პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

   ჯადოსნური ეკრანიდან მედიაწიგნიერებამდე

1926 წლის მარტში, მაშინ, როცა ჯონ ლოგი ბერდმა პირველი ტელევიზორი გამოიგონა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჯადოსნური ყუთი თითოეული ჩვენგანის ოჯახში ათწლეულების მანძილზე საპატიო ადგილს დაიკავებდა. ბევრისთვის ის იყო განტვირთვისა და გართობის საშუალება, ზოგისთვის -პროფესია, ხოლო დანარჩენებისთვის – მუდმივი სჯა-ბაასისა და ცხარე დებატების მიზეზი. იგი თითქმის ერთი  საუკუნის მანძილზე ყველაზე ეფექტური მედიასაშუალება იყო.

უხსოვარი დროიდან მსოფლიოში სხვადასხვა მედიასაშუალება არსებობდა. იყო მინის ბოთლში უჟანგბადოდ მომწყვდეული  საგულდაგულოდ შენახული ქაღალდის ხვეულა. ლაჟვარდოვან  ცაში მტრედს გაყოლილი მოფრიალე წერილებიც იყო. შემდეგ იყო ბეჭდური მედია, რადიო, ტელევიზია და ბოლოს, სოციალური მედია. დროთა მანძილზე, მედიასაშუალებების გამოყენება,  ბევრ სიკეთესთან ერთად, მეტად საფრთხისშემცველი  გახდა თანამედროვე საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ 2007 წელს  ამერიკაში იქმნება მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაცია, რომელიც აქტიურად ცდილობს  მედიაწიგნიერება წარმოაჩინოს  როგორც 21-ე საუკუნის განათლების გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქრისტი შაიბას და ფეით როგოვს. ისინი  უამრავი პუბლიცისტური ნაშრომის და სამეცნიერო საგანმანათლებლო წიგნების ავტორები არიან მედიაწიგნიერების მიმართულებით.

ოქტომბერში e-Twinning-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მე, როგორც ინგლისური ენის  მასწავლებელს,  წილად მხვდა ბედნიერება, პირადად დავსწრებოდი ქრისტი შაიბას ვორკშოპებს მედიაწიგნიერებაში; ყურადღებით მომესმინა ქალბატონი ნატალია ინგოროყვას საინტერესო მოსაზრებები  ამ თემის ირგვლივ.   გავეცანი სხვადასხვა სტატიას და ნაშრომებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით. დავესწარი ტრენინგებს და  სკოლაში დაბრუნებისთანავე, გადავწყვიტე,  მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა არა მარტო ჩემი კოლეგებისთვის, არამედ ჩემი მოსწავლეებისთვისაც. დავგეგმე სასკოლო პროექტი – „ჯადოსნური ეკრანიდან მედიაწიგნიერებამდე“.

თემა: „ჯადოსნური ეკრანიდან მედიაწიგნიერებამდე“

კლასი: მე-8 , მე-9

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების შესახებ და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.

პროექტის ხანგრძლივობა:  სამი საგაკვეთილო საათი

პროექტი წარვმართე  ინგლისურ ენაზე, ამით   მოსწავლეებში უფრო მეტად განვავითარე უცხოურ ენაზე ზეპირი და წერითი მეტყველების ისეთი უნარები, როგორიცაა დისკუსიის წარმართვა; აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება და ესეიზე მუშაობა. გავიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი უცხოურ ენაში. პროექტის მიმდინარეობისას მუდმივად მესწრებოდნენ უცხოური ენის კათედრის წევრები და კლასის ხელმძღვანელები.

დღე 1-ელი.

პროექტის პირველ დღეს მოსწავლეებს ვთხოვე, გონებრივი იერიშის საშუალებით დაესახელებინათ ერთი სიტყვა, რაც, მათი აზრით, უკავშირდებოდა მედიაწიგნიერებას. მათ ნებისმიერ  მოსაზრებას ვინიშნავდი დაფაზე. შემდგომ თავად გავაცანი, რა იყო მედიაწიგნიერება.

  • მედიაწიგნიერებაში განათლება გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში.
  • მედიაწიგნიერი ადამიანი არის აქტიური მოქალაქე, რომლისთვისაც თანამედროვე რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა მეტად საინტერესო, უსაფრთხო და სასიამოვნოა.
  • მედიაწიგნიერება გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ მედიაგზავნილების შემოტევას, რა უნდა ვიცოდე, რომ არ გავხდე მედიის მანიპულაციების მსხვერპლი და როგორ გამოვიყენო ნებისმიერი მედიასაშუალება ჩემი პროფესიული თუ პირადი წარმატებისთვის.

მოსწავლეებს მეტი ინფორმაციისთვის და ეფექტურობისთვის ვაჩვენე ვიდეორგოლი მედიაწიგნიერების შესახებ. სადაც აღწერილია, მედიაწიგნიერების რაობა, მედია საშუალებების ტიპები და მედიაგზავნილების სანდოობის განსაზღვრის გზები. ვისაუბრეთ კონკრეტულ საიტებზე, რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მედია გზავნილის სიმართლის დადგენა. როგორიცაა, მაგალითად, FACTCHECK.ORG, POLOTIFACT. და სხვ.

მედიაწიგნიერების და მედიაგზავნილების რაობის უკეთ აღსაქმელად გამოვიყენე სხვადასხვა რესურსი, როგორიცაა მონეტები,სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი  სუვენირები, წამლისა და იოგურტის შეფუთვები და სხვა.

პროექტის  პირველივე დღემ მაჩვენა, რომ მედიაწიგნიერებაზე ზემოთ ხსენებული პროექტის დაგეგმვა, სწორედ, რომ დროული იყო.

დღე მე-2

მეორე დღეს მოსწავლეებს გავაცანი ბეჭდური, სატელევიზიო და სოციალური მედიის სხვადასხვა ტიპის მედია მანიპულაციები. ვიმსჯელეთ  იმ საფრთხეებზე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში მედიასთან ურთიერთობისას შეხვდეს.   ვისაუბრეთ, ვყოფილვართ თუ არა ოდესმე მედიამანიპულაციის მსხვერპლი და  რა უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ ამა თუ იმ  ინფორმაციას დავიჯერებთ, დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს და გავაზიარებთ. ამისთვის აუცილებელია, ვკითხოთ ჩვენს თავს:

  1. ვიცით თუ არა მიღებული მედიაგზავნილის ავტორი ან წყარო და სანდოა თუ არა ის?
  2. არის  თუ არა მითითებული თარიღი?
  3. რამდენად შეესაბამება ინფორმაცია თანდართულ ფოტოსა და სათაურს?
  4. ხომ არ არის სათაური მეტისმეტად მყვირალა და ემოციური?
  5. აქვს ვებგვერდს ან ბეჭდურ მედიაწყაროს სანდოობის მაღალი მაჩვენებელი?

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაყურებინე ვიდეორგოლი “ ბოლო ქსოვა“ და ვთხოვე, ანიმაციის შინაარსი დაეკავშირებინათ მედიასაშუალებების გამოყენებასთან. მათი სწორი მიგნებები, მედიასაშუალებებზე მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო და ინტერაქციული აღმოჩნდა ჩემთვის და დამსწრე საზოგადოებისთვისაც. მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან და რადგანაც მედიაწიგნიერება მეტად კომპლექსური და მრავლისმომცველი საკითხია, დაბალი მზაობის მოსწავლეებს აზრის გამოხატვის დროს ვაძლევდი საშუალებას, ქართულად ესაუბრათ. ამით ხელი შევუწყვე მათ, თავისუფლად, ენობრივი ბარიერების გარეშე გამოეთქვათ საკუთარი აზრი.

დავალება:მოსწავლეები გავყავი ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს დაევალა შეექმნა პოსტერი, სადაც  გადმოიტანდნენ იმ ცოდნას, რაც ამ ორ გაკვეთილში დააგროვეს. მეორე ჯგუფს კი უნდა შეექმნა თამაში პირველი ჯგუფისთვის.  მათ სლაიდებზე ფოტოების საშუალებით უნდა ამოეცნოთ ტყუილი და ავთენტური მედიაგზავნილები.

დღე მე-3

მესამე გაკვეთილი დავიწყეთ შემეცნებითი  თამაშით,  „გაზომე სიმართლე“. თამაშში მოსწავლეებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლებიც. ყოველ მცდარ პასუხზე იზრდებოდა ცხვირი, ხოლო სწორზე-მოკლდებოდა.

თამაშის შემდგომ მოსწავლეებმა გააკეთეს  შექმნილი პოსტერის პრეზენტაცია და წარმოგვიდგინეს მათ მიერ შექმნილი  თამაში „ტყუილი თუ მართალი“ .

პროექტის მიწურულს მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და ვთხოვე, ერთ ჯგუფს მედიასაშუალებების დადებით მხარეებზე ესაუბრა, ხოლო მეორე ჯგუფს -უარყოფით მხარეებზე. საინტერესო აღმოჩნდა მათი შეფასებები  პროექტის შესაფასებლად მოსწავლეებს დავურიგე გასასვლელი ბარათები:

რა ვიცოდი აქამდე მედიაწიგნიერებაზე ?

რა ვისწავლე?

კიდევ რა მინდა რომ ვისწავლო მედიაწიგნიერების შესახებ?

პროექტის შეფასების ბარათების შევსებისას  მოსწავლეებმა მთხოვეს, თუ ნებას დავრთავდი, პასუხებს ჩემს პირად მეილზე მობილური ტელეფონით გამომიგზავნიდნენ. იდეა ძალიან მომეწონა. მეც ბევრი რამ მასწავლა ამ პროექტმა – რაც უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს პროექტი და რაც უფრო მრავალფეროვანია დამსწრე საზოგადოება, მით მეტი და საინტერესოა  შეფასება, კიდევ უფრო დიდია მოტივაცია.  მოსწავლეებს დაევალათ, დაეწერათ ესე – „თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანებს უფრო მეტად აახლოებს, თუ პირიქით, აშორებს მათ ერთმანეთისგან?“

მიუხედავად იმისა, რომ მედიაწიგნიერება სულ ახალი საგანმანათლებლო მიმართულებაა, თავისი აქტუალობით, პრაქტიკულობითა და მნიშვნელობით მყარად გაიდგამს ფესვებს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც და ჩვენ აღვზრდით იმ მედიაწიგნიერ თაობებს, რომლებიც თამამად და უსაფრთხოდ იმოგზაურებენ რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი