სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

პოსტდეპრესიული ჩანაწერები

წელიწად-ნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთთან შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნითა და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას და მერე ცხადია, ექიმთან გადამისამართებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრიული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე – მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: „აზრები აწუხებს“. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“. არადა, ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება.

ერთმა გოგონამ მითხრა, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა, თოკიც ვიყიდე და ვერ გავბედე, მერე ამ თოკისგან მეზობელ ბავშვებს საქანელა გავუკეთეო. სწორედ ეს ვერგაბედვაა მთავარი იარაღი. სიცოცხლის წინააღმდეგ ვერგაბედვა გვაბრუნებს უკან. თავის მოკვლა ძალა და გმირობა არ არის, როგორც ჰგონიათ ხოლმე, პირიქით – ტანჯვას რომ გაურბი – იოლია, დანებების თეთრი დროშაა და მე გამოვცადე ამ დროშის უსასოო ფრიალი. ასე რომ, მთავარია ვერ გაბედოთ და სიცოცხლეს დაუთმოთ. მერე ის თვითონ დაბრუნდება უკან და ბრძოლას გაიძულებთ. ყალბი „ქოუჩური“ სიტყვები არ გეგონოთ, ამ „ქოუჩების“ საშინლად მეშინია – უბრალოდ მრავალგზის დადასტურებული ამბავია. მაშ, გააკეთეთ თქვენი წილი ჩამოსახრჩობი თოკისგან სხვისთვის საქანელა. ასე ყველა მოვიგებთ.

ქუთაისი მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს. არ მითხრათ ახლა, როგორ დაინახე და მიამსგავსეო, თორემ მეწყინება.

რადგანაც ქუთაისი და საერთოდაც იმერეთი, არის სიტყვა. სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა, ყველაზე მარტივ ამბებსაც ლიტერატურად აქცევს – გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.

ერთხელ ერთ ოჯახში მივედით, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ჩიხი იყო დახრილი და ასფალტი ოღრო-ჩოღრო, როგორც წინადადებები სამანიშვილის დედინაცვალში. დახრილი და უწერტილო – არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე – შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი. იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და სავარაუდოდ, მეგობარს, იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა.

„ახლა დამაყურე შენ! სულ არი ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან: ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი“.

აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში. მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც, განა გარეგნობით აღგვწერა – მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.

ეს არის ქუთაისი. ამიტომაც მიყვარს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი