ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 ნანატრი ზეცა

/დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ შესახებ/

 

დავით ფირცხალავა მესხეთის თეატრში გავიცანი, იოანე ხუციშვილის სპექტაკლის – „დიდი შესვენება“ – პრემიერაზე. სპექტაკლი მისი პიესის მიხედვით დაიდგა. იქვე გავიგე, რომ დათა (ამ სახელით იცნობენ მეგობრები და მეც მივცემ თავს უფლებას, ასე მოვიხსენო) მხოლოდ დრამატურგი კი არა, რეჟისორიცაა და მისი შემოქმედებითი ვნება თეატრთან ერთად კინოცაა. ღრმა და შიშველი, გაუპრანჭავი სევდით დამამახსოვრდა და მაშინვე აღმიძრა ინტერესი, მისი ყველაფერი მენახა და წამეკითხა.

ასე ვიქეცი დავით ფირცხალავას შემოქმედების გულშემატკივრად. ეს კი სიხარულთან ერთად ტკივილსაც გულისხმობს. ფიქრის, სინდისის, ადამიანური ვალისა და სიმართლის მსუსხავ ტკივილს.

„დიდი შესვენება“ განსაკუთრებული ტექსტი აღმოჩნდა – პიესიდან სცენარში ტრანსფორმირდა და კინოდ იქცა. კარგ კინოდ, მნიშვნელოვან კინოდ. ცოტა ხნის წინ თბილისის კინოთეატრებში გამოჩნდა დავით ფირცხალავას სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი შესვენება“, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა და ამჯერადაც წარდგენილია საერთაშორისო კონკურსებსა და კინოფესტივალებზე.

„დიდი შესვენება“ სკოლის თემაზე შექმნილი (კინო)ტექსტია, რომელიც ჩვენი წარსულის ტრავმებს, კომპლექსებს, ეპოქალურ თუ პიროვნულ ქიმერებს ირეკლავს. მსახიობთა ვარსკვლავური პალიტრა (შაკო მირიანაშვილი, გიორგი შერვაშიძე, სანდრო კალანდაძე, გაგა შიშინაშვილი და სხვები), ბერდია არაბულის მხატვრობა, ნიკა ფანიაშვილის (ავი მუსაიფი), ნოდარ ნოზაძის და დათა ფირცხალავას მუსიკა – მთლიანობაში მედიტაციურ, ღრმა და მომნუსხველ სამყაროს ქმნის. ეს სამყარო ჩვენი შიშების და ტკივილების, სისუსტეების და ცოდვების ლაბირინთს ჰგავს, საიდან თავის დაღწევაც, ერთი შეხედვით შეუძლებელია. თუმცა, ამ ფილმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ის გამოუვალსა და შეუძლებელზე კი არაა, არამედ – შესაძლებელსა და სანუგეშოზე.

დათას რამდენიმე კითხვა დავუსვი. პასუხები წერილობით გამცა. უამრავი რამ მაინტერესებს, ყველა დეტალზე მინდა საუბარი, მით უფრო, რომ ამ ფილმში დეტალების ფერწერას ლამის ლიტურგიკული ფუნქცია აქვს – სიმბოლოებით და მეტაფორებით იქმნება ერთი ფატალური ღამის ატმოსფერო, რომელიც თავისი არსით სახარებისეული საიდუმლო სერობის ალუზიას ქმნის. თუმცა, საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ. იქიდან, როცა აწმყოში ჩნდებიან და მტკივნეულად იკბინებიან –

კითხვები წარსულიდან

დ.ფ.: „დიდი შესვენება“ სამეფო უბნის თეატრში, ბატონი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლის დროს დაიწერა. სადიპლომო ნამუშევრების დაწერის დრო მოდიოდა, მე კი ხელთ არაფერი მქონდა. ფიქრისას, თავში სკოლა ამომიტივტივდა, რომლის გახსენებაც ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ჩემში და დავსვი ასეთი კითხვა: რა მოხდება, თუ ძველი კლასელები შეიკრიბებიან სკოლაში, ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით, რომ ძველი დრო გაიხსენონ და მოილხინონ, მაგრამ შეხვედრის ინიციატორს, წარუმატებელ და ჯერ კიდევ თავის თავში ვერგარკვეულ ბიჭს, ექნება ფარული მოტივაცია – პასუხი აგებინოს ბავშვობის მეგობარს, რომელიც სკოლის პერიოდში მჩაგვრელი იყო?“.

 

ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში ასეთი ეპიზოდია: ერთ-ერთი გმირის სახლში ტელევიზორია ჩართული. ეკრანზე გოდერძი ჩოხელის „ცოდვის შვილები“ გადის. გამჭოლი პარალელიც ადვილი მოსახელთებელია – დავით ფირცხალავას ფილმი ცოდვის შვილობის წყევლაზეა, ცოდვის მემკვიდრეობის ტრაგიზმზე, რომლის კათარსისად ქცევაც ადამიანური ძალისხმევითაა შესაძლებელი. ნიუანსებით იქმნება მთელი ეს დრამა ვიზუალურ სახისმეტყველებად. დათა ფირცხალავა საუბრობს იმ გზაზე, რაც განვლო „დიდმა შესვენებამ“ –

სცენიდან ეკრანამდე

დ.ფ.: „სცენარი, პიესის დაწერიდან 4 წლის შემდეგ დავწერე. სიუჟეტს დაემატა პერსონაჟები, სცენები. ვფიქრობ, რომ კინო უფრო მოუხდა ამ ამბავს, გაკეთდა უფრო ზუსტი აქცენტები, მომეცა სცენების შეცვლის საშუალება და ამან მრავალფეროვნება შემატა ფილმს. ბატონი თემურიც სულ მაგას მეუბნებოდა, რომ მსხვილი კადრი, აქცენტების დასმა და პერსონაჟის შეფასება გაამდიდრებდა ამ ამბავს. პიესის წერის დროს, სკოლის პერიოდს, საფუძვლიანად პირველად ვეხებოდი. სცენარის წერის დროს კი ბევრი რამ გაანალიზებული მქონდა და მქონდა გამოკვეთილი პოზიცია, რომ პერსონაჟებმა, ვისაც წარსულში დაუჩაგრავს და ამის გამო, საკუთარ წარსულს გაურბის, ვინც დაუჩაგრავთ და მჩაგვრელს ვერ პატიობენ, ან საკუთარ თავს – სისუსტის გამო – ასეთმა გმირებმა, როგორ იცხოვრონ? სად შეიძლება იყოს ხსნა, შვება, გამოსავალი? არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც სკოლის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების შედეგებს ასახავს, თუმცა ყველა მათგანი (მე რაც მინახავს) ტრაგიკულად მთავრდება: ჩაგრულს შურისძიების წყურვილი იპყრობს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვება. მე სხვა ამოცანა დავისახე: როგორ შეიძლება, რომ სკოლის პერიოდის სისასტიკე, ტკივილი, გახდეს ადამიანისთვის გამოცდილების მომცემი და სასარგებლო“.

 

ყოფილი სკოლის ბუფეტში ღამით შეკრებილი ყოფილი კლასელები არქეტიპულ მიზანსცენას ქმნიან – თითოეულმა მათგანმა, ერთმანეთის შუქზე, თავისი ჩრდილი უნდა იპოვოს. ეს პროცესი დიდი და ნატიფი გულწრფელობითაა დახატული. ყველა ამბავი ისეთი ნაღდია, გრჩება განცდა, რომ ეს შენი პირადი ისტორია იყო…

დათა ფირცხალავა პროტოტიპებსა და არქეტიპებზე:

დ.ფ.: „რამდენიმე გმირს ჰყავს თავისი პროტოტიპი, რამდენიმე კი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს განასახიერებს. ისტორიებიც ნამდვილია, გამოცდილებით შეძენილი, მხოლოდ ამ ყველაფრის აკინძვა და საინტერესოდ წარმოჩენა ვცადე. მაგალითად, ერთი გმირი გაურბის საკუთარ წარსულს, იმიტომ, რომ მჩაგვრელი იყო და ისეთ სასტიკს, როგორიც სკოლის პერიოდში იყო, ვერ იღებს თავის თავს, ცდილობს, დამალოს. ნაცნობი მდგომარეობაა. მეორე, თავის ყველა წარუმატებლობას სხვას აბრალებს, ესეც არაერთგზის ხდება ცხოვრებაში. მესამე, საკუთარი ღირსეულობა რომ დაამტკიცოს, სურვილის საწინააღმდეგოდ, ირჩევს გზას, რომელიც მისი არ არის. მეოთხე გაციებულ ურთიერთობებს ვერ ეგუება, ადამიანებს უგრძნობ რობოტებს ადარებს და რეალობას სასმელით გაურბის. მეხუთე ფიქრსა და სევდას კლუბური ნარკოტიკებით გაურბის. მეექვსე სისუსტეს ვერ პატიობს საკუთარ თავს, როცა ის დაჩაგრულს ვერ გამოესარჩლა. მეშვიდე საერთოდ შეკრებაზე არ მოდის, იმიტომ, რომ სკოლაში, დამამცირებელ ზედმეტსახელს ეძახდნენ. და აი, დგება მათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მათი წარსული, აქტუალური და თემატური ხდება, მტკივნეული, არასასიამოვნო, მტანჯველი, მაგრამ აუცილებელი, რომ მოინელონ, მოინანიონ, აპატიონ, თავისუფლად სუნთქვა შეძლონ და მომავალში მიეცეთ იმის გარკვევის საშუალება, თუ ვინ არიან და რატომ გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე“.

 

„დიდ შესვენებას“ ყოფილი მოსწავლეები „ესწრებიან“. არსად ჩანან მასწავლებლები, თუმცა ყველა კადრი, ყველა მოქმედება მათი აჩრდილებითაა გამსჭვალული, სკოლის კედლებზეც თითქოს მათი შეცდომების თუ მადლის შუქ-ჩრდილები ირეკლება. ერთადერთი „უფროსი“, ვინც ამ ღამეული სერობის თანამეინახეა, სკოლის დარაჯია. საინტერესო, მკაფიო და საგულისხმო პერსონაჟი, რომლისგანაც ინიციაციის გზა იწყება. დათა ფირცხალავა იმ მასწავლებლებს იხსენებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი გადაგვდებია –

ნამდვილი დარდი

დ.ფ.: „ვფიქრობ, რომ ხელოვნება, და ამ შემთხვევაში კინო, რენტგენივით აშუქებს ავტორს. შეიძლება ფილმი არც იყოს ავტობიოგრაფიული, მაგრამ ავტორის სათქმელი, თემისადმი დამოკიდებულება – მასზე ბევრს მეტყველებს. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი მოპყრობა, მხილება, შესაძლებელია, მხოლოდ საკითხავია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან? რას გამოიწვევს ეს მაყურებელში? მოტივაცია განსაზღვრავს ქმედებას.

ერთხელ, კინო-სასცენარო ახალი დამთავრებული მქონდა, როცა სცენარი დავწერე და ჩემს პედაგოგს, ბატონ კოტე ჯანდიერს წავაკითხე. სცენარი ოსტატურად იყო დაწერილი, სტრუქტურა – გამართული, დიალოგები – ტარანტინოს სტილში, მაგრამ ერთი უდიდესი ნაკლით – ის არ იყო ჩემი, და შესაბამისად, არ იყო ნამდვილი. რამდენიმე ადამიანი გენიალურს უწოდებდა და მეც, შეგულიანებული, ჩემი პედაგოგისგან შექებას ველოდი, საპასუხოდ კი მწვავე კრიტიკა მივიღე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი წერილის ბოლო სიტყვები: „ამისთვის ტაშს დაგიკრავენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის“. ამ შემთხვევამ მთლიანად განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება შემოქმედებისადმი. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს სიმართლისთვის, მხილებისთვის, რომელიც ერთი შეხედვით დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ გააზრების შემდეგ – სასიცოცხლო მნიშვნელობის.

ეს ფილმი არის მცდელობა იმ გამოცდილების გაზიარებისა, რომელიც მე მომცა უსიამოვნო წარსულის გაანალიზებამ. ეს არის ფილმი – სინანულზე, ამ უდიდეს მაცოცხლებელ ძალაზე, სიხარულის წინდზე სულში, რომლის შემდეგაც, ადამიანს ეძლევა მორალური უფლება, აღადგინოს ურთიერთობა ღმერთთან“.

 

„დიდი შესვენება“ მკაფიოდ ქრისტიანული ფილმია. ამ აზრში, უპირველესად, იმ კულტურულ პარადიგმებს ვგულისხმობ, რაც ქრისტიანობის საზრისებს ქმნის. ქრისტიანობა არა მხოლოდ როგორც რელიგია, არამედ სიცოცხლის ძალა, სიყვარულის შესაძლებლობა, გაზრდის/აღზრდის ენერგია. როცა ერთი შეხედვით ყველაზე ბანალურ სიტუაციებსაც ამ შუქზე უყურებ, ხედვაც და რეფლექსიაც სხვა სიღრმეებს იძენს, ეს პროცესი კი შინაგან წვას ემსგავსება. წვას, რომელმაც ცეცხლი კი არა, სინათლე უნდა შვას.

ფილმის ფინალურ მომენტში, ერთი გმირი ამბობს: „ჭირმა თავი უნდა მოჭამოს, უნდა დამთავრდეს“. ჩემი აზრით, ამ ფრაზაშია ფილმის უმთავრესი სათქმელი. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ საკუთარი „ჭირის“ ხარშვაში, დღემდე ამ მორევში ვიჯიჯგნით თავებს. სკოლა ის სივრცეა, სადაც ამ ჭირთაგან თავის დაღწევის გზებიც უნდა გასწავლონ, სადაც გაზრდის აქტი, უპირველესად, სულიერ-კულტურულ ჭრილში უნდა შედგეს. ასე მოდის ის, რასაც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ლამის რელიგიურ ფეტიშად რაცხს, თუმცა მისი საზრისიც ზედაპირულ, ბრჭყვიალა, ხელოვნურ ფასადებს მიღმაა. ეს არის –

წარმატება

დ.ფ.: „ფილმი ახლა კინოთეატრებში გადის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას. ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ჩვენთან, საქართველოში, რადგან ფილმი, უპირველესად ქართველი მაყურებლისთვის არის შექმნილი.

ჩვენ, ყველა, მნიშვნელოვანი საქმისთვის გავჩნდით, ხოლო თუ რისთვის, ამის გარკვევისკენ სწრაფვაში, ხშირ შემთხვევაში, წარსულზე უაზრო გოდება და თვითგვემა გვიშლის ხელს, აწმყოს გვპარავს. ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება, თუ ფილმი, მაყურებელს მისცემს ბიძგს, შევიდეს მისთვის უსიამოვნო სივრცეში და იპოვოს მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზი. ეს დაგვამშვიდებს, ამოგვასუნთქებს და მოგვცემს საშუალებას, ვეძებოთ და ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე – რატომ, რა საქმისთვის გავჩნდით, რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების არსი, ჩვენი მისია, რას ელის ჩვენგან ღმერთი“.

 

თავის ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმში „მამა“, დავით ფირცხალავა ასეთ ფინალურ სცენას ხატავს: ორი ძმა ღამით ოთახში მამის ნაჩუქარ ნივთს ხსნის – კოლოფში ჭერზე მისაკრავი ფოსფორის ვარსკვლავებია. ისინი ვარსკვლავებს გააკრავენ, ლოგინზე პირაღმა გაწვებიან და „გაჩახჩახებული“ ზეცის ყურებით ტკბებიან.

ეს მათი ნანატრი ზეცაა – სახლიდან წასული მამის ნაჩუქარი და პირველი ცხოვრებისეული გამოცდით მოპოვებული.

დავით ფირცხალავას შემოქმედება ამ შინაგან სულიერ-კულტურულ ძალისხმევას ეძღვნება. მასში მუდმივად „ანთია“ ზეცა, რომლის ვარსკვლავებქვეშაც, დიდი დარდებისა და ტკივილების მიუხედავად, მაინც შეგიძლია იდღესასწაულო ადამიანად ყოფნა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი