შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ეთერი დეიდა“

მეგობარს შევუარე სამუშაო ოთახში. მაგიდის კუთხეში ორ პატარა ბოთლს მოვკარი თვალი. ერთი სულ ციცქნა იყო, მეორე – ოდნავ მოზრდილი. ჩემს მზერას თვალი გააყოლა და გაეცინა. ორივე ბოთლი წინ გადმომიწყო და მითხრა: ხომ ვიცი, გაინტერესებს, რა ასხია ამ ბოთლებში; სანამ ეტიკეტს დაუწყებ კირკიტს ან შენებურად „ქიმიურად” დაყნოსავ, თვითონვე გეტყვი – ერთში სამედიცინო სპირტია, მეორეში კი ევკალიპტის ეთერზეთიო. „ქიმიური ყნოსვის” თაობაზე სულაც არ უხუმრია: ქიმიკოსებს ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი წესი – სითხით სავსე ჭურჭელს თავს მოვხდით და ხელის ძალიან ფრთხილი მოძრაობით სურნელს ჩვენკენ „ვუბიძგებთ”. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბოთლში ცხვირის ჩაყოფა – შესაძლოა, იქ მომწამლავი სითხე დაგვხვდეს და, საუკეთესო შემთხვევაში, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი გაგვიღიზიანოს. უარეს შემთხვევაში რა მოგვივა, აღარ დავწერ…

როგორც კი ბოთლების შიგთავსის ამბავი „გამოვტყუე”, დაკითხვაზე გადავედი – მაინტერესებდა, რაში სჭირდებოდა ეს სითხეები. მაინც არ მომეშვებიო და გამოტყდა: სპირტით დეზინფექციისთვის ხელებს ვიწმენდ, ევკალიპტის ეთერზეთს კი ვყნოსავ – გამიგონია, იმუნიტეტს უხდებაო. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გავაფრთხილე – ევკალიპტი არ ავნებდა, მაგრამ სხვა სითხეებთან, განსაკუთრებით – უცნობთან, ჩემსავით მოქცეულიყო და შიგ პირდაპირ არ ჩაეყო ცხვირი.

ამჯერად ევკალიპტიანი ციცქნა ბოთლი უფრო მაინტერესებს, მაგრამ ვიდრე მასზე გადავალ, სპირტით ერთი სახალისო ცდა უნდა ჩაგაწერინოთ.

აიღეთ სამი საშუალო ზომის ქიმიური ჭიქა. ერთში 25 მლ სამედიცინო სპირტი ჩაასხით, მეორეში – 25 მლ ონკანის წყალი, მესამეში კი 25 მლ სპირტი და 25 მლ წყალი და 1 გ სუფრის მარილი ან ქარხნული ნატრიუმის ქლორიდიც ჩაყარეთ. შემდეგ გრძელი პინცეტით აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდი, ცხვირსახოცი ან ბანკნოტი, ჯერ პირველ ჭიქაში ამოავლეთ კარგად, მერე – მეორეში, ბოლოს – მესამეში და პირდაპირ ანთებული სპირტქურის ალში შეიტანეთ (ყურადღება!!! სპირტქურა სპირტიანი ჭიქებისგან მოშორებით უნდა იდგეს). კუპიურა კაშკაშა ყვითელი ალით დაიწვება. ალს მკვეთრ ყვითელ შეფერილობას ჭიქაში ჩამატებული ნატრიუმის ქლორიდიდან გამოთავისუფლებული ნატრიუმის იონი აძლევს. სულ ეს არის. მოსწავლეები ძალიან გახალისდებიან. 

უჰ, კინაღამ დამავიწყდა – „დამწვარ” ბანკნოტს გააშრობთ და… დახარჯავთ. ვერავინ მიხვდება, ცოტა ხნის წინ რა გადახდა „საბრალოს” თავს. ბანკნოტი კვლავ და კვლავ შეგიძლიათ „დაწვათ”, ოღონდ ყოველი „დაწვის” წინ იგივე მანიპულაცია უნდა გაიმეოროთ, ანუ საგულდაგულოდ დაასველოთ სამივე სითხეში.

ახლა ციცქნა ბოთლს მივხედოთ, ევკალიპტის ეთერზეთი რომ ესხა, რომლის მეშვეობითაც ჩემი მეგობარი ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა.

ეთერზეთი მრავალკომპონენტიანი აქროლადი ნივთიერებების ნარევია, რომელიც მცენარეში წარმოიქმნება. ეთერზეთები სპირტების, ალდეჰიდებისა და არომატულბირთვიან ნივთიერებებთან ერთად რთულ ეთერებსაც შეიცავს.

რას წარმოადგენს ეთერი?

ორგანულ ქიმიაში ეთერებს ორი ტიპის ნივთიერებებს უწოდებენ. მარტივი ეთერია ნივთიერება, რომლის მოლეკულა შემდეგი სახის ატომთა ჯგუფს შეიცავს:
 
ხოლო რთული ეთერი, იგივე ესთერი, ქვემოთ მოყვანილი ატომთა ჯგუფის შემცველია: 


 
ეთერების ზოგადი ფორმულაა R-O-R’, სადაც R და R’ ნახშირწყალბადების რადიკალებია. კარბონმჟავებისა და სპირტების (ფენოლების) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ნივთიერებებს რთული ეთერები ეწოდება. რთული ეთერები კარბონმჟავას ნაწარმებია, რომლებშიც კარბოქსილის ჯგუფის (COOH) წყალბადის ატომი ნახშირწყალბადის რადიკალით არის ჩანაცვლებული.

რთული ეთერის სახელწოდება შესაბამისი მჟავასა და სპირტის სახელწოდებისგან იწარმოება. მაგალითად, ჭიანჭველამჟავაეთილის ეთერი (ეთილფორმიატი), ძმარმჟავამეთილის ეთერი (მეთილაცეტატი), ძმარმჟავაეთილის ეთერი (ეთილაცეტატი).

მეგობრის მაგიდაზე აღმოჩენილმა სპირტმა და ეთერმა გამახალისა და ერთი პირობა დავაპირე კიდეც მეთქვა, რომ მაგიდაზე ეთერიფიკაციის რეაქციის ერთ-ერთი საწყისი რეაგენტი და პროდუქტი გვერდიგვერდ ეწყო, მაგრამ ვერ მიხვდებოდა, ქიმიკოსის ახირებად ჩათვლიდა, აქ კი დავწერ, რომ მჟავებისა და სპირტების ურთიერთქმედების რეაქციას, რომლის შედეგადაც მიიღება რთული ეთერები, ეთერიფიკაციის რეაქცია ეწოდება. ეს რეაქცია შექცევადი პროცესია, ამიტომ რთული ეთერის მისაღებად ერთ-ერთი რეაგენტის კონცენტრაციის გაზრდაა საჭირო:

 

ეთერიფიკაციის შებრუნებულ პროცესს (რთული ეთერი+წყალი) ჰიდროლიზს ანუ გასაპვნის რეაქციას უწოდებენ.
სპირტის დეჰიდრატაციის დროს მარტივი ეთერი მიიღება. მაგალითად, ეთილის სპირტისა და გოგირდმჟავას ნარევის 140 გრადუსამდე გაცხელებისას წარმოიქმნება ადვილად აქროლადი და აალებადი დიეთილეთერი:
 
ფორთოხლის ქერქი ცეცხლის ალთან რომ მივიტანოთ და გამოვწუროთ, შევამჩნევთ, რომ კანიდან გამოყოფილი ზეთის წვეთების წვისას პატარ-პატარა ნათება წარმოიქმნება, ხელზე კი ცხიმოვანი ნივთიერების კვალი დაგვრჩება. 

ფორთოხალი (ისევე, როგორც ევკალიპტი, პიტნა და სხვა) ეთერზეთს შეიცავს. ერთი შეხედვით შესაძლოა ცხიმში აგვერიოს, თუმცა ისინი სრულიად სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებია. მართალია, ციტრუსების შეხებისას ხელზე ცხიმის კვალი რჩება, მაგრამ ეთერზეთებს ცხიმებისგან განსხვავებული თვისებები აქვს.

მსგავსება: ორივე წყალში უხსნადია და წყლის ზედაპირზე ტივტივებს.
განსხვავება: ფერი, სუნი, აქროლადობა.

გინდათ შევამოწმოთ? ფილტრის ქაღალდზე ცხიმი და ეთერზეთი დავაწვეთოთ. ეთერზეთი ადვილად აქროლდება, ცხიმის ლაქა კი დარჩება.

ეთერზეთის მიღება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. 1 კგ ვარდის ზეთის მისაღებად 35 მლნ გადარჩეული ვარდის ფურცელია საჭირო.

ეთერზეთის ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია (ლათ. Menthe – პიტნა, oleum – ზეთი). მენთოლი ერთატომიანი სპირტია. პიტნის ერთ-ერთი სახეობის, Menta piperita L-ის, ეთერზეთის შემადგენლობაში 50% მენთოლი და 4-10% რთული ეთერები შედის.

50 გ გამხმარი პიტნა ხელით რომ დავსრისოთ, სპირტი დავუმატოთ და გამოვხადოთ, მწვანე მასიდან 5-10 წვეთ მკვეთრსუნიან ბლანტ სითხეს მივიღებთ.

ამჟამად მენთოლს სინთეზური გზით იღებენ.

1897 წელს გერმანიაში პიტნის გამოხდით მიღებული ეთერზეთი კვლავ წყლის ორთქლით გამოხადეს. გამოკრისტალების შედეგად გამოიყო თეთრი ფერის კრისტალური, მომწარო გემოს მქონე ნივთიერება – მენთოლი.
სწორედ მენთოლის საფუძველზე შეიქმნა წამალი ვალიდოლი. მის შემადგენლობაში შედის რთული ეთერი (იზოვალერიანმჟავას მენთოლის ეთერი).

აი, ევკალიპტის სამშობლო კი ავსტრალია და ტასმანიაა. აბორიგენები ამ მარადმწვანე ხეს „ტყის ალმასს” და „სიცოცხლის ხეს” უწოდებდნენ. დღეს მას სხვა ქვეყნებშიც შეხვდებით, თუნდაც პორტუგალიასა და ესპანეთში.

ევკალიპტის ეთერზეთს ფოთლებისა და ყლორტების ჰიდროდისტილაციით იღებენ. 1 ტონა ნედლეულისგან 3-5 ლ ეთერზეთს ხდიან. მისი 60-80% ცინეოლია. ცინეოლი მონოციკლური ტერპენია – C10H18O. ის მრავალ ეთერზეთში გვხვდება, მაგრამ ევკალიპტისა მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს. სწორედ ამ ნივთიერების შემცველობა განაპირობებს ევკალიპტის ეთერზეთის სამკურნალო ეფექტს. გარდა ცინეოლისა, ევკალიპტის ეთერზეთის შემადგენლობაში შედის მთრთიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები და, რაღა თქმა უნდა, რთული ეთერი.

სნეულებებს ეთერზეთებით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ებრძოდა. პრევენციისთვის მათ გამოყენებას ურჩევდა სავსებით ჯანმრთელ ადამიანებსაც. ეთერზეთებით მკურნალობას მოგვიანებით არომათერაპია ეწოდა და ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. თუმცა ჩემი მეგობრისთვის არც ამის და არც ეთერიფიკაციის რეაქციის შესახებ არაფერი მითქვამს.

რატომ უნდა დამებნია?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი