შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პირველი მსოფლიო ომი და განათლების მიზნები -მეორე ნაწილი

1918 წელი, საშუალო სკოლის შვიდი ძირითადი პრინციპი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საგანმანათლებლო ასოციაციის მიერ არჩეულმა საშუალო სკოლების რეორგანიზაციის კომისიამ 1918 წელს, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, ხელი მოაწერა დოკუმენტს – „საშუალო სკოლის ძირითადი პრინციპები”. კომისიის მიზანი იყო 12-18 წლის მოსწავლეებისათვის საშუალო განათლება სავალდებულო გაეხადა. ეს დოკუმენტი უნდა გამხდარიყო მეოცე საუკუნის ფუნდამენტური საგანმანათლებლო დოკუმენტი.
კომისიამ გამოყო განათლების 7 ძირითადი მიზანი:

1.ჯანმრთელობა;
2.ფუნდამენტური პროცესების მართვა;
3.ოჯახის ღირსეული წევრობა;
4.პროფესია;
5.მოქალაქეობა;
6.თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება;
7.ეთიკური ნორმები.

ქვემოთ მოცემულია დოკუმენტი, რომელშიც გაშლილი და ახსნილია თითოეული ეს პრინციპი.

1.ჯანმრთელობა

საშუალო სკოლამ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის ინსტრუქციების დაცვა; მოხდეს ფიზიკური აქტივობების ეფექტური ორგანიზება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჯანმრთელობის საჭიროებები სამუშაოს დაგეგმვასა თუ თამაშის დროს, სკოლამ უნდა ითანამშრომლოს ოჯახებთან და თემთან ჯანდაცვის ინტერესების პოპულარიზაციის მიზნით.

პროგრამის დანერგვისთვის აუცილებელია ამ პოლიტიკის საჯაროდ აღიარება, საზოგადოების მხრიდან იმის აღიარება, რომ ახალგაზრდობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო რამ მასწავლებელთა კომპეტენციების უსაფრთხოებისა თუ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის. მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ სპორტის სიყვარული: ფიზიკური აქტივობებისათვის უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ადეკვატური მოწყობილობებით. სკოლის შენობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ ოთახები იყოს კომფორტული, დაცული იყოს ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების სტანდარტები.

 
2. ფუნდამენტური პროცესების მართვა
დაწყებით სკოლებში ენერგიის მეტი წილი კითხვაზე, წერაზე, არითმეტიკული კომპეტენციებისა და ზეპირი თუ წერითი უნარების ელემენტების დაუფლებაზე უნდა დაიხარჯოს. 12-14 წლის მოსწავლეები, რომლებიც ამ უნარებს ვერ ფლობენ, ვერ მოერგებიან ამ თანამედროვე ეპოქის საჭიროებებს და ვერ
უპასუხებენ თანამედროვე გამოწვევებს. ამ პროცესების დანერგვის გამოცდილება შესაძლოა
გაიზარდოს უფრო ეფექტურად ახალი მასალის გამოყენებისას და არა მასალის ფორმალური
დაძლევის საშუალებით მე-7 და მე-8 კლასებში. საშუალო სკოლაში ინსტრუქციები და
პრაქტიკული რჩევები უნდა გადადიოდეს ხელიდან ხელში, მაგრამ თეორია უნდა
ისწავლებოდეს მხოლოდ ერთი მიზნით – მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათი პრაქტიკაში მათი გამოყენება.
3.ოჯახის ღირსეული წევრობა

ოჯახის ღირსეული წევრობა არის მიზანი, რომელიც თანაბრად ეხება გოგონებსა და ბიჭებს. სოციალურმა მეცნიერებებმა უნდა განიხილონ ოჯახი, როგორც ფუნდამენტური სოციალური ინსტიტუტი; ლიტერატურამ უნდა გაამახვილოს ყურადღება ჰუმანიზმზე, რომელიც ოჯახიდან უნდა დაინერგოს; მუსიკამ და ხელოვნებამ ხაზი უნდა გაუსვას ოჯახისა თუ სახლის ესთეტიკურ სილამაზეს; ეს მიდგომა დაეხმარება მოსწავლეებს ოჯახის მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამომუშავებასა და მისი მნიშვნელობის გააზრებაში.

მაღალი კლასის გოგონების განათლება დღეს ვერ პასუხობს რეალობას. ამდენად, საჭიროა, რომ მათი განათლება იყოს ადეკვატური, მოსწავლე გოგონები დაეუფლონ ხელსაქმეს, მომავალში შეძლონ ოჯახის რჩენა, იფიქრონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე. ჩვენ არ გვესმის საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც აწესებს სანქციებს მაღალი განათლების სურვილის მქონე გოგონებზე.

ბიჭების განათლების კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფასეულობებზე, რასაც ოჯახი ქვია და იმ უნარებზე, რომელიც შეძლებს შეაქმნევინოს ღირსეული ოჯახი; მაგალითისთვის, მათ უნდა გაიაზრონ კვების, გაჯანსაღების, სახლის ბიუჯეტის მართვის მნიშვნელობა.
4.პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების მიზანი საზოგადოებისთვის პროფესიის მნიშვნელობის გააზრება უნდა იყოს; მოსწავლეებისათვის გასაგები და თვალნათელი უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს საღი ურთიერთობები სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს შორის, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. აქამდე მიუღებელი და არარსებული პროფესიული განათლების ეს მიდგომები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

საშუალო სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეებისათვის სპეციალური პროფესიების ტრეინინგების უზრუნველყოფა. უნდა შეძლოს მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა, რომ შესაძლებლობა მიეცეთ მათ აირჩიონ სპეციალობა, მოგვიანებით კი მიიღონ კვალიფიკაცია. თუ მოსწავლეები ამ კუთხით დამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებენ, ისინი უნდა დასაქმდნენ როგორც ინსტრუქტორები; პროფესიული განათლება უნდა წყდებოდეს ოჯახთან, ფერმასთან, მაღაზიასთან, ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით. წარმოების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ამ საქმიანობებისთვის მეტი დრო გამოიყენონ.
5. სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლებამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს ისეთი ფასეულობები, რომლითაც მოსწავლე შეძლებს სამეზობლოში, ქალაქში, დასახლებაში, შტატში თუ ქვეყანაში აქტიურად მოქმედებას. ისინი საზოგადოების აქტიური წევრები უნდა გახდნენ. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საერთაშორისო პრობლემების სხვადასხვა ჭრილში გააზრების შესაძლებლობა. ასეთი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინტერესების გააზრება და იდენტიფიკაცია იმ თემის კეთილდღეობისათვის, რომელსაც იგი ეკუთვნის; ლოიალურობა სამოქალაქო სამართლიანობის იდეებისადმი; პრაქტიკული ცოდნა სოციალური სააგენტოებისა თუ ინსტიტუციების; კარგი შეფასების უნარი – საჭიროებები და მეთოდები, რომლითაც დაიცავენ თავს და ასევე სხვას;

სკოლა მამაკაცისა თუ ქალის სამოქალაქო მოვალეობების კონცეფციას უნდა განიხილავდეს, როგორც იდენტურს. სხვადასხვა მრავალფეროვანი სამოქალაქო აქტივობები უნდა იყოს წახალისებული, თუმცა პარალელურად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა ყოველდღიური პრობლემები და მოვალეობები.

ისტორიის სწავლების მიზანი უნდა იყოს არა ინსტიტუციების შექმნის შესახებ შეკითხვების დასმა, არამედ ინსტიტუციების მნიშვნელობის გააზრება, ამ პროცესების შეფასება და კრიტიკული ანალიზი და კავშირი დღევანდელობასთან. გეოგრაფიის სწავლების მიზანია ადამიანთა შორის ურთიერთკავშირი და არა გარემოზე ყურადღების გამახვილება. სამოქალაქო განათლების მიზანი თავისთავად არ არის კონსტიტუციის შესახებ შეკითხვების დასმა, მთავრობის ფუნქციების ჩამოთვლა, ყურადღება უნდა გამახვილდეს სოციალურ და არაფორმალურ აქტივობებზე, ყოველდღიურობაზე, ორგანიზაციებზე და მათ შეფასებაზე. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად ბავშვთა კეთილდღეობის დაცვის ორგანიზაცია, მომხმარებელთა ლიგა, მათ გააჩნიათ სპეციფიკური შესაძლებლობები; მაღალი კლასის მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ და უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობები მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით.

დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია იმ პროექტების შეფასება, რომლებიც ცდილობენ ერთობლივი გზით გადაჭრან პრობლემები და განივითარონ კოლექტიური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს გავააზრებინოთ კოლექტიური ცნობიერების არსი. უფრო მეტიც, დემოკრატიული ორგანიზაცია და სკოლის ადმინისტრაცია უნდა იყოს კოოპერატიული ურთიერთობების მოდელი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, მასწავლებლებს შორის, მოსწავლეებს შორის, სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის. ყოველი საგანი უნდა ემსახურებოდეს კარგი მოქალაქის აღზრდას, სოციალური მეცნიერებანი-გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება და ეკონომიკა – ამ საგნებს გააჩნიათ დომინანტი ვალდებულება.

სოციალური საჭიროებანი და სოციალური აქტივობების დანერგვა არის ინგლისურის მასწავლებლების კომპეტენცია. ამერიკული დემოკრატიის მოდელი და მისადმი დამოკიდებულება არის სამოქალაქო განათლების მთავარი მიზანი. მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა სხვებთან მიმართებაში, რომ იმსჯელონ თავისუფლად და იცოდნენ სიმართლე – ეს დემოკრატიის მთავარი წყაროა. ასევე, მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იდეალური არაფერია, მთავარი უნდა იყოს უკეთესობისაკენ სწრაფვა.
სამოქალაქო განათლება სხვა ეროვნებებმაც უნდა მიიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სხვა ერების საჭიროებანი და იდეალები, რადგან ამერიკაში ბევრი ემიგრანტია, რომლებიც პირიქით, დაგვეხმარებიან პრობლემების სხვადასხვა პერსპექტივების დანახვასა და გადაჭრაში. ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ მათ შესახებ, მათი ქვეყნების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ვასწავლოთ მხოლოდ დადებითი კონტექსტით. უნდა გავითვალისწინოთ ძლიერი მხარეები და ხარვეზებიც. ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს უტყუარ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელიც თავისუფალი იქნება სენტიმენტებისგან, დაფუძნებული იქნება ფაქტებსა და ერთა ინტერესებზე.

6. თავისუფალი დროის ეფექტური გამოყენება
განათლება ეხმარება მოსწავლეს გამოიყენოს თავისუფალი დრო იმისათვის, რომ მეტად მოიკრიბოს ძალ-ღონე და საკუთარი თავი უფრო განავითაროს ფიზიკურად და გონებრივად. ეს მიზანი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას განივითარონ მუსიკალური, სახელოვნებო, ლიტერატურული და სხვა უნარები.

საშუალო სკოლაში აქამდე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებდნენ ამ საკითხზე. ინტელექტუალურმა დისციპლინებმა, როგორიცაა ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა უნდა შეძლონ ადეკვატური ემოციების აღძვრა.
სკოლა დღეს სოციალური აქტივობების კუთხით პასიურია. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობების შეთავაზება, რომ მათ ადეკვატურად და ეფექტურად გამოიყენონ თავისუფალი დრო. სკოლას ხელი უნდა შეუწყოს თემმა და ორგანიზაციებმა. თუმცა მას ეკისრება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით, რადგან ახალგაზრდები სკოლაში სხვადასხვა თემიდან, სხვადასხვა ოჯახებიდან და ჯგუფებიდან მოდიან. ეს არის სოციალური ურთიერთობების უნიკალური ფორმა, ხოლო სოციალურმა აქტივობებმა ამ სოციალურ ურთიერთობების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. სასკოლო აქტივობებში ჩართული უნდა იყოს სხვა თემებიც, უნდა ტარდებოდეს, მაგალითად, ფესტივალები; ახალგაზრდები თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად უნდა იყენებდნენ.

7. ეთიკური ნორმების დაცვა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ეთიკური ნორმების დაცვა პრიორიტეტულია, განსაკუთრებით საშუალო სკოლაში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ეთიკური ნორმების დაცვა ეხება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიზანს და მისი განუყოფელი ნაწილია. სოციალური კონტრაქტი როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის არის სკოლის ორგანიზაციის თუ ადმინისტრაციის მიზანი, რათა მოსწავლე გახდეს უფრო პასუხისმგებლიანი, მან უნდა გაიაზროს და პრაქტიკაში განახორციელოს დემოკრატიის პრინციპების დაცვა.

მიღებულ დოკუმენტში – „მორალური ფასეულობები საშუალო სკოლაში” – მოცემულია სპეციფიური რეკომენდაციები მორალური ფასეულობების შესახებ; ეს რეკომენდაციები მიღებული უნდა იქნას ზოგადად სკოლის ორგანიზაციისთვის და კონკრეტულად საგნის სწავლებისთვის. დოკუმენტი დაეხმარება სკოლას სხვა აქტივობების განსახორციელებლად, მორალური ფასეულობების გასააზრებლად, მისაღებად და დასანერგად.

———————————————————————————————კომისია ასკვნის, რომ ამ მიზნების დაცვა არ ნიშნავს საგანმანათლებლო პროცესის დაყოფას კონკრეტულად ამ შვიდ მიზნად. თითოეული ეს მიზანი მოიცავს მეორეს, ავსებს ერთმანეთს და შეადგენს სახელმწიფოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკას.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი