ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ახალი წლის ქიმია

ბავშვობაში
მთელი წელი ახალი წლის მოსვლას ველოდი. სადღაც ნოემბრის ბოლოდან განსაკუთრებით გაუსაძლისი
ხდებოდა მოლოდინი. თავს იმითღა ვინუგეშებდი, რომ თითებზე ვითვლიდი დღეებს. მერე გავიზარდე
და ამ დღესასწაულმაც დაკარგა უწინდელი ელფერი, ბოლოს კი ცხოვრებისეულმა რუტინამ ისე
ჩამითრია, ახალ წელს ინერციითღა ვხვდები. ეს სულაც არ არის კარგი, რადგან იმ ბავშვს,
დღეებს თითებზე რომ ითვლიდა, ჩემს არსებაში მიძინების უფლება მივეცი.

მაინც
რა მომწონდა, რა მხიბლავდა ასე? არა, თოვლის ბაბუის არსებობისა არ მჯეროდა და გადაცმული
მამის მონდომებაც ამაო გახლდათ, რადგან შესანიშნავად ვიცოდი, ვინც იყო, თუმცა ისეთი
მონდომებით მაწონებდა თავს, რომ თამაშში მეც ვყვებოდი და მთელ სახლში ჩვენი გამაყრუებელი
სიცილი იდგა.

გამახსენდა…
ფეიერვერკები მომწონდა… ბენგალური ცეცხლი. მეცხრე ცაზე ვიყავი, როდესაც შუშხუნის
ანთებისა და ხელში დაჭერის უფლება მომცეს. ნაძვის ხის მორთვა მიყვარდა… წარსულში
დაბრუნება რომ შემეძლოს, იქ დარჩენილ პატარა გოგონას აუცილებლად ავუხსნიდი
,რა პროცესები ედო საფუძვლად იმ ჯადოსნურ ცეცხლს და რატომ იყო
ნაძვის ხის სათამაშოები ასეთი კრიალა. თუმცა ბავშვი ყველა ერთნაირია, ოცნებებიც ერთნაირი
აქვთ. ასე რომ, ურიგო არ იქნება, მოსწავლეებს (რომლებსაც ჯადოსნობის ალბათ უკვე აღარ
სჯერათ) წლის ბოლოს ქიმიის გაკვეთილი მოვუწყოთ, სახელად “ახალი წლის ქიმია”.

ვის
არ უყვარს ნაძვის ხის მორთვა. მაგრამ იცით თუ არა, რა საერთოა ნაძვის ხის სათამაშოსა
და გლუკოზას შორის? გლუკოზა უმარტივესი ნახშირწყალია, მონოსაქარიდი. რატომ უწოდეს ნახშირწყლებს
“ნახშირწყლები”? მეცნიერმა შმიდტმა აღმოაჩინა, რომ ეს ნაერთები ნახშირბადისგან,
ჟანგბადისა და წყალბადისგან შედგებოდა, თანაც ჟანგბადისა და წყალბადის თანაფარდობა
მათში ისეთივე იყო, როგორიც წყლის მოლეკულაში, ანუ 2:1. თვით გლუკოზა 1802 წელს ლ.
პრუსტმა ყურძნის წვენისგან გამოყო, ამიტომ მას ყურძნის შაქარსაც უწოდებენ. ის ალდოჰექსოზაა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირბადის ექვს ატომს და, ალდეჰიდების მსგავსად, კარბონილის
ჯგუფს შეიცავს. და რაკი კარბონილის ჯგუფს შეიცავს, ალდეჰიდების მსგავსი თვისებებიც
ახასიათებს. მაინც რომელი? ალდეჰიდების მსგავსად იჟანგება ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკიანი
ხსნარით. რეაქციის შედეგად კი გლუკონის მჟავა მიიღება. ეს გაკვეთილზევე შეგიძლიათ აჩვენოთ
ბავშვებს (ოღონდ ან ამწოვ კარადაში ჩაატარეთ, ან ღია ფანჯარასთან, რადგან რეაქციის
მსვლელობისას ამიაკი გამოიყოფა). კოლბაში ჩაასხით ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკიანი ხსნარი,
დაამატეთ გლუკოზის ხსნარი და წინასწარ გაცხელებულ წყლიან ჭიქაში მოათავსეთ. სულ მალე
კოლბის კედლებზე ვერცხლის გამოლექვა დაიწყება. ამ რეაქციას
“ვერცხლის სარკის” რეაქცია ეწოდება. მრეწველობაში მას სარკეების,
თერმოსებისა და საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად იყენებენ.

გლუკოზას
ადამიანის ორგანიზმიც შეიცავს – ის ენერგიას გამოიმუშავებს ჩვენთვის. აი, ამ წუთშიც
მე და თქვენ, ამ წერილის მკითხველო, ენერგია გვჭირდება, მე – დასაწერად, თქვენ – წასაკითხად
და შესაფასებლად. ამიტომ იცით, რა ხდება ახლა ჩვენს ორგანიზმში? გლუკოზა იჟანგება და
ენერგიით გვამარაგებს. შეჯამებული რეაქცია კი ასე შეგვიძლია გამოვსახოთ:

ზემოთ
სარკე ვახსენე. ყვავილი ნარგიზი თუ იცით? ლეგენდას თუ დავუჯერებთ, მის წარმოშობაში
სწორედ სარკეს “მიუძღვის ბრალი”. ლეგენდის მიხედვით, ყმაწვილს, სახელად ნარცისს,
წყლის სარკეში დანახული თავისივე გამოსახულება შეჰყვარებია, მდინარეს ვეღარ მოშორებია
და იქვე გარდაცვლილა. იმ ადგილას ყვავილი ამოვიდა, რომელსაც ნარცისი (ჩვენებურად –
ნარგიზი) უწოდეს.

სარკის
წარმოება მე-19 საუკუნის იტალიასა (ვენეცია) და გერმანიაში დაწყებულა. აქ მოვერცხლის
ოდნავ განსხვავებულ მეთოდს იყენებდნენ: მინის ზედაპირს ჯერ წყლით რეცხავდნენ, მერე,
ცხიმის მოსაცილებლად – კალიუმის ან ნატრიუმის ტუტის წყალხსნარით. თავდაპირველად მინას
ქვეშ უდებდნენ ტყვიის თხელ ფენას, რომელიც შემდეგ კალის ფოლგით შეცვალეს, კალას კი
ვერცხლისწყალს ასხამდნენ. მიიღებოდა ამალგამა – შენადნობი, რომელსაც დიდხანს აშრობდნენ.

სარკის
წარმოება ძალზე სარფიანი საქმე ყოფილა, შეკვეთაც უამრავი ჰქონიათ, მაგრამ ხელოსნები
ვერცხლისწყლით იწამლებოდნენ, ამიტომ ის მალევე შეცვალეს ვერცხლის ხსნარით. ბოლო რეცეპტი
ასეთი იყო: მოსავერცხლად ორ ხსნარს ამზადებდნენ:

1.
აზავებდნენ 1,6გ AgNO3-სა და 30მლ H2O-ს და წვეთწვეთობით ამატებდნენ
25%-იან NH3-ს, სანამ ნალექი მთლიანად არ გაიხსნებოდა; შემდეგ 100მლ გამოხდილ
წყალს უმატებდნენ.

2.
იღებდნენ 5 მლ 40%-იან ფორმალინის ხსნარს.

ამ
ორ ხსნარს ერთმანეთში ურევდნენ და სწრაფად ასხამდნენ მინაზე. მოვერცხლა 2-3 წუთს გრძელდებოდა.
მერე სარკეს გამოხდილი წყლით რეცხავდნენ და ორი საათის განმავლობაში 100-150
0C-ზე
აშრობდნენ, გაცივების შემდეგ კი აეროზოლით ფარავდნენ.

დღეს
სარკის დასამზადებლად სპეციალური ვაკუუმის ხელსაწყო გამოყენება. მინას ორივე მხრიდან
თხელი ფენა ედება და გაშრობაც აპარატშივე მიმდინარეობს. ეს ტექნოლოგია ეკოლოგიურად
სუფთაა, გარემოს არ აბინძურებს, რადგან მთელი პროცესი ხელსაწყო-ვაკუუმის არეშია მოქცეული.

ბენგალიური
ცეცხლიც მხიბლავდა-მეთქი, გითხარით. თვალებგაფართოებული შევცქეროდი, როგორ იწვოდა.
როდესაც პირველად დამაჭერინეს ხელში, თავი ძალიან დიდი მეგონა… ბენგალიური ცეცხლი
ბენგალიელმა ხელოსნებმა მიიღეს კალიუმის ნიტრატის გამოყენებით. ფეიერვერკებშიც, რომელთა
დამზადების ტრადიცია ძველი ჩინეთიდან იღებს სათავეს, ეს მარილია გამოყენებული.

მოსწავლეებს
რომ ვკითხოთ, რა იციან ამ მარილის შესახებ, ნეტავ რას გვიპასუხებენ? ალბათ გვეტყვიან,
რომ ის აზოტშემცველი ნაერთია, შეიცავს ტუტე მეტალს – კალიუმს და აზოტმჟავას მარილს
წარმოადგენს, ზოგიერთი იმასაც გაიხსენებს, რომ ეს მარილი ნატრიუმის ნიტრატთან ერთად
სასუქადაც გამოიყენება და მხოლოდ ერთი-ორს თუ მოაგონდება, რომ დენთს სწორედ კალიუმის
ნიტრატისგან ამზადებენ.


 
რა
რეაქცია უდევს საფუძვლად დენთის აფეთქებას?

რეაქციის
შედეგად დიდი რაოდენობით აირი და სითბო გამოიყოფა. გამოყოფილი აირები სწრაფად ფართოვდება
და ქმნის აფეთქების ეფექტს. KNO3, ნახშირი და გოგირდი, თანაფარდობით
75:15:10, დენთის შემადგენლობაა, თუმცა ეს ფორმულა დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა
და ახალი, უფრო ფეთქებადი ნარევები შეიქმნა.

დენთის
სამშობლო რომ ჩინეთია, ყველამ ვიცით, თუმცა ვერსად ამოიკითხავთ იმ ადამიანის სახელს,
ვინც დენთი გამოიგონა. სამაგიეროდ, მე-13 საუკუნეში ინგლისელმა ღვთისმსახურმა და იმავდროულად
ალქიმიკოსმა როჯერ ბეკონმა დენთი დეტალურად აღწერა. მოგვიანებით ბეკონს შარი მოსდეს
– ოქროს მიღების ხერხი იპოვე და გვიმალავო, და 15 წლით ციხეში უკრეს თავი. ამ ამბავში
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დააპატიმრეს მისი წიგნებიც – ისინი და მათი პატრონი
გვერდიგვერდ საკნებში იხდიდნენ სასჯელს. მოგვიანებით ალფრედ ნობელი წერდა, კარგია,
რომ მის წიგნებს მხოლოდ პატიმრობა აკმარეს და არ დაწვეს, თორემ ძალიან საგულისხმო ინფორმაცია
განადგურდებოდაო. ნობელი ტყუილად არ მიხსენებია; სწორედ მან გამოიყენა ბეკონის ჩანაწერები
და შექმნა უკვამლო დენთი – კორდიტი, მოგვიანებით კი ნიტროგლიცერინისა და შემავსებლის
გამოყენებით – დინამიტი. ჰოდა, დინამიტის მეფეც შეარქვეს. თუმცა მანამდე ორი ქარხანა
აუფეთქდა. ერთ-ერთ აფეთქებას კი მისი ძმა შეეწირა…

ნიტროგლიცერინი
ვახსენე. მისი ორი გავრცელებული მეტსახელი თუ იცით? მკვლელი და მკურნალი – დიახ, ორივე
ნიტროგლიცერინზეა ნათქვამი… სხვათა შორის, მისი სამკურნალო თვისებებიც პირველად ნობელმა
აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ მისი ქარხნის მუშები, რომლებიც მთელი დღეები ნიტროგლიცერინის
ორთქლით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქავდნენ, დაწყნარდნენ, ვინც გულს უჩიოდა, ჩივილს მოუკლო.
ნობელი მიხვდა, რომ ეს თავისთავად არ მომხდარა…

ახალი
წლის ქიმია – მგონი, უინტერესო გაკვეთილი არ უნდა გამოგვივიდეს, არა? სულ ცოტაც და
ახალი წელი შემოაღებს კარს. ბედნიერ წელს გისურვებთ, მე კი ვეცდები, ჩემს არსებაში
ის პატარა გოგონა გამოვაღვიძო – იქნებ გამახსენოს, როგორ მიხაროდა ახალი წელი. ის დღეები
მენატრება…



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი