პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?..

უკვე თბილა… გარეთ გამოსულს, გაზაფხულის სუნი მეცა ცხვირში. ზამთარში დაბადებული, ზამთარს ვერ ვიტან. რაღაცნაირი სევდა მიპყრობს. არც ზამთრის თბილისი მიყვარს, ტატოს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სიცივეში „თბილისი ქალაქია სევდისა და ჯავრის აღმძვრელი”. ჩემი შემხედვარე, ამას ვერ იტყვი, რადგან ხალხს შენი განწყობა არ აინტერესებს, ხალხს ყოველთვის მოღიმარი სჭირდები. ცოტა ხნით შევჩერდი… არაა, ასეთ კარგ ამინდში ფეხით გავისეირნებ. მაინც შინისკენ მივდივარ და არ მეჩქარება.
უცებ ჩემს ყურადღებას წინ მიმავალი კაცი იპყრობს. იქნება ასე 70 წლის. ისიც მისეირნობს. სწრაფი სიარული მჩვევია, უცებ ჩამოვიტოვებ უკან, მაგრამ მინდა, კარგად შევათვალიერო. ჯერ ოდნავ გავუსწრებ, მერე მოვტრიალდები და ცოტა ხანს უკან გავყვები. სრული ტანისაა, მაღალი არ ეთქმის, რაღაცნაირი ღაჟღაჟა ლოყები აქვს, დიდი შუბლი და უკან გადავარცხნილი თმა. ვერც კი ამჩნევს, რომ ათვალიერებენ. მე კი მინდა, მივიდე და ვკითხო:
– უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?
არ ვეკითხები. ჯერ ერთი, ვერ გაიგებს, მერე აუცილებლად იუარებს, შეგეშალათო, და მთელი დარჩენილი დღე იმას მოჰყვება, როგორ მიამსგავსეს ვიღაც პარა… მოიცა, გაიხსენოს… მოკლედ… ცელსს. ან იქნებ ცელს?.. ან ცულს?.. მოკლედ, რას გაუგებ ამ ხალხს…
თქვენც რამე უცნაურობა რომ არ დამწამოთ, გეტყვით, რომ პარაცელსი ალქიმიკოსი იყო. ეს უცნაური სახელიც ფსევდონიმად ჰქონდა აღებული, თორემ ისე ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოჰენჰაიმი ერქვა. მეათე საუკუნის იტალიელ ექიმს ავლუს კორნელიუს ცელსს ეჯიბრებოდა და ამტკიცებდა, მასზე აღმატებული ვარო. ჰოდა, დაირქვა პარაცელსი, ანუ ცელსზე აღმატებული.
ალქიმიკოსი კი იყო, მაგრამ ექიმობდა კიდეც. ან სულ პირიქით იყო საქმე და ექიმობასთან ერთად ალქიმიკოსობდა. ფილოსოფიურ ქვას ოქროს მისაღებადაც ეძებდა და სამედიცინო მიზნებისთვისაც. იმხანად ხომ ორი მთავარი საზრუნავი ჰქონდათ: სიცოცხლის გახანგრძლივება და გაახალგაზრდავება.
მედიცინაში სისხლს ანიჭებდა უპირატესობას, მთავარ სითხეს უწოდებდა; რაც შეეხება ალქიმიას, ფიქრობდა, რომ თუთია ან სუფრის მარილი უთუოდ შეასრულებდა დამაჩქარებლის როლს და ვერცხლისწყლისა და გოგირდის ფხვნილისგან მიღებულ სულფიდს ოქროდ მოამწიფებდა.
თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და იმასაც ეთანხმებოდა (ყოყმანით, მაგრამ მაინც), რომ ფილოსოფიური ქვა წყალიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მართალია, მას მყარი სხეული არ ჰქონდა, მაგრამ…
მანამდე, დიდი ხნით ადრე, ტიტუს ლუკრეციუს კარუსი წყალზე წერდა:
„ხომ ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს მყარი სხეული.
თუკი რომ ძალუძს ჩვენი გრძნობის ამოძრავება.
რასაც ვეხებით და გვეხება, მას აქვს სხეული.
ხომ ზღვის მახლობლად, ტალღა ნაპირს რომ ეჯახება,
დაგვისველდება ტანთსამოსი, მზეზე კი – შრება,
ვერც იმას ვხედავთ, თუ ვით დაჯდა სამოსზე წყალი,
ვერც იმას, თუ ვით აიორთქლა იგი უკანვე.
მაშ, ნაწილდება ისე მცირე წვეთებად წყალი,
რომელთ დანახვას ჩვენი თვალი ვერასგზით შეძლებს”.
ერთ დღეს მემიუსმა, რომელსაც ლუკრეციუსი ხოტბას ასხამდა, ამ უკანასკნელის ლექსები თურმე ციცერონს აჩვენა, შეაფასეო. ციცერონს უთქვამს, გენიალური კი არის, მაგრამ ალაგ-ალაგ დახვეწა არ აწყენდაო… ეს ისე, ლირიკულ გადახვევად ჩავთვალოთ წყალსა და ლუკრეციუსზე, ჩვენ კი პარაცელსს დავუბრუნდეთ.
ციურიხის მახლობლად, პატარა სოფელში დაბადებულს წარმატებას არაფერი უქადდა, თუმცა დღემდე კითხულობენ, ვინ იყო იგი – წარმატებული ექიმი-ალქიმიკოსი თუ მარჯვე თაღლითი.
სხვა ექიმები ვერ იტანდნენ, შურდათ… ხმები დადიოდა, თითქოს ფილოსოფიური ქვა მართლაც ჰქონდა. Aurum Potabile – ასე ერქვა მისტიკურ ხსნარს, რომელიც უკვდავებას ანიჭებდა ადამიანს. 1521 წელს ეს ხსნარი მას, ლეგენდის თანახმად, კონსტანტინოპოლში (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ჰქვია ამ ქალაქს ახლა) გადასცეს. ამიტომ, როგორც იგივე ლეგენდა გვაუწყებს, პარაცელსი დღესაც ცოცხალია და შეიძლება, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში გადაეყაროთ.
ფილოსოფიურ ქვად წყალსა და სუფრის მარილთან ერთად თუთიასაც მიიჩნევდა. წყალსა და მარილზე უკვე გესაუბრეთ და თითქოს ყველაფერი იქით უნდა მიდიოდეს, რომ ახლა თუთიაზე დავწერო. მე კი ავდგები და კადმიუმზე მოგითხრობთ. უფრო ვერაგია და გარემოსაც ერჩის, თან გარემოში მისი გავრცელების ნომერ პირველ კერად თუთიის საბადოები ითვლება. აი, იმ თუთიისა, პარაცელსი ფილოსოფიურ ქვად რომ ასაღებდა.
მოკლედ, პერიოდულ სისტემაში მას მეორე ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფში უკავია ადგილი, თუთიასა და ვერცხლისწყალს შორის. მძიმე მეტალია და მისი სიმკვრივე 8,64გ/სმ3-ს უტოლდება. თუთიის საბადოდან ის კადმიუმის კარბონატის სახით თუთიის სულფიდსა და თუთიის კარბონატთან ერთად ვრცელდება გარემოში.
შვებით ამოისუნთქეთ?
თქვენი სახლის ახლომახლო თუთიის საბადო არ არის, არა?
ეჰ, ასე მარტივად რომ იყოს საქმე… ეს ოხერი კადმიუმი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.
CdS და CdSe ყვითელი და წითელი ფერის თერმულად მდგრადი საღებავების შემადგენლობაში შედის და ბარიუმის სულფატთან ერთად ყვითლიდან წითლამდე ფერების მთელი სპექტრის გადმოცემა შეუძლია, ამიტომ ლაქებისა და საღებავების წარმოებაში იყენებენ. კადმიუმის ოქსიდი და კარბონატი მინის, მინანქრისა და კერამიკის საღებავებშიც გამოიყენება.
კადმიუმი ელემენტებსა და აკუმულატორებშიც შეგხვდებათ, ასევე – შენადნობში სპილენძთან ერთად.
ის ყველგან არის… ჰაერშიც კი, სადაც ხშირად ნაგავსაყრელებიდან ხვდება ნაგვის წვის შედეგად. მტვრის ნაწილაკები კადმიუმის ნაერთების კარგი გადამტანია.
არის წყალშიც, სადაც ატმოსფერული ნალექებითაც შეიძლება მოხვდეს და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლებითაც. მდინარეებში კადმიუმის 30-60% შლამით ილექება. თხევად ფაზაში კადმიუმი შეიძლება მეტალის (რკინის, მანგანუმის) ჰიდროქსიდებს და უხსნად ფოსფატებს დაუკავშირდეს.
არის ნიადაგშიც… თუ ერთ კილოგრამ ნიადაგზე 0,1 მგ კადმიუმი მოდის, ეს ნორმად ითვლება. გამოდის, რომ სუფთა ნიადაგიც კი კადმიუმის ნაერთებს შეიცავს. სწორედ ამ ნაერთთა ათვისების განსაცვიფრებლად კარგი უნარი აქვს თამბაქოს ფესვებსა და ფოთლებს.
ხომ არ გახსოვთ, ამ ფოთლებს მერე რა ემართებათ? დიახ, კრეფენ, ქარხანაში ამუშავებენ, ახვევენ, ყიდიან… ადამიანები ყიდულობენ და ეწევიან. კადმიუმი კვამლთან ერთად მათ ორგანიზმში ხვდება, მათივე ამონასუნთქიდან კი – არამწეველთა ორგანიზმშიც. სისხლით მისი 50% ღვიძლსა და თირკმელებში გადანაწილდება. აქ ის ცილებს უკავშირდება. განსაკუთრებით – იმ ფერმენტებს, რომლებიც მეტალდამოკიდებულნი არიან და გასააქტიურებლად თუთიის იონი სჭირდებათ. ჰოდა, კადმიუმი სწორედ თუთიას უწევს კონკურენციას და მის ნაცვლად უკავშირდება ცილა-ფერმენტს.
იტაი-იტაი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებაა, რომელსაც სწორედ ძვლოვანი ქსოვილიდან კადმიუმით კალციუმის გამოძევება იწვევს. ის 1955 წელს იაპონიაში, მდინარე ინტცუსთან, ტოიამას მიდამოებში აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ამ მიდამოებში თუთიის საბადო იყო და ხომ გახსოვთ, ამ დროს კადმიუმის ნაერთებიც ვრცელდება გარემოში.
ასეა… მეთექვსმეტე საუკუნეში პარაცელსი უკვდავების ელექსირს ეძებდა, 21-ე საუკუნეში კი აღარ ვიცით, როგორ დავაბინძუროთ გარემო და ჩვენივე ორგანიზმი. პარაცელსს უკვდავება სურდა, ჩვენ კი სიკვდილი გავაახალგაზრდავეთ და ისე მტრულად ვექცევით საკუთარ თავს, თითქოს ერთი სული გვქონდეს, როდის მოვუღებთ ბოლოს.
პარაცელსზე გამახსენდა: თუ ქუჩაში საშუალო სიმაღლის ჩასუქებულ კაცს მოჰკრავთ თვალს, რომელსაც მაღალ შუბლზე უკან გადავარცხნილი თმა და წითელი ლოყები აქვს, მიუახლოვდით და ჰკითხეთ, პარაცელსი ხომ არ არის. თუმცა არა, ნუ ჰკითხავთ – კითხვას ვერ მიგიხვდებათ და მთელი დარჩენილი დღე მოჰყვება, როგორ მიამსგავსეს ვიღაც პარას… მოიცა, გაიხსენოს… თუ… ცელსს. მოკლედ, ვიღაცას.
ოღონდ იცოდეთ, შესაძლოა, მართლაც პარაცელსი იყოს, დროსა და საუკუნეებში ჩაკარგულს, დანამდვილებით რომ აღარც კი ახსოვს, ვინ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი