კიდევ ერთხელ მარკესის შესახებ

რამდენიმე დღის წინ (9 ოქტომბერს) The New York Times-ში წერილი გამოქვეყნდა გაბრიელ გარსია მარკესის შესახებ. დიდი არაფერი, ავტორი უბრალოდ შეგვახსენებდა, რომ გაბო ცოცხალია და რომ კოლუმბიაში მისი მოგონებების წიგნიც გამოვიდა. “იცხოვრო, რათა მოყვე”, ასე ჰქვია მის ბოლო წიგნს, რომელზეც, უფრო დაწვრილებით შემდგომში მოგითხრობთ, ახლა კი შევეცდები კიდევ ერთხელ გავაქარწყლო ის ყალბი მითი, რომელიც ბოლო წლებში მარკესის გარშემო შეიქმნა და რომელიც განსაკუთრებით ქმედითი საქართველოში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ, რადგან ადრე უკვე მქონდა ამგვარი “გაქარწყლების” ცდა, ეს გასულ წელს იყო, “ქომაგის” ფურცლებზე, დღეს კი მინდა უფრო ფართო წრეს გავაცნო მარკესთან დაკავშირებული უცნაური ამბები, რადგან როგორც რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი, ხალხში ჯერ კიდევ ცოცხალია იმ პატარა, ყალბი ტექსტის ხიბლი, ტექსტისა, რომელიც შარშან ლამის ყველა ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა.

15 სექტემბერი, 2002
სიკვდილი, მოგეხსენებათ, ისეთი რამეა, რაც მხოლოდ სხვებს ემართებათ ხოლმე, ამიტომაც ე.წ. ანდერძებს ყოველთვის სევდიანი ხალისითა და მწუხარე აღტაცებით კითხულობს ხალხი. შესაძლოა ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს ეს ჩვენი “სევდიანი ხალისი”, მაგრამ რას იზამ, ასეთია სიკვდილის რიტორიკა, ხალხმა სწორედ რომ აღტაცებით მიიღო 2001 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მარკესის ე.წ. ანდერძი კოდური სახელწოდებით “ჩალის თოჯინა”.

ვიღაცა შემომედავება, კაცი კვდება, მკითხველს ეთხოვება, შენ კიდე დამდგარხარ და კაიფობო. იმასაც იტყვის, “კოდური სახელწოდება” რაღა შუაშიაო…. არა მეგობარო, მე სულაც არ მეხუმრება, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს “ანდერძი” კარგად შესრულებული ლიტერატურული ხრიკი აღმოჩნდა და მეტი არაფერი, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაცია, რომელიც ნამდვილად იყო იმის ღირსი, რომ მისთვის კოდური სახელწოდებაც მოეფიქრებინათ (თავის დროზე მეც წამოვეგე ამ ხრიკზე, მაგრამ სევდანარევი აღტაცებით აღვსილს ცივი წყალი გადამასხა ერთ-ერთმა ესპანურმა სააგენტომ).

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს:
ფილტვის კიბოზე პირველი ოპერაცია 1992 წელს გაუკეთდა მარკესს; ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ უკვე 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფომაც აღმოუჩინეს და სწორედ ამ პერიოდშივე გავრცელდა პირველი ჭორიც მისი გარდაცვალების შესახებ. ლოს-ანჯელესის ონკოლოგიურ კლინიკაში ჩატარებულმა კურსმა შედეგი გამოიღო, მარკესი გამოჯანმრთელდა და თავისი მოგონებების პირველი ტომის გამოქვეყნებასაც დაპირდა მკითხველს. არ გასულა რამდენიმე თვე, რომ პერუანულ გაზეთ “La Republica”-ში დაიბეჭდა და მყისვე ინტერნეტითაც გავრცელდა ზემოხსენებული ტექსტი მარკესის ხელმოწერით, რომელიც 2000 წლის 8 დეკემბრით იყო დათარიღებული. ეს ტექსტი ტონითაც და სტილურადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ასეთია სიკვდილის ყალბი რიტორიკა და მასთან შედარებით კონკრეტული მწერლის სტილური თავისებურებები ძალას კარგავენ. ერთი სიტყვით, სიკვდილის რიტორიკამ მთლიანად გადაფარა მარკესის მიერ გამოგონილი სიკვდილის შემთხვევები, წაშალა მთელი მისი შემოქმედება და ავტორის სახელსა და გვარს თავისი სიუჟეტი მიაბა.

მაშ ასე, გაბრიელ გარსია მარკესი წარმოგიდგენთ თავის ბოლო ნამუშევარს…..
“ნეტა წამით მაინც დაევიწყებინა ღმერთს, რომ ჩალის თოჯინა ვარ, მაშინ ხომ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ და უფრო მეტს ვიფიქრებდი მასზე, რასაც ვამბობ.
საგნებს ღირებულებით კი არა, მნიშვნელობის მიხედვით შევაფასებდი.
ნაკლებს ვიძინებდი, მეტს ვიოცნებებდი და მეცოდინებოდა, რომ ყოველი თვალდახუჭული წუთით სინათლის სამოცწამიან მონაკვეთს ვკარგავთ.

ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ ამისგან, გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მოვისმენდი სხვათა საუბრებს. და რომ იცოდეთ, როგორ ვისიამოვნებდი შოკოლადის ნაყინით.
ღმერთს რომ ცოტაოდენი ცხოვრება ებოძებინა, უბრალოდ ჩავიცვამდი, მზის პირველ სხივთან ერთად წამოვდგებოდი, სხეულის გარდა სულსაც გავიშიშვლებდი.

ღმერთო ჩემო, გული რომ მქონოდა, ზიზღს ყინულის ბორკილებში მოვაქცევდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავების შუქზე ვხატავდი, როგორც ვან გოგი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე, სერას სიმღერა კი ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ცრემლებით დავალტობდი, რათა მათი ეკლების ჩხვლეტა მეგრძნო და ფურცლების ცეცხლოვანი ამბორის ღირსი გავმხდარიყავი.

ღმერთო ჩემო, მე რომ ცოტაოდენი სიცოცხლე დამრჩენოდა….დღეს არ გამოვტოვებდი, რათა მეთქვა ძვირფასი ადამიანებისთვის, თუ როგორ მიყვარან ისინი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და მამაკაცს, რომ ისინი ჩემი მიჯნურები არიან და ვიცხოვრებდი ასე, სიყვარულში სიყვარულით.
დავუმტკიცებდი ადამიანებს, თუ როგორ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიბერესთან ერთად სიყვარულსაც კარგავენ: არადა პირიქითაა, ისინი იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.
ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ ვასწავლიდი თავისით ეფრინა.

მოხუცებს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არა, დავიწყებისგან მოდის.
რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ადამიანებო….

მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მათ დაღმართისას ელით.

მივხვდი, რომ როცა ახალშობილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის პაწია მუჭში, იგი მას აღარასდროს გაუშვებს ხელს.

მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როცა ფეხზე წამოდგომაში ეხმარება მას.

მე ამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს ცოდნა ვერაფერს მშველის, რადგანაც ყველაფერ ამით აღვსილი, მე, სამწუხაროდ, ვკვდები.”
მარტში მარკესს 73 წელი შეუსრულდა, ანუ როგორც დიდი კუბელი ხოსე ლესამა ლიმა იტყოდა, Tristicia Caducitatis-ის ასაკში შეაბიჯა, ჩვენებურად კი სიბერის სევდა შემოეპარა. წარსულის მაქსიმუმისა და მინიმალური მომავლის პირობებში მისგან მართლაც მოსალოდნელი იყო რაღაც აღსარება, მაგრამ არა ასეთი. ასე მხოლოდ მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ, გახსოვთ ალბათ სანტიაგო ნასარის ბოლო სიტყვები “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკიდან”: “მომკლეს, დეიდა ვენე! მომკლეს!” – ამბობდა იგი და ნაწლავებიდან მიწას იფერთხავდა….

“სამწუხაროდ ვკვდები…” ამ სიტყვებს გაბო არაფრის დიდებით არ დაწერდა, ნუთუ წარმოსადგენია, რომ სიკვდილთან ასე გაშინაურებულ კაცს აგრერიგად დაემცირებინა მისი დიდებულება; ან ეს ფრთები და ვარდები რაღა შუაშია. ერთი კია, მისტიფიკატორმა გაითვალისწინა, რომ სიცოცხლე (ცოცხალი მარკესი) ვერ მოახერხებდა თავისი სიკვდილის აფიშირებას და რომ მომაკვდავი მწერალი იძულებული გახდებოდა ისევ და ისევ სიცოცხლის ტრიუმფზე მოეთხრო რამე და მხოლოდ შემდეგ მომკვდარიყო. მან ისიც ზუსტად გათვალა, რომ თავად მარკესიც სულ “წინასწარგამოცხადებულ” სიკვდილებზე წერდა მთელი ცხოვრება. ზემოთ ნახსენები მოთხრობის გარდა “მარტოობის ასი წელი” და “სიყვარულს მოფარებული გარდაუვალი სიკვდილიც” შეგვიძლია გავიხსენოთ: “სენატორი ონესიმო სანჩესს ექვსი თვისა და თერთმეტი დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, თავის საოცნებო ქალს რომ შეხვდა….” – ასე იწყებდა თხრობას გაბო.

არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს მარკესი, მაგრამ საბედნიეროდ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და ესპანური “El Pais”-ის მკითხველი უკვე გაეცნო კიდეც ფრაგმენტებს დაპირებული მოგონებებიდან. და რაც მთავარია, გამოირკვა ანდერძის ავტორი, ეს ადამიანი გახლდათ ვინმე აბელ პარენტინი, არგენტინის ელჩი პერუში.

http://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post_23.html

კომენტარები

comments