პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კურარეს სამყაროში

1987 წელს, როცა ცოტაც და საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მე, ჩვეულებისამებრ, სწავლით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, ოკეანის გაღმა, სადღაც ლოს ანჯელესში, ვინმე მარგო ტიბომ ქმრის მოკვლა რომ გადაწყვიტა. თუმცა, ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რთული აღმოჩნდა და მისი სამივე მცდელობა კრახით დასრულდა.

რატომ?

  • კილერების პირველი ჯგუფი ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე, რადგან გზაში მოძრაობის წესების დარღვევის გამო პოლიციამ დააჯარიმა და საბუთები წაართვა;
  • მეორე დაკვეთისას უკვე სხვა კილერმა მსხვერპლის ოფისს ვერ მიაგნო. დიდხანს იბოდიალა ლოს ანჯელესის ქუჩებში, ბოლოს ნერვები აეშალა, მოშივდა და სახლში დაბრუნდა;
  • მესამე მცდელობაც ჩაიშალა, რადგან მარგომ უარი განაცხადა, ლოს ანჯელესში ჩამოსასვლელად მკვლელისთვის თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა. მხოლოდ ის სთხოვა, რომ მისთვის შხამი კურარე ფოსტით გადაეგზავნა. ქალმა ყველაფრის თავად გაკეთება გადაწყვიტა. თან მკვლელისთვის მხოლოდ ჰონორარად ათი ათასი დოლარი უნდა ჩაეთვალა, ამას ბილეთების ფულიც ემატებოდა. კურარეს კი მხოლოდ 250 დოლარად შეიძენდა.

 

შემდეგ ამ შხამით უნდა დაეფარა ქმრის ავტომობილის საჭე. ქმარი საჭეს ხელს მოჰკიდებდა, კურარე კანიდან სისხლში შეაღწევდა და მორჩა, საქმე მოგვარდებოდა.

 

ეს მცდელობაც ჩაიფუშა, რადგან მარგოს თანამოაზრე გაბრაზდა ასეთ სიძუნწეზე და ქალი პოლიციაში დააბეზღა. პოლიციამ მარგო აიყვანა, მაგრამ მასზე ყველა იცინოდა, ოპერ მუშაკები თუ გამომძიებელ-მოსამართლეები, რადგან კურარეთი ვერავის მოკლავთ, ვერც სხეულზე წასმით და ვერც ჩაიში ჩაყრით.

 

სხვადასხვა შხამი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. კურარემ კი ზოგადად ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის განვითარება. მისი კომპონენტების გარეშე ვერც თანამედროვე ანესთეზია და ფსიქიატრია მიაღწევდა დღევანდელ შედეგამდე. მას დღესაც იყენებენ სხვადასხვა მოწამვლით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დროს.

 

კურარეს შხამს ისრებზე უსვამდნენ და ისე ესროდნენ მსხვერპლს. ეს ჯერ კიდევ ჰერეკლემ იცოდა და კენტავრს კლავდა ისრით, რომელიც ჰიდრას სისხლში იყო ამოვლებული. სიტყვა „ტოქსინი“ და „ტოქსიკური“ ძველბერძნული გამოთქმიდან – „ტოქსიკონ ფარმაკონიდან“ მოდის და ნიშნავს „მეისრეთა შხამს“. ისრების წვერზე შხამის წასმის მეთოდს, საბერძნეთის გარდა, მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. შხამს მოიპოვებდნენ მცენარეებიდან, ბაყაყებიდან და გველებიდან. არც მწერებზე ამბობდნენ უარს.

 

ასე რომ, მე-16 საუკუნეში, როცა კოლუმბი თავის ხალხთან ერთად ამერიკაში ჩავიდა, ადგილობრივი აბორიგენების მიერ გამოსროლილი წვრილი ნემსისებრი ისრები სულაც არ გაჰკვირვებიათ. ვინმე ალონსო პერეს დე ტოლოსმა აღწერა კიდეც ინდიელი აბორიგენების მიერ გამოსროლილი ისრების ტექნიკა. თუმცა, ის იმით იყო გაოცებული, რომ ვისაც ეს ისარი მოხვდებოდა 3-4 საათის განმავლობაში მოძრაობის უნარს კარგავდა. ეს კი ინდიელებისთვის ტყეში გასაქცევად სრულიად საკმარისი დრო გახლდათ. თავად მოძრაობაშეზღუდულ ადამიანს კი სასიცოცხლო ძალები სრულად უბრუნდებოდა.

 

ეს კურარე იყო. სიტყვა კურარეს ფუძე არის „ის, რაც კლავს ჩიტებს“ (ეს უკანასკნელი მთლად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ასე უნდა იყოს). ფილოლოგები ჯერაც იკვლევენ ამ სიტყვის ფუძეს: Coorare, Woorari, Woorali, Ourare, Urari. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ყველა ტომს კურარეს თავისი რეცეპტი ჰქონდა და მის შხამად გასაიდუმლოებულ მცენარეებს იყენებდა. ბოლოს ნათელი გახდა, რომ შხამ კურარეს მოიპოვებენ ორი სახეობის შხამიანი ლიანებისგან. პირველი მათგანია Chondrodendron tomentosum, რომელიც ალკალოიდ ტუბოკურარინს შეიცავს. მეორე – შეიცავს ტოკსიფერინს და მას Strychnos toxifera ეწოდება. სწორედ ეს ორი მცენარე შეიცავს ჩონჩხის კუნთების დამბლის გამომწვევ ალკალოიდებს. სხვათა შორის, დაუპატიჟებელი ევროპელი სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ არ ეშინოდათ აბორიგენებს კურარეთი მოპოვებული ნანადირევის ჭამა. კურარეშეყვანილი მსხვერპლის ჭამა მოწამვლას არ იწვევს, მით უმეტეს არ იწამლები მისი კანზე მოხვედრით (რის იმედადაც იყო მარგო). კურარეთი დამბლის გამოწვევა, მხოლოდ მისი სისხლში მოხვედრითაა შესაძლებელი.

 

თავად კურარეს მომზადება საფრთხილო საქმე გახლდათ, რადგან მართალია, მთავარი ზემოთ დასახელებული ორი ალკალოიდია, მაგრამ სხვადასხვა ტომი მასში ათასნაირ დამატებით კომპონენტს ურევდა. ასევე, ასრულებდნენ მაგიურ რიტუალსაც, რადგან ღრმად სწამდათ, რომ შხამის მოქმედება სწორად შესრულებულ მაგიაზე იყო დამოკიდებული. კურარეს დამზადების პროცესში ქალები არ დაიშვებოდნენ, რადგან მაგიისთვის ისინი უწმინდურად იყვნენ მიჩნეული. ასე რომ, პიეტრო დანგერის მიერ წიგნში „De Orbe Novo”-ს (ახალი სამყარო) აღწერილი სურათი, როგორ ხარშავდნენ კურარეს სიკვდილმისჯილი დამნაშავე ქალები, როგორ ისუნთქავდნენ ნახარშის ოხშივარს, როგორ კვდებოდნენ და მათი სიკვდილისთანავე კურარე გამზადებულად ითვლებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

კურარეზე კიდევ ათას უცნაურობას წერდნენ. მაგალითად, ცნობილი მეკობრე პოეტი სერ უოლტერ რაილი თავის წიგნში „ახალი, ლამაზი და მდიდარი იმპერიის აღმოჩენა“ (ამერიკას გულისხმობდა), ამტკიცებდა, რომ კურარესგან დაგვიცავდა შაქარი, თუთუნი და ნიორი. რაც თავისთავად აბსურდია, ისევე, როგორც მე-18 -ე საუკუნემდე დაწერილი ყველა ჩანაწერი კურარეზე.

 

როდესაც ესპანეთის იმპერია დაემხო, ცნობისმოყვარე ხალხი ახალ აღმოჩენილ მიწებზე ამოუცნობი მოვლენების შესწავლას შეუდგა. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ასტრონომი, გეოლოგი და ვოლტერის მეგობარი შარლ მარი დე ლა კონდამინი იყო. ათასი მიზეზით, მთელი ათი წელი იბოდიალა სამხრეთ ამერიკაში. სინამდვილეში ქინინის მოპოვების საიდუმლოს ამოცნობა სურდა. ეს უკანასკნელი ესპანელებს მოჰქონდათ და ევროპაში ძალიან ფასობდა. ქინინი იპოვა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ევროპაში კარგი, კონცენტრირებული შავი ცვილი – კურარე ჩამოიტანა.

 

ევროპელი ექიმებიც მაშინვე ცდების ჩატარებას შეუდგნენ. ვისზე? საბრალო კატებზე… და აღმოაჩინეს, რომ კურარე თიშავს ჩონჩხის კუნთებს და გლუვ მუსკულატურაზე არ მოქმედებს. და თუ ზოგჯერ სიკვდილი მაინც დგება, ამას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დამბლა იწვევს და მსხვერპლი ბოლომდე აცნობიერებს, რაც მის თავს ხდება. ამავე დროს, არც განძრევა და არც რაიმე ნიშნის მიცემა არავისთვის არ შეუძლია.

 

ვინმე ჩარლზ როტერტონმა კურარე ვირს გაუკეთა.

 

იცით ეს, ვინ არის? მოგვიანებით, რომ ბევრ ფულს დააგროვებს, ძვირფასი საჩუქრების გაკეთება რომ მისი ჰობი ხდება და მისი ინგლისის მამულში მისვლაზე რომ ყველა იოცნებებს. ასაკში ერთი ახირებული ჩვევა კი დასჩემდება… მაგიდის ქვეშ ძვრება და სტუმრებს ფეხზე კბენს. ყველამ იცის, ვინც იკბინება, მაგრამ ყველა სტუმარს ისეთ საჩუქრებს ჩუქნის, რომ კბენის მოთმენად და თვალის დახუჭვად უღირთ.

 

ჩარლზი კბენას სიბერეში დაიწყებს. მანამდე გვიანაში გაემგზავრება, სადაც მისი ოჯახი მამულს ფლობს. იქ ადგილობრივი ფლორა-ფაუნით დაინტერესდება და ფაქტობრივად ბიოლოგობას მიჰყოფს ხელს. კურარესაც შეისწავლის და დაადასტურებს, რომ სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლით დგება. ჰოდა, ერთ დღესაც კურარეს თავის ვირუკას გაუკეთებს. შემდეგ კი მისი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას დაიწყებს. მთელი ორი საათი ვირის ნაცვლად „სუნთქავს“. შემდეგ, ცხოველი ნელ-ნელა აზრზე მოვა და კიდევ 25 წელი ბედნიერად იცოცხლებს. აქედან ფანტასტიკური აღმოჩენა კეთდება – კურარე არ კლავს, უბრალოდ იწვევს დამბლას და თუ ამ დროს პაციენტს სუნთქვაში დავეხმარებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შესაბამისად, კურარეს გამოყენება მედიცინაში იმ დაავადებების დროს შეიძლება, რომლებიც კუნთების მკვეთრი სპაზმით მიმდინარეობს, მაგ. ტეტანუსი, ცოფი, სტრიქნინით (ალკალოიდია) მოწამვლა და ა.შ. ეს როტერტონის ვარაუდი გახლდათ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ცოფის დროს არა, მაგრამ ტეტანუსის და სტრიქნინის დროს კურარეს გამოყენება შესაძლებელი მართლაც არის.

 

ცოტა უფრო მოგვიანებით ფრანგმა ფიზიოლოგმა, კლოდ ბერნარმა ორგანიზმში კურარეს მოქმედების მექანიზმი შეისწავლა. თუმცა, კიდევ უფრო გვიან ამ მექანიზმის სრულად გაშიფვრისთვის ნობელის პრემიას ოტტო ლევი და ჰენრი დეილი მიიღებენ.

 

თუმცა, მანამდეც, 1887 წლიდან გაყიდვაში გამოვიდა კურარეს აბები, თითო 5, 5 მგ-იანი, 8 შილინგის ფასად. ამ აბებისგან საინიექციო ხსნარს ამზადებდნენ და ტეტანუსისა და სტრიქნინით მოწამვლისას ავადმყოფს უკეთებდნენ.

 

მეოცე საუკუნიდან მედიცინაში კურარეს ფართოდ იყენებენ. 1930 წლიდან ფსიქიატრიაში კრუნჩხვითი თერაპიის გამოყენება დაიწყეს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ, მაგრამ ძლიერი კრუნჩხვები, თურმე ფსიქიკურ შეტევებს ამსუბუქებს (ასე ამოვიკითხე და იმედია, სწორია). კრუნჩხვებს წამლებით ან ელექტროშოკით იწვევდნენ. ჰოდა, ტრავმების თავიდან ასაცილებლად, პაციენტს კურარეს უკეთებდნენ და მერე შოკს დასცხებდნენ ხოლმე. თანაც, გაირკვა, რომ შოკი მოდუნებული კუნთებით, ტვინისთვის მაინც სასარგებლო იყო.

 

ამ გამოცდილების შემდეგ ნელ-ნელა კურარე ქირურგიაშიც „შეიპარა“. საქმე ის გახლავთ, რომ ოპერაციის დროს, მართალია ანესთეზიას უკეთებდნენ, მაგრამ კუნთების მთლიანი მოდუნება არ გამოდიოდა და შესაძლოა პაციენტს კუნთების უნებლიე სპაზმი დასწყებოდა. კურარეს საჭირო დოზები კი კუნთის მთლიან მოდუნებას იწვევდა. თანამედროვე ქირურგიაში კურარე მთლიანად შეცვლილია მისი მოქმედების მექანიზმის მსგავსი და უფრო უსაფრთხო ანალოგებით.

 

მე კიდევ ზოგჯერ ბავშვივით ოცნება მიყვარს ხოლმე. აი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ქურდები შეიპარნენ. ამ დროს, თქვენც მიდიხართ, თავზე ადგებით და სათადარიგოდ გადანახულ, კურარეთი დამუშავებულ ისრებს ესვრით. ქურდებს და რეგვენებს კუნთების დამბლა უვითარდებათ. შენ კი ამასობაში 112-ში რეკავ და პოლიციას იძახებ, რომლებსაც კურარეთი დადამბლავებულ ქურდ-რეგვენებს პირდაპირ აბარებ.

 

ხომ არაჩვეულებრივად კარგი იქნებოდა, არა?…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი