პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რა ვასწავლოთ?

ისტორიისა და სხვა საზოგადოებრივი საგნების სწავლების მიზანი მხოლოდ საგნობრივი ცოდნის დაგროვება არ არის. ეროვნული საწავლო გეგმის მიხედვით, “ამ საგნების სწავლების მიზანია: დაეხმაროს მოსწავლეს, აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში; ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას; დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში”.
ყველას კარგად მოეხსენება, როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია რუსეთის ორასწლიანი ბატონობის პერიოდში. მართალია, XX საუკუნის დამლევიდან ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ მეორე უკიდურესობამდე მივედით _ ცდილობდით, ყველაფერი გვესწავლებინა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან; ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები, პროფესორები და აკადემიკოსები, ცდილობდნენ, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა პირდაპირ გადაეცათ მოსწავლეებისთვის. ცოდნა კი ნივთი არ არის, რომ ჩვენ მივაწოდოთ და მოსწავლეებმა გამოგვართვან. ცოდნა მოსწავლემ თავად უნდა დააგროვოს მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს თუ სხვა სასწავლო საშუალებების დახმარებით. განათლების რეფორმამდე ჩვენი წამყვანი ისტორიკოსების მიერ დაწერილ სახელმძღვანელოებში უხვი ფაქტობრივი მასალა იყო მოცემული, გაკეთებული იყო დასკვნები და შეფასებები, მოსწავლეებს კი მხოლოდ ამ ყველაფრის დამახსოვრება ევალებოდათ; მასწავლებელი ამოწმებდა, რამდენად კარგად დაიმახსოვრეს მათ ეს ყველაფერი, ამაში იწერებოდა ნიშანი და ამით მთავრდებოდა სწავლა-განათლება. თავად მოსწავლეებს აზრს არავინ ეკითხებოდა. არადა, ისინი მშვენივრად აზროვნებენ, თუ ამის საშუალებას მივცემთ. სხვისი ნააზრევის დაზუთხვა მოსწავლეებისთვის ნაკლებად საინტერესო იყო და ხელს არ უწყობდა მათი მოტივაციის ზრდას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ პერკინსის აზრით, “მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარი განუვითაროს, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის სათანადოდ და აქტიურად გამოყენებას. მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანი კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრებაა”. პერკინსის თეორიის მიხედვით, სწავლების სტრატეგია უნდა იყოს ყურადღების გამახვილება არა სასწავლო საგნის შინაარსზე, არამედ მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის სიღრმისეულად გაზრებაზე, მის კავშირზე მოსწავლის გამოცდილებასთან და სხვა სასწავლო საგნებში მიღებულ ცოდნასთან.

გავიხსენოთ, რას წერს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი ილია ჭავჭავაძე სკოლის დანიშნულების შესახებ: “საერო სკოლის უმთავრესი საგანი და საქმე საზოგადოდ ის არის, რომ ერის მოზარდ თაობას აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულისყური, გაუწურთნოს და კეთილად მოუმართოს გრძნობა, შეაჩვიოს მოზარდის ჭკუა-გონება მართლმსჯელობასა და თვითმსჯელობასა. საერო სკოლამ უნდა მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი… ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია…სკოლისა… სხვანი ამაზე შორს მიდიან და, სწორედ მოგახსენოთ, არც უსაბუთოდ. ეს სხვანი…ამბობენ, რომ ზნე-ხასიათის წვრთნა არამც-თუ უდიდესი, არამედ ერთადერთი საგანია სკოლისა, მისი პირველი და უკანასკნელი დანიშნულებააო. სკოლას ამის მეტი სხვა არავითარი საგანი არ უნდა ჰქონდეს და ყოველი ღონე ამას უნდა მიჰმართოს და მოახმაროსო… სწავლა-ცოდნის ძლევა მარტო იმ აზრით, რომ კაცი სწავლული და მცოდნე იყოსო, ამაო და ბოლო-მოუბმელი წადილია სკოლისა”.
……
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, “საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა. ცოდნის გამომუშავებაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს, ინფორმაციის დაუფლების პარალელურად, უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები, უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები”.

როგორ უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს სხვადასხვა უნარ-ჩვევა, თუ სწავლება მხოლოდ დამახსოვრებაზე იქნება აგებული? როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ კრიტიკული აზროვნება მხოლოდ ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებით? როგორ უნდა ისწავლოს არგუმენტებით მსჯელობა, თუ მას არ მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმისა და მისი არგუმენტებით დასაბუთების საშუალება? განა შეიძლება, მოსწავლემ სწორი დასკვნების გამოტანა და შეფასება ისწავლოს, თუ მას გამუდმებით სხვისი დასკვნებისა და შეფასებების გამეორება მოვთხოვეთ და არ მივეცით საშუალება, თავად გამოიტანოს დასკვნები და გააკეთოს შეფასებები?

განათლების ძველი სისტემის მიხედვით, მთავარი იყო დიდი მოცულობის მასალის დამახსოვრება, _ უნარ-ჩვევების განვითარება თავისთავად მოხდებოდა. საბჭოთა წყობილებას სულაც არ სჭირდებოდა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა. თუ მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებას მოვთხოვთ, როგორ გახდებიან ისინი კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, ინიციატივიანი ადამიანები? აშკარაა, რომ აუცილებელია სწავლება/სწავლის მეთოდების შეცვლა.
 
მასწავლებელი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, ყველაფერი, რასაც მოსწავლეებს ასწავლის, ცხოვრებასა და დღევანდელობას დაუკავშიროს. მაგალითად, IV საუკუნეში მომხდარი მოვლენა, ქრისტიანობის მიღება, დღესაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესსა და საგარეო ორიენტაციას; XIX საუკუნის 60-იან წლებში უხეიროდ გატარებული საგლეხო რეფორმა (ბატონყმობის გაუქმება) დღემდე უარყოფითად მოქმედებს რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკაზე (ამ ქვეყნებში მიწის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რაც მათ ჩამორჩენილობას განაპირობებს; სწორედ ამით აიხსნება, რომ საქართველოში, რომელიც ძველ მსოფლიოში მიწათმოქმედების ერთ-ერთი კერა იყო, ამდენი დაუმუშავებელი მიწაა).
ისტორიის მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ისტორიიდან მიღებული ცოდნა ადამიანმა აწმყოს ასახსნელად და მომავლის დასაგეგმავად უნდა გამოიყენოს. მოსწავლეს ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაც უნდა ვასწავლოთ, ანუ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, რომლის განვითარებაზეც მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექნება “ფორმალური ცოდნა”, რაც ცხოვრებაში ნაკლებად გამოადგება. “ფორმალური ცოდნა” სხვების ნააზრევის მექანიკურად, კრიტიკული გააზრების გარეშე დასწავლას ნიშნავს. ეს, სინამდვილეში, მკვდარი ცოდნაა, რომლის გამოყენებაც ადამიანს არ შეუძლია. ასეთი ცოდნა არა მარტო უსარგებლო, არამედ შესაძლოა საშიშიც იყოს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში. განათლების რეფორმამდე მოსწავლეს ზეპირად უნდა სცოდნოდა, საქართველოს რომელ კუთხეში რომელ წელს გაუქმდა ბატონყმობა, ასევე უნდა სცოდნოდა ქართული სამთავროების გაუქმების წლები. ეს თარიღები ისე ჰგავდა ერთმანეთს, რომ მოსწავლეებს ძალიან უჭირდათ მათი დამახსოვრება. რაში უნდა გამოეყენებინათ მათ უდიდესი ძალისხმევით შეძენილი ასეთი “ცოდნა”? მხოლოდ ნიშნის მისაღებად! ბუნებრივია, ამ თემის სწავლების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ცალკეული ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ისახებოდა ახალი _ ბურჟუაზიული წყობა ძველის _ ფეოდალურის წიაღში, როგორ გაიმარჯვა ახალმა წყობილებამ და როგორ არსებობდა ახლის წიაღში ძველი წყობილების გადმონაშთები. ასეთ ცოდნას მოსწავლე გამოიყენებს დღევანდელობის გასაგებად, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა ერთი წყობილებიდან მეორეში გადადის. მოსწავლე უკეთესად ახსნის იმ ობიექტურ სირთულეებს, რომლებიც ამ პროცესს ახლავს. ის შეძლებს იმის გააზრებას, რომ დღევანდელი უარყოფითი მოვლენები ძველი წყობილების გადმონაშთია.
რაც შეეხება თარიღებს, მათი მოძებნა იოლად შეიძლება საცნობარო თუ სამეცნიერო ლიტერატურაში და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს მათი ზეპირად ცოდნა (მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ბროშურა “საქართველოს ომების ქრონოლოგია”, რომელშიც მოცემულია საქართველოს მიერ წარმოებული ყველა ომის თარიღი მოკლე ანოტაციით). გაცილებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს ინფორმაციის მოპოვება, მისი კრიტიკული ანალიზი და გამოყენება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება შემოქმედებითი, ინიციატივიანი და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები. ბევრჯერ გაგვიგონია: “განა სირცხვილი არ არის, ქართველმა კაცმა დიდგორის ბრძოლის თარიღი არ იცოდეს?” დიახ, სირცხვილია! ოღონდ სირცხვილი თარიღის არცოდნა კი არა, არამედ ამ ბრძოლის მნიშვნელობისა და შედეგების არცოდნაა!
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლემ არ იცოდეს, რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა, ვთქვათ, დავით აღმაშენებელი. ზოგიერთ შემთხვევაში თარიღის ცოდნა აუცილებელია. მაგალითად, 1789 წელს იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები ეახლნენ ერეკლე II-ს და შესთავაზეს იმერეთის შეერთება და ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა, რაზეც ქართლ-კახეთის მეფემ სასახლეში გამართული სამდღიანი თათბირის შემდეგ უარი განაცხადა. ერთი შეხედვით, ერეკლეს საქციელი აუხსნელია _ განა ერთიანი საქართველო არ სჯობდა დაშლილ-დაქუცმაცებულს? XV საუკუნის მიწურულს ერთიანი საქართველო დაიშალა, თუმცა ქვეყნის ერთიანობის იდეა მაინც ცოცხლობდა და ყველა ქართველი მეფე ცდილობდა ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას. მაშ, რით უნდა ავხსნათ ერეკლეს საქციელი? ამ შემთხვევაში სწორედ თარიღის ცოდნაა აუცილებელი. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლით ადრე (1783 წ.) ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ასეთ ვითარებაში ქართლ-კახეთის სამეფოს იმერეთი რომ შეეერთებინა, ოსმალეთი მიიჩნევდა, რომ მას ართმევდნენ მის “კუთვნილ” დასავლეთ საქართველოს და ომს დაიწყებდა საქართველოს წინააღმდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იყო. ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს, რა ფაქტობრივი მასალა თუ თარიღები უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს, რომ მათ სწორი შეფასებები გააკეთონ და მართებული დასკვნები გამოიტანონ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა უნდა შემოწმდეს საატესტატო, ეროვნულ თუ სასერტიფიკაციო გამოცდებზე? ისტორიის სტანდარტში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებას: მოსწავლე მსჯელობს, ადარებს, აანალიზებს, ასაბუთებს, აფასებს. ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის სწორედ ეს უნარები უნდა შემოწმდეს. უმაღლეს სასწავლებელში წარჩინებით სწავლას და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას შეძლებს ის, ვისაც აზროვნების უნარი და სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევები აქვს განვითარებული და არა ის, ვისაც მხოლოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვს გაზუთხული და ნაკლებად შეუძლია აზროვნება თუ საკუთარი მოსაზრების დაცვა.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა შემოწმდეს, რამდენად აქვს მასწავლებელს განვითარებული ის უნარები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განუვითაროს, რამდენად იცნობს განსხვავებულ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რამდენად შეუძლია არგუმენტების მოფიქრება და შეფასება, შეუძლია თუ არა გაკვეთილის სწორად დაგეგმვა და სხვა.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი