ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუხიკას სამყარო

როგორ პრეზიდენტებს იცნობს თანამედროვე სამყარო? 21-ე საუკუნის სახელმწიფოს მეთაურები ძირითადად ოფიციალურ სამოსში გამოწყობილნი გვევლინებიან – ჰალსტუხი და პიჯაკი, ძვირფასი ორეული მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბევრი მათგანი უმაღლესი სასწავლებლის ნაირ-ნაირი დიპლომებითაც იწონებს თავს. როგორც წესი, პრეზიდენტები განსაკუთრებული პრივილეგიებითაც სარგებლობენ – გადაადგილდებიან მაღალი კლასის ავტომობილებით, ცხოვრობენ ფეშენებელურ რეზიდენციებში, მათ ყოველ სადილს საზეიმო მიღების ფორმა აქვს. ამგვარ პირთა ბიოგრაფიაში მრავლად აღმოაჩენთ შეცდომებს, ბნელ ლაქებს, მაგრამ ეს ისეთი ცოდვებია, რომელთაც მხოლოდ ოლიმპოს მთის ბინადარნი სჩადიოდნენ. პრეზიდენტები თავიანთ ადამიანურ სისუსტეებს საგულდაგულოდ მალავენ. შედეგად, თითქოს მკვეთრი პიროვნებები მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზიდან გაქრნენ. უამრავი ლიდერი ერთმანეთს დაემსგავსა, პირველ პირთა ასპარეზზე საოცრად მოსაწყენმა და გამაღიზიანებელმა ერთფეროვნებამ დაისადგურა. თუმცა, ხანდახან გამოკრთება ხოლმე იმედის პატარა სხივი.

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ხოსე მუხიკას შესახებ. მუხიკა 2010-2015 წლებში ურუგვაის რესპუბლიკას ედგა სათავეში, საპრეზიდენტო მმართველობის სისტემის მთავარი ფიგურა გახლდათ. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მკვეთრად შემცირდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები, დაიწყო საბინაო უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელება, ურუგვაიმ სოციალური სახელმწიფოს ნიშნები შეიძინა. ამასთანავე, პატარა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა გახდა პირველი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, სადაც მცირე რაოდენობით მარიხუანას შესყიდვა ლეგალიზებული გახდა. ურუგვაიმ კვლავ მიიპყრო ლათინური ამერიკის თანამეგობრობის ყურადღება, როგორც შუამავალმა და მსოფლიო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერმა ძალამ. მაგრამ სამყაროს მუხიკა თავისი მიღწევების გამო არ ჩარჩენია მეხსიერებაში. ურუგვაის ასაკოვანმა პრეზიდენტმა საყოველთაო პატივისცემა თავისი განვლილი გზისა და ცხოვრების სამაგალითო წესის გამო დაიმსახურა.

ჩვენს ეპოქაში ძნელია მოძებნო პრეზიდენტი, რომელიც ახალგაზრდობაში სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სამოქალაქო პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. მუხიკა მთელი ცხოვრების განმავლობაში იარაღით ხელში და მის გარეშე ებრძოდა ულტრამემარჯვენე, ანტიდემოკრატიულ ძალებს, რომელთაც ურუგვაის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევა სურდათ. ხუნტის ძალაუფლების კონსოლიდაციის კვალდაკვალ პარტიზანული მოძრაობაც დასუსტდა, მისი ლიდერები კი სანიმუშოდ დასაჯეს. ურუგვაის მომავალმა პრეზიდენტმა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წელი გაატარა. ხშირად იყო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე წლის განმავლობაში კი სამარტოო საკანში ყოფნაც მოუწია.

მხოლოდ დემოკრატიის დამყარების შემდეგ, 80-იანი წლების მიწურულს შეძლო მრავალგზის ნატანჯმა პარტიზანმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და მეტ-ნაკლებად სამართლიან, მშვიდობიან პარტიულ ბრძოლაში მონაწილეობა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 25-წლიანი მუშაობის განმავლობაში ურუგვაელმა რევოლუციონერმა პოლიტიკური პირამიდის ყველა საფეხური განვლო – გახლდათ დეპუტატი, სენატორი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პროგრესულ პოლიტიკურ ძალთა ბლოკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2010 წელს კი პრეზიდენტის თანამდებობაზეც აირჩიეს, ხალხმა მას „მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ლიდერი“ შეარქვა.

რით დაიმსახურა მუხიკამ აღნიშნული სტატუსი?

პრეზიდენტად არჩევის დღიდან ყოფილმა პარტიზანმა უარი თქვა ხელფასის სრულად გამოყენებაზე. მან თავისთვის ჯამაგირის მხოლოდ 10% დაიტოვა, დანარჩენი თანხით კი კომუნალური ბინათმშენებლობის ფონდი დააარსა, რათა ყველაზე გაჭირვებული თანამოქალაქეებისთვის სახლები აეშენებინა.

სახელმწიფოს მეთაურმა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, უარი თქვა სახელმწიფო ავტომობილის გამოყენებაზე. იგი დღემდე ძირითადად თავისი ძველი მანქანით, „ვოლკსვაგენ ხოჭოთი“ გადაადგილდება. ექსცენტრიკულმა ადამიანებმა ლეგენდარულ პრეზიდენტს თავის ოთხთვალაში 1 მილიონი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ მოხუცი ძვირფას თანამებრძოლს ვერ ელევა.

თანამდებობაზე არჩევის მიუხედავად, სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. იგი ყოველ საღამოს პრეზიდენტის სასახლიდან თავის სამოთახიან ქოხში ბრუნდებოდა, რომელიც მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობს.

მუხიკამ უარი განაცხადა საგანგებო სამედიცინო მომსახურებაზეც. იგი არ მკურნალობდა ელიტარულ კლინიკებში, მოქალაქეებს პრეზიდენტი არაერთხელ შეუნიშნავთ ჩვეულებრივი პოლიკლინიკის რიგში.

პრეზიდენტი მარტო იშვიათად გრძნობს თავს, რადგან ყველა საქმეში თავისი მეუღლის – სენატორ ლუსია ტოპოლანსკის მხარდაჭერის იმედი აქვს. სენატორი იდეურადაც და ცხოვრების წესითაც ფაქტობრივად არ განსხვავდება თავისი რჩეულისაგან.

ხოსე მუხიკა უბრალოების, ადამიანებთან ერთად ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. მან დაამტკიცა, რომ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობის დროსაც შესაძლებელია ჩვეულებრივი მოქალაქის სოციალური ყოფის გაზიარება. საერთაშორისო მედია თავდაპირველად პოპულიზმში ადანაშაულებდა ყოფილ პარტიზანს, ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ ურუგვაელი ლიდერი ერთჯერადად, მხოლოდ კამერების თანდასწრებით იქცეოდა რიგითი ადამიანივით, სინამდვილეში კი კოლეგათა მსგავსად აგრძელებდა ცხოვრებას. ჩასაფრებულ მედიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ისინი მალევე მიხვდნენ, რომ, სიყალბის გარდა, ყველაფრის დაბრალება შეეძლოთ მუხიკასათვის.

სასიხარულოდ, ქართული აუდიტორიაც კარგად იცნობს სამხრეთ ამერიკელ იდეალისტს. ის საზოგადოებამ ბლოგ „კოოპერატივის“ ვიდეორგოლით გაიცნო, სადაც „უღარიბესი პრეზიდენტი“ ახალგაზრდებს მიმართავს: „თუ ცხოვრებას რამე აზრს არ მისცემთ, არ იდარდოთ – ამას თქვენ მაგივრად ბაზარი გააკეთებს და მთელი ცხოვრება ყოველთვიური შენატანების გადახდაში გაილევა. თან გეგონებათ, რომ ახალი ნივთების ყიდვით წინ მიდიხართ. ამასობაში კი მალე უსარგებლო ბებრები იქნებით. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ცხოვრების ნაწილი დახარჯოთ უტოპიისთვის ბრძოლაში, უკეთესი საზოგადოების შენებაში მათთვის, ვინც ამ ქვეყანაზე თქვენ შემდეგ მოვლენ. მაგრამ ეს შეგნებული არჩევანია, რომელიც ერთ დღეს უნდა გააკეთო. და თუ ამ არჩევანს შეგნებულად არ გააკეთებ, მაშინ გაუცნობიერებლად ცხოვრება მიწაზე დაგანარცხებს და დაიჯერებ, რომ პროგრესი ნიშნავს მოტოციკლეტის რაიმე მანქანით ჩანაცვლებას, მერე ამ უბრალო მანქანის „აუდიში” გადაცვლას და ა.შ. ეს არჩევანი გასაკეთებელია. ალბათ, როცა მოხუცდები და რევმატიზმი და ძვლების ტკივილი ბოლოს მოგიღებს, ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩაიხედავ და საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამ: ხომ არ ვუღალატე ბავშვს, რომელიც ჩემშია? მაგრამ უკვე გვიანი იქნება“.

ცხადია, მასწავლებლებს არ აქვთ უფლება თავიანთი ხედვები თავს მოახვიონ მოსწავლეებს. უბრალოდ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრების გზაზე შეუძლიათ მათ გულში მცხოვრები ბავშვების ერთგულები დარჩნენ. უტოპიისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ლეგიტიმური ალტერნატივაა, მას ჩვენს თვალსაწიერში არსებობის უფლება აქვს და მის განსაკუთრებულობას ხოსე მუხიკას მსგავსი ადამიანები, თავიანთი პირადი ღვაწლით ადასტურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი