამუსიანი  ამერიკელისა, რომელიც ცდილობს ექსპლოატაციის საფუძვლების შეურყევლად გააკეთილ- შობილოს მისი  ფორმები.

– მართლაცდა, ლესტერ მიდის  ხატის წყალობით შეძელით თავი აგერიდებინათ პრიმიტიულ-ცალმხრივი მიდგომისათვის ყველა უცხოელის, როგორც  მხოლოდ ცუდისა და ყველა ადგილობრივის, როგორც მხოლოდ  კარგისადმი. ბუნებრივია, არიან კარგი ამერიკელები, ისევე,  როგორც ცუდი გვატემალელები.აღარაფერს ვამბობ იმათზე, რომლებიც საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს არც დადებით, არც უარყოფით ტიპად.
– დიახ, ასეთი  ცალმხრივი გააზრების თავიდან ასაცილებლად ლესტერ მიდის სახით ვეცადე სისხლსავსე ტიპი გამომეხატა. კომპანიის აქციონერთა კრებაზე ნიუ-იორკში მისი  გამოსვლა ზუსტად შეესაბამება სათანადო ტექსტს “ბანანის იმპერიიდან”. სიტყვასიტყვით გადმოვიწერე იქიდან ცალკეული აბზაცები, როგორც პროტესტი ექსპლუატაციის ულმობელი ფორმების წინააღმდეგ, რომელსაც კომპანია იყენებდა ცენტრალურ ამერიკაში, კერძოდ, გვატემალაში. ლესტერ მიდი ბრძოლას იწყებს, მაგრამ მის მიერ  შექმნილი სისტემები  კოოპერატიული გაერთიანებებისა და  ბანანის გასაღების ბაზრების სრულ კრახს განიცდიან. კომპანიის ომი მცირე პლანტაციების წინააღმდეგ ასე ვითარდება: როცა  კომპანია გვატემალაში შედის, იგი ჰპირდება წვრილ მეწარმეებს, შეისყიდონ მათგან ბანანის მთელი პროდუქცია ჩრდილოამერიკულ ბაზარზე გასატანად.  მოგებას დახარბებული მეწარმეები ანადგურებენ  მანამდე წარმოებულ კულტურებს – ყავას, კაკაოს, მაისს და, სადაც  კი შესაძლებელია, ყოველგან ბანანს რგავენ.  რატომ? იმიტომ რომ  ბანანებისათვის მძლავრი კომპანია იხდის, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებიც მოეპოვება. ისე ჩანს, თითქოს კომპანია ეხმარება წვრილ მეწარმეებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს კომპანიის  მესვეურები  გადაწყვეტენ: რატომ უნდა  შევისყიდოთ ბანანი, როცა თავად  შეგვიძლია მოვიწიოთო და უარს ამბობენ ბანანის შესყიდვაზე. წვრილი მეწარმეების პროდუქცია ნადგურდება, მწარმოებლები კოტრდებიან, კომპანიები კი მათ პლანტაციებს ეუფლებიან.
სწორედ ამ სისტემის წინააღმდეგია ლესტერ მიდი. ჩვენ ვხედავთ,  აბუჩად რომ  იგდებენ  წვრილ მეურნეებს, მუდამ გაღატაკე- ბის  მომლოდინეთ, ბოლოს მართლაც რომ ღატაკდებიან. “ვინ  არის თქვენი  უფროსი?” – ეკითხებიან ისინი ადგილობრივ მმართველს.

“ჩემი მბრძანებელი შორსაა, ძალიან შორს, იქ…” – ესე იგი, ბრძოლა უჩინართა წინააღმდეგაა. მაშინ პეონთაგან ერთ-ერთი ჯადოქართან მიდის და ეტყვის: “ეს უჩინარები ცხოვრობენ სადღაც  იქ,  მაგრამ გვაღატაკებენ, ჩვენ კი აქ უნდა  ვიცხოვროთ, ამიტომ  მზადა ვარ თავი გავწირო, რათა ქარიშხალი ამოვარდეს”. ქარიშხალი კი პლანტაციებს  გაანადგურებს.
– ეს ზოლას “ჟერმინალის” ერთ ეპიზოდს მაგონებს. ჩრდილოეთ საფრანგეთში მეშახტეები პირველად აწყობენ გაფიცვას და, როცა ისინი  თავიანთი მოთხოვნებით  სამმართველოში მიდიან შახტის  მფლობელის სანახავად, მათ ეუბნებიან: “მფლობელი არ არის. ჩვენი მეპატრონეები უცნობი  აქციონერები  არიან, უჩინარი ადამიანები…” გვატემალაში, როგორც საფრანგეთში, ბრძოლა მიმდინარეობს  უხილავი ძალების წინააღმდეგ, თუმცა “ბანანის ტრილოგიაში” აღწერილ უხილავ ძალებზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ  მაგიური ძალებიც კეთილი ჯადოქრის სახით, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს…
– დიახ, ერთადერთი, რაც შეიძლება ინდიელს გამოექომაგოს, ერთადერთი, რაც მას ეიმედება – მაგიაა, შესაძლებლობა, შეებრძოლოს მტრულ ბუნებას სასწაულის მეშვეობით. და ამიტომ სჯერა ჯადოქრის უნარისა, გამოიწვიოს  ქარიშხალი – და ქარიშხალიც ამოვარდება. შემთხვევითობაა ეს თუ  არა, არაა არსებითი, მთავარია, ქარიშხალმა აურაცხელი ზარალი მიაყენა კომპანიას.
– ესე იგი, “ქარიშხალი” ნამდვილად იყო.
– რა თქმა უნდა, ეს ისტორიული ფაქტია, ჩვენში მართლაც იყო სასტიკი ქარიშხალი.

– მაგრამ ქარიშხალმა გადაიარა, ყველაფერი მიჩუმდა, ჩაწყნარდა.  ტრილოგიის მოქმედება კი გრძელდება და ჩვენც მივადექით  მეორე რომანს – “მწვანე პაპი”.
– დიახ, და ამასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, რომელიც 1867 წელს შემემთხვა რომში, სადაც ნობელის პრემიის გადმოცემის შემდეგ ჩავედი. პაპთან მიღებისას პავლე VI-მ მკითხა: “არსებობს “შავი პაპი” – ასე ეძახიან იეზუიტთა ორდენის გენერალს, აი, მე “თეთრი პაპი” ვარ, “მწვანე პაპი” ვიღაა?” რაზეც მე ვუპასუხე: “თქვენო  უწმინდესობავ, შეიძლება იცით, რომ ჩიკაგოში ჩვეულებად აქვთ ტიტულები მიანიჭონ მსხვილ მაგნატებს; არის, მაგალითად, “ხორცის მეფე”, “ღორის ხორცის” მეფე. და აი, ცენტრალური  ამერიკის ბანანის პლანტაციების ამ  მითიურმა მფლობელმა განაცხადა: “არ შემიძლია “ბანანის მეფე” ვიყო, უმჯობესია “მწვანე პაპი” მერქვასო” და თვითონვე გაუკეთა ამ წოდებას რეკლამა. მისი ნამდვილი სახელი რომანში  მეიკერ  ტომპსონია, – ჩემთვის მეტად საინტერესო გმირი.
ამ კაცის სახის  შექმნისას – რომელიც, მისივე სიტყვებით, ადრე ზღვის ტალღებში  დაცურავდა, ახლა კი ცურავს ადამიანთა ოფლის ტალღებში – თავიდან ხაზგასმით გამოვყოფდი მისი ხასიათის შემზარავსა და უსაზიზღრეს ნიშნებს, მაგრამ რომანის მოქმედების განვითარების პროცესში გმირმა თავი დააღწია ჩემს კონტროლს და თანდათან შეიძინა სავსებით ადამიანური, სასიამოვნო, სიმპათიური თვისებები, იქამდეც კი, რომ ზოგიერთებმა ბრალი დამდეს მის განზრახ გაკეთილშობილებაში. სინამდვილეში მე სრულიად არ მსურდა იგი მიმზიდველი ყოფილიყო – თვითონ გახდა ასეთი, მიემსგავსა რა ერთ  მმართველს, რომელსაც ვიცნობდი.
– მაშასადამე, მეიკერ ტომპსონი, თავიდან ანტიპათიურ პერსონაჟად ჩაფიქრებული, თანდათანობით იძენს ადამიანურობას, – იქნება ეს იმიტომ ხდება, რომ იგი რომანის  მთავარი  გმირია. ამასთანავე, მას აკეთილშობილებს არაჩვეულებრივი სიყვარული თავისი შვილიშვილისადმი.
– დიახ. მაგრამ მასში, პირველ ყოვლისა, გვხიბლავს ის, რომ იოტისოდენა ფარისევლობაც არ გააჩნია: ყოველთვის იცის, რა უნდა და არც არასოდეს მალავს ამას. როცა კომპანიის ერთ-ერთი წევრი ეუბნება: “ამ  პლანტაციებით უნდა  შევქმნათ სიუხვის  ჭეშმარიტი იმპერიები, ავამაღლოთ პეონების  ცხოვრების დონე,  გავაუმჯობესოთ სკოლები, გავხსნათ სავაადმყოფოები, ავაგოთ სტადიონები…
“მეიკერ ტომპსონი მოკლე ფრაზით აწყვეტინებს: “ჩვენ ემპერიალისტები კი არა, იმპერიალისტები ვართ და აქ ემპირეას კი არ შევქმნით, არამედ ჩვენს იმპერიას”. ის არავის აყრის თვალში ნაცარს და თავიდანვე  აცხადებს: “აქ იქნება თვალუწვდენელი პლანტაციები”. და  პეონებს აძევებს თავიანთი  მიწებიდან, ყრის სატუსაღოებში, წვავს მათ რანჩოებს. განუხრელად ასრულებს თავის პროგრამას – ანადგურებს წვრილ მეურნეობებს და აერთიანებს მათ უმსხვილეს პლანტაციებად.
– მას გვატემალელი ქალის მაიარისადმი ლტოლვაც აკეთილშობილებს.
–  რასაკვირველია.  არსებითად მაიარი მთელი  გვატემალის განსახიერებაა  თავისი ქალწულებრივი  მიწით,  თავისი მაგიით.  ამ ქალიშვილს არ სურს ჰგავდეს ინდიელ მალინჩეს, ერნან კორტესის საყვარელს,  პირიქით,  მიამიტობის  მიუხედავად,  ახლოს  არ იკარებს ტომპსონს. “არა,  – ამბობს იგი, – მე  ვერ  გავხდები  იმ კაცის ცოლი, ვისაც ეზიზღება ჩემი  ხალხი და  ჩაგრავს იმის  შვილებს”. შემდეგ რომანში მოთხრობილია მისი დაღუპვის ამბავი: მდინარეში ნავით  ცურვისას ან იხრჩობა, ან თავს იკლავს. ზუსტად არ ვიცით, რიტუალს  ასრულებს  და  თავად  ვარდება  მდინარეში  თუ  შემთხვევით შთანთქავს წყალი. მეიკერ ტომპსონი გადაწყვეტს  შეირთოს მაიარის დედა  დონა  ფლორა, რომელიც მასავით თავისი ბუნებით ბიზნესმენი, საქმოსანია.

– რომანში  ნათქვამია, თითქოს მდინარე  მოტაგუამ ცოლად შეირთო მაიარი.
– ინდიელთა რწმენით, ყველა მდინარეს ცოლი სჭირდება და ამიტომაც  მიაჩნიათ, მაიარიც მოტაგუამ შეირთოო. მეიკერ  ტომპსონის ცხოვრება კი ასე გრძელდება: საკუთარი ქალიშვილისადმი გულგრილი მთელ სიყვარულს შვილიშვილზე გადაიტანს.
საინტერესოდ ახასიათებს  მეიკერ  ტომპსონს, მისი  შემწეობაც ლუსეროს ოჯახის მიმართ აქციების გადარჩენისას.  ცნობილი მილიონერის ლესტერ მიდის თითქმის ყველა მემკვიდრე შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, თან სახელებსაც იცვლიან, მხოლოდ პეონ ლუსეროს ჯალაბი რჩება ლესტერ მიდის იდეის ერთგული – შექმნან კოოპერატივი და  ებრძოლონ კომპანიას. რომანის დასასრულში, როცა ომი ჩაღდება გვატემალისა და ჰონდურასის ხილის კომპანიებს შორის, ნაამბობია, როგორ გამოჩნდება ბირჟაზე მეიკერ ტომპსონი და გადაარჩენს საკუთარ და ლუსეროს აქციებს. ამით მან, რასაკვირველია, კეთილი საქმე გააკეთა, სიმპათია  დაადასტურა მათ მიმართ, ვინც თავისი ხალხის ერთგული დარჩა.


– თვითონ როგორ გესმით ტრილოგიის მესამე რომანი?
– მესამე რომანს “დაკრძალულთა თვალები” დავარქვი. იგი ერთი ლეგენდის გამოძახილია. ინდიელებს სწამთ, თითქოს ყველა მათი თვისტომი საფლავში გახელილი თვალებით წევს და გაფაციცებული ელის, როდის დადგება  ინდიელთათვის სამართლიანობის დღე. როგორც კი ასეთი  დღე გათენდება, ისინი დახუჭავენ თვალებს და ნანატრ ძილს მიეცემიან. ამ რწმენამ  გამოიწვია რომანის სათაური. წიგნის პოლიტიკური იდეა ძირითადად იმის ჩვენებაა, რომ კომპანია და  დიქტატურა  ერთი  მთელის  ორი ნაწილია.  დიქტატურის  მომძლავრებასთან ერთად კომპანიაც იმაგრებს  პოზიციებს. კომპანია დიქტატურას უჭერს მხარს, დიქტატურა – კომპანიას. ამიტომ, როცა იწყება საყოველთაო გაფიცვა არა მარტო დიქტატურის, არამედ კომპანიის  წინააღმდეგაც, ორივე  კრახს განიცდის: დიქტატორი ჩამოგდებულია, კომპანია კი იძულებულია პეონთა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
– ვფიქრობ, დღეს უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა  ტრილოგიის, არამედ ტეტრალოგიის ან თუნდაც პენტალოგიის შესახებაც, ვითვალისწინებ რა მომდევნო რომანებს, იმავე ხაზს რომ აგრძელებენ: “ვნების  პარასკევი”  და “ორმაგი ბასტარდი”.
– “ბანანის ტრილოგია” მოიცავს  თითქმის ყველაფერს,  დაკავშირებულს ბანანის პლანტაციების  ტრაგედიასა და  ქვეყანაში “იუნაიტედ ფრუტ კომპანის” საქმიანობასთან. მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც: საქმე ეხება შეძლებულ კლასებს, რომელთა ხელდასხმითაც განხორციელდა შეიარაღებული ინტერვენცია და კასტილიო არმასის  დიქტატურის დამყარება.
ცნებას “ორმაგი ბასტარდი” ვხმარობ ეროვნული თვითშეგნებისაგან სავსებით დაცლილი იმ ნაბიჭვრების სოციალური ფენის მიმართ, სიამოვნებით რომ კრავს კავშირს იმპერიალიზმთან (ამასთანავე, მხედველობაში მყავს არა  მაღალი, არამედ საშუალო კლასები). ეს რომ ამეხსნა, ჯერ სტუდენტურ თემას მივმართე “ვნების პარასკევში”, გვატემალის სტუდენტობა ყოველთვის ინიციატორი იყო ყოველ- გვარი საზოგადოებრივი რეფორმისა.  სახალხო უნივერსიტეტმა, კულტურის სახლებმა, პროგრესულმა პრესამ, – ყველაფერმა ამან გაააქტიურა ოციანი წლების თაობის სტუდენტობა.
უნივერსიტეტის სტუდენტებს დღემდე შემორჩათ ჩვეულება ყოველი წლის ვნების პარასკევს მოაწყონ კარნავალი. დღესასწაულის წინადღეს  ერთ-ერთ მთავარ თეატრალურ სცენაზე  იდგმება ფარსული  ხასიათის  სპექტაკლი,  რომელიც  ამასხარავებს  ყველას და  ყველაფერს. აუცილებლად  იმართება  მსვლელობა პოლიტიკური ლოზუნგებით, გამოდის სპეციალური ოპოზიციური ჟურნალი სახელწოდებით “ნუ გვაცდუნებ”. ამ დღეს სტუდენტებს ნება ეძლევათ ილაპარაკონ, რაც უნდათ.  წესისამებრ, მთავრობები, – გარდა რეაქციულისა, – არ კრძალავდნენ ამ გამოსვლებს.
და აი, ეს რევოლუციური თაობა, ესტრადა კაბრერას დიქტატურის წინააღმდეგ რომ  იბრძოდა, ბოლოც მოუღო  დიქტატურას და არბენსის ეპოქასაც მოესწრო, – უცებ  შეშინდა და უკუიქცა, როცა აგრარული და  სხვა საზოგადოებრივი  რეფორმების დრო დადგა. ამასთანავე, პლუტოკრატიის სამსახურში მყოფნი – ადვოკატები, ექიმები, სხვა სპეციალისტები, – იმის  ნაცვლად, რომ  ქვეყანა დაეცვათ,  მხარში ამოუდგნენ რეაქციულ ძალებს და ძალაუფლება მათ გადასცეს. “ვნების პარასკევი” რევოლუციური სტუდენტობის ასახვას მიეძღვნა, “ორმაგი ბასტარდი” კი მოგვითხრობს სტუდენტური იდეალების ღალატის ამბავს.
ამ  ბოლო წიგნში  წვრილი კომერსანტის სახით ნაჩვენებია, თუ როგორ უთანხმდება  იგი  ბრძოლის  კულმინაციურ  მომენტებში ექსპანსიონისტებს.  შეიარაღებული  ინტერვენციისას  კი  ეს წვრილი მეურნეები ღატაკდებიან, რადგან შემოდის იაფი უცხოური პროდუქცია  და  თავისას  ვეღარ  ასაღებენ. რომანში  აღწერილი ამბები  გარკვეულწილად  ასახავენ იმას,  რაც გვატემალაში  1954 წელს მოხდა.
– რა ადგილი უკავია ამ საბრალდებო ნაწარმოებების სერიაში წიგნს “უიკ-ენდი  გვატემალაში”?
– “უიკ-ენდს  გვატემალაში” მე  ბრძოლის წიგნს ვეძახი. მასში შედის  რვა  მოთხრობა, რომლებიც იმას ასახავენ, რასაც თვითონ შევესწარი.  მახსოვს, როცა კასტილიო არმასი  დაქირავებულებით შემოიჭრა ქვეყანაში და პოლკოვნიკ  არბენსის მთავრობა  დაამხო, მე ელჩად ვიყავი სან-სალვადორში.
ელჩის თანამდებობამ საშუალება  მომცა გავცნობოდი მრავალ დოკუმენტს, რაც საფუძვლად დაედო მოთხრობებს. ეს მოთხრობები ბასრი დანით მიყენებული ჭრილობებია, რვა  საშინელი ჭრილობა სამშობლოს  გულში. “უიკ-ენდი გვატემალაში” მივუძღვენი  სტუდენტებს, მუშებს, ინტელიგენციას, ჟურნალისტებს, – ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იცავდა ქვეყანას მომხდურთაგან.
მოთხრობებში სხვადასხვა მოვლენაა ასახული: მაგალითად, პირველში პარაშუტისტთა დესანტზეა ნაამბობი, რომელიც გვატემალის სიღრმეში ამბოხების ორგანიზებას ცდილობდა, მაგრამ ხელი მოეცარა. სხვებში აღწერილია ჩინოვნიკური ინტრიგები და კომბინაციები, ზოგიერთი სამხედროს მიერ  სამშობლოს ღალატი და ა. შ. ასე რომ,  ამ  რვა  მკაცრი, სასტიკი მოთხრობით ავსახე 1954 წლის ტრაგედიის ყველა ძირითადი მომენტი.
– ისევ  სან-სალვადორში იყავით, როცა მუშაობა განაახლეთ რომანზე “ნათლული”, პარიზში რომ დაწერეთ  1928 წელს?
– დიახ, და  მეუღლე  გავგზავნე გვატემალაში,  რათა საჭირო ნივთები, წიგნები  და ხელნაწერები ჩამოეტანა. ნახევრად  დამწვარ ქაღალდებსა და ხარახურაში მან იპოვა  დაუზიანებლად გადარჩენილი “ნათლულის” ხელნაწერი, უფრო სწორად, ის, რაც შემდეგ  ამ სახელწოდებით გამოიცა ბუენოს-აირესში. ხელნაწერი კი გადარჩა, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი აკლდა და ხელახლა მომიწია დაწერა. ამ რომანისა  და ზოგიერთი ლექსის გადარჩენისათვის დიდად ვემადლიერები ხანდაზმულ ლოლა რეიესს, ჩემს ყოფილ ძიძას. ტომასას სახელით ლოლა რეიესი გამოყვანილი მყავს პიესაში “სოლუნა”, იგი სწორედ ლოლას ენით  ლაპარაკობს. დედაჩემის სახლში ხანძარი გაჩნდა და ლოლამ იგი საბნით  მოაშთო.
– ბევრი ამბობს, ეს რომანი სიურეალისტურია და “გვატემალის ლეგენდების” მითიურ სამყაროს ენათესავებაო.
– უეჭველად “ნათლულში” ბევრი რამეა სიურეალიზმიდან, სიურეალისტური ბურანიდან. შეიმჩნევა აგრეთვე დიდი ზრუნვა სტილზე, რაც ჩემს სხვა წიგნებში არაა.
– სტილისადმი ყურადღება საგრძნობია თქვენს ბოლო რომანშიც “მალადრონი”.
– ეს წიგნი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია უწინარესად იმიტომ, რომ  ვეცადე  საუკეთესო ესპანური ენით  დამეწერა: ახლა ბევრი ლათინოამერიკელი მწერალი აღარიბებს თავის სტილსა და ენას, არ ზრუნავს თავისი იდეების ესთეტიკურ ხორცშესხმაზე.  ამ ტენდენციის პიკისას შევეცადე მეჩვენებინა მთელი სიმდიდრე ესპანური  ენისა,  განსაკუთრებული  ყურადღება  დავუთმე ესპანური და ინდიელური საწყისების  გამოხატვის საშუალებებს. ესპანელები ეჩვევიან ინდიელთა ყოფას, თავის მხრივ,  ინდიელებიც ეუფლებიან ესპანელთა წეს-ჩვეულებებს. რომანის მოქმედება ხდება ათასექვსასიან  წლებში, როცა  უკვე  მთავრდება  გვატემალის კონკისტა. იმ ხანებში ეგონათ, რომ ატლანტისა და წყნარი  ოკეანეები ერთმანეთს ერწყმიან სადღაც  ცენტრალური ამერიკის ყელში,  და აი,  კარლოს მეხუთემ ესპანელთა ექსპედიცია გაგზავნა ამ  შერწყმის ადგილის მისაგნებად. ეს ესპანელები გვატემალაში მოხვდნენ, წყალქვეშა ტბებითა და  მდინარეებით სავსე გამოქვაბულების ქვეყანაში, და სრუტის ძებნისას დაიღუპნენ.  თვალნათლივ ვეცნობით ესპანელთა დიდებულად განვლილ ცხვორებას და ბედს ინდიელებისას, რომელნიც მუდამ ცდილობენ ესპანელთა გაცურებას. დამორჩილებულს ხომ ათასნაირი ხრიკი სჭირდება,  თავი რომ  დაიცვას.

– რომანი  “მალადრონი” ჭეშმარიტად  რომ  დიდებული, მდიდარი ესპანურითაა დაწერილი.  სიტყვა აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თქვენ დიდად გაამდიდრეთ ესპანური ენა, შემატეთ რა ყველაფერი საუკეთესო მისი ამერიკული ვარიანტებიდან. სიტყვას ეპყრობით ისეთივე მოწიწებით, როგორითაც მას მაიას ტომელი ინდიელები ეპყრობიან. დაწვრილებით გვიამბეთ ამის თაობაზე.
– ჩემი აზრით, სიტყვა ჩვენთვის  მისტიკური ფასეულობაა.  ინდიელებს მიაჩნიათ, რომ ნივთის დასახელებისას ადამიანი თითქოს ისაკუთრებს მას და ამიტომ, მათთვის სიტყვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, ჰკითხეთ ინდიელს, რა ჰქვია ამა თუ  იმ ქალს, – იგი დაგისახელებთ  ნებისმიერს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნამდვილ სახელს. მას  სწამს,  რომ  ქალის ნამდვილი სახელის ცოდნა ქალის დაუფლებას ნიშნავს. ამიტომ გვაქვს სიტყვის მიმართ ასეთი  მოწიწება. და კიდევ ერთი დეტალი: ჩვენთვის სიტყვა აუცილებლად კეთილხმოვანი უნდა  იყოს. ჩვენ ვემორჩილებით  – ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს შემოქმედებაში ვემორჩილები – ტექსტის ნაწყვეტებისა  და ცალკეული ფრაზების ჟღერას. ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ ჩემს ნაწერს და, მანამ არ ვმშვიდდები,  სანამ ტექსტი კეთილხმოვანი არ გახდება. მე ვრედაქტორობ არა თვალით, არამედ ყურით.
– ესე იგი, წმინდა პოეტური მეთოდით წერთ?
– წმინდა მუსიკალურით.
– რასაც სიტყვის დიდებულებაზე ამბობდით, საკუთრივ თქვენს პოეტურ შემოქმედებასაც, მაგალითად, პოემა “საგაზაფხულო ნათელხილვასაც” მოიცავს?
– რა თქმა უნდა. გარდა ამისა, პოემაში მრავალ ესპანურ სიტყვას ვიყენებ მნიშვნელობის ინდიელური ნიუანსებით.
– ამასთან დაკავშირებით, ვუბრუნდები რა თქვენი  შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებათა საკითხს, მინდა აღვნიშნო, რომ  თქვენს პოეზიაში არის კიდევ  ერთი მიმართულება, წარმოჩენილი,  მაგალითად, “განდევნილის ლიტანიებში”: ტრაგიზმი, სევდა, ტკივილი, – ყოველივე ეს ხორხე მანრიკეს  სტროფებს მახსენებს.
– სწორი  ბრძანდებით,  ჩვენ  ყველანი,  ოქროს საუკუნის  დიდი ესპანელი პოეტების მემკვიდრენი  ვართ და უნდა  ვეცადოთ  მათი ოსტატობის დონემდე ავმაღლდეთ, გამოვიმუშაოთ საკუთარი პოეტური ხმა და გავამდიდროთ ჩვენი ენა.
ჩემთვის პოეზია გრძნობათა მეგზურია. თორმეტი თუ  თოთხმეტი წლის მანძილზე უცხოეთში ვცხოვრობდი და “განდევნილის ლიტანიებში” გამოვხატე  ის გრძნობები, რაც  აღელვებს სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანს, როცა იგი მარტოობაში იგონებს თავის მეგობრებს,  სახლს, მიწას, ხეებისა  და  მათი ნაყოფის სურნელს, ყვავილთა სილამაზეს, ეროვნული კერძების გემოს. “საგაზაფხულო ნათელხილვაში”, “ლიტანიებისაგან” განსხვავებით, უფრო პოეტური სტილის სრულყოფით, შესწავლით, ფიქრებში ჩაღრმავებით ვიყავი გატაცებული.
“საგაზაფხულო ნათელხილვაში” საუბარია ძველი მაიას დამოკიდებულებაზე ხელოვანი ხალხისადმი. ყველა ხალხის მითოლოგიაშია წარმოდგენილი ღმერთები, რომლებიც ქმნიან მხედრებს, ქურუმებს, გიგანტებს… მაიას მითოლოგიაში კი ღმერთები ძირითადად ქმნიან ნაზ არსებებს,  რომლებიც ცეკვავენ, უკრავენ, ქსოვენ, ამზადებენ საუცხოო ნივთებს პეპლების ფრთებისა და ფრინველის ბუმბულისაგან. ხელოვანი ხალხი გაცილებით უფრო სჭირდებათ მაიას ღმერ- თებს, ვიდრე მხედრები და ქურუმები; და აი, რატომ: გადმოცემით, მაიას ღმერთებს მოეწყინათ, სევდა მოეძალათ და მაშინ გამოიგონეს მოწყენილობისა და მოყირჭების  საწინააღმდეგო საშუალება  – ხელოვნება. მუსიკოსი მათ ხმებით ართობს, მოცეკვავე – სხეულის მოძრაობით, პოეტი სიტყვებით, არქიტექტორი ნაგებობებით, სკულპტორი – ქანდაკებებით. ყველა ეს ადამიანი ღმერთებს იცავს მოწყენილობისა და მოყირჭებისაგან და ამიტომაც ეს უკანასკნელნი თავის შექმნილებს პრივილეგიებს უწესებენ. მაია და ცენტრალური ამერიკის სხვა ინდიელები მოწიწებით ეპყრობიან ხელოვანთ, თვლიან რა მათ ღვთიური წარმომავლობის მარგალიტებად.
– ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ თანამედროვე ლათინო- ამერიკული რომანის სიმძლავრეზე, მის ენაზე, პრობლემატიკაზე, მოკლედ, მის თვითმყოფადობაზე. თქვენ შეიძლება მიგიჩნიოთ ამ უფართოესი მიმდინარეობის ერთ-ერთ მესაძირკვლედ და, თუმცა ნათქვამია, მდინარეში მოცურავე მდინარეს ვერ ხედავსო, ალბათ, მაინც შეძლებთ შეათვალიეროთ ეს მდინარე ზოგადად – თუნდაც გემბანიდან.
– ლათინოამერიკული რომანის ძალა თანმხვედრია ყველა დროის გამორჩეული მოვლენებისა. დაუღლელად შემიძლია ვიკითხო ზოგიერთი ფრაგმენტი “არტურ გორდონ პიმის ისტორიიდან”, მაგალითად, ყუთების ეპიზოდი ტრიუმში.
ამჟამად ვწერ რომანს, რომელსაც ჯერჯერობით პირობითად “59 წელი” დავარქვი. მოქმედება ხდება ჰავანაში და რომანი პირველი ნაწილია ტრილოგიისა, რომელიც კუბის რევოლუციამ შთამაგონა.
რუსულიდან თარგმნა ომარ დოხნაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი