პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თოვლი და შეჩვეული დარდები

(რეზო ინანიშვილის „თოვლი“ და არჩილ სულაკაურის „დიდთოვლობისას“)

 რა არქაული და რა ნორჩია ყოველთვის თოვლის სილამაზე…ზამთრის პალიტრაში ერთი ფერი დომინირებს, მაგრამ ის ყველა დანარჩენის ნაკრებია და წუთისოფლის მთელი ფილოსოფიის დამტევ-მტვირთველი. ლიტერატურასა და პოეზიაში თოვლი ხან სიწმინდისა და შეუბღალაობის სიმბოლოა, ხანაც „იისფერია“, როგორც საყვარელი ქალის ხმაში უცხო სიმად გაჟღერებული „ფარული დარდი”. ზოგადად, ძალიან ძნელია მარტივსა და გენიალურზე წერა, როგორც თუნდაც საბავშვო ლიტერატურის შექმნა, რადგან ასტრიდ ლინდგრენის უბრალოება დიდი ღვთითბოძებული ნიჭია და უნივერსალურთან „მეგობრობა“…

რეზო ინანიშვილით, ამ დიდი ადამიანური ბუნებისა და შემოქმედებითობის მწერლით დავიწყოთ. მის მოთხრობაში „თოვლი“ ავტორი-მთხრობელი ბავშვია, რაც ასევე არაა მარტივი ხერხი სამყაროს განსაკუთრებული შეგრძნებების გადმოსაცემად. გარშემო იქნებ ამიტომაცაა ყველაფერი ჰარმონიული? თუნდაც ბოჩოლა ჭუჭნია, ჭუჭყიანს რომ ჰგავს, არადა, სული ალბათ ყველაზე სუფთა და შეურყვნელი აქვს ამქვეყნად, თოვლივით…„გომური გადავრაზეთ, მამამ ხელში ამიყვანა – ფეხები გაშალე, შარვალზე ტალახი არ წამისვაო, – გადააჭყაპუნა თავისი დიდი ჩექმებით აწუნწუხებული ეზო და მარნის დერეფანში დამსვა. დერეფანში აფუყული ქათმები შეგროვილიყვნენ. მე გავქანდი და შევვარდი შიგ შუაში და დავაწიოკე (379)“. ყველაფერი სიმშვიდით და სიკეთით „ყვავის“ ზამთარშიც, სამყარო სავსეა და მსუყე თვის ბოლო დღეების მთავრესავით. თან რაღაცა პასტორალური მისტიკაა თუ მითოსური მისტერია ეს პატარა (წუთი)სოფელი: „მერე ვენახის მხრიდან ფრთების წყვეტილ-წყვეტილი ქნევით სკვინჩა ჩიტები წამოვიდნენ და ბებერი კაკლის კენწეროზე დასხდნენ. კაკლის კენწეროები ნისლში ძლივს ჩანდა, ჩიტები და ჭიანი კაკლები თითქოს ჰაერში იყვნენ გაჩერებული (380)“. ყველაფერი ისეთი ცხადიცააა და იდუმალიც, როგორც ალბათ შესაქმის დასაწისში.

პატარა, ცელქი ბიჭისთვის რა უნდა იყოს იმაზე მაცდური, როცა მამა შეჰპირდება, შურდულს ზამთარში გაგიკეთებო და იმაზე სასიამოვნო, როგორიც ღუმელის გვერდით დაფენილ ხალიჩაზე კოტრიალია. მოკლედ,  ნეტარებები ბავშვისა, რომელიც არასდროს  „აჭირდიდებს“ რაიმეს (ეს მწერლის შეთხზული სიტყვაა), მის გულში კი ჭეშმარიტების გასაღებია. დიდი და სრულყოფილი ჰარმონიაა თხრობაშიცა და სიუჟეტურ აღწერილობებშიც (პატარას – პურჩაყრილი რძე, მამას – ლობიო და ღვინო), ოჯახის არქაიკა. თუნდაც ხედი სხვენიდან და მასში ჩატეული ჰორიზონტდაუდებელი სამყარო: „ოო, მიდიან შორს სახლების სახურავები და ნისლში იკარგებიან. ნისლში იკარგებიან კაკლისა და ალვისხეების კენწეროებიც. მთები არ ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ იქ ახლა სველ, გამხმარ ბალახებში გაზუნზლული მელიები და ტურები დაყუნყულებენ და თვალებდაჭყეტილი იყურებიან ჩვენკენ. წმიმა კი მოდის და მოდის (382)”. ადამიანსაც, ყოველივე ამის შემხედვარეს, აღარაფერი დარჩენია, რომ ბატიბუტს დაემსგავსოს: „ბრტყელი სიმინდი ცხიმწასმულ ქვაბში ხტის, ფხაკუნობს, ბათქაბუთქაობს, წკაპუნობს, დედა იღიმება, „შეჩვენდით თქვენო“…„თუ გინდა, ბატიბუტს გაჭმევთო“, მამამ. მუჭა-მუჭა ჭამენ და როგორც დედა ამბობს, თვითონვე ჰგვანან ბატიბუტებს (382)“. როგორც ცხოვრების გზა, სიზმარს დამსგავსებული დიდ პოეტთან, ისეთი რეალობაა: კოკით წყალზე წასული და შეგვიანებული მამა; თურმე დევი კი არ დაჰპატრონებია წყაროს, შალიკო იღებდა ღვინოს და დაუძახია; ასე ჩაუცვამთ „მაიმუნის პერანგები“ და დაულევიათ ორ-ორი ჭიქა. ესაა კეთილი და ნამდვილი ზღაპრები ცხოვრებაზე. აი, ისეთები, აუცილებლად რომ უნდა დაუჯერო, რათა გადარჩე უიმედობას, ურწმუნობას, შინაგან დაცლასა და გაუხეშებას, – კეთილი, საყვარელი კახელები და მათი სახით მთელი კაცობრიობა იდეაში. ყველა ერთმანეთს უფრთხილდება, როგორც ორი ძმის და ხორბლის არაკშია: არ შეგცივდეთო – ერთნი, ხოლო მერენი – ნუ დააქცევთ ახლა ოჯახს ჩვენი გულისთვისო. იუმორს არ იკითხავთ?! „კეთილი გულით მოტანილი მწნილი დასაყვედრებელ ზაქს არა სჯობსო?! თანაც მწნილი და რა მწნილი!…აქ რომ ჩაკბეჩ, მოსკოვში ნერწყვი მოუვათო (385)“.

ყველაფერი ლამაზიცაა და მშვენიერიც, როგორც პეპელა ძალოს ნამღერი:

„გაფრინდი, შავი მერცხალო,

გაჰყევ ალაზმის პირსაო…“

თან ეს ყველაფერი თითქოს დაბადებამდე ვიცოდით და ვიხსენებთ, როგორც სიტყვებს: „რაც უნდა ბევრი მაწამოთ, მაინც ვიქნები ქართველიო“ და ამ სიტყვებზე ჩაძინებული პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც გაღვიძებისთანავე თოვლს დაინახავს ფანჯრიდან, როგორც პირველყოფილ, ადამიანისგან ჯერ არ „შეურაცხყოფილ“ უმანკოებას. თოვლი კი ლამაზია და ძალიან ფილოსოფიური, როგორც თეთრად დაბერება. მოთხრობის ფინალი თავად მიწიერი სამყაროს სრულყოფილი სურათია, ისეთისა, როგორიც დასაწყისში ღმერთმა ჩაიფიქრა ალბათ: „მაინც კმაყოფილი ვიყავი. კმაყოფილები იყვნენ დედაცა და მამაც. მამა ღონივრად მიაბიჯებდა, თან ღიღინებდა, და რომ უფრო ღონივრად გადაებიჯებინა, კისერზე შემისვა. დედაც ცდილობდა, არ ჩამოგვრჩენოდა. მარცხენა მკლავზე ეხუტებოდა მამას, დაბლიდან შემოგვხაროდა და მისი კარგი, კეთილი თვალები ახლა უკვე თმაში გაბნეულ ფიფქებშორის ბრწყინავდა.

ძმებო, რა იყო ესოდენ მტკიცე მაშინ – მამაჩემის მხრები თუ თვითონ დედამიწა?! (387)“

ბავშვობის სულში შემონახულ, დიდი გაჭირვებისას მშველელ და გადამრჩენ იდილიას ქვეცნობიერი ცვლის არჩილ სულაკაურის მოთხრობაში „დიდთოვლობისას“ ანუ ის სფერო, რომელიც სოციალურ ცხოვრებაში თუ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისასაც უჩინარი და გასაიდუმლოებულია. ამიტომ ნაწარმოებში მრავლადაა ნახევარტონებისა და ასოციაციების  მწერლური „პუანტილიზმი“. ჩვენ თვალწინ ცნაურდება მთავარი პერსონაჟის სულიერი რეფლექსიები და აღვიძებს ცნობიერ-ქვეცნობიერის მიჯნაზე მთვლემარე შთაბეჭდილებებს, განცდებს.

თოვლი აქაც ახლადშობილი „მოხუცია“: „იბარდნება სახურავები, ხეები, ქუჩა და ხალხი. ახლახან დაიწყო ბარდნა…ჰაერში პეპლის ფრთისოდენა ფთილები დაუსრულებლად ირევა და ეფინება ყველაფერს, რაც კი გარეთაა (184)“. ნახატს დამსგავსებია ქალაქი: თბილადშეფუთნული, ლოყებაწითლებული ბავშვები, ფიფქების კორიანტელის იდუმალებით, რუხი ბოლი შემჭვარტლული საკვამურებიდან…

ფიქრი სწრაფზე უსწრაფესია და გაკრთება ბაკურიანიც: ტყე, იისფერი ჩრდილები, რომლებიც იზრდებიან და ერთმანეთში იხლართებიან. კოდალა არღვევს ტყის დუმილს. თხილამურები და უკან დარჩენილი თოვლით ტოტებდამძიმებული ფიჭვები. ხეებს შორის სივრცეს იპყრობს საღამოს გამჭვირვალე ბინდი, რომელიც შეუბრალებლად მოდის თოვლზე მოსრიალეებისკენ, უფრო სწრაფად, ვიდრე ისინი მიქრიან…

ცოლს სხვა რამ ახსენდება, ქმარს – სხვა. ამ უკანასკნელს სიამოვნებს ცოლის ნაღვლიანი ხმა, მაგრამ ბაკურიანი და ფეხნატკენი ლელა უჩნდება თვალწინ, იმის შიში, რომ ღამე გარეთ არ დარჩნენ და სადგურამდე მიასწრონ. თითქმის გარბოდა და ლელასაც აჩქარებდა, რომელსაც სიარულიც კი უჭირდა ნაღრძობი ფეხით…ცოლი (თითქოს, მისი ქვეცნობიერიც მიხვდება) ეუბნება:

„– ასე მგონია, სხვისთვის თოვს.“

ქმრის ნაგვიანევი მწარე სინანული კი: „მაინც რატომ მეშინოდა, მატარებელს არ გაესწრო…რა ლაჩრულად გავურბოდი ღამეს (191)“.

ზღაპრებში ყოველთვის ვირჩევთ ისევე, როგორც ცხოვრებაში: „აქეთ წახვალ, ინანებ…იქით წახვალ, გაგიხარდება“. იქნებ ჩვენი ქვეცნობიერი ირჩევს სწორედ, რომელშიც რაღაცა ეზოთერული ცოდნაა ჩვენი მომავლისა ჩადებული დასაბამიდან? ჩვენ კი ამას საბედისწერო შემთხვევითობებს ვეძახით. იქნებ ის, რომ ადამიანს საკუთარი თუ სხვათა ბედის წინასწარმეტყველება შეუძლია, ჩვენი ქვეცნობიერისვე „ბრალია“, რომელიც წუთისოფელში ბოლომდე შეუცნობელ წიაღთანაა მიერთებული? იმ წიაღში კი ზუსტად „იციან“, ერთს რატომ ჰყვარობენ და მეორე რატომ მოჰყავთ ცოლად; რატომ და რისთვის თოვს; ტრიალებს დედამიწა, პლანეტები, მოძრაობს გალაქტიკები; რომ სიბერე იმიტომაა თეთრი, თოვლივით, რომ ის სისუფთავეში, ბავშვობაში დაბრუნებაა და გაძვირფასება-გაერთიანება ყველა იმ მნიშვნელოვნისა, რაც არც ამაოა და არც დროში მოკვდავი…

ბოლოს სრულად გთავაზობთ სამყაროს ბუნების საუკეთესოდ შემცნობი, პოეტი-„ქურუმის“ ლექსს, რომელიც წყურვილის მოკვლაა, როგორც ზამთარში „უბინაოს ყოფნა ბინაში“ და როგორც სიცოცხლის სიყვარულის უღონობა „თოვლთა დაფნაში“. ცოდვა იქნებოდა მისი შემოკლება:

„ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ,

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ისევ და ისევ…

როცა უეცრად დაინახე

ამ დილის თოვლი,

მიხვდი,

რომ იმან რაღაცის თქმა

ისევ დაგასწრო,

როგორც წვიმა გასწრებდა ხოლმე…

კვირტის გაფურჩქვნა…

მაგრამ იმათ რომ

თავის თავის წაშლაც იციან!

აბა, შენ სცადე,

სულ ყველაზე უმნიშვნელოდ

ნათქვამ სიტყვის გადავიწყება.

ყველა სიტყვა,

ყველა ცრემლი

აწონილია.

ამიტომაც გშურს _ ბავშვის,

თოვლის,

წვიმის,

კვირტების,

რადგან ისინი რაღაცის თქმას

მუდამ გასწრებენ.

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ.

თუმც ყველაფერი

მილიონჯერ დაწერილია,

ჰაერშია ყველა ნამყოფი _

ჩიტის ფრთაც

და ფოთლის სიმწვანეც

და ყველა სიტყვაც…

და რაც ძველია _

მით უფრო მეტად ლამაზია,

მართალია

და სარწმუნოა.

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ…

თუმც თოვლი,

წვიმა,

ჩიტის ფრთა და

ბავშვის ტირილი

ისევ და ისევ შეგახსენებს,

ისევ და ისევ _

რომ ყოველ დილით ადგები და

გარეთ გამოხვალ,

ბავშვს გაუცინებ,

წვიმას სადმე გადაიწვიმებ

და უცაბედად,

და, ცხადია,

შენს უნებურად,

ძველ თოვლზე და

ძველ ბალახზე,

ძველ წვიმაზე,

ძველ გაზაფხულზე

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ,

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ისევ და ისევ.“

(ბესიკ ხარანაული, „ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ილაპარაკებ…“)

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, 2007 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი