სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ქვის ქვეყანა: სომხეთის მოკლე ისტორია

ილიას უნივერსიტეტის ახალ გამოცემებს ყოველთვის ყურადღებით ვათვალიერებ ხოლმე – აუცილებლად წასაკითხი, წიგნების სვეტებს მისამატებელი რომ არაფერი გამომეპაროს. გურამ მაისურაძის „სომხეთის ისტორიის“ ყიდვაც დანახვისთანავე გადავწყვიტე. მერე რა, რომ ამ ქვეყნის წარსულითა თუ აწმყოთი განსაკუთრებულად დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ. მივხვდი, რომ სამარცხვინოდ ცოტა ვიცოდი იმ გზაზე, რომელიც მეზობელმა ხალხმა გამოიარა და ეს წიგნი სასწრაფოდ უნდა წამეკითხა.

ავტორს შესავალშივე მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „შეუძლებელია, ქართველი ერის ისტორიას სწერდე და ამასთან არ იცნობდე და არ აფასებდე სომეხთა ძველ და მდიდარ ისტორიას. მარტო გეოგრაფიული მეზობლობა როდი აკავშირებდა ქართველსა და სომეხს. ამ მოძმე ერთა კავშირურთიერთობა არა მარტო ათეულ საუკუნეებს ითვლის, არამედ სიხარულისა და ჭირის თითქმის განუყოფლობას ითვალისწინებს“. ისევ ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, მათ ყოველთვის ერთი მტერი ჰყავდათ, თავსაც ერთად იცავდნენ, საერთო კი უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე განმასხვავებელი.

წიგნი „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიითაა გამოცემული და სომხეთის ისტორიას მოკლედ გვიყვება. შესანიშნავი ენით დაწერილი, სათავგადასავლო რომანივით იკითხება – რაც უფრო მეტს იგებ მთავარ გმირზე, მით უფრო გიყვარდება; ხვდები, როგორ ჰგავს მისი ამბები სახელმძღვანელოებში შენი ქვეყნის შესახებ მოთხრობილს, სკოლის წლებში დამახსოვრებულს. ზოგჯერ ეს სულაც ერთი ისტორიაა, ერთი ბრძოლაა გადარჩენისთვის.

ავტორი დასაწყისშივე შენიშავს, რომ „ჰაიასტანის“ სინონიმად „ქარასტანსაც“ ხმარობენ, რაც ქვის ქვეყანას ნიშნავს. მიზეზი „რელიეფში ქვიანი ტერიტორიის სიჭარბე“ უნდა იყოს. ასწლეულების მანძილზე მეტად ბევრი რამ განსაზღვრა სომეხთა ცნობიერებაში დარჩენილმა ამ სურათმა, ამ ქვებმა, რომელთა შორისაც მცენარის ღერო უნდა ამოეყვანათ. გაუთავებელმა ომებმა და უბედურებამ, გაუსაძლისთან გამკლავების აუცილებლობამ თითქოს ისინიც ქვად აქცია, ვისაც გამოსავლისთვის უნდა მიეგნო, ახალი თაობისთვის სიცოცხლის უფლება უნდა მოეპოვებინა.

კილიკიის სომხური სახელმწიფო, დიდი სურღუნი, ისრაელ ორი, ლორეს ნეიტრალური ზონა… რაღაცის შესახებ წამეკითხა, რაღაც მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდი. ამ პატარა გზამკვლევმა ბევრი ისეთი რამეც აღმომაჩენინა, რაზეც მცირე წარმოდგენაც არ მქონდა, არადა, სურათის მკაფიოდ დანახვას მის გარეშე ვერაფრით მოვახერხებდი. კავკასიის საქრისტიანოს ერთიანობის იდეაც უფრო სუსტი და უფრო გვიანდელი მეგონა, ოცნებაში გაჩენილი და იქვე დასამარებული. ის კი არცთუ ცოტა სომეხსა და ქართველს უჩქარებდა გულისცემას, ხელის გამოსაღებადაც აქეზებდა…

„გვიანი შუა საუკუნეების მთელ მანძილზე ქართული სამეფო-სამთავროები, ანუ როგორც ისტორიული წყაროები მათ უწოდებდნენ – „საქართველოები“, ერთადერთი იყო სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც რეალური პოლიტიკური ძალა გააჩნდა და ამდენად, მხოლოდ მას შეეძლო ქრისტიანულ კავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელობა და გარე სამყაროსთან პოლიტიკური ურთიერთობის სახელმწიფოებრივ დონეზე გაბმაც. ასე რომ, სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის კავშირი ქართულ სახელმწიფოსთან სავსებით კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენდა“, – ვკითხულობთ წიგნში.

„საქართველოების“ ხსენებამ გამაშეშა. არ მახსენდება, სხვაგან მენახოს ეს მრავლობითი ფორმა, წარმოსახვის გამაღიზიანებელი და შორეულ სივრცეებში გამტყუებელი.

ხომ ვთქვი, სათავგადასავლო რომანივით იკითხება-მეთქი. გულის ამაჩუყებელი იმდენად ბევრია, შეიძლება ბოლოს საკუთარი მგრძნობელობისაც კი შეგრცხვეს… 1795 წელს აღა მაჰმად ხანი ქართლ-კახეთში შემოიჭრება და კრწანისის ბრძოლის შემდეგ თბილისის აღებასაც მოახერხებს. ამ შემზარავი ამბის შეტყობისას რუსეთის სომეხთა სულიერი წინამძღოლი იოსებ არღუთიანი ერეკლე მეორეს სწერს: „თბილისის აოხრებას განიცდიან მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხები, რომელთაც მხოლოდ თქვენი ქვეყნისა და სამეფოს იმედი ჰქონდათ“. იმედი დიდი ხნით ქრება. წინ სასოწარკვეთის ათწლეულებია.

სხვა მაგალითებს აღარ მოვიყვან. გურამ მაისურაძის წიგნის მკითხველად კი პირველ რიგში ისტორიის მასწავლებლებს წარმოვიდგენ, გაკვეთილზე გასამეორებელ ფრაზებს რომ მონიშნავენ, ძველ შეკითხვებს ახალს რომ მიამატებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი