ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში

შესავალი

პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასთან ერთად, სწავლა-სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის ნიმუშია პროექტზე დაფუძნებული სწავლებაც. პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობები მოიცავს სხვადასხვა ტიპის მიდგომას როგორც სიღრმის, ასევე შინაარსის მოცულობის თვალსაზრისითაც. ეს აქტივობები შესაძლოა გრძელდებოდეს როგორც რამდენიმე დღე, ასევე რამდენიმე კვირა ან უფრო მეტი. მასწავლებლის როლი უმთავრესად ფასილიტაციით განისაზღვრება, მაშინ როდესაც მოსწავლეები, როგორც წესი, მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფურად. ჯგუფში მოსწავლეებს განსხვავებული როლები აქვთ. ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია და დაგეგმვა პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რეალურ ვითარებაში პრობლემას ყოველთვის არ აქვს ცხადი ამოხსნა, უფრო მეტიც – როგორც წესი, თვით პრობლემებიც არ არის ჩამოყალიბებული სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტური ამოცანების სახით. მით უმეტეს ვერ ვნახავთ მათ ამოხსნას სახელმძღვანელოს ბოლოს. შესაძლოა არსებობდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე განსხვავებული გზა, ისევე როგორც ამონახსნის სხვადასხვა ვარიანტი. ამრიგად, ამოხსნის სხვადასხვა გზის შედარება, შეფასება და არჩევანის გაკეთება ჯგუფის წევრებს შორის კოლაბორაციას და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღებას მოითხოვს. გარდა ამოხსნის გზებისა და შედეგების მრავალფეროვნებისა, რეალურ პრობლემებს ახასიათებს მათივე ინტერდისციპლინური ხასიათიდან მომდინარე მრავალფეროვნება.

კომპლექსური პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინასთან და მისი გადაჭრა მოითხოვდეს სხვადასხვა სასწავლო საგნის კომპეტენციების გამოყენებას, რაც პროექტის ტიპის აქტივობას უფრო მეტ პედაგოგიურ ღირებულებას სძენს. ყოველივე ამასთან ერთად, პროექტის ტიპის აქტივობები მოსწავლეებს აძლევს რეალური ვითარებიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის გამოცდილებას, ხოლო შესაბამისი სასწავლო გარემო უყალიბებს იმ სოციალურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სასკოლო ცხოვრების გარეთაც აუცილებელია.

პირველი კლასის მასწავლებლებით დაწყებული, რომლებიც სწავლებისას აქტიურად მიმართავენ რეალური ობიექტებით მანიპულაციას, დამთავრებული მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მასწავლებლებით, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სახის ლაბორატორიული სამუშაოს გამოყენება სასწავლო პროცესში, თითქმის ყველა აცხადებს, რომ თავიანთ პედაგოგიურ რეპერტუარში ჩართული აქვთ პროექტები, თუმცა დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ განსხვავება ჩვეულებრივ აქტივობას, სავარჯიშოს, ამოცანების ამოხსნასა და პროექტს შორის საკმაოდ ბუნდოვანია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის ტიპის აქტივობა. არსებობს განსხვავება იმ მოსაზრებებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ცნების ზუსტ განსაზღვრებასთან, მაგრამ შეიძლება დაიძებნოს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც პროექტის ტიპის აქტივობათა საუკეთესო ნიმუშების განხილვას ეფუძნება.

კარგად გააზრებული სასწავლო პროექტის სასურველი მახასითებლები ასეთია:

იგი დაკავშირებულია რეალური ვითარებიდან მომდინარე პრობლემასთან, რომლის მნიშვნელობა საკლასო გარემოთი არ შემოიფარგლება. პროექტის იდეა აღმოცენდება პრობლემებიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია იმ სოციალური გარემოსთვის, რომელთანაც შეხება უწევთ მოსწავლეებს. ეს უზრუნველყოფს, პასუხი გაეცეს ტრადიციულ კითხვას, რომელსაც მოსწავლე სვამს სწავლისას: „რაში გვჭირდება ყოველივე ეს?”
პროექტის ტიპის აქტივობა მოსწავლისგან მოითხოვს სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აქტივობა მოსწავლეს სასწავლო შინაარსის ცოდნისგან არ ათავისუფლებს, იგი დიდ ადგილს უტოვებს მოსწავლის არჩევანს და ამით საშუალებას იძლევა, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, ტრადიციული ინსტრუქტაჟზე დაფუძნებული ურთიერთობისგან განსხვავებით, თანაბარუფლებიან თანამშრომლობას ეფუძნებოდეს.

იგი თვალსაჩინოს ხდის მოსწავლის მიერ საკვანძო ცნებებისა და პროცედურების ფლობას. პროექტი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ნათლად წარმოაჩინოს სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული კომპეტენციების ფლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპეტენციების შემთხვევაში, რომელთა შეფასება შეუძლებელია სტანდარტული საკლასო აქტივობებისა თუ ტესტების საშუალებით.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიზანშეწონილობა

პროექტზე დაფუძნებული სწავლება სასწავლო სტრატეგიების ერთ-ერთი მძლავრი შემადგენელი ნაწილია. ეფექტური პროექტის დაგეგმვისა და რეალიზაციის დროს მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი ამ სტრატეგიას იყენებს მართებულ დროს და მართებული მიზნით. არის რამდენიმე საკვანძო შეკითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, როდესაც საჭიროა იმის განსაზღვრა, რამდენად შეესატყვისება პროექტზე დაფუძნებული აქტივობა სასწავლო მიზნებს:

● შეესაბამება თუ არა პროექტის ტიპის აქტივობა სტანდარტის იმ მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია დემონსტრირებასთან, გამოყენებასთან ან გაგება-გააზრებასთან? ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის ტიპის აქტივობა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო კომპლექსურ უნარებზე, როგორებიცაა, მაგალითად, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, ვიდრე წმინდა პროცედურულზე, მაგალითად, მართლწერაზე, ფორმულის ცოდნაზე, განტოლების ამოხსნაზე.

● შესაძლებელია თუ არა, პროექტის შედეგები დავუკავშიროთ  იმ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება სასწავლო გარემოს? ამ შემთხვევაში შეიძლება პროექტის დაგეგმვა გარე სამყაროდან მომავალი რომელიმე პრობლემის გადაჭრის მიზნით, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა და საჭირო წინასწარი კომპეტენციების გათვალისწინება.

● გვაქვს თუ არა პროექტის რეალიზაციისთვის საკმარისი დრო და რესურსი? პროექტზე მუშაობისთვის საჭირო დრო არ უნდა სცდებოდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფარგლებს, ხოლო საჭირო რესურსები ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

● იძლევა თუ არა მოსწავლეთა არსებული ცოდნა და უნარები საშუალებას, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განსაზღვრულ დროში შესრულდეს? ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა თითქმის სრულ შემადგენლობას უნდა ჰქონდეს საკმარისი კომპეტენციები, რათა დაძლიოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაო.

● არის თუ არა იმის შესაძლებლობა, პროექტზე მუშაობისას ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა, რათა წარმატებით შეასრულოს თავისი სამუშაო? თუ მოსწავლე ბევრია, ხოლო დავალება – რთული, შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის მუშაობის პროცესისთვის თვალყურის დევნება, უკუკავშირის მიღება და შესაბამისი მხარდაჭერა.
როგორი უნდა იყოს სასწავლო პროექტი მათემატიკაში

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ პროექტის ტიპის სასწავლო აქტივობის ძირითადი მახასიათებლები ასეთია:

● იგი განსხვავდება მოკლევადიანი, იზოლირებული და მასწავლებელზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესისგან;
● აქცენტი გადააქვს ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც:

◊ გრძელვადიანია;
◊ მოსწავლეზე ორიენტირებულია;
◊ ინტეგრირებულია რეალურ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და სირთულეებთან;
◊ ხელს უწყობს მოსწავლეებს შინაარსის ინტეგრირებაში და ასწავლის მათ საკუთარი აზროვნებისა და ცოდნის გამოყენებას;
◊ ხელს უწყობს ტექნოლოგიური წიგნიერების ჩამოყალიბებას, 21-ე საუკუნის უნარებისა და თავდაჯერების ჩამოყალიბებას.

სასკოლო მათემატიკის სასწავლო შინაარსი ყოველთვის არ უკავშირდება რეალობას და აბსტრაქტულია. ეს თავისთავად მისი ნაკლი კი არ არის, არამედ გამომდინარეობს იმ მიზნებიდან, რომლებსაც ემსახურება მათემატიკის სწავლება. აქედან გამომდინარე, სასწავლო შინაარსის შესაბამისი რეალობიდან მომდინარე ამოცანის მოძიება შესაძლოა რთული მოგვეჩვენოს. მიუხედავად ამისა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ჩვენ ირგვლივ მათემატიკა ყველგანაა. საინტერესო მათემატიკური შინაარსის სასწავლო პროექტის დაგეგმვა ასევე შეიძლება დავუკავშიროთ სხვა დისციპლინებიდან მომდინარე ამოცანებსაც. რომელ სფეროსაც არ უნდა უკავშირდებოდეს, სასწავლო პროექტი ყოველთვის გულისხმობს მონაცემთა მოპოვებას, მათ დამუშავებას, ანალიზს, წარმოდგენას და დასკვნების გამოტანას, ყოველივე ეს კი მათემატიკის სასკოლო კურსის ძირითადი კომპონენტებია. მაგალითად, მონაცემთა მოპოვების საფეხურზე ხშირად საჭიროა გაზომვებისა და მათთან დაკავშირებული გეომეტრიული პროცედურების გამოყენება; მონაცემთა დამუშავება და ანალიზი მოითხოვს ლოგიკურ მსჯელობას, გამოთვლებს, ალგებრულ პროცედურებს და ალბათობა-სტატისტიკის ხერხების გამოყენებას.

ხშირად რეალობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა მოითხოვს მათემატიკური მოდელის აგებას ან კომპიუტერულ სიმულირებას. მაგალითად, პროექტი, რომლი მიზანია სასკოლო ავტობუსის ოპტიმალური მარშრუტის მოძიება, შეიძლება დავუკავშიროთ გრაფთა თეორიას და გრაფის შემოვლის ოპტიმალური მარშრუტის პოვნას; პროექტი, რომლის მიზანია სპორტული დარბაზის აშენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა, უკავშირდება გეომეტრიულ გაზომვებს, საჭირო მასალების რაოდენობის გაანგარიშებას და ფინანსური დანახარჯის გამოთვლას. გარდა ამისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება არა მარტო პროექტის ყოველი ეტაპის წარმატებით დასრულებაზე მოახდენს დადებით გავლენას, არამედ მოსწავლეთა ისტ წიგნიერების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი