ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ორმაგი მორალი

ცივსისხლიანი პრაგმატიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ადამიანები მხოლოდ თავიანთი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და გადაწყვეტილებათა მიღების დროს არასდროს ხელმძღვანელობენ მორალური პრინციპებით. მე არასდროს მჯეროდა ამგვარი ხედვის და მწამდა, რომ პოლიტიკურ ბრძოლებში ჩართული პირების უდიდეს უმცირესობას, განსაკუთრებული წნეხის მიუხედავად, მაინც შეუძლია თავისი მორალური მაქსიმების ერთგულება. ჩემს რწმენას ყოველთვის ამყარებდნენ ევროპელი „მწვანეები“, რომლებიც თავიანთი არაორდინარული ქცევით ხშირად იდგნენ ყოველდღიურ პოლიტიკურ კინკლაობაზე მაღლა და დანარჩენებისგან განსხვავებულ, ორიგინალურ სახეს ინარჩუნებდნენ.

ევროპელი „მწვანეები“ საკუთარ თავს „ანტიპარტიულ პარტიას“ უწოდებდნენ, რითაც ტრადიციული პოლიტიკური ძალებისგან თავიანთ გამორჩეულობაზე მიანიშნებდნენ. „ანტიპარტიულ პარტიაში“ ქალებსა და მამაკაცებს ყველა თანამდებობა თანაბრად ჰქონდათ გადანაწილებული, პარლამენტში არჩეული აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობას ვადაზე ორი წლით ადრე ტოვებდნენ და დეპუტატის მანდატს სიაში მათ შემდეგ აღმოჩენილ პირებს უთმობდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში „მწვანეები“ უმნიშვნელოვანეს საკითხებს ორგანიზაციის საერთო კრებასთან ათანხმებდნენ, ლიდერები რიგით წევრებთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ. რაც მთავარია, ანტიელიტური ჯგუფის წარმომადგენლები ტრადიციული პოლიტიკური სპექტრისთვის უცხო თემებზე საუბრობდნენ, იბრძოდნენ ტყეებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის, გენდერული სამართლიანობისთვის, ყველაზე დაჩაგრული და გარიყული ფენებისთვის, ეწინააღმდეგებოდნენ ომსა და ატომური ენერგიის გამოყენებას.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპული პოლიტიკური ცხოვრება ფუნდამენტურად გარდაიქმნა. ბუნებრივია, ტრანსფორმაციის მტკივნეული ეტაპების გადალახვა „მწვანეებსაც“ მოუწიათ. ისეთი მიამიტი და იდეალისტი არ ვარ, რომ პოლიტიკაში კომპრომისების მნიშვნელობა არ მესმოდეს. გასაგებია, რომ უმცირესობაში ყოფნისას ყველა შენს ინიციატივასა და იდეალს რეალობად ვერ აქცევ. მესმის, რომ პოლიტიკურ მიზანთა ერთი ნაწილის აღსასრულებლად მეორე ნაწილის დათმობა შეიძლება გახდეს აუცილებელი. ამგვარ ქმედებაში გასაკვირი არაფერია, გონივრული და პატიოსანი გარიგების გარეშე თანამედროვე დასავლური კოალიციური მმართველობა არ არსებობს. ჩემს გაოცებას მხოლოდ ორმაგი მორალური სტანდარტი და თავის მოტყუება იწვევს.

რამდენიმე კვირის წინ მთელი დღე დავუთმე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი მწვანეთა პარტიის ყრილობაზე დაკვირვებას. გერმანიის მწვანეთა პარტიის ღონისძიებას პირდაპირ ეთერში მივადევნე თვალი.

დიდი ყურადღებით მოვუსმინე პარტიის თავმჯდომარის, ომიდ ნოიპურის გამოსვლას. ნოიპური ირანელია, თეირანში დაიბადა. მოზარდი გახლდათ, როდესაც პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი ბიძა სიკვდილით დასაჯეს, დააპატიმრეს ნოიპურის დაც. მისი ნათესავების ნაწილი სპარსეთის ყურის კრიზისის დროს ჯარში გაიწვიეს, სადაც ისინი გაზით მოიწამლნენ. გაუსაძლისი ყოფის გამო ოჯახი გერმანიაში გადასახლდა. მაშასადამე, „მწვანეების“ ლიდერს საკუთარ ტყავზე აქვს ნაგრძნობი ირანის თეოკრატიული მმართველობის სისასტიკე, თავად იცის რადიკალი შიიტების რეპრესიების ფასი. ნოიპურმა პირადი გამოცდილების მოშველიებით ისაუბრა ირანის რეჟიმის ნაკლოვანებებზე, მსმენელებს ირანელ ქალთა ბრძოლის შესახებ დაწვრილებით უამბო, სიტყვის დასასრულ კი ოვაციების თანხლებით სრული სოლიდარობა გამოუცხადა სახელმწიფოს ძალადობის წინააღმდეგ აჯანყებულ ქალებს. გერმანული პოლიტიკის გავლენიან მონაწილედ ქცეული ირანული წარმოშობის პოლიტიკოსის გულწრფელმა გულისტკივილმა, ქალების მიმართ უპირობო თანაგრძნობამ ჩემზეც იმოქმედა, მეც ამაღელვა. გამიხარდა, რომ ევროპის შუაგულში არსებული პრობლემების მიუხედავად „მწვანეებს“ ახლო აღმოსავლეთის ტრაგედიაც არ დაავიწყდათ.

„მწვანეთა პარტია“ პაციფისტური მოძრაობიდან მოდის, შესაბამისად, ომზე საუბრისას ისინი ათმაგად ფრთხილობენ. პარტიას ხშირად ძალიან უჭირს ხოლმე რომელიმე სამხედრო-შეიარაღებულ კონფლიქტში კონკრეტული ძალის მხარდაჭერა. იუგოსლავიის ომში გერმანული სამხედრო შენაერთების მონაწილეობის გამო, ერთხელ „მწვანეების“ ლეგენდარული წინამძღოლი, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი წითელ საღებავშიც კი ამოსვარეს. ამჯერად, „მწვანეებმა“ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების რეზოლუციას, მშვიდობის მოძრაობის რადიკალ წევრთა კომპლექსები წინადადების დამტკიცების გზაზე გადაულახავ წინაღობად არ ქცეულა. ცხადია, „მწვანეების“ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამაც ხასიათი გამომიკეთა. ჩვენ ხომ ყველაზე უკეთ ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს დაბომბვისთვის განწირული პატარა ქალაქებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ დელეგატებს შორის განხილვის საგნად საუდის არაბეთის საკითხი არ იქცა. დისკუსიისას გაირკვა, რომ გერმანიის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერები ვერაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საუდის არაბეთში ევროპული იარაღის ექსპორტი შეწყვეტილიყო. ისინი დამწუხრებული არიან ამ ამბის გამო, მაგრამ ამ ეტაპზე თანაპარტიელებს არწმუნებენ, რომ ჯერჯერობით ვერაფერს შეცვლიან. არაბული სახელმწიფო გერმანიისგან 36 მილიონის ღირებულების იარაღს მიიღებს და ეს საკითხი „მწვანეებს“ უმრავლესობას შორის განსაკუთრებულ აღშფოთებას არ იწვევს. ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობა ისეთი პრინციპული და თანმიმდევრული არ არის, რომ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა დისკომფორტი იგრძნონ.

თუ კარგად დააკვირდებით, საუდის არაბეთი ბევრი ნიშნით ჰგავს რუსეთსაც და ირანსაც. რუსეთის მსგავსად, ოფიციალური რიადიც შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში, იემენში და ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობით წამოიწყო ომი ბაბელმანდების სრუტის სანაპიროზე მდებარე, ღარიბი ქვეყნის განადგურების მიზნით. საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები ევროპული იარაღით მიწასთან ასწორებენ იემენის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო დასახლებებს. ომიდ ნოიპურმა ალბათ ჩემზე უკეთ იცის, რომ ქალთა უფლებების თვალსაზრისით ირანი საუდის არაბეთთან შედარებით ნამდვილი ფემინისტური ციხესიმაგრეა. ისლამურ რესპუბლიკაში ქალები იკავებენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს, საქმიანობენ პარლამენტსა და მთავრობაში, რეგიონულ ადმინისტრაციებსა და დიპლომატიურ სამსახურებში. არაბეთის ნახევარკუნძულზე კი ქალებზე მეტი უფლებები, მგონი, შინაურ ცხოველებს აქვთ. ირანის მთავრობის მიერ ქალთა დემონსტრაციების სისხლიან დარბევა კი მარტივად შეგვიძლია შევადაროთ ჯამალ ხაშოგის შემთხვევას, სტამბოლის საელჩოდან აორთქლებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის ტრაგედიას.

რაც სამართლიანად არ ეპატიება რუსეთსა და ირანს, ასევე დაუშვებელი უნდა იყოს საუდის არაბეთის შემთხვევაშიც. თუ მთელი ევროპა არა, პაციფისტური წარსულის „მწვანეები“, ყოფილი „ანტიპარტიული პარტიის“ წევრები არ უნდა დუმდნენ ორმაგი მორალის გამოვლენისას.

შეიძლება ქვეყანას მოუწიოს კომპრომისზე წასვლა, მაგრამ ხალხის მიერ სინდისად მიჩნეულმა ინსტიტუტებმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა შეინარჩუნონ მყარი პოზიცია, მათ არ უნდა დაუშვან ზღვრის წაშლა უბრალო და მორალურ კომპრომისებს შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი