ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დიდი მხედართმთავრები ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელის შესახებ უამრავი გადმოცემა და ლეგენდა არსებობს. მას პატივს მიაგებდნენ როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ევროპაში ალექსანდრე მაკედონელს დიდს უწოდებდნენ, ხოლო აზიაში – ორრქოსანს (ერთ-ერთი აზიური წარმოდგენის თანახმად, დედამიწა ხარის ორ რქას ეყრდნობოდა, ამიტომ მსოფლიოს მპყრობელს ორრქოსანს უწოდებდნენ).

რითი შეიძლება აიხსნას ალექსანდრე დიდის ასეთი პოპულარობა? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით ამ სტატიაში.
ალექსანდრე ძვ. წ. აღ. 356 წელს დაიბადა. ამ დროს მაკედონია, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ბერძნული კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა. ამ ქვეყანაში ძალიან ფასობდა ბერძნული ხელოვნება, მეცნიერება და ფილოსოფია. ალექსანდრეს მამა – მაკედონიის მეფე ფილიპე II არაფერს იშურებდა, რომ მემკვიდრისათვის საკადრისი განათლება მიეცა. სწორედ ამის გამო ფილიპემ ალექსანდრეს იმ დროის უდიდესი მოაზროვნე, ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე მასწავლებლად დაუქირავა.
მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა დამყარდა. ისინი ხშირად სეირნობდნენ სასახლის ბაღში და ფილოსოფიის, სამყაროს აგებულების, ბერძნული ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ საუბრობდნენ. ერთ – ერთი გასეირნების დროს მასწავლებელმა მოზარდ ალექსანდრეს ამცნო, რომ სამყაროში დედამიწისნაირი უამრავი ციური სხეული არსებობდა. „სამწუხაროა, რომ არცერთი მათგანი მე არ მეკუთვნის,” – აღნიშნა ალექსანდრემ.
მოსწავლისა და მასწავლებლის ახლო ურთიერთობა ბოლომდე გაგრძელდა. საბრძოლო ლაშქრობაში ყოფნისას ალექსანდრე ხშირად უგზავნიდა თავის მასწავლებელს სხვადასხვა სახის ეგზოტიკურ მცენარებსა და ცხოველებს, უზიარებდა შთაბეჭდილებებს უცხო ქვეყნების შესახებ, არისტოტელე კი ბრძნულ და საინტერესო დარიგებებს აძლევდა ყოფილ მოსწავლეს.
მემატიანეები გადმოგვცემენ ალექსანდრეს სიტყვებს: “ფილიპესგან დავალებული ვარ იმით, რომ ვცხოვრობ, ხოლო არისტოტელესგან – იმით, რომ ღირსეულად ვცხოვრობ”.
ალექსანდრე მაკედონელი პატივმოყვარეობასა და მიზანდასახულობას ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. ერთხელ ფილიპეს საჩუქრად შესანიშნავი ბედაური მიართვეს, რომელსაც ბუცეფალი ერქვა. ბუცეფალი იმდენად დიდი და დაუდგრომელი იყო, რომ მისი გახედნა ვერავინ გაბედა. ფილიპე მზად იყო, უკან დაებრუნებინა საჩუქარი, როდესაც 13 წლის ალექსანდრემ შესძახა: „საჩუქარს მხოლოდ იმის გამო კარგავთ, რომ არ იცით, როგორ უნდა მოეპყროთ ცხენებს!”. ის ბედაურს მოახტა და მალე დაიმორჩილა კიდეც. აღფრთოვანებულმა მამამ გულში ჩაიკრა შვილი და უთხრა: „შვილო ჩემო, სხვა სამეფო მოძებნე, რადგან მაკედონია შენთვის ძალიან მცირეა!”
ალექსანდრე მაკედონელი ძალიან ახალგაზრდა ჩაება ფილიპე II – ის მიერ წარმოებულ ომებში. როგორც ჩანს, მამა განზრახ აკეთებდა ამას, რათა მის მემკვიდრეს სახელმწიფოს მართვისა და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის გამოცდილება მიეღო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ქერონეასთან ბრძოლა. ეს ბრძოლა მაკედონიასა და ბერძნულ ქალაქ – სახელმწიფოებს შორის წარიმართა. სწორედ აქ უნდა გადაწყვეტილიყო მთელ ბერძნულ სამყაროში მაკედონიის ჰეგემონობის საკითხი.
ფილიპემ საკუთარ შვილს არმიის მარცხენა ფლანგი ჩააბარა. ალექსანდრემ რამდენიმე მანევრით შეძლო მტრის განადგურება და გადამწყვეტი როლი შეასრულა ბერძნული კოალიციის დამარცხებაში.
დამარცხებული ბერძნული ქალაქ – სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად ფილიპემ ქალაქ კორინთოში საბჭო მოიწვია, სადაც სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალით გალაშქრება გადაწყდა. თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ფილიპეს არ დასცალდა, რადგანაც ძვ. წ. აღ. 336 წელს, საკუთარი ქალიშვილის ქორწილში, ის მისმა პირადმა მცველმა მახვილით განგმირა.
ამ ტრაგედიის შემდეგ მაკედონიის სამეფოში დაბნეულობამ დაისადგურა. ადამიანებს არ ჰქონდათ იმედი, რომ 20 წლის ალექსანდრე ღირსეულად გააგრძელებდა გამოცდილი პოლიტიკოსის, ფილიპე II – ის საქმეს. ამას დაერთო ისიც, რომ ჩრდილოეთით მცხოვრებმა ფრიგიელმა და ილირიელებმა და ბერძნულმა ქალაქ – სახელმწიფოებმა მაკედონიის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს. სწორედ ამ კრიზისულ მომენტში გამოჩნდა პირველად ალექსანდრეს შესაშური ტალანტი და ნებისყოფა. მან სწრაფად დაიმორჩილა ჩრდილოელი ტომები და გეზი სამხრეთისკენ – საბერძნეთისკენ აიღო. ეს ოპერაცია იმდენად სწრაფად განხორციელდა, რომ აჯანყებულებმა მაშინვე ფარ-ხმალი დაყარეს. ერთადერთი ქალაქი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა, თებე იყო. თუმცა შტურმით მისი აღება ალექსანდრეს არ გასჭირვებია. ბერძნებმა მორჩილება გამოუცხადეს ახალგაზრდა მეფეს. გადმოცემის მიხედვით, ერთ – ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
მე ალექსანდრე ვარ! – უთხრა მეფემ.
მე კი დიოგენე! – უპასუხა ფილოსოფოსმა.
მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, – მიმართა ალექსანდრემ.
თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, – უპასუხა დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პრობლემების მოგვარებისა და ზურგის გამაგრების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ დროისთვის აქემენიდთა (სპარსელ მეფეთა დინასტია) იმპერია უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. მას შაჰინ შაჰი დარიოს III განაგებდა. დარიოსს იმ დროისთვის მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა მაკედონელთა ჯარს.
ალექსანდრეს ლაშქრობის დასაწყისში დაახლოებით 40 ათასი მეომარი ჰყავდა. აქედან 35 ათასი ქვეითი და 5 ათასი ცხენოსანი იყო. მაკედონური არმიის ძირითად დამრტყმელ ძალას ფალანგა წარმოადგენდა. ფალანგა მძიმედ აღჭურვილი მეომრებისგან შედგებოდა. მათ იარაღს დიდი ფარები, გრძელი 4-მეტრიანი შუბები და მოკლე მახვილები წარმოადგენდა. ფალანგის შეტევის შეჩერება იმ დროისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
ალექსანდრემ სპარსეთის იმპერიის დაპყრობა მცირე აზიიდან დაიწყო. მან რამდენიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, რომლებსაც დარიოს III – ის სატრაპებთან აწარმოებდა (ირანის იმპერია 22 სატრაპიად იყო დაყოფილი. მათ მმართველებს სატრაპები ეწოდებოდათ). ალექსანდრეს პირველი დიდი შეჯახება უშუალოდ ირანის შაჰის არმიასთან მოუწია. ამ ბრძოლაში მაკედონელმა დარიოს III – ის არმია გაანადგურა. თვითონ შაჰი ბრძოლის ველიდან გაიქცა და მთელი მისი სიმდიდრე ალექსანდრეს დარჩა. ამავე დროს მან ტყვედ იგდო დარიოსის მეუღლე და ქალიშვილები, რომელთაც დიდი პატივით მოეპყრო. ამ გამარჯვების შემდეგ მაკედონელთა მეფე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაუყვა: ყველა ქალაქი მას მორჩილებას უცხადებდა, ზოგიერთი კი როგორც განმათავისუფლებელს, ისე ხვდებოდა. ერთადერთი ქალაქი, რომელიც მაკედონიის არმიას არ დაემორჩილა, ტვიროსი გახლდათ. ის ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულზე იყო აშენებული. რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი დანებდა. ალექსანდრე დამარცხებულებს სასტიკად მოეპყრო – მამაკაცები გაჟლიტა, ქალები და ბავშვები მონებად გაყიდა. როგორც ჩანს, მაკედონელის ამგვარი ქმედება გაფრთხილება უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებოდა.
მცირე აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე ეგვიპტეში შევიდა. აქ მას სრული მორჩილება გამოუცხადეს და ფარაონების მსგავსად, უზენაესი ღმერთის, ამონ – რას შვილად აღიარეს. ალექსანდრემ ეგვიპტეში საფუძველი ჩაუყარა ერთ ტრადიციას: დაპყრობილ ტერიტორიებზე აარსებდა ქალაქებს, რომელთაც ალექსანდრიას არქმევდა. ეგვიპტის ალექსანდრიას ნილოსის დელტაში ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით ის მსოფლიოს ერთ – ერთი უდიდესი ქალაქი გახდა.
ეგვიპტიდან მაკედონელთა არმია სპარსეთის სიღრმისკენ გაემართა. დარიოსმა ალექსანდრეს წერილი გაუგზავნა. წერილში სპარსეთის შაჰი მაკედონელთა მეფეს სთავაზობდა დიდი რაოდენობით ოქროს გადახდას და ირანის იმპერიის ორად გაყოფას – აღმოსავლეთში დარიოსი იმეფებდა, ხოლო დასავლეთში – ალექსანდრე. წერილის განსახილველად მაკედონელმა სარდლები შეკრიბა და ამ წინადადებაზე აზრის გამოთქმა სთხოვა. გამოცდილმა სარდალმა პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, დარიოსის წინადადება მიეღო და დასძინა:
– მე რომ ალექსანდრე ვიყო, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
– მე რომ პარმენიონი ვიყო, მეც დავთანხმდებოდი, მაგრამ მე ალექსანდრე ვარ, – უპასუხა მაკედონელმა.
მან ირანის შაჰს ასეთი რამ მისწერა: ”არ შეიძლება ორი მზე ცის კაბადონზე, ისევე, როგორც არ შეიძლება ორი მბრძანებელი დედამიწაზე”.
ამგვარი წერილის საპასუხოდ დარიოს III – მ უზარმაზარი არმია შეკრიბა, რომელიც ბევრად აღემატებოდა ალექსანდრეს ლაშქარს. ირანელებს შეიარაღებაში საომარი სპილოები და ეტლები ჰყავდათ, რაც შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.
ბრძოლა ძვ.წ. აღ. 331 წელს გაიმართა. ალექსანდრემ პირველმა შეუტია ირანის არმიას, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა დარიოსისთვის. ირანელებმა ვერ გაუძლეს ამ შეტევას და გაიქცნენ. ბრძოლის ველი მიატოვა დარიოს III – მაც. გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი ტრიუმფით შევიდა იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს ქალაქ ბაბილონში.
მცირეოდენი შესვენების შემდეგ ალექსანდრე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე შეიჭრა. აქ მან აქემენიდთა ყველა სამეფო ქალაქი აიღო და უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მემატიანეები გადმოგვცემენ, რომ სამეფო ქალაქ პერსეპოლისის აღების შემდეგ მაკედონელებმა დიდი ღრეობა მოაწყვეს. ამ დროს ალექსანდრეს სარდლის, პტოლემეოსის საყვარელმა ტაის ათენელმა მოქეიფეებს მოუწოდა, შური ეძიათ სპარსელებზე. მთვრალმა ალექსანდრემ და მისმა მეომრებმა ეს შესანიშნავი ქალაქი გადაწვეს. მეორე დღეს გამოფხიზლებულმა მაკედონელმა ძალიან ინანა თავისი საქციელი.
ირანის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრეს მთავარი ამოცანა დარიოსის ხელში ჩაგდება იყო, ამიტომ ის ფეხდაფეხ მისდევდა ლტოლვილ მეფეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ყველასგან მიტოვებული შაჰინშაჰი მისმა ხელქვეითებმა მოკლეს და ცხედარი ალექსანდრეს მიართვეს. ალექსანდრემ ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ მკვლელები, ხოლო ირანის შაჰი მეფური პატივით დაკრძალა.
დარიოსის სიკვდილისა და ირანის იმპერიის დაპყრობის შემდეგ ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ დასრულდებოდა ეს სისხლისმღვრელი ომი და მშვიდობა დაისადგურებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ბოლომდე ვერ აფასებდნენ ალექსანდრეს დაუდგრომელ სულს. ის სულაც არ თვლიდა, რომ საკუთარი მისია შეასრულა და მომავალი ლაშქრობებისთვის ემზადებოდა.
ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა, ამჯერად შუა აზია და ინდოეთი დაელაშქრა. ეს იყო მეტად მძიმე და მომქანცველი სამხედრო ექსპედიცია. შუა აზიაში მაკედონელთა არმიას დიდი მთების და უდაბნოების გადალახვა მოუწია. მეომრებს ადგილობრივ ტომებთან ბრძოლა მოუხდათ. სწორედ აქ დაქორწინდა მაკედონელთა მბრძანებელი ადგილობრივი სამეფოს მეფის ქალიშვილზე – როქსანაზე.
შუა აზიის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე ინდოეთში შეიჭრა. მდინარე ინდის ხეობაში მან ორი დიდი სამეფო დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები მეტად ძვირი დაუჯდა. გაუთავებელი ტროპიკული წვიმების გამო მეომრები სხვადასხვა გადამდები დაავადებით დაეხოცა. ჯარი პრაქტიკულად გამოფიტული იყო. ალექსანდრე კი მებრძოლებს მთელი ინდოეთის დაპყრობისკენ მოუწოდებდა, ხოლო შემდეგ ხმელეთის დასასრულისკენ გასვლას (იგულისხმება ჩინეთისკენ ლაშქრობა და წყნარი ოკეანის სანაპიროს მიღწევა) სთავაზობდა. ამჯერად მეომართა და სარდალთა აზრმა გაიმარჯვა და მაკედონელთა არმია უკან გამობრუნდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ უკან დაბრუნებაც არ გახლდათ ადვილი საქმე – გზაში უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა.
ძვ. წ. აღ. 324 წელს ალექსანდრე თავისი არმიით ქალაქ სუზაში შევიდა. ათწლიანი ლაშქრობების შემდეგ არმიას საშუალება მიეცა, გამარჯვებით დამტკბარიყო.
მაკედონელმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. მან მეორე ცოლი შეირთო – დარიოსის უფროსი ქალიშვილი სტატირა. ამავე დროს მან თავისი სარდლები და 10 000 მეომარი სპარსელ ქალებზე დააქორწინა, რითაც ხაზი გაუსვა ახალი იმპერიის ერთიანობას. ზოგიერთი მემატიანე გვატყობინებს, რომ ალექსანდრეს ჩანაფიქრი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გაერთიანებაში მდგომარეობდა.
მაკედონელი ახალი დაპყრობებისა და უცხო ქვეყნების აღების გეგმებს სახავდა, როდესაც მოულოდნელად ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ისტორიკოსთა აზრით, მას მალარიამ მოუღო ბოლო. სასიკვდილო სარეცელზე ალექსანდრეს უთქვამს:
– წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრი გაიმართება.
ეს წინასწარმეტყველება მალევე ახდა, როდესაც მისმა სარდლებმა – დიადოხოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მრავალ ათწლეულს გაგრძელდა.
გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრეს ნეშტი მისმა სარდალმა, პტოლემეოსმა ეგვიპტეში გადაასვენა და ალექსანდრიაში დაკრძალა. თუმცა დღეს უცნობია, სად არის დაკრძალული ეს უდიდესი მხედართმთავარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი