ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წყაროები – ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის

ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შესწავლა, კრიტიკული განხილვა და ანალიზი ისტორიის გაგების ერთ-ერთი მტკიცე საწინდარია. აუცილებელი ისტორიული წყაროების უმეტესობა სასკოლო სახელმძღვანელოებშივეა მოცემული და მასწავლებელს იშვიათად თუ მოუწევს მათი მოძიება. წყაროების კრიტიკული განხილვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან, გაკვეთილის ტექსტისგან განსხვავებით (რომელიც უამრავი ადამიანის შრომის შედეგად ისტორიის გენერალურ, საყოველთაოდ მიღებულ ხაზს მიჰყვება), ისინი ხშირად სუბიექტურია და ავტორის აზრს გამოხატავს, ამიტომ შესაძლოა, არასრულად ან სულაც დამახინჯებით ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს. შესაბამისად, ისტორიულ წყაროში მოცემული ზოგიერთი დეტალი (თარიღები, მოვლენების აღწერა, სხვა მონაცემები) ზოგჯერ არ ემთხვევა გაკვეთილის ტექსტს. თუმცა ისტორიული წყაროების ეს „ნაკლი” მათივე ღირსებაცაა, რადგან ჩვენამდე მოაქვთ ეპოქის სუნთქვა, ისტორიკოსთა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა” და უბრალო მოკვდავთა შეხედულებები, ფიქრები და ოცნებები.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმოს ისტორიულ წყაროებს და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს. ამითვის სასურველია, წყაროზე მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში.

ამ სტატიაში განვიხილავთ ისტორიულ წყაროზე მუშაობის წერით აქტივობას, რომელიც, ჩვენი აზრით, დაეხმარება მასწავლებლებს ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევაში. გარდა ამისა, მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა:

● წერის კულტურა;
● წერითი აზროვნების უნარი;
● წაკითხულის გააზრების უნარი;
● ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარი;
● შემოქმედებითი უნარი.

წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები ერთსა და იმავე დროს აქტიური მკითხველებიც არიან და მწერლებიც. დოკუმენტის კითხვისას ისინი წაკითხულის გააზრებას ცდილობენ, ხოლო როცა წერითი დავალების შესრულებას შეუდგებიან, აქტიური ფიქრის პროცესში ჩაერთვებიან. დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ხელახლა მოუხდება თემის გააზრება, ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად შესაძლოა წინა ცოდნის გააქტიურება და ნასწავლი მასალის გახსენებაც დასჭირდეს. ამასთანავე, მეტი ყურადღებით გაეცნობა და გააანალიზებს დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და შესასწავლ საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაიაზრებს.
საუკეთესო შემთხვევაში არაფორმალური წერითი სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, იაზროვნონ, შეიმუშაონ საკუთარი, ორიგინალური მოსაზრება დოკუმენტში აღწერილი ისტორიული მოვლენების შესახებ და ეს მოსაზრება ქაღალდზე გადაიტანონ. წერითი აქტივობა სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და შესწავლილი მასალის უკეთ დამახსოვრების მიზნით, როგორც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, ისე საშინაო დავალებადაც. მოსწავლის ნამუშევარს შეგვიძლია ესეც ვუწოდოთ, თუმცა ესეს შესახებ სხვა დროსაც ვისაუბრებთ.
როგორ უნდა შესრულდეს დავალება

ძირითადი დავალება
მასწავლებელი შეარჩევს დოკუმენტებს და მათი შინაარსის გათვალისწინებით შეიმუშავებს მთავარ კითხვას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ამ კონკრეტული თავის რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვლევასთან. მოსწავლე მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემისას აანალიზებს დოკუმენტის ცალკეულ ასპექტებს, რაც ხელს შეუწყობს წაკითხულის გააზრების უნარის განვითარებას.
დამატებითი დავალება
შესაძლოა, მთავარი კითხვის მიცემა საკმარისი არ აღმოჩნდეს დავალების შესასრულებლად და მასწავლებელს მოუხდეს დამატებითი კითხვების მომზადება, რომლებიც მოსწავლეებს ყურადღებას გაამახვილებინებს დოკუმენტის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა დოკუმენტის შექმნის პერიოდი, დოკუმენტში მოხსენიებული მთავარი ისტორიული პირები, მოვლენები და სხვ. ეს მოსწავლეს მთავარ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის გაცემას გაუიოლებს. არ არის აუცილებელი, მოსწავლემ ყველა დამატებით კითხვას უპასუხოს; ზოგ მათგანს, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ნაწილობრივაც შეიძლება გასცეს პასუხი.
ორგანიზება
ესეზე მუშაობა ყველაზე ნაყოფიერი იქნება, თუ მოსწავლე დამოუკიდებლად გააკეთებს ამას, მაგრამ ამ სამუშაოს შესრულება წყვილებშიც შეიძლება. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ მათი გამოსწორება. თუ მოსწავლეს ამის სურვილი ექნება, უნდა მივცეთ საშუალება, თავისი ნამუშევარი მთელ კლასს წაუკითხოს.
შესრულებული სამუშაოს შეჯამება – შეფასება
შესრულებული სამუშაო შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა მეთოდით: კითხვა-პასუხი, ცალკეული მონაკვეთების შეფასება, ავტორის თვალსაზრისის გამოცნობა და განხილვა, ცალკეული ტერმინის ან ფრაზის ანალიზი, დოკუმენტის დაკავშირება მისი შექმნის დროსთან. ძალზე პროდუქტიული იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ ახსნან, რატომ ან როგორ მივიდნენ კონკრეტულ დასკვნებამდე, აგრეთვე – პასუხის გაცემისას დაიმოწმონ ნაწყვეტები დოკუმენტიდან თავიანთი მოსაზრების სასარგებლოდ. ესეების შეჯამება-შეფასების (კითხვების დასმის, პასუხების მოსმენის, დოკუმენტის ყურადღებით განხილვის) დროს სავსებით მოსალოდნელია, მასწავლებლებმაც კი აღმოაჩინონ რამე ახალი.
შესაძლო სირთულეები
დავალების შესრულებისას შესაძლოა თავი იჩინოს ზოგიერთმა სირთულემ, მაგალითად, მოსწავლეებმა ბევრი დრო მოანდომონ წაკითხულის გააზრებას, გაუჭირდეთ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობის გაგება, ვერ ამოიცნონ დოკუმენტის მთავარი აზრი ან ბუნდოვანი მოეჩვენოთ ცალკეული მონაკვეთები. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით შეძლოს ამ სირთულეების დაძლევა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კიდევ ერთი მომენტი: მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ავტორის მიზანი. თუ ეს დამოუკიდებლად ვერ მოახერხა, მასწავლებელმა ისეთი მითითებები უნდა მისცეს, რომლებიც ამაში დაეხმარება (ვგულისხმობთ ყურადღების გამახვილებას ისეთ მომენტებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს ავტორის მიზანზე; ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, დოკუმენტის შექმნის დრო, ავტორის წარმომავლობა, მისი სოციალური სტატუსი და სხვ.).

ნუ დაგვავიწყდება, რომ წერა რთული სააზროვნო პროცესია. მოსალოდნელია, ზოგიერთ მოსწავლეს დავალების შესრულება განსაკუთრებით გაუჭირდეს. მასწავლებელმა ისინი დახმარების გარეშე არ უნდა დატოვოს: შეიძლება, ხაზი გავუსვათ დოკუმენტის მთავარ ფრაზებს, დავუსვათ დამატებითი კითხვები (მაგ., „რას გულისხმობს ავტორი, როცა ამას ამბობს?”, „რატომ ამახვილებს ავტორი ყურადღებას ამ მომენტზე?”). გარდა ამისა, შეიძლება, დოკუმენტი მათთვის რამდენიმე ნაწილადაც დავყოთ.
დავალების ნიმუში
კლასი: IX
თავი: განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისი
საკვლევი თემა: გაერთიანებული საქართველოს მეფეების ბაგრატ III-ისა და გიორგი II-ის საშინაო პოლიტიკა
განსახილველი ტექსტები და დოკუმენტები :
ა) ბაგრატის ხელისუფლების განმტკიცება (წყარო – „მატიანე ქართლისა” ბაგრატ III-ის შესახებ)’
ბ) გიორგი II (წყარო – „მატიანე ქართლისა”გიორგი II-ის წინააღმდეგ დიდგვაროვან ფეოდალთა გამოსვლის შესახებ).
მთავარი კითხვა: ბაგრატ III მოწინააღმდეგე დიდგვაროვნებს ძალის გამოყენებით იმორჩილებდა, ხოლო გიორგი II ურჩ ფეოდალებს წყალობით ირიგებდა. რომელი მეფის საშინაო პოლიტიკას მიიჩნევთ გამართლებულად?
დამხმარე კითხვები:
რა დადებით და უარყოფით მომენტებს ხედავთ ბაგრატის III-ის მოქმედებაში?
რა დადებით და უარყოფით მომენტებს ხედავთ გიორგი II-ის მოქმედებაში?
თქვენი აზრით, რა მოხდებოდა, ბაგრატი ლმობიერად რომ მოჰქცეოდა დიდგვაროვნებს?
როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა გიორგის სხვაგვარად მოქცევა დიდგვაროვნების მიმართ?
თქვენი აზრით, რომელ მეფეს ანიჭებს უპირატესობას ავტორი? (მოიყვანეთ ილუსტრაცია წყაროდან)
გიორგი II-ის შესახებ ავტორი ამბობს: „ძვირ-უხსენებლ იქმნა”. როგორ გესმით ეს გამოთქმა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი