პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე არ ვეძებ გენიოსებს…

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ჰარ  გობინდ კორანა დაიბადა  1922 წელს ინდოეთში. განათლება ევროპაში  მიიღო  და  1960 წლიდან მუშაობს  აშშ-ში,  მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ფართო საზოგადოებისათვის
მისი სახელი ცნობილი გახდა, როცა მას მ. ნირენბერგსა და რ. ჰოლდისთან ერთად 1968 წელს
ნობელის პრემია
  მიენიჭა მედიცინისა  და ფიზიოლოგიის დარგში გენეტიკური კოდის გაშიფვრაში
შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. მეცნიერების ისტორიაში პირველად კორანამ შეძლო ხელოვნური
გენის სინთეზირება.

 

– რამ გამოიწვია თქვენი
დაინტერესება გამოკვლევებით, რომლებიც ქიმიისა და ბიოლოგიის ზღვარზე მდებარეობენ?

– მრავალმა ჩვენგანმა
თავისი მეცნიერული გზა დაიწყო, როგორც ქიმიკოსმა, და მიზნად დაისახა  ქიმიური მეთოდების განვითარება, რათა შემდგომში
მათი დახმარებით ბიოლოგიური პრობლემები გადაეწყვიტა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვესმოდა,
რომ, ადრე თუ  გვიან, ქიმია და ბიოლოგია ერთმანეთს
შეერწყმოდა.

– გქონდათ თუ  არა  წარმოდგენილი,
რომ ქიმიის ამ სფეროში მუშაობა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ბოლოს და ბოლოს, გენის სინთეზამდე
მიგიყვანდათ?

– წინასწარ ეს არავინ
იცის.

– ხუთი წელი დაგჭირდათ
ბრწყინვალე შედეგის მისაღწევად, მაგრამ მუშაობის დაწყებისას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია,
დარწმუნებული ყოფილიყავით წარმატებაში. მაშ, როგორ გარისკეთ იმ პრობლემებზე მუშაობა,
რომლებიც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული და  თანაც  საბოლოო წარმატების  გარანტიას არ იძლეოდა?

 

– როგორადაც არ უნდა
გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე,  მაინც ტრაბახად ჩამეთვლება.
ეს კი არცთუ ისე კარგია. გავიმეორებ  მხოლოდ
იმას, რაც ერთ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დ.  ჰამარშელდმა თქვა: არასოდეს არ ღირს მთის  სიმაღლის
გაზომვა, სანამ  მის წვერზე  არ ახვალთ, რადგან მხოლოდ მთაზე ამსვლელი შეძლებს
დაინახოს, რომ მთა ძალიან მაღალი არ იყო… ჩემი მხრივ დავძენ, ვერასოდეს ვერ   ახვალთ
მთის წვერზე,  თუ  სულ წვერს უყურეთ. აუცილებლად წამოკრავთ ფეხს ქვას,
რომელსაც ვერ  შენიშნავთ. მთის წვერზე  მაშინაც ვერ ახვალთ, თუ  ასვლისას მოძრაობის მიმართულებას არ ამოირჩევთ და მხოლოდ ცხვირწინ გაიხედავთ, არ წავიბორძიკოო.  ასეა ყველა საქმეში, მათ შორის მეცნიერულ მუშაობაშიც.
ჯერ უნდა ამოირჩიოთ მიზანი,  მიმართულება, ხოლო
შემდეგ საჭიროა  ამ მიმართულებით სვლა, ყოველგვარი  სიძნელეების მიუხედავად.  მართლაც, როცა მე  რაიმე  პრობლემას
მთლიანობაში   ვხედავ, ყოველთვის ისეთი გრძნობა  მეუფლება, რომ შესაძლებელია ვერ  მოვახერხო  მთელი გზის გავლა…

– თქვენ მარტო არ
მუშაობთ, თქვენს ჯგუფში მრავალი ქვეყნის ახალგაზრდა  ნიჭიერი მეცნიერები შედიან  იტალიიდან, ნორვეგიიდან,
ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან. როგორ ირჩევთ თანამშრომლებს?

– ჩემთან  მხოლოდ ის ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებსაც უკვე
გამოცდილი ქიმიკოსის კვალიფიკაცია აქვთ მიღებული. მე არ ვეძებ გენიოსებს, უპირველეს
ყოვლისა, სამუშაოსადმი ერთგულებას ვაფასებ. მუდმივი თანამშრომლები არა მყავს: ისინი
ჩემთან მოდიან, მუშაობენ ორ-სამ წელიწადს და მიდიან. საერთოდ კი მრავალთაგან, რომლებსაც
ჩემთან მუშაობის სურვილი აქვთ, ძალზე ცოტას ვარჩევ, მიყვარს, როცა ჯგუფი დიდი არ არის.
მაგალითად, ალანინური ტრნმ გენის სინთეზზე სულ ცამეტი კაცი მუშაობდა, თანაც მთელი ხუთი
წლის განმავლობაში  ჯგუფი ინტერნაციონალური
დარჩა.

– თქვენ ბრძანეთ,  რომ ყველაზე მეტად სამუშაოსადმი ერთგულებას აფასებთ,
მართალია, რომ თქვენს ლაბორატორიაში ხალხი დღეში 16 საათს მუშაობს და თანაც პრაქტიკულად დასვენების დღეების  უქონლად?

 

– თანამშრომლების
სამუშაოსადმი დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თავდავიწყება. ვფიქრობ,
ყოველ ხელმძღვანელს შეუძლია მიაღწიოს თავისი თანამშრომლების თავდავიწყებას, თუ  მათ საკუთარ მაგალითს უჩვენებს. არ მიყვარს, როცა
სხვები  ჩემზე მეტს მუშაობენ, მომწონს, როცა
ისინი ჩემთან ერთად მუშაობენ, ერთ უღელში ვართ შებმული. არა მგონია, ჩემმა თანამშრომლებმა
თავიანთი სურვილით იმდენი  იმუშაონ, რამდენსაც
მე ვმუშაობ,  მაგრამ, როცა ხედავენ, თუ  როგორ ვმუშაობ მე, ისინიც სულ უფრო ინტენსიურ მუშაობას იწყებენ. შემდეგ თავად ხედავენ, რომ  კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და ა. შ. ეს
კი მათ აღაფრთოვანებთ და უჩნდებათ შემოქმედებით წარმატებათა მიღწევის სურვილი…

– რომელი ასეთი  მიღწევა დაგამახსოვრდათ  ყველაზე მეტად?

– იყო ძალიან ამაღლებული
შემთხვევები. მაგალითად, როცა პირველად გამოვიყენეთ დნმ-ლიგაზა და დავრწმუნდით, რომ  მისი საშუალებით შეიძლებოდა ოლიგონუკლეოტიდების
შეკავშირება. ამგვარი დღეები  იშვიათია. მაგრამ
გვქონდა სხვა, მათი მსგავსი დღეებიც. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გენის სინთეზირებას
დავიწყებდით, საღამოს თერთმეტის ნახევარზე დავადგინეთ, რომ დნმ-ს პატარა  ნაწილაკები
შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს კორბერგის მიერ აღმოჩენილი დნმ-პოლიმერაზის დახმარებით. კარგად მახსოვს, ლაბორატორიიდან რომ  გამოვედით, შუაღამე გადასული იყო, ყველაფერი დაკეტილი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ მაინც შევცვივდით
ერთ-ერთ ბარში და ვსვით ლუდი. ვიცოდით, რომ ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეს ყოველთვის მეტად
ამაღელვებელი  მომენტია.

– რა იმედებს ამყარებთ
მეცნიერების მომავალ განვითარებაზე?

–  ვფიქრობ, მხოლოდ მეცნიერებას  შეუძლია თანამედროვე
კაცობრიობის წინაშე დაყენებული იმ ურთულესი პრობლემების გადაწყვეტა,  როგორიცაა, მაგალითად, კაცობრიობისათვის  საკმარისი სურსათის წარმოება ან ჩვენი საცხოვრებელი
გარემოს შენარჩუნება.

– მაგრამ თქვენ ზოგადად
ლაპარაკობთ  მეცნიერებაზე.  რას ფიქრობთ პირადად თქვენი  მუშაობის შედეგებზე?
როდესაც პრესაში ინფორმაცია გამოჩნდა გენის სინთეზირების თაობაზე, ადამიანის მემკვიდრეობითობის
მართვის შესაძლებლობას წმინდა ფანტაზიად არ აღიქვამდნენ,  ამგვარმა შესაძლებლობამ ხალხში საკმაოდ ბუნებრივი
განგაში გამოიწვია.

– განგაში პრაქტიკულად
ნებისმიერმა სამეცნიერო სამუშაომ შეიძლება გამოიწვიოს.  უფრო მეტიც, ცოდნის ამ ორგვარი გამოყენების პრობლემას
ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს. მაგალითად, ადამიანმა ისწავლა ცეცხლის მიღება, ცეცხლით მას შეეძლო როგორც საკუთარი საცხოვრებლის
გათბობა, ისე მეზობლის სახლის გადაწვა… ამ პრობლემას ნობელიც წააწყდა: დინამიტს იყენებენ როგორც მშვიდობიანი, ისე  სამხედრო მიზნით. ამიტომ  მთავარია მეცნიერული
მიღწევების გონივრულად გამოყენება. თუ  ეს ასე
არ მოხდა, შედეგები შეიძლება ძალზე სავალალო აღმოჩნდეს.

– პრესაში გამოჩნდა
ცნობა, რომ მოლეკულური ბიოლოგიის ზოგიერთმა სპეციალისტმა  გადაწყვიტა თავი  დაენებებინა აქტიური მეცნიერული
მუშაობისათვის,  რადგან  ამ  მეცნიერების
მიღწევები მომავალში შეიძლება კაცობრიობის საზიანოდ იყოს მიმართული. როგორ აფასებთ
ასეთ მოქმედებას?

– ვფიქრობ, უაზროა
შეწყვიტო მუშაობა არჩეული მიმართულებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ  იცი, რომ ამ მუშაობის შედეგები შეიძლება ადამიანის
საზიანოდ გამოიყენონ. ის, რაც ერთმა არ გააკეთა, ადრე თუ  გვიან  სხვა
გააკეთებს. ასე რომ,  მეცნიერული საქმიანობიდან
პასიური გასვლა არაფერს მოგვცემს.

– რას  ფიქრობთ, შეიძლება თუ  არა  თავიდან
ავიცილოთ მეცნიერული, კერძოდ, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიღწევების გამოყენება
ადამიანის საზიანოდ?

– იმედი  მაქვს, რომ მემკვიდრეობითობის  ხელოვნური მართვა
რეალური გახდება, ხალხი საკმაო სიბრძნეს გამოიჩენს, რათა ჭკვიანურად გადაწყვიტოს ამგვარი
პრობლემები. ამჟამად კაცობრიობის წინაშე მრავალი პრობლემა დგას. მათ შორის, მაგალითად,
აღსანიშნავია კოსმოსური სივრცისა და თანამედროვე ცივილიზაციის ხელთ არსებული ძალების
გამოყენების პრობლემები. ცხადად შეინიშნება ამგვარი პრობლემების გონივრულად გადაწყვეტის
ტენდენცია. ის კი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ალბათ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გარკვეულ
მნიშვნელობას შეიძენს. ვფიქრობ, იმ დროისათვის კაცობრიობა მნიშვნელოვნად დაჭკვიანდება.

– ზოგიერთი მეცნიერი
უარყოფითად ეკიდება  მეცნიერული ცოდნის პოპულარიზაციას,  რადგან პოპულარიზაცია დაკავშირებულია სამეცნიერო სამუშაოს არსის გამარტივებასთან. ხომ
არ ფიქრობთ, რომ  თუნდაც გარკვეული გამარტივების
ხარჯზე მიღწეული საჯაროობა კაცობრიობას მისცემს უფრო აზრიანად, ე. ი. უფრო ჭკვიანურად,  მიუდგეს იმას, რაც მომავალში ელის?

–  რასაკვირველია.  საჯაროობას, მეცნიერული  პრობლემების ფართო განხილვას საზოგადოების ცხოვრებისათვის მხოლოდ დადებითი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი