პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წესების შემუშავება მოსწავლეთა თანამონაწილეობით

დაწყებით კლასებში ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ ან ეშლებათ გამაერთიანებელ და ჩამოთვლილ სიტყვებთან სასვენი ნიშნების სწორად დასმა. თუმცა ეს პრობლემა მაღალ კლასებშიც ხშირად იჩენს თავს. გთავაზობთ მარტივი მეთოდის გამოყენებით და მესამეკლასელთა თანამონაწილეობით ერთობლივად შემუშავებულ წესებს.

თუ საშუალება გვაქვს, ვიყენებთ ისტ-ს – პროექტორის დახმარებით ეკრანზე თანმიმდევრობით ჩნდება სურათები და ძალზე სახალისოა. თუ ამის საშუალება არ არის, ვიყენებთ მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებს ან ნატურალურ თვალსაჩინოებას – ხილს და კალათს.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მოსწავლეს მომზადებული უნდა ჰქონდეს სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავი, საშლელი. მთავარია, დავიცვათ თანმიმდევრობა!

მოსწავლეებს პროექტორით სათითაოდ ვუჩვენებთ ხილის ამსახველ ნახატებს. (ჩემმა მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები წარადგინეს) მივმართავთ კლასს:

– ყურადღებით დააკვირდით და დაასახელეთ, რა ხილია გამოსახული ?

– მართალია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი. (ყურადღებას ვამახვილებთ, ჩამოთვლილი სიტყვების სწორად წარმოთქმასა და ერთმანეთისგან მძიმეებით გამოყოფაზე).

– ახლა გთხოვთ, მოიმარჯვეთ სახატავი ფურცლები, ზედა კიდიდან გამოტოვეთ 2 სმ, გაავლეთ სწორი ხაზი და დაწერეთ სათაური: სასვენი ნიშნები ჩამოთვლილ და გამაერთიანებელ სიტყვებთან. მის ქვემოთ დასახელებული საგნები მარტივი ნახატებით გამოსახეთ. (გავითვალისწინოთ დროის ლიმიტი, აუცილებელი არაა გაკვეთილზე გაფერადება. საკმარისია, მხოლოდ კონტურები მოხაზონ და გაფერადება საშინაო დავალებად მივცეთ).

როცა ხატვას დაასრულებენ, ვთავაზობთ, დაფიქრდნენ, ხილის ყველა სახეობა ერთად მოათავსონ და მიუხატონ ბოლოში. ბავშვები იწყებენ ფიქრს. დავალება რთული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მათგანი ფიქრობს და ხვდება, რა გააკეთოს. ამიტომ ძალიან იოლია სწორი პასუხის მიგნება. მათ ნახატებში ჩნდება: თეფში, ლანგარი, ლარნაკი, კალათა.

ახლა ვნახოთ, რა შეიცვალა ნახატებში.

– რა მოხდა? დავამატეთ კალათა, რომელშიც ყველა ხილი მოთავსდა, ანუ გავაერთიანეთ ცალ-ცალკე დაწყობილი ხილის სახეობები. ახლა გთხოვთ, მოიმარჯვეთ სახაზავები და ნახატის ქვეშ 1 სმ-ის დაშორებით გაავლეთ 1 ხაზი.

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით წარმოთქვამენ წინადადებას და დაფაზე გაკეთებული ნიმუშის მიხედვით ნახატების ქვეშ აკეთებენ ჩანაწერს ასეთი ფორმით:

ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.

– გთხოვთ, დაასახელოთ სიტყვა, რომელმაც ჩამოთვლილი სიტყვები გააერთიანა.

– ხილი.

– ყოჩაღ! ამიტომ მას გამაერთიანებელი სიტყვა ჰქვია. (შეიძლება, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ჩამოთვლილი სიტყვები წინადადების ერთგვარი წევრებია.)

-დაიმახსოვრეთ, საგნების ჩამოთვლის, ანუ წარმოთქმის დროს ვჩერდებით, ხოლო წერის დროს მძიმეებს ვსვამთ, სწორედ ისე, როგორც ჩვენს ჩანაწერშია.
ამის შემდეგ მოსწავლეები ერთ დამატებით ხაზს გაავლებენ. ვცვლით თანმიმდევრობას. ბავშვებიც შესაბამისად ასრულებენ ნახატებს.
– რა მოხდა? გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით ნახატებს და შეადგინეთ წინადადება.

რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ამ დავალების შესრულება ძნელი არ არის. თანმიმდევრულობის პრინციპით ისინი სწორად ადგენენ წინადადებას. ხილით სავსე კალათი თავში აღმოჩნდა. სურათების ქვეშ 1 სმ-ის დაცილებით გაავლებენ 1 ხაზს, წარმოთქმის პარალელურად მასწავლებლის დახმარებით დაფაზე და ფურცლებზე კეთდება ჩანაწერი:

ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
და აი, გადავდივართ წესების შემუშავების ყველაზე საინტერესო ეტაპზე. ვიწყებთ დაფაზე გაკეთებულ ორ ჩანაწერს შორის მსგავსება-განსხვავების პოვნას და მოსწავლეებს ვეხმარებით სწორი დასკვნის ჩამოყალიბებაში: გამაერთიანებელი სიტყვა საერთოა ორივე წინადადებისთვის, მაგრამ ის სხვადასხვა ადგილზე დგას. პირველ შემთხვევაში – ბოლოში, ხოლო მეორე შემთხვევაში – დასაწყისში. აქვე, ყურადღებას ვამახვილებთ სასვენ ნიშანზე ,,ორწერტილი’’.
 
ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.
ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
მსგავსება-განსხვავების შედარების შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ორი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც მოსწავლეები განსხვავებული ფერის ფლომასტერით ჩაწერენ წინასწარ მონიშნულ და ბოლოს დარჩენილ არეებში. ერთხელ კიდევ ვთხოვთ, ბოლო ჩანაწერის შემდეგ გამოტოვონ 1სმ. და გაავლონ 1 ხაზი. შემუშავებული წესების საბოლოო სახე ასეთია:
 
სასვენი ნიშნები გამაერთიანებელ და ჩამოთვლილ სიტყვებთან

ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.
წესი 1. თუ გამაერთიანებელი სიტყვა ჩამოთვლილი სიტყვების შემდეგ დგას, მის წინ ორწერტილს არ ვწერთ და მძიმეებით გამოვყოფთ ჩამოთვლილ სიტყვებს.
ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
წესი მე-2. თუ გამაერთიანებელი სიტყვა ჩამოთვლილი სიტყვების წინ დგას, მის შემდეგ ორწერტილს ვწერთ და ჩამოთვლილ სიტყვებს მძიმეებით გამოვყოფთ.
მოსწავლეებს საშინაო დავალებად ეძლევათ, დაასრულონ ნახატების გაფერადება, წაშალონ დამატებითი ხაზები და ისწავლონ წესები. მეორე დღეს გამოვავლენთ შემუშავებული წესების საუკეთესო ნიმუშებს და (აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივობას – ურთიერთშეფასებას ვახორციელებთ) სადემონსტრაციო დაფაზე განვათავსებთ. აუცილებელი არაა წესების იმავე დღეს ზეპირად ცოდნა. კვირის განმავლობაში ყოველდღე ერთგზის გამეორება კვირის ბოლოს საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს. გარკვეული დროის შემდეგ მოსწავლეები ნამუშევრებს საკუთარ პორტფოლიოებში ინახავენ.

IV-V კლასებში განმტკიცდება მიღებული ცოდნა, ამას დაემატება ცნება „წინადადების ერთგვარი წევრები’’. წესების განმარტებები აკადემიურ ხასიათს მიიღებს.

ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდით სწავლება შედეგიანი იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის, რადგან, ფაქტობრივად, თვითონ ბავშვები ქმნიან წესებს ხელოვნებასთან და მათემატიკასთან ინტეგრირებით, ფიქრით, ლექსიკური მარაგის გამდიდრებით და გრამატიკის საფუძვლების შემეცნებით, რაც, დამეთანხმებით, ძალზე სახალისოა. მით უფრო, თუ გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეები ხილით გაუმასპინძლდებიან ერთმანეთს.

სასურველია, შემდეგ გაკვეთილებზე სხვადასხვა ილუსტრაციის გამოყენებით განვამტკიცოთ მიღებული ცოდნა.
მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულნი!
 
 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანბანის წიგნი

ლიტერატურული თამაშები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი