ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქიმიური ზღაპარი

ვიდრე წერას დავიწყებდი, წიგნების თაროს ბოლო მწკრივს მივაკითხე, სადაც ბავშვობის დროინდელი ზღაპრები მაქვს გადანახული. რომელი ქვეყნის ზღაპრებს არ ნახავთ აქ… თავდაპირველად ბებია მიკითხავდა, მაგრამ მას თავისი საქმეები ჰქონდა და გამუდმებით ველოდი, ჩემთვის როდის მოიცლიდა. ბოლოს ავდექი და „ჯიბრით” კითხვა ვისწავლე. ამით ყველა მოგებული დარჩა – ბებიაც, მეც და ზღაპრებიც. მოგვიანებით, როცა თვალი სხვა წიგნებისკენ გამექცა, ზღაპრებმაც ზედა თაროებისკენ გადაინაცვლეს…

ახლა სწორედ ზღაპრის მოყოლას ვაპირებ. წიგნებსაც ამიტომ ჩავხედე – დასაწყისი არ შემეშალოს-მეთქი.
მაშ ასე, მზად ვართ? იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი… ლაპის ლაზული (lapis lazuli), იგივე ულტრამარინ ლურჯი, რომელსაც სხვადასხვა კულტურასა და საუკუნეში საოცარი ამბები გადახდა თავს.

მოდი, ჯერ გავიცნოთ. რთული ნაერთია, კირქვად მინერალიზდება და მინერალ ლაზურიტის კუბისებრი სტრუქტურის მარცვლებს შეიცავს. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: (Na2O) 16,8%, (СаО) 8,7%, (Аl2О3) 27,2%, (SiO2) 31,8%, (SO3) 34%, (Сl) 0,25%. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძალიან დაფასებული და ძვირი მინერალი გახლდათ, თანაც ძალიან იშვიათი. ძველად, როდესაც მზეთუნახავის გულს მხოლოდ ლექსებითა და ხმლის ტრიალით ვერ მოიგებდი, ძვირფასი საჩუქრებიც აუცილებელი იყო, მაშინდელი სასიძოები ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) მიდიოდნენ ლაპის ლაზულის მოსაპოვებლად – სწორედ აქედან ვრცელდებოდა ეს მინერალი. ერთხელ ერთი მზეთუნახავის მამას სასიძოს მირთმეული ლურჯად მოკამკამე მინერალი დაუფქვავს და რუხი ფხვნილი მიუღია. საშინლად აღშფოთებულა, ახალგაზრდა კაცისთვის თაღლითობა დაუწამებია და ქალის გატანებაზე უარი უთქვამს. ქორწილი კი ჩაიშალა, მაგრამ ამ ყოვლად უსახური რუხი ფხვნილისგან პიგმენტ ულტრამარინ ლურჯის მიღების ტექნიკა შემუშავდა. ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო… ამ ტექნიკას per pastillum უწოდეს და განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მეთხუთმეტე საუკუნეში ჯენინო ჯენინიმ თავისი „ხელოვნების წიგნის” (Libro dell’arte) 62-ე თავში დაწვრილებით აღწერა. თუმცა, სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

ულტრამარინ ლურჯის მარცვლების კვალი შუა საუკუნეების ქრისტიანულ მიწაზეც შეიმჩნევა. თუ რომში წმინდა სებასტიანის ბაზილიკაში შეივლით, კარიდან მარჯვნივ კედელზე ულტრამარინ ლურჯით შესრულებულ მხატვრობას ნახავთ. ეს გასაკვირი არ არის – მხატვრები ხომ სირია-პალესტინიდან იყვნენ მიწვეული.

გადაინაცვლეთ იტალიის ჩრდილოეთით და მეცხრე საუკუნის ტორბის მონასტრის კედლებზეც ულტრამარინის კვალი დაგხვდებათ. XI-XII საუკუნეებში ეს პიგმენტი საოცარი სისწრაფით გავრცელდა ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში.

ჯაბირ იბნ ხაიამის (იმავე გებერის) შემოქმედებაში ულტრამარინ ლურჯის აღწერა-დამუშავებას დიდი ადგილი უჭირავს. ჯაბირი ვინ არის? არაბი ალქიმიკოსია, უცნაური და ზოგჯერ განსაცვიფრებლად პროგრესული აზრების პატრონი. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუყვები მის შესახებ. ჩაშლილი ქორწილის ამბავი გეხსომებათ; ის-ის იყო, საპატარძლოს განრისხებულ მამას დაფქული ლაზურიტი უნდა გადაეყარა, რომ ჯაბირს უთხოვია, მომეცი ეგ ფხვნილი, შენ მაინც რაღაში გამოგადგებაო. მამასაც მიუცია – ფხვნილის დარდი აღარ ჰქონდა, „თაღლითი” სასიძო ჰყავდა გასაგდები. ჰო, სანამ ფხვნილი ჯაბირის ხელში მოხვდებოდა, მანამდე ერთ სტუმარს ცოტაოდენი წყალში გაუხსნია და დაულევია. საშინელი ჰალუცინაციები დაეწყო, ძლივს დაამშვიდესო, წერენ. ჯაბირი კი თავისი „ნადავლით” ლაბორატორიაში ჩაკეტილა და, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, per pastillum ტექნოლოგიასაც მაშინ ჩაყრია საფუძველი.

მაინც რა ადგილი ეკავა ამ მინერალს ჯაბირის ალქიმიაში? „თვისებების დიად წიგნში” (The Great Book of the Properties) ჯაბირი იმ მინერალებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროდ მიაჩნია და ცეცხლში (ანუ გახურებით) ქცევის მიხედვით მათ სამ კატეგორიად ყოფს:

. სულის მატარებლებად (arwah) იმ ნივთიერებებს მოიხსენიებს, რომლებიც გახურებისას მთლიანად აორთქლდება;

. მეტალებს (ajsam) იმ ნივთიერებებს უწოდებს, რომლებიც გახურებისას ლღვება, დარტყმისას ბრტყელდება და ხმას გამოსცემს.

. მყარი სხეულის მქონეებად (ajsad) კი ის ნივთიერებები მოიხსენიება, რომლებიც გახურებისას არ ლღვება, არ ბრტყელდება და მათი გაშხეფებაც შეუძლებელია. სწორედ ამ ჯგუფს მიაკუთვნებს ჯაბირი ლაპის ლაზულს.

მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზი… ნუთუ არ გახსოვთ? კარგი, მაშინ სხვანაირად ვიტყვი – ალ-რაზი, იგივე რაზესი. კიდევ ვერ იხსენებთ? თაბაშირი აღმოაჩინა და მოტეხილ კიდურებზე თაბაშირის დადების პირველი ტექნიკაც მას ეკუთვნის. საოცრად პროგრესული კაცი იყო. ფილოსოფიურ ქვას ორად ორი მიზნით ეძებდა: სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. XXI საუკუნის მედიცინის პრიორიტეტიც (სხვა მრავალთაგან) ჯერაც ეს არის.

IX საუკუნეში ალ-რაზიმ წიგნი დაწერა, Madkal al-Ta‘limi ანუ სასწავლო შესავალი ალქიმიაში. ამ წიგნში ლაპის ლაზულიც არის აღწერილი, ოღონდ ალ-რაზი ამ მინერალს ქვებს მიაკუთვნებს. ჯგუფი, რომელშიც მას აქვს ადგილი მიჩენილი, შეიცავს მაგნეტიტებს, რკინა ქვას, ტუტე მიწა მეტალებს, მალაქიტს, თაბაშირს, ჰემატიტს, ტყვიის სულფიდს…

ლაზურიტი მინის ხარშვის შესახებ XII საუკუნის საეკლესიო ჩანაწერებშიც გვხვდება. საოცარი ლურჯი მინა იხარშებოდა მისი გამოყენებით. ამ საქმისთვის ალ-რაზის ჩაუყრია საფუძველი, მერე კი უფრო მეტად განუვითარებიათ.

დაახლოებით 80-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად XII-XIII საუკუნეების არაბული ხელნაწერები აღმოაჩინეს. ეს ხელნაწერები დღეს გერმანიაშია დაცული. ხელნაწერებში ლაზურიტი ლაზვარადად (lazwarad) არის მოხსენიებული და ოქროს მიღების რეცეპტების ჩამონათვალშია ვერცხლთან, სპილენძთან, კირთან, მალაქიტთან, ბორაქსსა და სტიბიუმთან ერთად.

სხვა სიაში, რომელიც სამედიცინო მიზნითაა შექმნილი, ლაზვარადი (იგივე ლაზურიტი) ნარკოტიკულ საშუალებებს შორის იხსენიება და მინიშნებულია, რომ მისი მეშვეობით ჰალუცინაციების გამოწვევაა შესაძლებელი. გახსოვთ, არშემდგარ ქორწილში ერთ-ერთ სტუმარს რა დაემართა?

აქ კიდევ ერთი წერილია საინტერესო. ქაირავანში მცხოვრები ერთი ვაჭარი სწერს ქაიროში თავის კოლეგას. წერილში მთელი ბიზნესგეგმაა მოხაზული იმისა, როგორ შეიძლება ლაზვარადის გატანა სიცილიაში სავაჭროდ. შესაძლო კლიენტურის გვარებიცაა მითითებული. იმ დროს, როგორც ჩანს, პატიოსანი ვაჭრები ყოფილან, თორემ ახლა მეეჭვება, ვინმემ ვინმეს გამდიდრების გზები ასწავლოს და შესაძლო კლიენტების მისამართებიც მიუთითოს. როგორ წარიმართა ამ ვაჭრების ბედი, არ ვიცი, ან რა ჩვენი საქმეა.

XI საუკუნის ალქიმიკოსმა იბნ-ბადიმ ხარისხიანი წიგნის ან ხელნაწერის შესაქმნელად მწერლებს ლაზვარადისგან დამზადებული მელანი შესთავაზა. მელნის დამზადებას მის წიგნში მეორე-მეექვსე თავები ეთმობა და საკმაოდ საწვალებელი საქმეც ყოფილა. თუმცა ნაწერი ლურჯად კამკამებდა და თუ მას მზის შუქზე წაიკითხავდით, ლაზვარადის მელნით დაწერილ ნაწერს განსაკუთრებული სხივი დასთამაშებდა. ამ მელნის დამზადება per pastillum ტექნოლოგიის ათვისების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ მელანს საეკლესიო დასურათებულ ხელნაწერებშიც იყენებდნენ, მინიატურები უფრო მიმზიდველი და სანახაობითი რომ გამოსულიყო. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ასეთი ხელნაწერი მრავლადაა.

გამოჩნდა ძვირფასი მელანი და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ მელნით წერდნენ სასიყვარულო წერილებს. ასეთი მელნით დაწერილი წერილის ავტორის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა.
ჰოდა, თუ ვინმემ თავისი ხელით დამზადებული ლაპის ლაზულის per pastillum ტექნოლოგიით შექმნილი მელნით სასიყვარულო წერილი მოგწერათ, მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანოთ – ეტყობა, მართლა უყვარხართ, თორემ ისე თავს რატომ გაიწვალებდა?)

ეს ამბავი მანჩესტერში, ამა წლის ივლისში გამართულ ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე მოვისმინე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის გაბრიელ ფერარიოს პრეზენტაციის დროს. შემდეგ გაბრიელის ნებართვით ჩემებურად გადავაწყვე, რაღაც დავამატე, რაღაც ამოვიღე და ზღაპარს დავამსგავსე.

მადლობა გაბრიელს ბრწყინვალე პრეზენტაციისთვის, მადლობა თქვენ, რომ ზღაპარი წაიკითხეთ.
თუმცა ჯერ დასასრულამდე ადრეა. ზღაპარი ზღაპარივით უნდა დასრულდეს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა… ფქვილი
და განვითარებული ქიმია აქა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი