ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუსიკალური ვიზუალური ატრაქციონი (II ნაწილი)

მულტფილმი ბავშვისთვის სამყაროს მრავალმხრივი შეცნობაა. ის საინტერესო და საყვარელი იმიტომაა, რომ პატარას მისაწვდომი ფორმით უხსნის მრავალ პროცესს, აკმაყოფილებს მის ცნობისმოყვარე და ემოციურ მოთხოვნებს, ასევე უვითარებს აზროვნებისა და წარმოსახვის უნარს.

ბავშვებისთვის ხელოვნება სამყაროს აღქმისა და ათვისების მშვენიერი ფორმაა. ის მათი „უფროსი მეგობარია”, რომელიც აჩვენებს „რა არის კარგი და რა –  ცუდი”… რა სასჯელი ელით არასწორი საქციელისთვის ან რა დადებითი შედეგები მოაქვს სწორ მოქმედებას. 

მულტფილმს საკმაოდ დიდი აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია. ბავშვი ეკრანთან ხომ საკმაოდ დიდ დროს ატარებს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი სამყაროს გამუდმებით შეისწავლის, ეკრანთან გატარებული ხანგრძლივი დრო უკვალოდ არ ჩაივლის. 

მულტფილმების გარკვეული ნაწილი თავისი შინაარსით შეესაბამება ბავშვთა ასაკს. ის აღსაქმელად უბრალო და გასაგებია, გმირების ქცევა კი მისაბაძი. ასე რომ, ამგვარი ფილმები აღზრდის საერთო ამოცანებს სრულად პასუხობენ. მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე მულტფილმი სიუჟეტურად სულაც არ არის საბავშვო. მასში ვხვდებით: ისტერიკებს, შანტაჟს, მკვლელობას, შურისძიებას… ყოველივე ეს კი ვერაფრით თავსდება სათანადო ქცევათა ჩარჩოში. 

უარყოფითი გმირები – ბავშვების „მეგობრები”, სამწუხაროდ, მიბაძვისა და ქცევის ნიმუში ხდებიან. მულტფილმის მთავარი გმირი ბავშვისთვის უსათუოდ დადებითი გმირია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მას აღიქვამს როგორც „კარგს”. პატარას ჯერ კიდევ უჭირს გმირის ნატურის სირთულის განსაზღვრა და სწორი შეფასება. ამიტომ, ყველაფერი, რასაც მისი საყვარელი გმირი აკეთებს, მისაღები და მისაბაძია. შთაბეჭდილებების გავლენის გამო ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ სინამდვილე შექმნილი წარმოსახვისგან განასხვავონ, ამიტომ ისინი მულტფილმს აღიქვამენ როგორც რეალობას. 

როგორც ვიცით, მულტიპლიკაცია კინოინდუსტრიის განშტოებაა. ეს საინტერესო მიმართულება შეგვიძლია დავუკავშიროთ მხატვრობასა და გრაფიკას. მხატვრის ტალანტი და ტექნიკური შესაძლებლობა ბადებს ხელოვნებას, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არც ბავშვს და არც მოზრდილს. მულტიპლიკაციას ინერციით ჯერ კიდევ კინოხელოვნების სახეობად მივიჩნევთ. ეს თითქოს ასეცაა: მათი გადაღება კინოფირზე მიმდინარეობს. შემდეგ კი კინოთეატრების ეკრანებზე გადაინაცვლებს, მაგრამ მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. თუ კარგად დავაკვირდებით რა საშუალებებით იქმნება სახეები მულტიპლიკაციაში, დავრწმუნდებით, რომ ეს ორიგინალური ხელოვნება ახლოსაა, ერთი მხრივ, გრაფიკასთან, ფერწერასა და სკულპტურასთან, ხოლო, მეორე მხრივ, პოეზიასა და მუსიკასთან. 

დავუბრუნდეთ დიდ უოლტ დისნეის. მას შემდეგ, რაც მან თავისი პირველი მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმი („ჩონჩხების ცეკვა”) წარმოადგინა, კვლავ მოისურვა შეექმნა მულტფილმების სერია, სადაც „წამყვან როლს” არა პერსონაჟი, არამედ მუსიკა „ითამაშებდა”. 

მიკი მაუსის, დონალდ დაკის, გუფის, პლუტოსა და სხვა დაუვიწყარი პერსონაჟების მონაწილეობის გარდა, დისნეის კიდევ აქვს ერთი განსაკუთრებული სერია „სულელური სიმფონიები” – სინთეზი მუსიკალურ-ზღაპრულ-სახუმარო ნახატი ფილმებისა, რომლებმაც მაშინდელი ანიმაციური ხელოვნება განვითარების უმაღლეს რანგში აიყვანა. 

სერიიდან „ტომი და ჯერი” მულტფილმი „კატის კონცერტი” შესანიშნავი რეჟისურითა და კოლორიტული მუსიკით ანიმატორთა ოსტატური ნამუშევარია, რომელიც შემდეგ საუკეთესო მულტფილმისთვის „ოსკარს” მიიღებს. ამ თავშესაქცევ, სადღესასწაულო და მხიარულ მულტფილმში გამოყენებულია ფერენც ლისტის უნგრული რაფსოდია (ეს მუსიკა 84 სხვადასხვა ფილმშია აჟღერებული). 

დისნეის შესანიშნავ მულტფილმში „მუსიკალური ქვეყანა” სიმფონიის ქვეყნის „პრინცესა ვიოლონჩელი” მალულად ხვდება „პრინცს საქსოფონს” ჯაზის კუნძულიდან. მაგრამ საიდუმლო შეხვედრების სიხარული დიდხანს ვერ გასტანს. განრისხებული დედოფალი შეყვარებულ საქსოფონს „კამერტონის” ბნელ საპყრობილეში გამოკეტავს…  
მომდევნო ორიგინალური რამ, რაც მუსიკისა და ილუსტრაციის ურთიერთქმედების სფეროში დისნეიმ გააკეთა, არის ფილმი – „ფანტაზია” (1940 წ.). პირველი გრანდიოზული სრულმეტრაჟიანი და შესაძლოა კლასიკური მუსიკის ყველაზე ლამაზი რეალიზაციაა ანიმაციაში. მოკლემეტრაჟიან სერიებს „ფილმი-კონცერტის” საერთო იდეა აერთიანებს. აქ არ გვხვდება დიალოგები. ყველგან პერსონაჟებიც კი არ არის. ორსაათიანი ფილმი 9 დამოუკიდებელი ნომრისგან შედგება. ყოველი მათგანი საკუთარ სტილშია შესრულებული. მულტფილმში გამოყენებულია ბახის, ჩაიკოვსკის, დუკას, სტრავინსკის, ბეთჰოვენის, პონკელის, მუსორგსკის, შუბერტის ნაწარმოებები. იმ დროისათვის ეს ექსპერიმენტული და ძალზე ამბიციური პროექტი იყო, გათვლილი არა ფართო მაყურებელზე, არამედ წარმატებაზე კრიტიკოსების მხრიდან. 

60 წლის შემდეგ სტუდია დისნეიმ იდეის გამეორება გადაწყვიტა და „ფანტაზია 2000″ შექმნა. ფილმი საოცარი გემოვნებითა და განუმეორებელი აზროვნებითაა გადაღებული. სიურეალისტური სურათები, სცენები გაჟღენთილია ბეთჰოვენის, რესპიგის, გერშვინის, შოსტაკოვიჩის, სენ-სანსის, დუკას, ელგარის და სტრავინსკის კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებებით. მუსიკა და ვიზუალური სიგიჟე ისეთ სანახაობას ჰქმნის, ძნელად თუ შეელევა ადამიანი. 

დისნეისთან აღიარება უცებ არ მოსულა. იყო წარუმატებლობაც, აღმაფრენაც, ისევ წარუმატებლობა და ისევ აღმაფრენა. მისი ფილმები დაჯილდოებული იყო ყველაზე მაღალი პრესტიჟული პრემიებით, მათ შორის 30-ჯერ „ოსკარით”. მაგრამ უმთავრესი მაინც მსოფლიო მაყურებელთა სიყვარული იყო.

 
მეთოდს, რომელსაც დისნეი იყენებდა, მოგვიანებით „დისნეური” ან „კლასიკური”, ხოლო მის შემდეგ შექმნილს „პოსტდისნეური ანიმაცია” დაერქვა. ამგვარი შეფასება სამართლიანია, ვინაიდან დისნეიმ სინამდვილეში ყველაზე მოახდინა გავლენა, ვინც მის გვერდით იყო და ვინც შემდეგ მოვიდა. 

დისნეის შემდეგ მსოფლიო მულტიპლიკაციის განვითარებაში ახალი ფორმების აფეთქება მოხდა, რაც თანამედროვე უმნიშვნელოვანესი პრობლემების წარმოჩენისკენ იყო მიმართული. მულტფილმებისთვის დამახასიათებელი გახდა სწრაფვა ლაკონიურობის, გროტესკისა და კარიკატურისაკენ. გაჩნდნენ ჟანრობრივად სხვადასხვაგვარი ფილმები: საბავშვო ზღაპარი და ფილოსოფიური იგავი, სატირული პამფლეტი და რეკლამა, მუსიკალური და საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომედია.   

კინემატოგრაფის ისტორია მუსიკისგან განუყოფელია. ჯერ კიდევ მუნჯური კინოს ეპოქაში მუსიკალური თანხლება პიანისტთა იმპროვიზაციით მიმდინარეობდა. როდესაც ხმოვანი კინო გამოჩნდა, რეჟისორებს საშუალება მიეცათ, ფილმები რთული მუსიკალური ნაწარმოებებით გაეფორმებინათ. მულტიპლიკაციაშიც დაისვა შეკითხვა – როგორი მუსიკა გამოეყენებინათ. ის სრულიად განსაკუთრებული და უჩვეულო უნდა ყოფილიყო. პერსონაჟების გაცოცხლებისთვის კომპოზიტორები მხატვრებთან ერთად ათას სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა ბავშვებში ღიმილი გამოეწვიათ.

საინტერესოა ფილმზე მუშაობისას როგორ და რომელ სტადიაზე ხდება ხმის ჩაწერა (მუსიკის, რეპლიკების, დიქტორის ტექსტის, ხმაურის) და როგორ აღწევენ მულტიპლიკატორები ეკრანზე გამოსახულებისა და ხმის სრულ სინქრონს. ან რა როლს თამაშობს ხმა მულტიპლიკაციაში. თუ ყურადღებას მივაქცევთ ფილმში ხმოვან გაფორმებას, შევამჩნევთ, მეტწილად ხმა მოქმედების ილუსტრირებაა და არა მხოლოდ – ის დრამატურგიის ერთ-ერთი სრულუფლებიანი კომპონენტია. ჩვეულებრივ კინოსგან განსხვავებით, მულტიპლიკაციაში, როგორც წესი, ხმა ნახატის ან თოჯინას გაცოცხლებამდე იწერება, ვინაიდან ეპიზოდები ტემპო-რიტმთანაა დაკავშირებული. ამგვარი მეთოდის დროს რეჟისორმა ნათლად უნდა წარმოიდგინოს როგორი უნდა იყოს მუსიკა, რომელ ადგილას გაჟღერდება და რამდენ წამს, ანუ რეჟისორი კომპოზიტორისთვის გრაფიკის სახით ვრცელ და დაწვრილებით სქემას ადგენს. უმნიშვნელოვანესია, მუშაობის პროცესში რეჟისორი და კომპოზიტორი თანამოაზრენი იყვნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი