შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე- პირველი ნაწილი

ვიდეოფილმების გამოყენება გაკვეთილზე არ ნიშნავს მხოლოდ ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროს გამოყენებას. ადამიანების უმეტესი ნაწილი იმახსოვრებს მოსმენილის 15%-სა და ნანახის  25 %-ს, ორივეს კომბინაცია კი დამახსოვრების კოეფიციენტს 65%-მდე ზრდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდეორესურსი სწავლა-სწავლების პროცესში კარგ შედეგს იძლევა. ვიდეოფილმებისა და მულტფილმების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სხვადასხვა  ასპექტების, პირველ რიგში, ყურადღებისა და დამახსოვრების უნარის განვითარებას.  ასეთი ჩვენებების დროს აუდიტორიაში ერთობლივი შემეცნებითი ატმოსფერო იქმნება, ყველაზე უყურადღებო მოსწავლეც ყურადღებიანი ხდება. ფილმის/კლიპის/ვიდეოს შინაარსის გასაგებად მოსწავლეს სჭირდება  გარკვეული ძალისხმევა. ასე გადადის იძულებითი ყურადღება მიზანმიმართულში,  ინტენსიური ყურადღება კი დამახსოვრების პროცესს უწყობს ხელს. 

ენის ლექსიკის გამდიდრების,  გამოთქმის გაუმჯობესების, მოსმენის უნარის განვითარებისა და კულტუროლოგიური რეალიების ათვისების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რუსული ენის გაკვეთილზე მულტფილმებისა და ვიდეოკლიპების გამოყენებაა.  

ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ასეთი საშუალებების გამოყენებისას ჩვენი ძირითადი მიზანია   საკომუნიკაციო კომპეტენციების  განვითარება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მულტფილმების შერჩევა დონის შესაბამისად აუდირებისა და ლაპარაკის გაკვეთილებზე. საწყის დონეზე უნდა შეირჩეს ისეთი მულტფილმები, სადაც მინიმალური ლექსიკაა გამოყენებული. 

გთავაზობთ სავარაუდო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ ვიდეომასალის გამოყენებით გაკვეთილის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვაში. 

1.მომზადება

ეს ეტაპი გულისხმობს ლექსიკური მარაგის გამეორებას. აქ შესაძლებელია (ლექსიკიდან გამომდინარე) მოსწავლეებმა ივარაუდონ, რა თემას შეეხებიან. შემდგომი ეტაპია უკვე ახალი ლექსიკის შემოტანა. არ არის აუცილებელი, მოსწავლემ მულტფილმში ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. აქ მთავარია ის ლექსიკა, რომელიც დაეხმარება მას კონტექსტის მიხედვით შინაარსის გარკვევაში. 

2.მულტფილმის ჩვენება

ეს პროცესი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ერთბაშად თავიდან ბოლომდე ჩვენება არ არის  შედეგის მომცემი. სასურველია, ფილმი ნაწილებად დაყოთ და თითოეულის ჩვენების წინ და შემდგომ გამზადებული გქონდეთ შესაბამისი დავალებები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეები ჯერ ვარაუდს გამოთქვამენ, შემდეგ შინაარსზე იმუშავებენ  და ბოლოს გაარკვევენ, ვისი ვარაუდი გამართლდა.

3.ჩვენების შემდგომი ეტაპი

შესაძლებელია ნაწყვეტების თავიდან ჩვენება, კონსტრუქციების გამეორება, გამოტოვებული ადგილების შევსება, ცხრილებზე მუშაობა,  ნაწყვეტების გაჟღერება; სიმულაცია, როლური თამაშები და სხვა ყველა აქტივობა, რომლებიც კომუნიკაციის სეგმენტს გააძლიერებს. 

მსჯელობა: ეს საწყის ეტაპზე ცოტა რთულია, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი. მასწავლებლები ხშირად სვამენ რთულ კითხვებს, რითაც, თითქოს, მსჯელობას აჩვევენ მოსწავლეებს. ასეთ შემთხვევაში კითხვების კონსტრუქციები კარგად ნაცნობი უნდა იყოს მოსწავლისთვის. რთულმა შეკითხვებმა არ უნდა შეაშინონ ბავშვები. პირიქით, მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, ილაპარაკონ, იმღერონ. 

რუსული ენის გაკვეთილზე სიმღერებისა და მულტფილმების გამოყენებას ექსტრალინგვისტური და ლინგვისტური საფუძველი აქვს. 

ექსტრალინგვისტური  შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:

1.სიმღერები და ფილმები ჩვენი  ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მათი ჩართვა სასწავლო პროცესში სრულიად ბუნებრივია.

2.სიმღერები და ფილმები/მულტფილმები ფართოდაა გავრცელებული. თანამედროვე ტექნოლოგიები მათი მოპოვებისა და ინტენსიური გამოყენების საშუალებას იძლევა.

3.სიმღერა ზოგჯერ ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, ემოცია. მოსწავლეები ხშირად უკავშირებენ სიმღერებისა და ფილმების შინაარსს პირად გრძნობებსა და ემოციებს. ეს ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას ენის სწავლების პროცესში.  

4.ასეთი ტიპის რესურსის გაკვეთილზე გამოყენება საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ მხოლოდ რუტინული დავალებების შესრულებას, რაც ზოგჯერ მასწავლებლისთვისაც მოსაბეზრებელი ხდება, გადამეტება კი მიზნიდან აცდენას იწვევს.

5.სიმღერები და ფილმები ზოგჯერ განტვირთვის საშუალებას იძლევა და დინამიკას მატებს გაკვეთილს. 
ლინგვისტური ფაქტორები:

1.სიმღერები და მულტფილმები ავთენტური მასალაა. აქ ხდება ენის რეალურად ფუნქციონირების დემონსტრირება, რაც იძლევა ენის კონკრეტულ ასპექტებზე (გრამატიკაზე, ლექსიკაზე და სხვა) მუშაობის შესაძლებლობას. 

2.მსმენელი აღიქვამს ენის ფონეტიკურ თავისებურებებს, ინტონაციას, რუსული მეტყველების ტონს.
3.სიმღერა წარმოადგენს პოეტური მეტყველების ნიმუშს, მისი საშუალებით  მოსწავლე ეუფლება ლექსიკას და არკვევს ლექსში მის ფუნქციას.

4.სიმღერებსა და ვიდეოფილმებზე მუშაობისას პარალელურად შესაძლებელია სხვადასხვა დავალებების შესრულება, მაგ. საჭირო ინფორმაციის ამოკრეფა.

5.სიმღერების დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე ტექსტების. მოსწავლეებს ამახსოვრდებათ ახალი ფრაზები და ტექსტური ნაწყვეტებიც. სიმღერა ხომ მისამღერებისა და სტროფების გამეორების საშუალებით ბუნებრივად გამეორების საშუალებას იძლევა. სიმღერის მოსმენა და პარალელურად გამეორება ძალიან კარგ შედეგს იძლევა ლექსიკური მარაგის გამდიდრების კუთხით.

აუდიო და ვიდეო მასალის შერჩევისას რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. კერძოდ:

·მოსწავლეების დონე;
·ლექსიკური მარაგი;
·ინტერესები;
·ჩანაწერების ხარისხი;
·თუ სიმღერას ან ფილმს ტექსტი მოჰყვება, გადაამოწმეთ, რადგანაც ხშირად გვხვდება ტექსტის სხვადასხვა ვარიანტები ან გაპარული ორთოგრაფიული შეცდომები;
·მასალის დიდაქტიკური მიზანშეწონილობა.

მულტფილმებისა და ვიდეოკლიპების შემთხვევაში სასურველია, გამოიყენოთ თითოეული კადრი, ილუსტრაცია. სიმღერები სიუჟეტით ბევრად საინტერესოა მოსწავლეებისთვის, მისი ვიზუალური ნახვა შინაარსის გარკვევაშიც ეხმარება მათ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლიპის შინაარსი არ არის კავშირში ტექსტის შინაარსთან. 
სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ კონკრეტულ გაკვეთილს, მულტფილმს, შესაბამისი დავალებებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
Сафонова В.В. Современный русский аудио и видеотекст в контексте межкультурного языкового образования.
Гудимова Н. Н. Использование мультфильмов, видеоклипов на уроках РКИ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი