დაუსრულებელი ამბავიც დასრულებულია, თუ მას სწორად უამბობ კაცს

მასზე ბევრს ლაპარაკობენ, იშვიათად წერენ. ალბათ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა მოიკოჭლებს. ერთხმად აღიარებენ, რომ ყველაზე პოპულარული მწერალია XX საუკუნის 90-იანელთა შორის. მისი წიგნები გამოსვლისთანავე ქრება დახლებიდან და დანამდვილებით ვერც გეტყვით, რამდენი ოჯახის წიგნის თაროზე იდებს ბინას. უყვართ და აფასებენ ამ სიტყვაძუნწ ადამიანს, რომლის თითოეული სიტყვა საოცრად მოქნილი და ხატოვანია. ლიტერატურა სპორტი არ არის, ვინმე ვინმეს სჯობნიდეს, მაგრამ მაინც,”საბაზე” წარდგენილთაგან კონკურენცია ვერავინ გაუწია, ამიტომაც მხოლოდ მან შეძლო ამ ლიტერატურული პრემიის სამჯერ მოპოვება.

ალბათ, უკვე მიხვდით, ვინ არის ჩვენი სტუმარი, რომელსაც ახლობლები და სპორტული სამყაროს გულშემატკივრები – ერთი, ხოლო ლიტერატურის მოყვარულები მეორე სახელითა და გვარით იცნობენ.
გიო ახვლედიანი ინტერვიუებს ვერ იტანს, სძულს, ცუდად ხდება, მაგრამ მაინც დავითანხმე, აკა მორჩილაძის ციტატებიდან გამომდინარე შეკითხვებისთვის თავად ეპასუხა.
იყო დრო, არ არსებობდა დიქტოფონები. ჟურნალისტები ინტერვიუს აღების პროცესში ინიშნავდნენ და იწერდნენ ნალაპარაკევს. მერე პროგრესმა პატარა ჩამწერი მოწყობილობა გვაჩუქა და საქმეც ერთიორად გაადვილდა, თუმცა ზოგიერთმა ეს ბოროტად გამოიყენა და გაშიფრული მასალა შეუსწორებლად, დაუხვეწავად გადაიტანა გაზეთისა თუ ჟურნალის ფურცლებზე. ამასობაში კომპიუტერული ხანა დადგა და ადამიანებმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ელექტრონული ფოსტით შეძლეს ერთმანეთთან დაკავშირება. ახლა უზიხარ კომპიუტერს, აჭერ თითებს ღილაკებს და ვისაც და სადაც გინდა, “ელაპარაკები”. თუმცა იმეილებმა მაინც ვერ შეძლო იმ ემოციების დატევა, ოდესღაც კონვერტის მიღებას რომ ახლდა თან.
რატომ მოვაწყვე ეს ექსკურსი? იმიტომ, რომ ჩემი და გიოს საუბარიც ასე, ელექტრონული ფოსტით გაიმართა. შეკითხვები გავუგზავნე, პასუხები მივიღე. მართალი გითხრათ, მგონია, რომ პირისპირ შეხვედრა სხვა ელფერს შესძენდა ამ ინტერვიუს. ალბათ იმიტომ, რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ელაპარაკება, ჩნდება მესამე – უხილავი ძალა, მუხტი, რაც სხვაგვარად გათქმევინებს თითოეულ სიტყვას. მაგრამ, ხომ მოგახსენეთ, გიოს ინტერვიუები ეჯავრება-მეთქი. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ დამთანხმდა და ჩემს შეკითხვებს უპასუხა.
“მე მგონია, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც ოდესღაც ნუშის ხეები ყვაოდა, ახლა კი გამარჯობის თქმას ნერვიულობა ახლავს…”
– გამარჯობა, გიო, როგორ გიკითხო?
– ნელა-ნელა. რა ვიცი…
“სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? მაინც მგონია, რომ უფრო გულუბრყვილო, ვიდრე სულელი…”
– ახლა როგორღა ფიქრობ, რომელი ჭარბობს – გულუბრყვილობა თუ სისულელე?
– იმას ვეთანხმები, რაც მანდ წერია. უფრო გულუბრყვილო, იმიტომ, რომ სისულელისთვის თავი არ გემეტება ხოლმე.
“სულ ორჯერ მოვინდომე, მწერალი გავმხდარიყავი, და ორივეჯერ ჩავფლავდი…”
– მართლაც, როდის მოინდომე, მწერალი გამხდარიყავი და გქონდა “ჩავარდნა”?
– უკვე მეოთხედ მოვინდომე… საერთოდ, ეგ ჩემი შკალაა და ახსნა არ ღირს.… გასულ წელს, შემოდგომაზე, უკვე მეოთხედ მოვინდომე. დიდად არ გამომდის, მაგრამ მომწონს ეს საქმე და ამიტომაც არ ვეშვები.
“…ვერც ჟურნალისტი გავხდი, იმიტომ, რომ ძალიან არ მინდოდა, ჟურნალისტი გავმხდარიყავი…”
– და მაინც ჟურნალისტად მუშაობ, არა?
– ახლა რეპორტიორი აღარც დამერქმევა. უფრო, საგაზეთო პუბლიცისტი, თანაც სპორტული. გაზეთ “სარბიელში”. უკვე წლებია, ასეა.
“აგე, რამდენი მწერალია ჩვენში. იმათ, ალბათ, წერის თავიანთი მიზეზები აქვთ, მე კი სწორედ წიგნების კითხვამ და სიენენის და ევრონიუსის ცქერამ ჩამრთო ამ საქმეში…”
– ეს სიმართლეა თუ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ნაწილი?
– ეს უბრალოდ ნაწყვეტია ერთ-ერთი მოთხრობიდან. იქ ბიჭს ერთი პიესა აქვს დაწერილი და ამის მიზეზს ხსნის.
“გაზაფხულზე გვარიანად განთქმული შევიქენ და საქმე ისე იყო, რომ მეგაზეთე გოგოებს უკვე ვემალებოდი კიდეც…”
– ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობ. რატომ?
– ინტერვიუები მძულს. ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ინტერვიუზე მირეკავენ.
“…მისთვის წერა სახალისო საქმიანობაა და ჭადრაკის ერთ უბრალო, სალაღობო პარტიასა ჰგავს”.
– შეგიძლია, აღწერო წერის პროცესი?
– ჩქარა ვწერ, უკანმოუხედავად. ძალიან სწრაფად. ბევრი გრამატიკული შეცდომაა ხოლმე… სწრაფი ჭადრაკივით. თუმცა, წინდაწინ სულ მოფიქრებული მაქვს. იმ სიჩქარეში კიდევ ამ მოფიქრებულს ემატება და ემატება. სხვა არ ვიცი. როგორ აღვწერო, არ ვიცი…
“დიდი ვერაგი ხელობაა ეს მწერლობა. ანუ, ვერაგი ხელობაც არის… შენ ხომ არ იცი, რას გიმზადებენ ვერაგი მწერლები…”
– რას გვიმზადებენ ვერაგი მწერლები და არის თუ არა მათ შორის აკა მორჩილაძე?
– მწერალმა შეიძლება თავიც კი მოაკვლევინოს კაცს… ასეც ხდებოდა ძველად. მე, ალბათ, იმას ვგულისხმობდი, რომ წიგნებში ბევრ ეშმაკობას ჩავდებ ხოლმე. ან საგანგებო შეცდომას, ან ისეთ რაღაცას, რაც ადამიანის გულს სულ სხვანაირად შეაფრთხიალებს. წერის დროს კი, ალბათ, სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე, ამ შეფრთხიალების. ხელოვნურად და ძალით კი არ ვაკეთებ ამას. ეს ვერაგობა, სამზარეულო, ახლავს თან წიგნს და ყოველთვის გულანთებული და ბრძენი კი არ ხარ, რომ წერ. ხშირად თაღლითიც ხარ.
“რაც უფრო ნამუსგარეცხილი ხარ, ბედნიერებასთან მით უფრო ახლოს ტრიალებ…”
– ირიბად გკითხავ, მაგრამ პირდაპირ გამოვა – ახლოს ტრიალებ ბედნიერებასთან?
– ჩემი აზრით, ბედნიერება სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ბევრჯერ შეიძლება შეგხვდეს ცხოვრებაში, მაგრამ სულ რაღაც წამებით. ისეთი წამებია, ყველაფერი კარგი რომ ერთმანეთს დაემთხვევა ხოლმე, შიგნითაც და გარეთაც.
საერთოდ, ბედნიერება ის ჰგონიათ, რომ კარგად ცხოვრობენ და ყველაფერი წესრიგშია. მგონი ასეა, ხო?
“…არც ისე ცუდია აჩრდილად ყოფნა ამ ქვეყანაში. თვალიერება და დაკვირვება შეგიძლია, მეტი კი საჭირო არ არის. არც ლაპარაკია საჭირო…”
– ალბათ, ეს მწერლის უპირველესი თვისებებია – დაკვირვება და თვალიერება. არც ლაპარაკი სჭირდება. ყველაზე მეტად რაზე დაკვირვება და რისი თვალიერება გართობს და გიტაცებს?
– ცხოვრების. მოკლე პასუხია, მაგრამ ეგრეა კია და სად წაუხვალ…
“იცი, რას ნიშნავს, ქალი რო კაცს წაყვა? საკუთარი თავი ანდო, ფიქრები ანდო, სიყვარული ანდო… რაც არ უნდა მოხდეს, მართალი უნდა იყო. შენ თავთან, შენ ქალთან, შენ შვილთან…”
– ვინ განდო საკუთარი თავი, ფიქრები და სიყვარული, ვინ არის ქალი, რომელმაც დაგაწერინა “ჩემი ცოლის რომანი” და ხარ კი მართალი შენ თავთან, მეუღლესა და შვილთან?
– “მართალი” რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, არ ვიცი… ჩვენ ნამდვილები და მართლები ვართ, სხვანაირად ერთად ხომ ვერ ვიქნებით? ჩემი ცოლი, მთლად უსახელოდ, ხშირად ჩანს ჩემს ნაწერებში, თუმცა, იმაზე ბევრად ნაკლებად, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, წერა და წიგნები სულაც არ არის მთავარი. მთავარი შენი ოჯახია… თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ პირად ცხოვრებაზე არ ვილაპარაკებ. არ არის საჭირო. პოპვარსკვლავი კი არ ვარ და ბექემი.
“მე თვითონ ვერა ვარ კაი ბიჭი… მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ანუ პატიოსანი ბიჭი, თუ მაკადრებთ, არიფიც, ამიტომ, შესაძლებელია, რომ ერთიორჯერ კაი ბიჭებთანაც მოვხვდე ხოლმე…”
– სინამდვილეში როგორი ხარ?
– ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა: ეს ჰგონიათ თბილი, კეთილი და თავმდაბალი. სინამდვილეში არის ცივი, ავი და გაბრაზებულიო.
რა ვიცი… მე სიმშვიდე მიყვარს და როცა სისულელეებით არ მაწუხებენ. სისულელე კიდევ ძალიან ბევრია. უზომო.
“-რა ჰქვია ამ თამაშს?..
-ფუტბოლი.
-ჰმ, ფუტბოლი. უცნაური სახელია…”
– ასე მგონია, რომ ეს უცნაური სახელის მქონე თამაში სამუდამოდ დამკვიდრდა შენს ცხოვრებაში. ვინ და როდის “შემოაგდო” ბურთი შენს მაგიდაზე?
– ეს არ მახსოვს, მაგრამ მინდა, როცა მოვკვდები, უცბად მოვკვდე, ამ თამაშის ცქერისას.
“სუპერმარკეტში ვნახე “სანტალის” წვენი, რომელსაც ნამდვილი რომანის სათაური ეწერა კოლოფზე – “წითელი სიცილიური ფორთოხლები”…
– როდის გამოვა აკა მორჩილაძის ახალი წიგნი “წითელი სიცილიური ფორთოხლები”?
– ვნახოთ. ძალიან მომეწონა ეგ წარწერა.
“ეს არ არის დაუსრულებელი ამბავი, ვინაიდან დაუსრულებელი ამბავიც დასრულებულია, თუ მას სწორად უამბობ კაცს…”

კომენტარები

comments