პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სილამაზეში ჩასაფრებული ქიმია

საქართველოში ბევრი სანაქებო ადგილია, სადაც დაისვენებ, ბუნებით დატკბები, სიკეთეს მოუტან შენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი მათგანია ლიკანი. უფრო სწორად, იყო, ამჟამად კი ძველი ხიბლი დაკარგული აქვს და ვისი ბრალია ეს, არ ვიცი. მის სანატორიუმებში დამსვენებლების ნაცვლად დევნილები ცხოვრობენ. დევნილები, ციყვები და თეთრ, ბუთქუნალოყება ჩიტები.

თორმეტი წლის ვიყავი, პირველად რომ ჩავედი ლიკანში. არაფერი მაწუხებდა – მხოლოდ გასაკაჟებლად. დამხვდა ფიზკულტურის ინსტრუქტორი არაორდინარული გარეგნობით, გრძელი, გადაგრეხილი შავი ულვაშითა და ხუჭუჭა თმით. პირველად რომ დავინახე, უნებლიეთ უკან დავიხიე და გავიფიქრე, რომ „ვეფხისტყაოსნის” ქაჯები სწორედ ასეთები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა გული ოქროსი ჰქონდა, იყო საოცრად ენაწყლიანი და იუმორით სავსე. ყოველდღე ავარჯიშებდა ჯგუფებს და მეც ჩავეწერე. ვარჯიშს ასეთი დევიზით ვიწყებდით: მხოლოდ ცრემლით, მხოლოდ ტანჯვით მოვიპოვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას. ჰოდა, ჩვენც საათ-ნახევრის განმავლობაში ვიტანჯებოდით და ვიცრემლებოდით.

კოკო შანელი წერდა ერთგან, ოცი წლისას ის სახე გაქვს, რაც ღმერთმა გიბოძა, ორმოცი წლის კი ის, რასაც იმსახურებო. ჰოდა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესი სახე დაიმსახუროს. არ იშურებენ არც დროს, ფულს და უსასრულოდ ყიდულობენ კოსმეტიკურ პროდუქციას. ეს თანამედროვე ქალის ახირება სულაც არ არის – ამას ჯერ კიდევ კლეოპატრა აკეთებდა, რომელიც, სხვათა შორის, საიდუმლო რეცეპტით დამზადებული ფერუმარილით სარგებლობდა. სისასტიკით ცნობილ ეკატერინე მედიჩისაც კი უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო, ამიტომ იტალიიდან იდუმალი ნიჭის პატრონი რენე ფლორენციელი ჩამოიყვანა და გვერდიდან არ იშორებდა. ამ კაცს განსაცვიფრებელი მალამოები და შხამები ერთნაირად კარგად გამოსდიოდა.

წინათ სილამაზეს მსხვერპლად მართლაც ეწირებოდნენ. ფერმკრთალი სახე სილამაზისა და არისტოკრატული წარმოშობის ნიშნად იყო მიჩნეული, ამიტომ ბევრი ზეპური ქალბატონი არაბი ალქიმიკოსის ჯაბირ იბნ ხაიამის, იმავე გებერის მიერ გამოგონილ მალამოს ისვამდა. მალამო სახეს არაამქვეყნიურ სიფითრეს სძენდა. ძვირად უჯდებოდათ ამგვარი სილამაზე, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ სახე სისხლიანი იარებით იფარებოდა. მათ დასამალავად სულ უფრო მეტი მალამოს წასმა იყო საჭირო, იარებიც, კი არ შუშდებოდა, უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მერე კი სილამაზეს მოწყურებული ქალბატონები იხოცებოდნენ. ყოველივე ეს მალამოს შემადგენლობაში შემავალი ტყვიის ბრალი იყო – მათეთრებელი ეფექტიც, იარების გაჩენაც და სიკვდილიც მისი დამსახურება გახლდათ.

რა ხდება დღეს? ახალი არაფერი, კოსმეტიკური ნაწარმი კვლავაც შეიცავს ქიმიას. გახილებით ნაკლებს, მაგრამ მაინც. ჰო, კინაღამ დამავიწყდა – დღეს ფერუმარილისგან არავინ კვდება. ესეც საქმეა, არა? მომხმარებლის მოვალეობა ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა და საშიში ქიმიური დანამატების ცოდნაა.

მაშ ასე, რომლებია ეს ქიმიური დანამატები?

ლაურილი, იგივე ნატრიუმის სულფატის ლაურატი – შამპუნებს ამატებენ, რადგან კარგად ქაფდება. ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად მიიღება, თუმცა ფსევდონატურალური კოსმეტიკის ანოტაციაში ხშირად წერენ, რომ ქოქოსისგან არის მიღებული. აღიზიანებს თვალებს, თავის კანს, იწვევს ალერგიას. საყოფაცხოვრებო ქიმიაში იგივე ნივთიერება უხეში ზედაპირის სარეცხ საშუალებებში შედის.

დი- და ტრიეთანოლამინი – მალამოებში ემულგატორად გამოიყენება. იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც კანზე არასასიამოვნო გამონაყარით ვლინდება. თვალების ირგვლივ წასმისას კონიუნქტივას აღიზიანებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს კანის სიმშრალეც დაერთოს.

მინერალური ზეთი – ამატებენ მალამოებს როგორც დამარბილებელ, დამატენიანებელ საშუალებას. იღებენ ნავთობპროდუქტებისგან, კერძოდ, თხევადი ნახშირწყალბადების ნარევს წარმოადგენს. ასეთი მალამოები კანზე ჰიდროფობიურ აპკს წარმოქმნიან და ტენს კანის უჯრედებში კეტავენ. შედეგად კანი თითქოს ნოტივდება, სინორჩეს იბრუნებს. სინამდვილეში კანის უჯრედებში ტენთან ერთად გამოკეტილი რჩება ტოქსინები, ნახშირორჟანგი და მეტაბოლური პროცესის სხვა პროდუქტებიც. არადა, მათ ორგანიზმი სწორედ კანიდან უნდა დატოვონ. შედეგად კანი შრება და ნაოჭებიც უფრო ადრე უჩნდება.

ოქსირანი – იზოლირებულ მდგომარეობაში სტაბილურია, თუმცა ადვილად შედის რეაქციაში წყალთან, ფუძეებთან, მეტალებთან, მჟავებთან, ალკოჰოლთან, ტუტე მეტალებთან, ამიაკთან. ცეცხლსაშიშია. ჰაერთან უშუალო შეხებისას ფეთქებადია. კანცეროგენულია, რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს, ლორწოვანს აღიზიანებს. მისი ორთქლი ტოქსიკურია.

კალიუმის პიროფოსფატი – წყალში კარგად ხსნადი უფერო კრისტალებია. ზოგიერთ სარეცხ საშუალებასა და კბილის პასტაში ემულგატორად იყენებენ. თუ ასეთი სარეცხი ფხვნილი შემთხვევით შევისუნთქეთ, სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გაგვიღიზიანდება. ასევე, აღიზიანებს ღრძილებს.

ნატრიუმის ფთორიდი – თეთრი კრისტალებია. შედის პირის ღრუს ანტიბაქტერიული მოვლის საშუალებათა შემადგენლობაში. მოლეკულის აქტიური ნაწილი ფთორის იონია, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას მართლაც უშლის ხელს და პირის ღრუს მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი მინერალური მჟავების მოქმედებისგან იცავს, თუმცა ტოქსიკურია, იწვევს კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და ტკივილს. ცოტა არ იყოს, ვერაგიცაა, რადგან უარყოფით თვისებებს მაშინვე არ ამჟღავნებს…

ლანოლინი – სინთეზური პოლიმერია და გამოიყენება როგორც ემულგატორი, დამარბილებელი, დამატენიანებელი. მას ცხიმების გასუფთავების გზითაც იღებენ. ღია ყვითელი სუბსტანცია ცვილს წააგავს. იზოლირებულ მდგომარეობაში სტაბილურია, თუმცა ადვილად შედის რეაქციაში წყალთან, ფუძეებთან, მეტალებთან, მჟავებთან, ალკოჰოლთან, ტუტე მეტალებთან, ამიაკთან. ცეცხლსაშიშია ჰაერთან უშუალო შეხებისას – ფეთქებადი. კანცეროგენულია, აქვეითებს რეპროდუქციურ ფუნქციას, იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას. მისი ორთქლი ტოქსიკურია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ნივთიერება ტუჩების დამარბილებელი იაფფასიანი ბალზამების შემადგენლობაში შედის.

იზობუტილპარაბენი – მიიღება სინთეზური გზით. აფერხებს პირის ღრუში მიკროორგანიზმების გამრავლებას. ასევე გამოიყენება პროდუქტების ხანგრძლივი შენახვისთვის. იწვევს ალერგიულ დერმატიტს. გამოიყენება ღამის მკვებავი საცხებისა და კბილის პასტების წარმოებაში.

პარაბენები – პარაოქსი ბენზომჟავას ეთერებია. კოსმეტოლოგიაში იყენებენ მეთილ-, ეთილ- და პროპილპარაბენს როგორც კონსერვანტებსა და ანტიმიკრობულ საშუალებებს. სხვადასხვა მონაცემებით, მათმა ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა კიბოს განვითარებისთვის კარგი ნიადაგი მოამზადოს.

21-ე საუკუნეში ბოტოქსის მოყვარულები მომრავლდნენ. ახალგაზრდობის ამ ელექსირს ყველა ეტანება – ქალიც და კაციც. ბოტოქსი ცილების კომპლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნეიროტოქსინი A. ფიზიოლოგიურ პირობებში იგი იშლება და ბოტულინის ტოქსინს გამოათავისუფლებს. მოქმედების პირველ ეტაპზე ტოქსინი პრესინაფსური მემბრანის მოლეკულებს უკავშირდება (ამას 30 წუთი სჭირდება), მეორე ეტაპზე ციტოზოლში გადადის, მესამე ეტაპზე გამოყოფილი აცეტილქოლინის ბლოკირებას ახდენს. პროცესის შედეგი კი მიმიკური კუნთების გათიშვაა. არ არის მიმიკა – არ არის ნაოჭი; არ არის ნაოჭი – არ არის სიბერე! აი, ასე მარტივად და სწრაფად. თუმცა, მოდი, გვერდითი მოვლენების შესახებაც ვიკითხოთ: მიკროჰემატომები, ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილებში, საერთო სისუსტე, იშვიათად, თვალის ირგვლივი ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციების დროს – ცრემლდენა, გართულებები თვალის მიდამოში. ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მონაცემებით, 2003 წელს ბოტოქსის ინექციას 28 სასიკვდილო შემთხვევა ახლდა თან. https://en.wikipedia.org/wiki/Botulinum_toxin https://ru.wikipedia.org/wiki

„გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე! მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!”

მართლაცდა, სად მიდის სილამაზე? სად იკარგება დროსთან ერთად? წარმავალი რომაა, ამიტომ ხომ არ ვაფასებთ ასე და ყველაფერს ვაკეთებთ მის შესანარჩუნებლად? თუმცა, გარეგნულ ხიბლს გამოდევნებულებს, ხშირად სულიერი სილამაზე გვავიწყდება. არადა, დაფიქრებად ღირს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი