ძვირფასო ბატონო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ რისკზე მივდივარ და თქვენ ასეთ დელიკატურ საკითხზე ნდობას გიცხადებთ. ბედის უკუღმართობამ ისეთი განსაცდელი მომივლინა, რომ თქვენი შეწუხება მიწევს. მთლიანად თქვენზე ვარ მონდობილი და გემუდარებით, გთხოვთ დამეხმაროთ.
გამაბანკროტეს და ციხეში გამომამწყვდიეს. გთხოვთ, დამეხმაროთ, დავიბრუნო ჩემი ფული 75 ათასი ფუნტი სტერლინგი. ეს თანხა თქვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების სახით გასცა. მათ მისაღებად აუცილებელია, რომ თქვენ სასამართლოს კანცელარიას ჩემი პატიმრობის საქმის გადასახედი თანხა გადაუხადოთ. ასევე, მოითხოვოთ, რომ ყადაღა ახსნან ჩემს სამგზავრო ჩემოდანს, რომლის საიდუმლო განყოფილებაში ზემოთ ხსენებული ფასიანი ქაღალდებია. კომპენსაციისთვის და მადლობის ნიშნად, მე 25 ათას ფუნტ სტერლინგს გადაგიხდით. სიფრთხილის გამო, წერილს ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს არ ვაწერ. თუმცა, პასუხი შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის მისამართზე. პაბლო მორო, კისტა კარეოსი, #425, ჟირონა, ესპანეთი“.
წერილში შეიძლება ეწეროს, რომ მავანი ემიგრანტია და ქონება სამშობლოში დატოვა. თავად ქვეყნიდან გააღწია, თუმცა თავისი უმცროსი და და ქონება ესპანეთში ჩარჩა. „აი, ინებეთ მისი ულამაზესი ნორჩი დის პორტრეტი. მას ფულის სახით დახმარება სჭირდება, რათა ქონებაც და დაიკოც ესპანეთიდან გამოიხსნას. ვინც დაეხმარება, ის მიიღებს გოგოს და ქონების ნაწილს“.
ეს უძველესი თაღლითური სქემაა და „ესპანელი პატიმარი“ ეწოდება.
ამას წინათ, სპამის გასუფთავებისას წერილი ვიპოვე, რომ ნიგერიაში ვიღაც კაცი გარდაცვლილა. მის სახლში 28 მილიარდი დოლარი აღმოუჩენიათ. 20 წლის განმავლობაში ეს კაცი ამ ფულის ქვეყნიდან გატანას ცდილობდა, მაგრამ მის წერილებს არავინ უპასუხა. ახლა გარდაიცვალა, მაგრამ მისი ძმა ცდილობს ფულის გატანას და თავადაც წასვლას. იქნებ დაგვეხმაროო, მეხვეწებოდა…
ასევე მიმიღია წერილები, რომ მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ან მეცნიერების პოპულარიზებისთვის რაღაც დიდი ფულადი ჯილდოთი მაჯილდოებდნენ და დეტალებისთვის მიმეწერა. შეტყობინებით რაღაც ლატარიაში დიდი თანხის მოგების შესახებაც უცნობებიათ.
ან კიდევ ჩემი „შვილი“, რომელიც არ მყავს, შენიშნული იყო რაღაც აფერაში და დამეხმარებოდნენ, რომ ეს „საქმე“ მიეჩქმალათ. მე, როგორც წესი, ასეთ წერილებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა, ამ ბოლომ გამახალისა და მივწერე, „შვილი“ არ დაზოგოთ-მეთქი. ისე, ერთი ფისო მყავს შეკედლებული და ფაქტობრივად „შვილივით“ ვუვლი. ჰოდა, მაინც გადავამოწმე – ვკითხე, ბიჭო, რა ჩაიდინე, გამოტყდი მეთქი.
- მიაუო, არაფერი ისეთიო, შავყურა ფისოს ცხვირზე ვუკბინე და იქ რომ ავი ქალი ცხოვრობს, იმის კარებს გავეხახუნეო.
ისევ ნიგერიელებს თუ დავუბრუნდებით, ასეთ წერილებს „წერილი #419“ ჰქვია. ამ ნომრით საქმე ნიგერიის სისხლის სამართლის კოდექსში თაღლითობას შეესაბამება.
დრო გადის და მთელი ამ თაღლითობის არსი არ იცვლება. თაღლითები ითხოვენ, წინასწარ გადაიხადო და დაეხმარო, იმისთვის, რომ შემდეგ უფრო დიდი ფული მიიღო. ისტორიები და თემატიკა იცვლება და იმდენად მრავალფეროვანი ხდება, რამდენადაც ამას აფერისტის წარმოსახვის უნარი გასწვდება.
ფაქტობრივად, თაღლითი ადამიანები სიხარბეზე, კეთილშობილებაზე და, მე თუ მკითხავთ, კიდევ სიბრიყვეზე თამაშობენ.
კიდევ მაგალითისთვის, ე.წ. „იერუსალიმური წერილების“ ზოგადი შინაარსი. არ ვიცი, რატომ ერქვა ამ წერილებს „იერუსალიმური“, მაგრამ მათი შინაარსი წინა წერილების მსგავსია.
„ძვირფასო ბატონო, მართლაც გაგაოცებთ ასეთი წერილის მიღება, მაგრამ გემუდარებით, მენდეთ. ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ მხოლოდ კეთილშობილი ადამიანების იმედადღა ვარ. ემიგრაციაში წავედი მარკიზ ე.-სთან ერთად. მასთან კამერდინერად ვმუშაობდი. ზედმეტი ეჭვები, რომ თავიდან აგვეცილებინა, ფეხით მოვდიოდით. მე ბარგი მომქონდა, სადაც იყო ზარდახშა 16 ათასი ფრანგული ლირით, ასეთივე ღირებულების ბრილიანტები და ოქრო. ეს განსვენებულ მარკიზას ეკუთვნოდა. უცებ მდევარი აგვედევნა. ვეღარ ვუსხლტებოდით ხელიდან და მარკიზმა მიბრძანა, ზარდახშა იქვე ახლოს ტბაში ჩამეგდო. ასეც მოვიქეცი, გაქცევაც მოვახერხეთ და ახლა სხვა ქვეყანაში ვართ. რუკაც შევადგინეთ, რომ მოგვიანებით ზარდახშა იოლად მოგვეძებნა. ცოტა ხნის წინ, ტბიდან ზარდახშის ამოსაღებად, კვლავ ჩამოვედი საფრანგეთში. რაღაც მომიდეს სარჩულად და დამატუსაღეს. ეს ტბა თქვენს მამულთან სულ ახლოს მდებარეობს. იქნებ გამომიგზავნოთ ცოტაოდენი ფული, რომ თავი დავიხსნა ციხიდან და შემდეგ ზარდახშის ნახევარს თქვენ მოგიძღვნით მადლობის ნიშნად“. ასეთი ტიპის 100 წერილიდან 20-ზე პასუხი ყოველთვის ჰქონდათ…
ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში ახალი წერილები გამოჩნდა. მათ ახალგაზრდა, სიმპათიური ქვრივი ამერიკელები წერენ, რომლებიც ექიმები არიან, მთელი თავიანთი წლების განმავლობაში დაგროვილი საკმაოდ შთამბეჭდავი ჰონორარი სადღაც უდევთ საბანკო ანგარიშზე და ახლა თავის თავსაც და ამ ფულსაც თქვენ გჩუქნიან… ოღონდ ჯერ თქვენ უნდა გადაიხადოთ რაღაც. შეიძლება ასევე, კონგოს მაბუტუს პროვინციის შამანის ქვრივმაც მოგწეროთ და რამე შემოგთავაზოთ.
სამწუხაროდ, ეს მეთოდები დღემდე მუშაობს და ამ საყოველთაო თაღლითების სიას ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში გახმაურებული ე.წ. „სკამერების“საქმე.
1987 წელს ფილმიც გამოვიდა სათაურით – „ესპანელი პატიმარი“. აქ გაცილებით რთული სქემაა დახლართული, ვიდრე წერილის დასაწყისში დავწერე.
თუ დააკვირდებით, თაღლითობა უძველესი დროიდან მოდის და თუნდაც ალქიმია/ქიმიის პერიოდში უამრავი მაგალითი არსებობს. ყველაზე ცნობილი რკინის სულფიდია FeS2, რომელსაც „სულელების ოქროსაც“ უწოდებდნენ. რეალურად ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სულფიდურ მინერალს წარმოადგენს. ეს მინერალები არაორგანულ ნაერთთა ჯგუფია, რომელიც შეიცავს გოგირდს და რომელიმე სხვა ელემენტს. მინერალებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ქიმიური შედგენილობა, მაგრამ განსხვავებული კრისტალური სტრუქტურა, პოლიმორფებს უწოდებენ. მაგ. პირიტი და მარკაზიტი ერთმანეთის პოლიმორფებს წარმოადგენენ, რადგან ორივე რკინის სულფიდია, მაგრამ თითოეულს განსხვავებული სტრუქტურა აქვს.
პირიტის გარდა, ჩვეულებრივი სულფიდებია ქალკოპირიტი (გოგირდის ალმადინი CuFeS2), პენტლანდიტი (რკინა ნიკელის სულფიდი-ალმადანი (Fe, Ni)9S8) და გალენიტი (ტყვიის სულფიდი). სულფიდების კლასში ასევე შედის სელენიდები, ტელურიდები, არსენიდები და ა.შ. ბევრი სულფიდი, როგორც ლითონის საბადო, ეკონომიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
პირიტს „სულელების ოქროს“ იმიტომ უწოდებდნენ, რომ მიმნდობი ადამიანები ადვილად იჯერებდნენ მის სიძვირფასეს. მინერალი ყვითელია და ოქროს მართლაც ჩამოჰგავს. აშშ გეოლოგიური საზოგადოება (USGS) განმარტავს, რომ „სულელების ოქრო“ სამი მინერალიდან ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო – პირიტი, ქალკოპირიტი და ზოგიერთი ალუმინოსილიკატი.
პირიტის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ცეცხლიდან (pyr) მოდის, რადგან მას შეუძლია ნაპერწკლების წარმოქმნა ლითონთან ან ქვასთან დარტყმის დროს. პირიტი ოდესღაც იყო გოგირდის და გოგირდმჟავას მისაღები წყაროც, მაგრამ დღეს გოგირდის უმეტესი ნაწილი მიიღება, როგორც ბუნებრივი აირის და ნედლი ნავთობის გადამუშავების თანაპროდუქტი.
პირიტი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბოლივიაში, შვედეთში, აშშ, მექსიკაში, რუმინეთში.
დღეს პირიტისა და ოქროს განსხვავება ძალიან იოლად არის შესაძლებელი. პორტატიული რენტგენის ფლუორესცენციის (XRF) ანალიზატორები მშვენივრად უმკლავდებიან ამ ამოცანას.
თუმცა, იმ შორეულ ეპოქაში მიმნდობი ადამიანები ტყუვდებოდნენ და ალბათ სიხარულით თანხმდებოდნენ თაღლითს, პირიტის ხელში ჩასაგდებად.
რა შეიძლება ითქვას წერილის დასასრულ? ჩემს სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა. მე და დედას დაუზარლად გვეხმარებოდა ხოლმე. ბუნებრივია, ამაში გასამრჯელოს იღებდა. დედა ყოველ ჯერზე უფრო მეტს უხდიდა, ვიდრე რეალურად ღირდა ესა თუ ის საქმე. ახლა, სამწუხაროდ, ეს ბიჭი აღარ არის და ღმერთმა განათლებული ამყოფოს ახალ ადგილას. მადლობა, რომ თაღლითი კი არა, მშრომელი და გამრჯე იყო.
ვაკეში, ე.წ. მეცხრე საავადმყოფოს ამოსახვევთან დღის განმავლობაში ერთი კაცი დგას და მოწყალებას ითხოვს ხოლმე. შეხედავ, ახალგაზრდაა, ხელი-ფეხი ადგილზე აქვს, ჯანიც ერჩის, ჩაცმულიც სუფთად არის. ფიქრობ – რატომ? რატომ უნდა იდგეს ასე და არ მუშაობდეს? თუმცა, ასეთი მოწყალების თხოვნაც კი თაღლითობაზე რამდენად ამაღლებულია. გემეტება, დაეხმარე, არადა, ნუ განსჯი!
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ამ წერილს ვინმე თაღლითი წაიკითხავს… არ არის-მეთქი გვიან და გამოსწორდი-მეთქი… პატიოსნებით ნაშოვნი ფული ცოტაა, მაგრამ ტკბილი!