სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მომსახურების სწავლება, როგორც სასწავლო მეთოდი უცხოური ენის გაკვეთილზე

მასწავლებლები ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, გამოიყენონ ინოვაციური პედაგოგიური პრაქტიკა სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და საკლასო ოთახში მისაღწევი შედეგების გასაუმჯობესებლად.

ბოლო წლებში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ სამოქალაქო განათლებისა და მომსახურების სწავლების  თემების ინტეგრირებამ უცხოური ენის კურიკულუმთან შესაძლოა სრულიად შეცვალოს მიღწეული შედეგების ხარისხი. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს მეტად უვითარდებათ კულტურული და სამოქალაქო შეგნება, კრიტიკული აზროვნების უნარი და უფრო მეტად რეფლექსურნი ხდებიან საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში, რაც დადებითად აისახება ენის სწავლაზეც.

 უცხოური  ენის სწავლა-სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკისა და წარმოთქმის უკეთ დაუფლებას. თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელია ცალკე, რეალურ კომუნიკაციას მოწყვეტილად. უცხოური ენის ყველა მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს, მოსწავლეებმა შეძლონ საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით დიდია სამოქალაქო განათლებისა და მომსახურების სწავლების უცხოური ენის კურიკულუმთან ინტეგრირების როლი. 

სამოქალაქო განათლება, როგორც სასკოლო დისციპლინა, უკავშირდება ჯონ დიუის, მე-20 საუკუნის ფილოსოფოსსა და განმანათლებელს, რომელსაც სჯეროდა რომ ადამიანების განათლებაში სწორედ მორალურ საკითხებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ომი და მშვიდობა, რასობრივი თუ გენდერული პრობლემები აუცილებლად უნდა მიბმულიყო სასკოლო კურიკულუმს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამერიკული საზოგადოების ინდუსტრიული და ურბანული ტრანსფორმირება ხდებოდა. დიუის სჯეროდა, რომ განათლების უმთავრესი როლი უნდა ყოფილიყო  ადამიანების განვითარება და ჩამოყალიბება დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ და ეფექტურ წევრებად.  მას ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა სამოქალაქო განათლება, როგორც ცალკე საგანი, 1965 წელს შევიდა სკოლებში. ეს იყო პროგრამა, რომელიც ხაზგასმით აძლიერებდა არა მხოლოდ სამოქალაქო ქმედებებს, არამედ მოსწავლეთა რეფლექსიას ამ ქმედებებზე. 

მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო განათლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სასკოლო პრაქტიკაში და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სამოქალაქო ღირებულებების განვითარებას დაწყებითი კლასებიდანვე. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების სწავლება შედარებით ახალია ჩვენს სასკოლო პრაქტიკაში, არადა მისი, როგორც  სასწავლო მეთოდის, აქტიურად ჩართვა სხვადასხვა საგნის სწავლებაში, თავის მხრივ მოსწავლეთა ავტონომიურ და მოაზროვნე  შემსწავლელად ჩამოყალიბებას, მათი თავდაჯერებულობის ზრდას და საბოლოო ჯამში საგნის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. ცოდნა, რომელსაც ისინი  გაკვეთილზე მიიღებენ, შეეძლებათ გადაიტანონ და მოარგონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან  საკითხებს.

მომსახურების სწავლებას  დიდი ყურადღება ექცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კი 1990 წლიდან. ეს არის ქმედებები მორგებული სასწავლო მიზნებზე და სწავლა, მორგებული მომსახურების აქტივობებზე. საგულისხმოა, რომ მომსახურების სწავლება განსაკუთრებულად  კარგად ერგება უცხოური ენის სწავლა-სწავლების მიზნებს. დღეს აღარავინ დავობს, რომ ენის ხარისხიანად სწავლისათვის შემსწავლელებს სჭირდებათ შესაბამისი შინაარსის მქონე კონტექსტი. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუკი გადაწყვეტთ მომსახურების სწავლების ჩართვას უცხოური ენის სწავლების პროცესში:

1.მოიძიეთ და გაეცანით თქვენ ახლო-მახლო მდებარე მომსახურების სააგენტოებს, ეს შესაძლოა იყოს უფასო სასადილო სოციალურად დაუცველთათვის, საქველმოქმედო ორგანიზაცია, მოხუცებულთა ან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი და ა. შ. ამის შემდეგ უკეთ შეგეძლებათ  დაგეგმოთ პროექტი მოსწავლეებისთვის.

2.გააკონტროლეთ, რომ ეს ნამდვილად „მომსახურებაა”, რომელშიც თქვენი მოსწავლეები სხვა ადამიანების დასახმარებლად არიან ჩართულნი და რაიმე ღირებულს აკეთებენ საზოგადოებისთვის.

3.თითოეულ პროექტს დაუთმეთ არანაკლებ 3-4 კვირისა, ეს უფრო კომფორტულს გახდის პროექტს მოსწავლეებისთვის. დასაწყისში აუცილებლად იქნება ერთგვარი გაუცხოება მოსწავლეებსა და სამიზნე დაწესებულების ბენეფიციარებს შორის, რის გადალახვასაც გარკვეული დრო ესაჭიროება.

4.გააკონტროლეთ პროექტებზე მოსწავლეების ჯგუფური ან წყვილებში მუშაობა და წაახალისეთ ინტერაქცია ერთიმეორესთან. თუკი ამის საშუალებაა, ჩართეთ პროექტებში სამიზნე ენის მატარებლებიც (მოხალისე მასწავლებლები) და ავთენტური მასალის კვლევა.

5.თქვენ თვითონაც  აქტიურად ჩაერთეთ პროექტში და შეეცადეთ იყოთ მისაბაძი მოსწავლეებისთვის.

6.წაახალისეთ მოსწავლეები გამოიჩინონ ინიციატივა. სწორედ შინაარსზე დაფუძნებული ინტერაქცია დაეხმარებათ ენის უკეთ სწავლაში.

7.ჯგუფურად და წყვილებად მუშაობის დროს გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ამუშაოთ ერთად ( მეტად აქტიური, ნაკლებად აქტიურთან).

8.წაახალისეთ მოსწავლეები აწარმოონ ჟურნალი, სადაც ჩაინიშნავენ საკუთარ გამოცდილებას და მოახდენენ რეფლექსიას. ეს კარგი მასალა იქნება შემდგომი ენობრივი სამუშაოებისთვის.

9.ყოველთვის ეცადეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მუდმივ კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან და სტანდარტთან.

10.აღიჭურვეთ მოთმინებით, შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ მოიძიებთ საშუალებებს თქვენი პროგრამის/პროექტის განვითარებისათვის. თუმცა გახსოვდეთ, რომ უწყვეტი შეფასებისა და მოსწავლეთაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი მოსწავლეების უცხოური ენის ცოდნის ხარისხი.

 მაგალითისთვის განვიხილოთ მომსახურების სწავლების  ერთი აქტივობა:

·მოსწავლეები, რომლებიც გადიან გარემოსმცოდნეობის კურსს, ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე პარკს ან სკვერს ნაგვისგან;

·ისინი აანალიზებენ იმ მდგომარეობას, რაც ხვდებათ გასასუფთავებელ ტერიტორიაზე;

· შედეგებს უზიარებენ ერთიმეორეს და იძლევიან რეკომენდაციებს, როგორ შევებრძოლოთ გარემოს დაბინძურებას;

·შემდეგ ახდენენ რეფლექსიას საკუთარ გამოცდილებასა და მომსახურების სწავლების შედეგებზე.

 მოცემული აქტივობის ყველა საფეხურზე მოსწავლეები შეძლებენ, ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკული წესები მოარგონ კონკრეტულ სიტუაციას. პროექტების განხორციელებისას მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდს: პროექტით სწავლება, საკლასო დისკუსია, ჩანაწერების გაკეთება, დაკვირვება, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, სხვადასხვა ტიპის შეფასება და სხვა. რაც საბოლოო ჯამში ენის პერსონალიზაციას და უკეთ ათვისებას ემსახურება.

მოსწავლეები გაცილებით უკეთეს შედეგებს აღწევენ, როდესაც სწავლის პროცესში ერთვებიან არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც. სასკოლო კურიკულუმი მოსწავლეთაგან გონებრივ ჩართულობას მოითხოვს, ხოლო სხვების დახმარება – მათ გულისხმიერებასაც.  მათი ერთობლიობა ქმნის  მომსახურების სწავლებას – სასწავლო მეთოდს, რომელიც მოსწავლეთა უნარებსა და ცოდნას ავითარებს და საშუალებას აძლევს მათ, მოარგონ  საკლასო ოთახში მიღებული გამოცდილება საკუთარი  თემისა და საზოგადოების საჭიროებებს. ამ ყველაფერს კი საბოლოო ჯამში მივყავართ მოსწავლეთა უფრო მეტ ჩართულობამდე და საზოგადოებისათვის სასარგებლო ქმედებებამდე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი