შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წვიმა, ცისარტყელა და მე

არ მიყვარს წვიმა… არ მიყვარს და მორჩა! გაუფრთხილებლად მოვა, თავზე დაგეცემა, დაგასველებს, აბუჩად აგიგდებს და გაგასასაცილოებს. მერე, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, აგრუხუნდება, ელვით ცის შუაზე გაპობას შეეცდება და მანამდე იქნება ასე თავის ნებაზე, სანამ თვითონვე არ მობეზრდება და მიწყნარდება… ის კი მიწყნარდება, მაგრამ მე რა? თავისას მიაღწევს და გუნებას წამიხდენს.
სოციალური ქსელი ხომ ყველას გაქვთ? ჰოდა, ერთხელ დავწერე, ეს ქსელი ქიმიური ინდიკატორია, რომელიც ადამიანებს ამზეურებს-მეთქი. გარდა იმისა, რომ ზუსტად იცი, ვინ სად როდის რას მიირთმევს ან საით გაუწევია, ან სულაც როგორი ხედი იშლება მისი სასტუმროს აივნიდან, იმასაც შეიტყობთ, წვიმაში მოჰყვა თუ არა. თუ ვინმე დაწერს, რომ წვიმა უყვარს, რომ ეს ისეთი რომანტიკულია, შეიძლება, ცრემლიც კი მოგადგეს, ოღონდ ამ ცრემლს ვერავინ დაინახავს, რადგან წვიმა თანამზრახველად მოგევლინება და დამალავს – იცოდეთ, ის იმ დღეს არ დასველებულა, კომპიუტერთან არის მოკეცილი და წინ ქაფქაფა ყავა უდგას. დასველებულ ადამიანს კი აგრესიული სტატუსებით მაშინვე ამოიცნობთ. უფრო მეტიც – შესაძლოა, წვიმას წყევლა-კრულვაც კი შეუთვალოს და ამით უკვე დასველების ხარისხიც გაიზომება. თუ ვინმემ სახელდახელოდ გვირილის უზარმაზარი სურათი გამოფინა და მეგობრებს სადისკუსიოდ შესთავაზა თემა „რა სარგებლობა მოაქვს ამ ყვავილს ჩვეულებრივ ყოფაში”, ე.ი. ეძინა და არც კი გაუგია, რომ გარეთ კინაღამ ცა ჩამოიქცა.
მე კი ხმამაღლა ვამბობ: არ მიყვარს წვიმა. არც გარეთ და არც შიგნით, არც ძილის დროს და არც მგზავრობისას.
როგორ ფიქრობთ, როგორი წვიმა მოდის?
მჟავური.
70-იანი წლების დასაწყისში ამერიკის ერთ ქალაქში წვიმა მოვიდა. ჰო, რა მოხდა მერე, მოწვიმა და ეგ იყო. ქალბატონების კაპრონის წინდები კი… დაიხა. აი, ასე, თვალსა და ხელს შუა დადნა. წვიმას მომატებული მჟავიანობა ჰქონდა, კაპრონი კი მჟავას ვერ იტანს…
იცით, რომ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილიდან აღებული წვიმის წყალიც კი ოდნავ მჟავა ბუნებისაა? ეს ნახშირმჟავას დამსახურებაა, რომელიც ატმოსფეროს ორი მუდმივი კომპონენტის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლის, უსასრულო შეერთება-დაშლით წარმოიქმნება. რეაქცია შექცევადია და ამიტომ ნახშირმჟავას გამო წვიმის წყალი მხოლოდ ოდნავ არის მჟავა ბუნებისა, თუმცა მჟავა წვიმების გამომწვევი სხვა მჟავა ოქსიდებიც არსებობს, რომლებიც ატმოსფეროში შემთხვევით კომპონენტებს კი მიეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება ჰაერის შემადგენლობაში.
კლასიკური განმარტებით, მჟავური ბუნების წვიმის pH მაჩვენებელი 5,6-ზე ნაკლები უნდა იყოს. გარდა უკვე ნახსენები ნახშირმჟავასი, ბუნებრივი აეროზოლები, რომლებიც შეიძლება მიტაცებულ იქნეს ატმოსფეროში, ასევე წარმოადგენს წვიმის მჟავიანობის მიზეზს. ასეთი აეროზოლები შეიძლება კარბონატული მინერალების მტვერსაც შეიცავდეს. წვიმის მჟავიანობას ატმოსფეროს შემთხვევითი კომპონენტებიც იწვევს. მაგ., აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, რომლებიც ასევე მჟავა ოქსიდებია და ჰაერში არსებულ წყლის ორთქლთან რეაქციით მჟავებს წარმოქმნის. ამ ოქსიდების წყარო მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვია (და არამხოლოდ).
რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მჟავურმა წვიმამ?
1. ზრდის ტბების, მდინარეებისა და წყალსატევების მჟავიანობას, ეს კი უარყოფითად მოქმედებს იქ არსებულ ფლორასა და ფაუნაზე და, საზოგადოდ, ეკოსისტემაზე; ასეთი წყალი ყველანაირად გამოუსადეგარი ხდება, რადგან მჟავა გარემო ნიადაგიდან მძიმე მეტალების მარილების გამოთავისუფლებას უწყობს ხელს და წყალი მძიმე მეტალებით ბინძურდება;
2. იწვევს ტყის დეგრადაციას, ყველაზე მეტად კი წიწვოვან მცენარეებს ვნებს;
3. აფუჭებს მოსავალს;
4. აზიანებს ნაგებობებს და აჩქარებს კოროზიას.
ერთხელ მცხეთიდან მოვდიოდი. გზად მოწვიმა და…
„ენთო ჯვარზე ცისარტყელა:
წითლად!
მწვანედ!
ყვითლად!…
და ღრუბლებიც,
მანქანებივით:
ზოგი – იდგა!
ზოგი – მიდიოდა!
ზოგიც – ემზადებოდა წასასვლელად!
და მხოლოდ ერმა,
გაჟღენთილმა მთვრალი წვიმებით,
დაარღვია დათქმული წესი,
და წითელ შუქზე გაიარა!..” (ტარიელ ჭანტურია)
მოდი, ერთი „ცისარტყელა” ან „შუქნიშანი” ჩვენც გავაკეთოთ გაკვეთილზე. აიღეთ 10 გ გლუკოზა და 8 გ ნატრიუმის ან კალიუმის ტუტე, ცალ-ცალკე გახსენით გამოხდილ წყალში (გლუკოზა – 400 მლ-ში, ტუტე – 100 მლ-ში), ხსნარები ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ იმდენი ინდიკატორი ინდიგოკარმინი, რამდენიც ერთ მცირე შპატელს ამოჰყვება და მოურიეთ. ხსნარი ჯერ გამწვანდება, მერე გაწითლდება, ბოლოს გაყვითლდება. სითხე რამდენჯერმე გადაასხით ერთი ჭიქიდან მეორეში (ამით ჟანგბადით გაამდიდრებთ) და ფერების ცვლა თავიდან დაიწყება. 
ცდის ქიმიზმის აღწერამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, სად იპოვოთ ინდიგოკარმინი. ის საკონდიტრო ლურჯი საღებავის შემადგენლობაშია. ჰოდა, სწორედ ნამცხვრების ლურჯად შესაღები ფხვნილი უნდა დაამატოთ ხსნარს, ოღონდ მანამდე ეტიკეტი წაიკითხეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ინდიგოკარმინს მართლაც შეიცავს, რადგან არსებობს საკონდიტრო ლურჯი საღებავი ინდიგოკარმინის გარეშეც. ერთხელ ტრენინგზე მკითხეს, უბრალოდ ინდიგო რომ დავამატოთ, არ გამოვაო? არა, მხოლოდ ინდიგოკარმინი!
თუმცა ეს უფრო „შუქნიშანია”, მე კი მინდა, „ცისარტყელაც” გავაკეთოთ. 
აიღეთ შვიდი ქიმიური ჭიქა. პირველში კალიუმის თიოციანატის ხსნარი ჩაასხით. წითელი ფერის მისაღებად ჩაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი. წარმოიქმნება რკინის თიოციანატი, რომელსაც წითელი შეფერილობა აქვს:
3KSCN+FeCl3=Fe(SCN)3+3KCl
მეორე ჭიქაში ჩაასხით კალიუმის ბიქრომატის ხსნარი, რომელიც ისედაც ნარინჯისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ.
მესამე ჭიქაშიც კალიუმის ბიქრომატის ხსნარი ჩაასხით – თუ მას ნატრიუმის ტუტის ხსნარს დაუმატებთ, კაშკაშა ყვითელ შეფერილობას მიიღებთ. ტუტე არეში კალიუმის ბიქრომატი ქრომატში გადადის და ყვითლდება:
K2Cr2O7+NaOH=2KNaCrO4+H2O
მომდევნო სამ ჭიქაში ვასხამთ სპილენძის სულფატის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს.
მეოთხე ჭიქაში სპილენძის სულფატის ხსნარს ვამატებთ კალიუმის თიოციანატს და მწვანე ფერს ვიღებთ:
CuSO4+4KSCN=K2[Cu(SCN)4]+K2SO4
მეხუთე ჭიქაშიც სპილენძის სულფატის ხსნარი ასხია, რომელიც ისედაც ცისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ. 
მეექვსე ჭიქაში სპილენძის სულფატის ოდნავ ნაკლები კონცენტრაციის ხსნარია, რომელსაც ლურჯი ფერის მისაღებად ამონიუმის ჰიდროქსიდს დავუმატებთ:
CuSO4+NH4OH=[Cu(NH3)4]SO4+4H2O
მეშვიდე ჭიქაში ასხია კალიუმის მანგანატის ხსნარი. გოგირდმჟავას დამატებისას მწვანე იისფრად გარდაიქმნება. 
ამრიგად, ჩვენ წინაშეა შვიდი ჭიქა ცისარტყელას შვიდივე ფერით.
ბავშვობაში წავიკითხე, ელვის დროს თუ ცას ყურადღებით გახედავ, ნაპრალიდან სხვა გალაქტიკაში გასასვლელს დაინახავო. რომ იცოდეთ, როგორი მონდომებით ვუყურებდი, მაგრამ განათება წამიერი იყო და ვერაფერსაც ვერ ვხედავდი. არ ვიცი, ბავშვობიდან რატომ დამჩემდა წვიმის სიძულვილი, მაგრამ თუ ოდესმე აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდა, ჩავალ და წვიმაში მთელი დღე უქოლგოდ ვივლი.
ამბობენ, იქ წვიმას მგოსნის ხმა აქვსო…
„აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და 
მოგზაურობს” (გალაკტიონი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი