(პირველი ნაწილი)
„ინტერნეტი იმდენად დიდია, ღრმა და უცნობი, იმდენად გიგანტური, იმდენად ძლიერი და იმავდროულად ამაო, რომ ზოგიერთისთვის ის ცხოვრების სრულფასოვან შემცვლელად იქცა“.
ენდრიუ ბრაუნი, ბრიტანელი ჟურნალისტი[1]
პუბლიკაცია ეფუძნება ამერიკელი ბლოგერებისა და ჟურნალისტების სემ პრესლერისა და პიტ დეივისის სტატიას, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალ After Babel -ში (https://www.afterbabel.com/).
სტატია იმის შესახებაა, თუ როგორ იქცევა კომპიუტერზე, სმარტფონსა და პლანშეტებზე მიბმული ცხოვრების ქაოსი აშშ-ს სამოქალაქო ცხოვრებაში მიმდინარე ჩუმი რევოლუციის მიზეზად. „როგორ მოვიქცეთ, რომ ეს რევოლუცია გაგრძელდეს?“ – კითხულობენ სტატიის ავტორები.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ბლოგერი, ზაკი, პოლიტოლოგ რობერტ პატნემს (Robert Putnam) შეხვდა. ეს შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ახლოს მდებარე პატარა კაფეში შედგა. საუბარი შეეხო პროფესორ ჯონ ჰაიდტის ახალ წიგნს „მღელვარე თაობა“ (The Anxious Generation[2]), თემებს, რომლებსაც ჰაიდტი ამ წიგნში მიმოიხილავს და ისტორიებს, რომლებიც სმარტფონებისა და კაბელური ტელევიზიის ეპოქაზე გაცილებით შორს მიდის, – წერს ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ბრაუნი. – დიალოგი გადასწვდა ადამიანებს შორის პირდაპირი, ფიზიკური, უშუალო კონტაქტებისა და ურთიერთობების კლებას და სამოქალაქო ცხოვრების იმ ცვლილებებს, რომლებიც ალბათ 1960-იან წლებში დაიწყო. პროფესორი ჰაიდტი ამტკიცებს, რომ ადამიანის ასაკობრივი განვითარებისას მოხდა ბავშვობის პროცესის სტრუქტურის ძირეული ცვლილებები, მათ შორის – სმარტფონების და სოციალური მედიის გავრცელება, ასევე მშობელთა მხრივ ზედმეტი კონტროლი, და ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების აღმოცენებას. ჰაიდტი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია 2010-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო ე.წ. ტელეფონზე დაფუძნებული ბავშვობა“.
ადამიანთა შორის ურთიერთობების ამ ცვლილებას ჰაიდტი „ურთიერთობების ეროზიას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის ხატოვნად აქვს აღწერილი ბ-ნ პატნემს თავის წიგნში „ბოულინგის თამაში მარტო“ (Bowling Alone). წიგნში ბ-ნი პატნემი ხაზს უსვამს სოციალური კაპიტალის ვარდნას ტექნოლოგიების როლის ზრდის ფონზე. პატნემს მაგალითად მოჰყავს ერთი მოვლენა, რომელიც აშშ-ში შესამჩნევია: უფრო მეტი ამერიკელი თამაშობს ბოულინგს, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ბოულინგ-კლუბების წევრი, ანუ ადამიანებმა შეინარჩუნეს ინდივიდუალური აქტივობები, მაგრამ დაკარგეს კოლექტიური ჩართულობა. აქედან მომდინარეობს წიგნის სათაურიც. ადამიანთა ცხოვრებაში ავტომობილების, კონდიციონერებისა და ტელევიზიების აქტიურმა შემოჭრამ ცხოვრება გაცილებით კომფორტული გახადა, მაგრამ შეამცირა ადამიანური ურთიერთობები – ამ ტექნოლოგიებმა ადამიანები დააშორა საჯარო ადგილებს, აივნებს, ვერანდებს, საზოგადოებრივ პარკებს, სამოქალაქო ასოციაციებსა თუ კლუბებს.
ვფიქრობთ, სოციალური კაპიტალის ეროზიას 1970-1980-იან წლებში შეუძლია ახსნას, რატომ ითქვა 1990-ების ამერიკაში უარი ბავშვობაზე, რომელიც [ბავშვების დამოუკიდებელ] თამაშზე იყო დამყარებული. ერთმანეთისადმი ნდობის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ამერიკელი მშობლები ბავშვებს უფროსების ზედამხედველობის გარეშე სათამაშოდ აღარ უშვებდნენ. ზედამხედველობის ქვეშ თამაში კი ნამდვილად განსხვავდება ბავშვების თავისუფალი თამაშებისგან.
ამ საკითხის შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს დოქტორი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის[3] (Boston College) ფსიქოლოგიის პროფესორი: „ჩვენ ზედმეტად ვიცავთ ბავშვებს, – ამბობს გრეი, – იმიტომ, რომ მუდამ მზად ვართ, მათი პრობლემები მათ მაგივრად გადავჭრათ. ამის შედეგად ისინი მოკლებული არიან რწმენას, რომ თავადაც შეუძლიათ საკუთარი პრობლემების მოგვარება“. გრეი აღნიშნავს, რომ, როგორც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა კლინიკურმა კითხვარებმა აჩვენა, ბავშვებში ფსიქიკურ აშლილობათა მატებასთან ერთად იკლებდა შინაგანი კონტროლის მექანიზმები (ანუ რწმენა იმისა, რომ ადამიანი თავად მართავს საკუთარ ცხოვრებას). „როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა შინაგანი კონტროლის შეგრძნება, თუ არასდროს ჰქონია საკუთარი ცხოვრების მართვის გამოცდილება? – კითხულობს ის. – კლინიკურმა ფსიქოლოგებმა ეს დიდი ხანია იციან: თუ ადამიანს არ აქვს ძლიერი შინაგანი კონტროლის გრძნობა, დიდია შფოთვებისა და დეპრესიის განვითარების რისკი. რა გასაკვირია: როცა მჯერა, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს რაღაც, მე კი ვერაფერს გავაკეთებ ამის შესაჩერებლად, მაშინ სამყარო საშიშ ადგილად მეჩვენება. ყველაფერში საფრთხეს ვხედავ და მუდმივად შეშფოთებული ვარ[4], – ასრულებს აზრს პროფესორი გრეი.
„ბ-ნ პეტნემთან დიალოგმა საბოლოოდ დარღვეული სოციალური კაპიტალისა და მისი აღორძინების თემებთან მიგვიყვანა. საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მოახერხეს დაქსაქსულმა და უკიდურესად პოლარიზებულმა საზოგადოებებმა ისტორიის განსაზღვრულ მონაკვეთებში საზოგადოებრივი ქსოვილის, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ერთობლივი ხვედრისა და დანიშნულების აღდგენა“, – წერს ზაკი.
ამის კარგი მაგალითია მე-19 საუკუნის დასასრულს (ე.წ. „მოოქროვილი საუკუნე“ – Gilded Age) აქტიური სამოქალაქო მოძრაობები და დემოკრატიული რეფორმები ამერიკაში, მიუხედავად არნახული ინდუსტრიული, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ექსტრემალური უთანასწორობის ფონზე მიმდინარეობდა (1870-1910 წლებში ამერიკაში ოცდახუთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპისა და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან უკეთესი მომავლის ძიებაში). სწორედ ამ წლებში დაიწყო მასობრივი მოძრაობა რვასაათიანი სამუშაო დღისთვის, მოძრაობა ანტიმონოპოლიური კანონების შემოღებისთვის („შერმანის კანონი“ – ანტომონოპოლიური კანონმდებლობის პირველი მერცხალი); მიღებულ იქნა კანონები შტატებში სენატორების პირდაპირი არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების უფლების შესახებ; დაიწყო მოძრაობა ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებისთვის (საბოლოოდ მინიჭებულ იქნა 1920 წელს) და სხვა.
მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აშშ-ში მომხდარი სოციალური კაპიტალის აღორძინებისა და „დემოკრატიული რეფორმებისთვის ბრძოლის ეს ისტორია ნიშანდობლივია დღესაც, როდესაც ტექნოლოგიებმა კვლავ დრამატულად შეცვალა და ნაწილობრივ ჩაანაცვლა კიდეც, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმა და შინაარსი.
ამ სტატიის ერთ-ერთ თანაავტორს პიტ დეივისს ვირჯინიის უნივერსიტეტის კარშის დემოკრატიის ინსტიტუტის მეცნიერ სემ პრესლერთან ერთად დაწერილი წიგნში[5] მახვილგონივრულად აქვს ნათქვამი, რომ დღეს, „დაუსრულებელი ინტერნეტ-ბრაუზინგის ეპოქაში“, მნიშვნელოვანია, ავიღოთ პასუხისმგებლობა და უფრო ხშირად მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებები და არა „შემოთავაზებული ოფციები“. დეივისი წერს: „თვალიერების უსასრულო რეჟიმი (infinite browsing mode) ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა – დაუსრულებელი ცურვა გაცნობის აპლიკაციებში (ერთ პარტნიორზე არჩევანის შეჩერების გარეშე), ერთი ვებლოკაციიდან მეორეზე ხტომა იმის მოლოდინით, რომ შემდეგში რაღაც უფრო დიდსა და უკეთესს იპოვი და უარის თქმა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შესაძლოა დაგვაშოროს იმ იდეალურ ვარიანტს, რომელიც, გვგონია, სულ ახლოსაა“.
დეივისის თქმით, არამდგრადობისა და გადაუწყვეტელობის ასეთი კულტურა (ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „შფოთვა-ძიების“ კულტურა) იწვევს დაძაბულობას თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში: გვინდა, რომ ყველა არჩევანი ღია გვქონდეს (ინგლ. Keeping all options open), მაგრამ თან ვნატრობთ მიზანს, ერთობასა და სიღრმეს, რაც მხოლოდ სერიოზული ერთგულებით მიიღწევა. პრესლერი და დეივისი გვთავაზობენ იმედის მომცემ და საკმაოდ რეალისტურ ხედვას, რომელიც ეხება კოლექტიური თანაცხოვრების აღორძინებას – შესაბამისად, უფრო მეტ შეხვედრას, მეტ ურთიერთობას ადამიანებს შორის და მეტ თამაშს ბავშვობისას, რაც უმნიშვნელოვანესია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და სოციალური დანაწევრებულობის ეპოქაში.
მოზარდები, რომლებიც მთელ დღეს ატარებენ „ახალი ამბების“ უწყვეტ ნაკადში; თაღლითთა დაუსრულებელი „წინადადებები“ უხილავი ფეიკ-ანგარიშებიდან; შეთქმულების ვირუსული თეორიები; დაბალი ხარისხის, უგემოვნო კონტენტი, ხშირად – შექმნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ; „რობოტი-კომპანიონები“ ინტერნეტიდან მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის… ჩვენი „ახალი“ ამბების სათაურები სავსეა პირქუში ისტორიებით იმ გაუგებრობისა და ქაოსის შესახებ, რომლებსაც ტექნოლოგიების „წინსვლა“ და განვითარება უწყობს ხელს.
ამავე დროს, ამ საშიში შინაარსების ფონზე აღმოცენდება რაღაც ახალი. ახალი გზა ან ახალი მიმართულება, რომელიც უფრო იმედის მომცემია. ჩვენი დანაწევრებული და დამსხვრეული კულტურის შორეულ კუთხე-კუნჭულებში უცერად ჩნდება საზოგადოებების აღორძინების მყიფე თესლი! ახლოს დაკვირვებისას აღმოაჩენ, რომ ეს ახალამოსული ყლორტები ყველგან არიან: ახალგამომცხვარი ეროვნული ბესტსელერებიდან (ჯ. ჰაიდტის The Anxious Generation და რ. რივზის Of Boys and Men[6]) ათასობით ლოკალურ ინიციატივამდე აშშ-ს ყველა კუთხეში, რომელთა მიზანი ადამიანთა გაერთიანების, სოციალური ურთიერთქმედებისა და სამოქალაქო განვითარების ახალი ფორმების ძიებაა.
[1]ენდრიუ ბრაუნი – ინგლისელი ჟურნალისტი (დ. 1955 წელს), რომლის პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ გამოცემებთან როგორებიცაა The Guardian, The Independent და The Observer. მისი სტატიები ეხება ტექნოლოგიას, რელიგიასა და კულტურას. არის ავტორი წიგნისა „Fishing in Utopia“, რომელიც 2009 წელს ჯორჯ ორუელის ლიტერატურული პროზით აღინიშნა.
[2] The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness – წიგნის ავტორია ჯონათან ჰაიდტი (Jonathan Haidt), სოციალური ფსიქოლოგი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი. წიგნი 2024 წლის 26 მარტს გამოიცა Penguin Press-ის მიერ და ფსიქოლოგებისა და ქცევის შემსწავლელი მკვლევრების დიდი ყურადღება დაიმსახურა.
[3] ბოსტონის კოლეჯის რეიტინგი აშშ-ს საუკეთესო კოლეჯების 2025 წლის გამოცემაში, ეროვნული უნივერსიტეტები, გახლავთ #37.
[4]იხ. წყარო: Anderson, J. A. (2024, February 23). Improving mental health through independent play. https://www.gse.harvard.edu/. Retrieved May 13, 2025, from https://www.gse.harvard.edu/ideas/edcast/24/02/improving-mental-health-through-independent-play
[5] წიგნის სათაური: Dedicated: “The Case for Commitment in an Age of Infinite Browsing”, გამოცემის თარიღი: 2021 წლის 4 მაისი, გამომცემლობა Avid Reader Press / Simon & Schuster (აშშ).
[6]რიჩარდ ვ. რივზის წიგნი: “Of Boys and Men” – Why the Modern Male Is Struggling, Why It Matters, and What to Do about It, by Richard V. Reeves. წიგნის გამოსვლის თარიღი: 21 მაისი, 2024