ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გეოგრაფიული დეტერმინიზმის სათავეებთან

გეოგრაფიული დეტერმინიზმი გეოგრაფიული და სოციალური ტერმინია, რომელიც საზოგადოებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას აღნიშნავს. გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეა ორი ათას წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში სწავლების სოციალურმა ფუნქციამ რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება, რაც არსებული პოლიტიკური წეს-წყობილების, რევოლუციის მიზეზების ან კოლონიალიზმის გამართლებით გამოიხატებოდა.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო თანამედროვე გაგებით მეცნიერების ჩამოყალიბება, მრავალი მოაზროვნის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვა: რა განაპირობებს სხვადასხვა გარემოსა და ისტორიულ ეპოქაში სოციოისტორიულ მრავალფეროვნებას? ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ის იყო, რომ სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რაც მათი მრავალფეროვანი სოციალური, კულტურული, ინტელექტუალური და ეკონომიკური ცხოვრების საფუძველია.

თავისთავად, ამგვარი თეორია არ შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ დეტერმინიზმად. გეოგრაფიულ დეტერმინიზმზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუნებრივი გარემო სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია.

ეს თეორია ჩანასახოვანი ფორმით ჯერ კიდევ ძველი ბერძენი სწავლულის ჰიპოკრატეს ნაშრომში „ჰაერის, წყლისა და ადგილების შესახებ” გვხვდება. სახელგანთქმული ექიმი ამტკიცებდა, რომ ადამიანთა გარეგნულ სახესა და წეს-ჩვეულებებში აისახება ქვეყნის ბუნება. ჰიპოკრატეს მოსაზრება განავითარა არისტოტელემ, რომელიც თავის „პოლიტიკაში” წერდა: „ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობენ, დაჯილდოებულნი არიან დიდი სიმამაცით, მაგრამ არ ჰყოფნით გონება სახელმწიფოებრივი საქმეების გადასაწყვეტად, ამიტომ მათ არ შეუძლიათ იბატონონ მეზობლებზე. აზიის მოსახლეობა კი, პირიქით, გამოირჩევა გონებრივი განვითარებით, მაგრამ აკლია სიმამაცე, ამიტომ მორჩილებასა და მონობაში ცხოვრობს”. არისტოტელეს თეორიას ნაწილობრივ იზიარებდა რომაელი ისტორიკოსი პოლიბიოსიც.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის პირველი ჩამოყალიბებული კონცეფცია XVI საუკუნეში შეიქმნა. მისი ავტორი გახლდათ ფრანგი სწავლული ჟან ბოდენი. თავისი თეორია მეცნიერმა განავითარა ორ ნაშრომში – „მსუბუქი შემეცნების მეთოდი” და „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ”.

ბოდენი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის ისტორიასა და სოციალურ ცხოვრებაში ბუნებრივი ფაქტორებიდან სწორედ კლიმატი ასრულებს გადამწყვეტ როლს. ის გამოყოფს სამ ძირითად კლიმატურ ზონას – სამხრეთისას, ჩრდილოეთისას და ზომიერს. მეცნიერს შემოაქვს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცნებაც, რომელშიც აღმოსავლეთს სამხრეთის ზონას მიაკუთვნებს, ხოლო დასავლეთს – ჩრდილოეთისას. მისი თქმით, საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისეთი ბუნებრივი ფაქტორები, როგორებიცაა მთიანი, ჭაობიანი თუ უდაბნო გარემო, ნაყოფიერი თუ უნაყოფო ნიადაგი, თუმცა გადამწყვეტი მაინც კლიმატია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში სითბო ცოტაა, ბოდენის აზრით, ამ ზონის მაცხოვრებლებს მეტი შინაგანი სითბო აქვთ; სამხრეთის მკვიდრთ მზის სითბო უხვად აქვთ, მაგრამ აკლიათ შინაგანი სითბო. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით სწავლული ასკვნის, რომ საკუთარი შინაგანი სიმხურვალის გამო ჩრდილოელები უფრო ამტანნი, უშიშარნი და აქტიურნი არიან.

ბოდენის აზრით, სამხრეთელთა აზროვნება მეტადაა მიდრეკილი მჭვრეტელობისკენ, ხოლო ჩრდილოელებისა – ხელოსნობისა და გამომგონებლობისკენ. რაც შეეხება ზომიერი კლიმატის მოსახლეობას, ის უმთავრესად სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას.

ჟან ბოდენი მიიჩნევს, რომ ნაყოფიერ ნიადაგზე მცხოვრები ხალხი ფუფუნებისკენ არის მიდრეკილი, ხოლო უნაყოფო ქვეყნები სახელოვანი მეომრებითა და ხელმარჯვე ოსტატებითაა დასახლებული. სწავლულს მაგალითად მოჰყავს ატიკა – ამ მხარის უნაყოფო მიწებმა აიძულა ათენელები, ხელოვნებაში უდიდესი წარმატებისთვის მიეღწიათ.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორიას იზიარებდა XVII-XVIII საუკუნეების მოღვაწე ჟან-ბატისტ დიუბო. საკუთარი შეხედულებები მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „კრიტიკული ფიქრები ფერწერისა და პოეზიის შესახებ”. ამ წიგნში ავტორი განიხილავს არა კაცობრიობის ისტორიას მთლიანობაში, არამედ ხელოვნების ისტორიას.
დიუბო აღნიშნავს, რომ ხელოვნების ისტორიაში იყო აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, რომელთაგანაც შეიძლება გამოვყოთ ოთხი დიდი პერიოდი: 1) ეპოქა, რომელიც იწყება ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპე II-ის გამეფებამდე 10 წლით ადრე; 2) იულიუს კეისრისა და ოქტავიანე ავგუსტუსის ეპოქა; 3) რომის პაპების – იულიუს II-ისა და ლეონ X-ის ეპოქა; 4) ლუი XIV-ის ეპოქა. ხელოვნების აყვავებისა და დაცემის მიზეზების კვლევისას მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ ფაქტორებზე.

როგორც დიუბო გვეუბნება, არსებობს ქვეყნები, სადაც ვერასოდეს დაიბადებიან ვერც დიდი მხატვრები და ვერც დიდი პოეტები. ასეთებია ჩრდილოეთის ქვეყნები.

ამ მოვლენის მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ადგილობრივ კლიმატში, უპირველეს ყოვლისა, ჰაერის ხარისხში, „რადგანაც, – წერს დიუბო, – ადამიანის სული და სხეული ურთერთქმედებენ ერთმანეთზე, ამიტომ სულის ხასიათი განპირობებულია სისხლის ხარისხით. სისხლით იკვებება ჩვენი სხეულის ყველა ორგანო, იგი მიაწვდის მათ იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვისა და მოზარდის ზრდისთვის”. სწავლული ასკვნის, რომ „სისხლის ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული იმ ჰაერის ხარისხით, რომლითაც ვსუნთქავთ, განსაკუთრებით – იმ ჰაერისა, რომელსაც ბავშვობაში ან სიყრმეში ჩავისუნთქავდით, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის ფორმირება. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან სხვადასხვა კლიმატის პირობებში მცხოვრები ხალხები ერთმანეთისგან ინტელექტითა და მიდრეკილებებით. თვით ჰაერის ხარისხი კი დამოკიდებულია ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლებულ წყალზე. სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგი სხვადასხვანაირ ჰაერს წარმოქმნის”.

სხვადასხვა ხალხის სულისა და მიდრეკილებების განმსაზღვრელ ფაქტორად ჰაერის მიჩნევა დიუბოს საშუალებას აძლევს განმარტოს, რატომ აქვთ სხვადასხვა ეპოქაში ერთსა და იმავე ერებს განსხვავებული წეს-ჩვეულებები და მიდრეკილებები. საქმე ის არის, რომ ჰაერის თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ისტორიის მანძილზე კონკრეტული საზოგადოების თვისებათა ცვლილებისა.

ამ თეზისის დასადასტურებლად დიუბოს მოჰყავს კონკრეტული მაგალითი: „თუ განსხვავება იტალიელებსა და ფრანგებს შორის განპირობებულია ამ ქვეყნებში ჰაერის არაერთგვაროვნებით, ასეთივე წარმატებით შეიძლება დავასკვნთ, რომ ფრანგებს შორის სხვადასხვა ეპოქაში ზნე-ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შეცვლა კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული”.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს შარლ მონტესკიეს. მისი აზრით, საზოგადოებრივი მოწყობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი. მონტესკიე წერდა: „არსებობს ქვეყნები, სადაც ცხელი კლიმატი იმდენად ფიტავს სხეულს და აძაბუნებს სულს, რომ აქ მცხოვრები ხალხი ყოველგვარ მძიმე სამუშაოს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ასრულებს. ასეთ საზოგადოებებში მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც სამოქალაქო საზოგადოება აქ პოლიტიკურ მონობაში იმყოფება”.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილის რელიეფი წარმოადგენს. „აზიაში, – ვკითხულობთ მონტესკიეს ნაშრომში, – ყოველთვის არსებობდა ვრცელი იმპერიები, ევროპაში კი, პირიქით, ამგვარი იმპერიები დიდხანს ვერ ძლებდა. საქმე ის არის, რომ აზიაში მრავლად გვხვდება ვრცელი ვაკეები, რომლებიც ნაკლებად არის დასერილი მთებითა და ხევებით. ვინაიდან ეს რეგიონი სამხრეთითაა, მთებში თოვლის საფარი სწრაფად დნება და ნაკლებად წყალუხვი მდინარეები ადამიანისთვის არ წარმოადგენს ძნელად გადასალახ დაბრკოლებას. ამიტომ აზიაში ხელისუფლება ყოველთვის დესპოტური უნდა იყოს. ამ ქვეყნებში არსებული უკიდურესი მონობა საფუძველს ქმნის დიდი სახელმწიფოებისა და იმპერიების არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადვილად დაიშლებოდა წვრილ და უფრო მცირე ზომის ერთეულებად, რაც ქვეყნის ბუნებრივი დაყოფისთვის შეუთავსებელი იქნებოდა”.

დაბოლოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის ხასიათს. „უნაყოფო ატიკამ, – ამტკიცებდა მონტესკიე, – წარმოშვა სახალხო მმართველობა, ხოლო ლაკედომონის ნაყოფიერ ველებზე სპარტის არისტოკრატიული სახელმწიფო შეიქმნა, რომელიც უფრო ახლოს დგას ერთმმართველობასთან და რომელიც სრულიად მიუღებელი იყო საბერძნეთის იმდროინდელი მოსახლეობისთვის”.

ბევრს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მონტეკიეს მოსაზრებები მეტად პრიმიტიული და საკამათოა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცნიერულ აზროვნებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია შეჩვეულები ვართ, სწორედ ამ ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი. მოგვიანებით XIX-XX საუკუნეების მრავალი მოაზროვნე თავის თეორიებში ისტორიის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ პირდაპირ თუ ირიბად შეეხო გეოგრაფიულ დეტერმინიზმს და ეს კონცეფცია წარმატებით გამოიყენა ისტორიის ერთიანი პროცესის გააზრებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი