პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი კითხვაზე

ფრაგმენტები სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტზის ჟანრის რომანების ავტორის, ინგლისელი მწერლის ნილ გეიმანის შესანიშნავი სტატიიდან კითხვის ბუნებისა და სარგებლობის შესახებ

 

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ახსნა, ვის მხარეზეა და რატომ. ეს ინტერესთა ერთგვარი დეკლარაციაა. ასე რომ, ვაპირებ, გესაუბროთ კითხვაზე, ბიბლიოთეკებსა და იმაზე, რატომ მიმაჩნია, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა, სიამოვნებისთვის კითხვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში.

ცხადია, მიკერძოებული ვარ, რადგან ვწერ. უმთავრესად – მხატვრულ ტექსტებს. ვწერ ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. დაახლოებით 30 წელია, რაც სიტყვებით მოვიპოვებ ლუკმაპურს. რაღაცებს ვიგონებ და ვიწერ. ეჭვგარეშეა, დაინტერესებული ვარ, რომ ხალხი კითხულობდეს და კითხულობდეს მხატვრულ ლიტერატურას, არსებობდნენ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები, რომლებიც ხალხს კითხვას აყვარებენ და ადგილები, სადაც შესაძლებელია კითხვა.

ასე რომ, მე როგორც მწერალი მიკერძოებული ვარ, მაგრამ ბევრად უფრო მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი.

 

წიგნიერი ადამიანები კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. მხატვრულ ლიტერატურას ორი დანიშნულება აქვს. უპირველესად, ის აჩენს კითხვაზე დამოკიდებულებას. იმის გაგების წყურვილი, რა მოხდება შემდეგ, გვერდის გადაფურცვლის სურვილი, გაგრძელების აუცილებლობაა, რა რთულიც არ უნდა იყოს, რადგან ვიღაცას უჭირს და უნდა გაიგო, რით დამთავრდება ყველაფერი – აი, ეს არის ნამდვილი დრაივი. ეს გაიძულებს, ისწავლო ახალი სიტყვები, იფიქრო სხვაგვარად, განაგრძო წინსვლა, აღმოაჩინო, რომ კითხვა თავისთავად სიამოვნებაა. როგორც კი ამას გააცნობიერებ, მუდამ გენდომება კითხვა.

 

წიგნიერი ბავშვების გაზრდის უმარტივესი გზა ასეთია: უნდა ასწავლოთ კითხვა და აჩვენოთ, რომ ეს სახალისოა. უმარტივესი ხერხია, იპოვოთ წიგნები, რომლებიც მათ მოეწონებათ და მისცეთ მათი წაკითხვის საშუალება.

 

ბავშვებისთვის ცუდი ავტორები არ არსებობენ, თუ თავად ბავშვებს სურთ მათი წაკითხვა და ეძებენ მათ წიგნებს. ბავშვები პოულობენ ისტორიებს, რომლებიც სჭირდებათ და ამ ისტორიებში შედიან. გაცვეთილი იდეა მათთვის შესაძლოა სულაც არ იყოს გაცვეთილი – ბავშვი ხომ მას ახლაღა აღმოაჩენს. ნუ აუცრუებთ  გულს კითხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, არასწორ რაღაცებს კითხულობენ. ლიტერატურა, რომელიც არ მოგვწონს, არის იმ წიგნებისკენ მიმავალი გზა, რომლებიც შეიძლება მოგვეწონოს. და ყველას არ აქვს თქვენნარი გემოვნება.

 

მეორე, რასაც მხატვრული ლიტერატურა აკეთებს: ის წარმოშობს ემპათიას. როდესაც სატელევიზიო შოუს ან ფილმს უყურებთ, თქვენ უყურებთ იმას, რაც სხვა ადამიანებს ემართებათ. მხატვრული ლიტერატურა არის ის, რაც იქმნება 33 ასოსა და რამდენიმე სასვენი ნიშნისგან, და თქვენ, მხოლოდ თქვენ, თქვენი წარმოსახვის მოშველიებით, ქმნით სამყაროს, ასახლებთ მას და უცხო თვალით უყურებთ. იწყებთ საგნების შეგრძნებას, დადიხართ ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებ ადრე არც იცოდით. იგებთ, რომ გარე სამყაროც თქვენ ხართ. თქვენ ხდებით სხვა და როცა თქვენს სამყაროს უბრუნდებით, თქვენში უკვე რაღაცაა შეცვლილი.

 

ემპათია ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და საშუალებას აძლევს მათ, მარტოხელა ეგოისტებივით აღარ მოიქცნენ.

 

 

გარდა ამისა, წიგნებში ვპოულობთ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, აი, რას: არ არის აუცილებელი, სამყარო ასეთი იყოს; ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

 

2007 წელს ჩინეთში ვიყავი, პარტიის მიერ ნებადართულ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის პირველ კონფერენციაზე. როგორღაც ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს ვკითხე: რატომ? სამეცნიერო ფანტასტიკა ხომ არ მოგწონდათ, რა შეიცვალა–მეთქი? ყველაფერი მარტივია, მიპასუხა მან. ჩინელები მშვენიერ ნივთებს ქმნიდნენ, თუ მათ სქემებით მოამარაგებდი, მაგრამ თავად ვერაფერს აუმჯობესებდნენ და ახალს ვერაფერს  იგონებდნენ, ამიტომ მათ გაგზავნეს დელეგაცია შეერთებულ შტატებში, Apple-ში, Microsoft-ში, Google-ში, რათა გაერკვიათ, როგორები არიან ადამიანები, რომლებიც იგონებენ მომავალს. და აი, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ბავშვობაში სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობდა.

 

ლიტერატურას შეუძლია, სხვა სამყარო გაჩვენოთ. მას შეუძლია წაგიყვანოთ იქ, სადაც  არასდროს ყოფილხართ. მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროებს ეწვევით, ვეღარასოდეს იქნებით კმაყოფილი იმ სამყაროთი, რომელშიც გაიზარდეთ. უკმაყოფილება კი კარგია. უკმაყოფილო ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ და გააუმჯობესონ თავიანთი სამყარო, გახადონ უკეთესი, განსხვავებული.

 

როგორ შეიძლება ჩავუკლათ ბავშვის კითხვის სიყვარული? რა თქმა უნდა, იმით, რომ მის ირგვლივ არ იყოს წიგნები და არ იყოს ადგილები, სადაც მათი კითხვა შეეძლება. მე იღბლიანი ვარ: ბავშვობაში მქონდა დიდი რაიონული ბიბლიოთეკა და მყავდნენ მშობლები, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ბიბლიოთეკაში მტოვებდნენ.

 

ბიბლიოთეკები თავისუფლებაა. კითხვის თავისუფლება, კომუნიკაციის თავისუფლება. ეს არის განათლება, რომელიც არ მთავრდება სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულებისას, ეს არის დასვენება, ეს არის თავშესაფარი და ეს არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 

ვფიქრობ, საქმე ინფორმაციის ბუნებას ეხება. ინფორმაციას აქვს ფასი, ხოლო სწორი ინფორმაცია ფასდაუდებელია. თავისი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა ინფორმაციის ნაკლებობაში ცხოვრობდა. ინფორმაციის მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის რაღაცად ღირდა. როდის დავთესოთ კულტურები, სად ვიპოვოთ ნივთები, რუკები, ისტორიები – ეს არის ის, რაც ყოველთვის ფასდებოდა. ინფორმაცია ღირებული იყო და მას, ვინც ამ ინფორმაციას ფლობდა ან მოიპოვებდა, შეეძლო, ჯილდოს იმედიც კი ჰქონოდა.

ბოლო დროს ჩვენ აღარ განვიცდიდით ინფორმაციის ნაკლებობას, პირიქით, მისი სიჭარბე უფრო გვაწუხებს. Google-ის წარმომადგენლის ერიკ შმიდტის თქმით, კაცობრიობა ახლა ყოველ ორ დღეში იმდენ ინფორმაციას ქმნის, რამდენიც შექმნილა ჩვენი ცივილიზაციის დასაწყისიდან 2003 წლამდე. ეს დღეში დაახლოებით ხუთი ეგზობაიტია. ახლა ჩვენი ამოცანაა არა იშვიათი ყვავილის პოვნა უდაბნოში, არამედ კონკრეტული მცენარის პოვნა ჯუნგლებში. ჩვენ გვჭირდება დახმარება ნავიგაციაში, რათა ინფორმაციის მორევში ვიპოვოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება.

 

წიგნები მიცვალებულებთან ურთიერთობის საშუალებაა. ეს არის გზა, რაღაც ვისწავლოთ მათგან, ვინც ჩვენთან აღარ არის. კაცობრიობამ შექმნა საკუთარი თავი, განვითარდა, წარმოშვა ცოდნის ტიპები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს და მხოლოდ დამახსოვრებაზე არ იყოს ორიენტირებული. არსებობს ზღაპრები, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე მრავალი ქვეყანა, ზღაპრები, რომლებიც დიდი ხანია გასცდა იმ კულტურებს და კედლებს, რომლებშიც პირველად წარმოითქვა.

 

თუ არ აფასებთ ბიბლიოთეკებს, მაშინ არ აფასებთ ინფორმაციას, კულტურას და სიბრძნეს. ახშობთ წარსულის ხმებს და აზიანებთ მომავალს.

 

შვილებს ხმამაღლა უნდა ვუკითხოთ. უკითხეთ ის, რაც გაახარებთ. უკითხეთ ისტორიები, რომლებმაც უკვე დაგღალათ. ესაუბრეთ სხვადასხვა ხმით, შეინარჩუნეთ ინტერესი და არ შეწყვიტოთ კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკვე თავადაც შეუძლიათ ამის გაკეთება. ხმამაღლა კითხვა აქციეთ ერთობის  მომენტად, დროდ, როცა ტელეფონს არავინ ჩაჰყურებს, როცა სამყაროს ცდუნებები განზეა გადადებული.

 

ენა უნდა გამოვიყენოთ. ისწავლეთ ახალი სიტყვები, მათი მნიშვნელობა და გამოყენება. არ შეიძლება ენის გაყინვა, თავის მოკატუნება, თითქოს ის მკვდარი იყოს. ენას უნდა მოვეპყროთ როგორც ცოცხალ არსებას, რომელიც მოძრაობს, ატარებს სიტყვებს და დროთა განმავლობაში მათ სხვა მნიშვნელობებს ანიჭებს.

 

მწერლებს, განსაკუთრებით – საბავშვო მწერლებს, ვალდებულება გვაკისრია მკითხველის წინაშე. ჩვენ უნდა დავწეროთ სიმართლესთან მიახლოებული რამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ვიგონებთ არარსებულ ადამიანებს ან ადგილებს, სადაც არ ვყოფილვართ, რათა გავიგოთ, რომ სიმართლე არის არა ის, რაც სინამდვილეში მოხდა, არამედ ის, რაც გვეუბნება, ვინ ვართ ჩვენ.

 

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერთან ერთად, ლიტერატურა ხომ ნამდვილი ტყუილია. ჩვენ არ უნდა მოვაწყინოთ მკითხველი, უნდა ვაიძულოთ, თვითონვე გადაფურცლოს მომდევნო გვერდზე. ერთ-ერთი საუკეთესო რესურსი მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება, არის ამბავი, რომელსაც თავს ვერ ანებებს.

 

მკითხველს სიმართლე უნდა ვუთხრათ, შევიარაღოთ ის, დავიცვათ და გადავცეთ სიბრძნე, რომელიც ვისწავლეთ ამქვეყნად ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. მას არ უნდა ვუქადაგოთ, არ უნდა ვუკითხოთ ლექციები, არ უნდა ვუტენოთ თავში მზა ჭეშმარიტება, როგორც ჩიტები ატენიან ბარტყებს ნისკარტში წინასწარ დაღეჭილ მატლებს, და არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავწეროთ ბავშვებისთვის ის, რისი წაკითხვაც თავად არ გვენდომება.

 

ყველა – დიდებიც და პატარებიც, მწერლებიც და მკითხველებიც – უნდა ვოცნებობდეთ. უნდა ვიგონებდეთ. ადვილია თავის მოკატუნება, თითქოს ვერავინ ვერაფერს შეცვლის, თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც საზოგადოება უზარმაზარია, ინდივიდი კი – არაფერზე ნაკლები, ატომივით მოცუცქნული, ბრინჯის მარცვლისოდენა. სიმართლე ის არის, რომ ინდივიდები ცვლიან სამყაროს, ქმნიან მომავალს და ამას აკეთებენ იმის წარმოდგენით, რომ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად იყოს.

 

მიმოიხედეთ. სერიოზულად ვამბობ. ერთი წუთით გაჩერდით და შეხედეთ ოთახს, რომელშიც იმყოფებით. მინდა გაჩვენოთ რაღაც ისეთი, რაც უკვე ყველამ მიივიწყა. აი, ყველაფერი, რასაც ხედავთ, კედლების ჩათვლით, რაღაც მომენტში გამოიგონეს. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ სკამზე ჯდომა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე მიწაზე ჯდომა და სკამი მოიგონა. ვიღაცას მოაფიქრდა გზა, რომლითაც ახლა თქვენ გესაუბრებით ლონდონიდან ისე, რომ წვიმა არ მასველებს… ეს ოთახი და ყველაფერი, რაც მასშია, ამ ქალაქში არსებობს იმიტომ, რომ ადამიანები ისევ და ისევ იგონებენ რაღაცას.

ჩვენ უნდა გავამშვენიეროთ ნივთები. არ დავამახინჯოთ სამყარო იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენამდე იყო, არ გავანადგუროთ ოკეანეები, არ გადავულოცოთ ჩვენი პრობლემები მომავალ თაობებს. არ დავტოვოთ ჩვენი შვილები სამყაროში, რომელიც ასე სულელურად გავაფუჭეთ, გავძარცვეთ და დავასახიჩრეთ.

 

როგორ გავხადოთ ჩვენი შვილები უფრო ჭკვიანები? – ჰკითხეს ერთხელ ალბერტ აინშტაინს. მან უბრალო და ბრძნული პასუხი გასცა. თუ გინდათ, თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ, – თქვა მან, – უკითხეთ ზღაპრები. თუ გინდათ, ისინი კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ, უფრო ხშირად უკითხეთ ზღაპრები. მას ესმოდა კითხვისა და წარმოსახვის ფასი.

იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, გადავცეთ ჩვენს შვილებს სამყარო, სადაც ისინი წაიკითხავენ, სადაც საამისო ადგილი ექნებათ, სადაც ისინი წარმოიდგენენ და გაიგებენ.

 

თარგმნა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი