პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

10 რჩევა ინგლისური ენის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს: „მეტყვი – დავივიწყებ, მაჩვენებ – დავიმახსოვრებ, ჩამრთავ – გავიგებ“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, 15-დან 19 მარტამდე ,,ინგლისური ენის სწავლების პროგრამის” ფარგლებში თბილისი,ფოთი, ზუგდიდისა და ქუთაისის, აფხაზეთის საჯარო და ასევე საქართველოს სხვადასხვარეგიონისსკოლებში მომუშავე აფხაზეთიდან დევნილ ინგლისური ენის 51 მასწავლებელს ტრეინინგი ჩაუტარდა.

 

რეინინგს დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკის შესახებ „მაკმილანის” სახელმძღვანელოს „Publishers Around The World” მიხედვით უძღვებოდა ოსტინისსაზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი ტატიანა გაბრიელსონი (ტეხასი, აშშ).

ტრეინინგს კოორდინირებას უწევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

მონაწილეებს დაურიგდათ სათანადო ლიტერატურა. ტრენინგებზე პედაგოგებმა მიიღეს მნიშვნელოვანი დახმარება და ინფორმაცია სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ აღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით, რაც დახმარებას გაუწევს მათ ინგლისური ენის სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში. ,,მაკმილანის” სახელმძღვანელო უხვადაა ილუსტრირებული, რაც ძალიან სახალისოს ხდის სწავლების პროცესს დაწყებით კლასებში, ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი მანანა ქვაჩახია:

ჩატარებული სემინარები დაეხმარება აფხაზეთის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებსპროფესიული დონის ამაღლებაში, ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებასა და მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადების პროცესში – დღეის მონაცემებით, რეგისტრირებულია 20-ზე მეტი ინგლისური ენის დევნილი მასწავლებელი. კონკრეტული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და ეხმიანება იმ ახალ ინიციატივებს, რომლებსაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა ინგლისური ენის სწავლების კუთხით”.

როგორც პროფესორმა გაბრიელსონმა გვითხრა, მან ტრეინინგი განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე ააგო და მისი მიზანი იყო, მასწავლებლებისთვის მიეცა რჩევები, ეჩვენებინა გზები, თუ როგორ შეიძლება ეროვნული გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღება იმ სახელმძღვანელოების გამოყენებით, რომლებიც დაწყებითი კლასებისათვის დაამტკიცა განათლების სამინისტრომ. სახელმძღვანელო “English World” შეიცავს: მოსწავლის წიგნს, რვეულს, მასწავლებლის წიგნს, პლაკატების სერიას (12 პლაკატს), 168 ილუსტრირებულ ბარათს – რადგან ამ საფეხურზე ამდენი სიტყვის ათვისებაა გათვალისწინებული, DVD-სა და CD-ზე ჩაწერილ სიმღერებს და სასწავლო ფილმს.

დოქტორი გაბრიელსონის აზრით, მსგავსი სემინარების საჭიროებას ის იწვევს, რომ, მიუხედავად მასწავლებლის წიგნში მითითებული სასწავლო მეთოდიკისა, რომლითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ, სირთულეს წარმოადგენს მისი დაკავშირება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ინგლისურის ენის სწავლების მაკმილანისეული პრინციპი იმას გულისხმობს, რომ საწყის საფეხურზევე გრამატიკა და ლექსიკა ინტენსიურად შემოდის და სისტემატურად ცირკულირებს. ასეთმა მიდგომამ უნდა მისცეს მოსწავლეს ინგლისური ენის სტრუქტურის ცოდნაც და ლექსიკური მარაგიც.

ტატიანა გაბრიელსონი: “ეს ისაა, რაც არ იყო საბჭოთა სკოლებში და რისი უქონლობის გამოც, მიუხედავად სიტყვების ცოდნის, მოსწავლეებს საუბარი არ შეეძლოთ. ამ მეთოდით, საუბრის დაწყებას თავიდანვე ექცევა ყურადღება. ყოველი გაკვეთილი აღწერს სიტუაციას და მოცემულია დიალოგში. ახალი სიტყვები თავიდანვე შემოდის ფუნქციური ერთეულებად. ფრაზები, რომლებსაც ბავშვები იმეორებენ, დამყარებულია საკლასო კომუნიკაციაზე. მთავარი ისაა, რომ სიტყვები ისწავლება საუბარში და წერა-კითხვა უკვე აქედან გამომდინარეობს. ამგვარი მიდგომა კი მოსწავლეს ანიჭებს თავდაჯერებას – მას უკვე შეუძლია, ილაპარაკოს უცხო ენაზე! რაც მთავარია, სახელმძღვანელოში ხაზგასმულია სტრატეგია, თუ როგორ მიუდგნენ უცხო ენის სწავლას, როგორ დამიმახსოვრონ სიტყვები, როგორ ისწავლონ კითხვა და სწორად წერა.

პრობლემას რამდენიმე ფაქტორი ქმნის: სახელმძღვანელო 12 ნაწილისგან შედგება. ყოველი სამი ნაწილის შემდეგ მოდის გამეორება, რაც ცოდნის გაკონტროლებას ემსახურება; სახელმძღვანელო აგებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს კვირაში 4 საათი უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის გაკვეთილი, ნაცვლად ორისა, როგორც დღეს საქართველოს სკოლებშია.

სირთულეს ქმნის ისიც, რომ პირველ კლასში ბავშვებს უწევთ ორი ახალი აანბანის შესწავლა, რაც ადვილი არ არის. ამ პროგრამით ინგლისური ანბანიც ინტენსიურად შემოდის, დაძაბულობა თავიდან რომ ავიცილოთ, მასწავლებლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ სიმღერებზე, ილუსტრირებულ ბარათებზე და ამით დადებითი ემოციები გამოიწვიონ.

გავიხსენოთ, როგორი მასწვლებლები გვყავდა დაწყებით კლასებში, რა გვახსოვს მათგან. როდესაც პედაგოგებს ამ კითხვას ვუსვამ, ისინი აუცილებლად გამოკვეთენ ორ თვისებას – მოთმინებას და ხალისს. რით განსხვავდებიან 6-7 წლის ბავშვები 10-11 წლისებისგან? უცხო ენის სწავლების მეთოდიკა მათი ასაკის შესბამისადაც უნდა შეირჩეს. სწავლების გეგმა ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი, იცოდეს, როდის წერს, კითხულობს, თამშობს და, რაც მთავარია, გაკვეთილი აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. არსებობს გამოთქმა, რომელიც უცხო ენის სწავლების ფილოსოფიას ზუსტად განსაზღვრავს – “მეტყვი – დავივიწყებ, მაჩვენებ – დავიმახსოვრებ, ჩამრთავ – გავიგებ”.

ტატიანა გაბრიელსონი მასწავლებლებს აძლევს 10 რჩევას იმის თაობაზე, როგორ იმოქმედონ ლექსიკის ეფექტურად სწავლებისათვის:

1. სწავლების დროს აუცილებლად გამოვიყენოთ ნამდვილი ნივთები, რომ ბავშვი შეეხოს მათ, დაყნოსოს, გემოც კი გაიგოს. მაგალითად, ბოსტნეული, ხილი, პური. მაკმილანს ამისათვის აქვს ბარათები, სადაც სიტყვებთან ერთად სურათებიც არის გამოსახული. და იმ ბარათებს, რომელიც უკვე გაიარეს, კინუ შევინახავთ, არამედ კედელზე გავაკრათ, რათა მოსწავლეებს მუდამ თვალწინ ჰქონდეთ.

2. იმისთვის რომ სიტყვები დაიმახსოვრონ, საჭიროა, ისინი ხშირად მეორდებოდეს სავარჯიშოებში. ამისთვის გამოდგება კროსვორდები, თავსატეხები.

3. მოვიფიქროთ თამაშები, თუნდაც “ჯვრისა და ნულის” თავსატეხი, ანდა ზურგს უკან მივცეთ ნივთი, რომელსაც ბავშვი შეეხება და მის სახელს წარმოთქვამს და ა.შ.

4 პირველივე გაკვეთილიდან ბავშვებს უნდა ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა სწავლის პროცესის მიმართ. ისინი უნდა მიხვდნენ, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, როგორ ჩამოიყალიბონ საკუთარი სისტემა. მაგალითად, ყოველდღიურად შეარჩიონ სიტყვები და ჩაყარონ ყუთში, ანდა ყოველდღე ჩაიხატონ რვეულში თითო საგანი თითო სიტყვაზე.

5. ისეთი სიტყვები, რომლებიც დამოუკიდებლად არ იხმარება: არტიკლები, წინდებულები, ასევე – სიტყვათა მყარი შეთანხმებები თავიდანვე ერთად ვასწავლოთ.

6. საჭიროა, სიტყვები პერსონიზებულად ვასწავლოთ. ამა თუ იმ სიტყვაზე ყველა ადამიანს საკუთარი ასოციაცია აქვს. ზოგიერთი სიტყვა ჩვენთვის დადებითად და ლამაზად ჟღერს, ზოგი – უხეშად და ა.შ. ითამაშონ – შეარჩიონ, გადაანაწილონ და ა.შ.

7. სიტყვების დამახსოვრებას ხელს შევუწყობთ, თუ საკლასო ოთახში არსებულ ყველა საგანს გავუკეთებთ წარწერას ინგლისურ ენაზე.

8. მასწავლებლებს ვურჩევდი, გამოეყენებინათ ინტერნეტი თამაშების, კროსვორდების, ფაზლების მოსაძიებლად, რათა სწავლების პროცესი მრავალფეროვანი გახდეს.

9. ცოტა უფროსებთან იმავე მეთოდს დავუმატოთ სალექსიკონო სისტემა – სიტყვა, ტრანსკრიფცია, სიტყვის წინადადებაში გამოყენება.

10. არსებობს ასეთი გამოთქმა: “წესი შვიდი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შვიდჯერ უნდა შეხვდეს ახალი სიტყვა, რათა გააცნობიეროს ის და დაიმახსოვროს. უნდა გამოვიგონოთ ისეთი საშუალებები, რომ მოსწავლეებს ახალი სიტყვა რაც შეიძლება მეტჯერ შეხვდეთ.

როგორც ტატიანა გაბრიელსონის გვიხსნის, უცხო ლექსიკის სწავლებისას თავს იჩენს ორი საკითხი: როგორ ვასწავლით და როგორ ვეხმარებით უკვე ნასწავლის ათვისებაში. ამაში ეფექტურად გვეხმარება თამაშები. ეს ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ძალიანკარგი აქვს და ბავშვებისთვის საინტერესოა.

ამერიკელი პედაგოგი ასევე გვირჩევს, თავიდანვე გავამახვილოთ ყურადღება სპეციფიკური ბგერების წარმოთქმაზე, მუდმივად ვაჩვენოთ, როგორ წარმოითქმება ისინი და სწორად წარმოთქმაში ვავარჯიშოთ. ამისთვის გამოვიყენოთ ენის გასატეხები, ლექსები და სიმღერები.

“მიმაჩნია, რომ მსგავსი სემინარები განსაკუთრებით საჭიროა რეგიონების სკოლებისთვის, სადაც ცოტაა წიგნები და მწირია ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია”, – ამბობს დოქტორი გაბრიელსონი.

საგულისხმოა, რომ სემინარისმონაწილე პედაგოგები უკვესაუბრობენ მის დადებით შედეგებზე. აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელსთეა ფირცხალავა, რომლიც ტატიანა გაბრიელსონის სემინარში მონაწილეობდა, მიაჩნია, რომ გაცნობილი მეთოდი ძალიანეხმარება მოსწავლეებს ახალი სიტყვებისდა გამოთქმების დამახსოვრებაში. “თუ აქამდე მხოლოდ კითხვითა და თარგმნით შემოვიფარგლებოდით, ახლა გაკვეთილები გაცილებით ხალისიანი და საინტერესო გახდა პატარებისთვის. ჩატარებული ტრეინინგი სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან აქ მიღებული უნარ-ჩვევების გამოყენება სწავლების პროცესში მეტად ნაყოფიერი გამოდგა”, – გვითხრა თეა ფირცხალავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი