პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შავი ოქრო

შავი ოქრო
რა ასოციაცია გიჩნდებათ ამ სიტყვების წაკითხვისას?
რა არის ისეთი, რაც
ოქროსავით ზეაღმატებულ მეტალს შეიძლება შევადაროთ? მართალი ბრძანდებით, ეს ნავთობია. სწორედ ის ნავთობი,
რომელიც არცთუ მცირე საფრთხეს უქმნის ჩვენს გარემოს, მაგრამ ამავე დროს ძალიან გვჭირდება.

ოქროს რატომ ადარებენ? ძველთაგანვე
ოქრო იყო აღმატებული მეტალი და ალბათ ამიტომ. სწორედ ოქროს მიღების სურვილით გახლდათ
დაბინდული ალქიმიკოსების გონება. ოქრო იყო შუღლის მთავარი მიზეზი. ეგვიპტელი ქემეიას
მიმდევრებისგან ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლოს გაგების სურვილმა აიძულა არაბები, ეგვიპტეში
შეჭრილიყვნენ და წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია არაბულად ეთარგმნათ. თუმცა
თავიანთი ნამოქმედარი ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან – თავადაც იგივე დაემართათ, რაც
ეგვიპტელებს დამართეს: ჯვაროსნული ომების დროს ევროპელებმა არაბულ ენაზე ჩაწერილი მთელი
ცოდნა ცეცხლითა და მახვილით მიითვისეს და ლათინურად თარგმნეს.

“სკვითების ოქრო” ხომ გახსოვთ,
მეოცე საუკუნის არქეოლოგიური სენსაცია? ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ბევრს აღელვებდა
სკვითიის (დღევანდელი უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის ტერიტორია) მეფეთა საგანძურის საიდუმლო.
ყორღანები სავსე აღმოჩნდა ოქროს მასიური ნაკეთობებით. სწორედ მათ გამო გამართულა არაერთი
ბრძოლა…

განვლილ წლებს გადავავლოთ თვალი,
აქვე, ჩვენ თვალწინ რომ გაირბინეს. ეკრანებთან მსხდომნი, მსოფლიოში მომხდარი მრავალი
სისასტიკის მოწმენი არ გავხდით? და განა მათი აშკარა თუ ფარული მიზეზი სწორედ ნავთობი
არ იყო? საუკუნეები გავიდა, მაგრამ ადამიანი არ შეცვლილა, კვლავ სიხარბე ამოძრავებს,
შუღლის მიზეზიც კვლავ ოქროა, ამჯერად – “შავი” ოქრო.

 

ნავთობი მორუხო-მოშავო ფერის, დამახასიათებელსუნიანი
სითხეა. ის 1000-მდე ცალკეული ნივთიერების ნარევია, ძირითადად კი ნაჯერი, არომატული
და ციკლური ნახშირწყალბადებისგან შედგება (C5-იდან C70-მდე).
გარდა თხევადისა, ნავთობი მასში გახსნილ აირად და მყარ ნახშირწყალბადებსაც შეიცავს.
მის შემადგენლობაში შედის ცოტაოდენი აზოტის, ჟანგბადისა და გოგირდის შემცველი ორგანული
ნაერთებიც.

ვარაუდობენ, რომ ნავთობი ზღვის ფსკერზე
ან დედამიწის წიაღში მოხვედრილ მცენარეთა და ცხოველთა ნაშთების ხრწნა-დაშლის შედეგად
წარმოიქმნება.

ნავთობის საბადოები მიწის სიღრმეში
მდებარეობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჭაბურღილის გათხრისას აირების (ძირითადად მეთანის)
წნევის გამო მიწიდან ნავთობის შადრევანი ამოხეთქავს ხოლმე. თუ გაზების წნევა საკმარისი
არ აღმოჩნდა, ნავთობს ამოტუმბავენ.

ნავთობის უდიდესი საბადოები მდებარეობს
საუდის არაბეთში, ერაყში, ირანში, კუვეიტში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში, სამხრეთ უკრაინაში,
შუა აზიაში, სამხრეთ ურალში, ვოლგისპირეთში და სახალინზე.

საქართველოში აღსანიშნავია სამგორ-პატარძეულის,
მირზაანის, შირაქის, ნორიოს, საცხენისის, სუფსის, ჭალადიდის, ტარიბანის, შრომისუბან-წყალწმინდისა
და თელეთის საბადოები.

ნავთობის გადამუშავება ფრაქციული
გამოხდით მიმდინარეობს, ეს კი ნავთობის სხვადასხვა ფრაქციის დუღილის განსხვავებულ ტემპერატურას
ეფუძნება. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გამოხდას სარექტიფიკაციო სვეტებში აწარმოებენ,
ლაბორატორიაში – სპეციალურად აწყობილ ხელსაწყოში. 3000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
გამოხდით ნავთობის პროდუქტები იშლება, ამიტომ ამ პროცესს შემცირებული წნევის პირობებში
აწარმოებენ. ასეთი გამოხდით მაზუთისგან სხვა პროდუქტებთან ერთად მიიღება ვაზელინი -მყარი
და თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი – და პარაფინი – მყარი ნახშირწყალბადების ნარევი.

მაზუთიდან ყველა ზემოხსენებული პროდუქტის
გამოხდის შემდეგ რჩება გუდრონი, რომელიც ჰაერზე დაჟანგვის შედეგად ასფალტად გადაიქცევა.
ხშირად დედამიწის წიაღში გვხვდება მზა, ბუნებრივი ასფალტი, რომელიც ალბათ ნავთობის
გამოშრობის შედეგად წარმოიქმნება.

იცით, რომ ასფალტს ჯერ კიდევ ძველ
ბაბილონში იყენებდნენ გზების დასაგებად? ბუნებაში ასფალტი მზა სახითაც გვხვდება. კუნძულ
ტრინიდადზე (კარიბის ზღვაში) მდებარეობს “ტბა”, რომელიც 15 მილიონი ტონა
ასფალტით არის ამოვსებული. ოდესაღაც იქ ალბათ ნავთობის საბადო იყო, რომელიც განსაკუთრებული
გეოლოგიური პროცესების გამო მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ნავთობის
თხევადი კომპონენტები აორთქლდა და დარჩა მხოლოდ ასფალტი.

ნავთობის
გადამუშავების პროდუქტებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა ბენზინზეა. ნავთობის პირდაპირი
გამოხდით დაახლოებით 15-20% ბენზინი მიიღება, რაც, ცხადია, ვერ აკმაყოფილებს მისი გამოყენების
მასშტაბს, ამიტომ ქიმიკოსებმა შეიმუშავეს ნავთობის გადამუშავების მეთოდები, რომლებიც
80%-მდე ბენზინის მიღების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი მათგანი ნავთობის კრეკინგია.
ამ პროცესში C10-C20 ნახშირწყალბადები C5-C10ნახშირწყალბადებად იხლიჩება.

“კრეკინგი”
ინგლისური სიტყვაა და მსხვრევას, გახლეჩას ნიშნავს. ბენზინი C10-C20ნახშირწყალბადების ნარევია, ნავთი და მაზუთი კი C10 და უფრო მაღალი
რიგის ნახშირწყალბადებისა. მათი გახლეჩით მიიღება უფრო დაბალი რიგის ნახშირწყალბადები,
ანუ ბენზინის ფრაქცია. მაგალითად, ნავთის ფრაქციის C10-C16 კრეკინგით
მივიღებთ ბენზინის ფრაქციას.

არსებობს
კრეკინგის ორი ძირითადი სახეობა: თერმული, რომელიც მაღალი ტემპერატურისა (400-6000C)
და წნევის (15-60 ატმ) პირობებში მიმდინარეობს და კატალიზური, რომელიც ხორციელდება
კატალიზატორების (AlCl3, ალუმინსილიკატები) გამოყენებით შედარებით დაბალ
ტემპერატურაზე (30-4000C). კატალიზური კრეკინგი თერმულზე სწრაფად მიმდინარეობს
და უკეთესი ხარისხის ბენზინსაც იძლევა.

ბენზინის
ოქტანური რიცხვის, ანტიდეტონატორებისა და გარემოზე მათი გავლენის შესახებ სხვა სტატიაში
(“გვჭირდება თუ არა მწვანე ქიმია”) გესაუბრეთ, მაგრამ ის თუ იცით, რომ სპეციალური
მიკრობების საშუალებით ნავთობისგან შესაძლებელია ხელოვნური საკვების (ხორცის, ხიზილალის)
მიღება?

იცით,
რომ ერთ ავტომანქანას ყოველ 1000 კილომეტრზე იმდენი ჟანგბადი სჭირდება, რაც ადამიანს
მთელი წელი ეყოფოდა?

ნავთობის
თანმხლები გაზი მეთანია. ის იმ აირების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სათბურის ეფექტს
იწვევს. სათბურის ეფექტი ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტემპერატურის მომატებაა, რაც “სათბურის
აირებითაა” გამოწვეული.

არქტიკასა
და ანტარქტიკაში მუდმივი ყინული სწრაფად დნება, რის შედეგადაც მსოფლიო ოკეანის დონე
მცირდება, დედამიწის ტემპერატურული ბალანსი ირღვევა. ბოლო 20 წლის განმავლობაში არქტიკული
“მშვიდი ყინული” 40%-ით შეთხელდა. წყალსა და ატმოსფეროში ენერგია გროვდება,
რასაც კლიმატის შეცვლა და კატასტროფები მოჰყვება – წყალდიდობა, ტაიფუნი, მიწისძვრა,
გვალვა…

მიზეზი?

სათბურის
აირები ატმოსფეროში გროვდება და მასზე ე.წ. “ბუმბულის საფარს” წარმოქმნის.
ასეთი “საფარი” მზის სხივებს ატარებს, სითბოს კი არა. მზის სითბო უკან, კოსმოსში,
ვეღარ ბრუნდება. მომწამლავი სათბურის აირები ხელს უშლის სივრცეში სითბოს გაფანტვას,
შედეგად კი აირებისა და წყლის ორთქლის ფენები სქელდება და შეუმჩნევლად დგება გლობალური
დათბობა.

ოღონდ
მავანთ და მავანთ ეს არ ანაღვლებთ. ალბათ ჰგონიათ, რომ ეკოლოგიური პრობლემა მხოლოდ
უბრალო მოკვდავთ შეეხება… ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სიძვირე თუ სიიაფე კვლავ ერთი
ბარელი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც ადრე ვწერდი, დადგება დრო და ერთი
ტონა მარცვლეულის ფასი დაგვაინტერესებს. ოღონდ ეს მერე იქნება. მანამდე კი… მანამდე
ყველაზე ძვირფასი ვალუტა კვლავ “შავი” ოქროა – გარემოსთვის სახიფათო, მაგრამ
ცხოვრებისთვის ასე აუცილებელი.

და
მაინც, არ ღირს ბატონებო, არანაირი ოქროს გულისთვის არ ღირს ადამიანის სახის დაკარგვა,
რადგან, ერთი ქართული ლექსისა არ იყოს:


 

ბინდისფერია
სოფელი,

თანდათან
უფრო ბინდდება.

რა
არის ჩვენი სიცოცხლე,

ჩიტივით
გაგვიფრინდება.

ჩვენს
ნასახლარზე ოდესმე

ბალახი
აბიბინდება.

იმასაც
მოკლედ უვლია,

ვინც
გრძლად გვეგონა იარა;

თოფს
ჟანგი შესჭამს, ჟანგს – მიწა,

კაცის
გულს – დარდის იარა;

მოვა
სიკვდილი უჩინო,

ერთ
წამში აგვყრის იარაღს.

ჩვენ
რას წავიღებთ იმ ქვეყნად,

სხვას
არა წაუღია რა!


 

ჰოდა,
სანამ “იარაღს აგვყრიან”, ვიცხოვროთ ღირსეულად…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი