პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მგლებსა და დაკარგულ სამყაროზე

ბედმა გამიღიმა და ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვა არასდროს ბეზრდებოდათ, სადაც ისინი უყვარდათ და ამ სიყვარულის გამოხატვა იცოდნენ. ერთხანს მჯეროდა კიდეც, რომ მამაჩემსა და ბებიაჩემს ძაღლების ენა ესმოდათ, მათთან საუბარი შეეძლოთ და როცა გავიზრდებოდი, მასწავლიდნენ. ისიც მწამდა, რომ მერცხლების ოჯახმა გულკეთილობის გამო ამოგვირჩია და მერე სხვებსაც ურჩია, ბუდე ჩვენს აივანზე გაეკეთებინათ.

კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის წიგნი მაშინ უნდა წამეკითხა – რამდენ საფიქრალს გამიჩენდა, რა თავბრუს დამახვევდა… ანოტაციიდან ვიგებ, რომ ქართული თარგმანი პირველად 1980 წელს გამოცემულა – კითხვა რომ ახალი ნასწავლი მქონდა, ბიბლიოთეკის გზა კი ჯერ არ ვიცოდი. მეორე გამოცემის („დიოგენე“, 2022) ერთ-ერთი ეგზემპლარი მაგიდაზე მიდევს, შორეულ მხარეში სამოგზაუროდ მიწვევს.

„ნუ იყვირებ: მგელი, მგელი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მოზარდების საკითხავიცაა და უფროსებისაც – ყველას წამოუშლის გრძნობებს, ყველას წარმოადგენინებს რაღაც ისეთს, რასაც არაერთგზის უნდა მიუბრუნდნენ. კრიტიკულად წაკითხვაც შეიძლება, ავტორის ვარაუდებისა თუ მტკიცებების გადამოწმება, უახლესი ინფორმაციის მოძებნა, თანამედროვე მკვლევრების მოსაზრებების გაცნობა. ბიოლოგიის მასწავლებლებს შორის ისეთებიც იქნებიან, ის პირველი გამოცემა სწორ დროს რომ ჩაუვარდათ ხელში და ფარლი მოუეტის წიგნში აღწერილი ამბებიც მოსწავლეებისთვის მრავალჯერ მოუყოლიათ.

მე კი ეს-ესაა გადავდგი პირველი ნაბიჯები და ქვეყნად ყველაზე მშვენიერ მგელს – ანჯელინასაც შევეფეთე… ავტორი წიგნს სწორედ მას უძღვნის – „ანჯელინას, ანგელოზს“. ახალგაზრდა კაცი შორეული კანადის უდაბურ მხარეში მგლების ოჯახს აკვირდება, მათ ზნესა და ყოველდღიურ საქმიანობას სწავლობს. უნდა, რომ მეტი შეიტყოს არსებაზე, რომელსაც უმოწყალოდ, სისხლისმსმელად იცნობენ და საზარელ დანაშაულებს მიაწერენ. დაკვირვებას კი ის სულ სხვაგვარ დასკვნებამდე მიჰყავს.

„რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი მგლების ყოველდღიურ ცხოვრებას, მით უფრო მიჭირდა, პირუთვნელი დავრჩენილიყავი მათ მიმართ, – მოგვითხრობს ფარლი მოუეტი. – ძალიან ვცდილობდი, მეცნიერული ობიექტურობა შემენარჩუნებინა, მაგრამ ეს ინდივიდუალური პიროვნებები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ოჯახის მამა საოცრად მაგონებდა დიდებულ ჯენტლმენს, ვისაც ომის დროს უბრალო ჯარისკაცად ვემსახურებოდი და მალე შევნიშნე, რომ მას ჯორჯს ვეძახდი“.

ჯორჯი, დიდებული მოვერცლისფრო ბეწვით, „მეფური გარეგნობით“, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ხასიათსაც შესაფერისს ავლენს – „დაუფარავი ღირსების გრძნობა გააჩნდა, მაგრამ ქედმაღლობა არ ახასიათებდა“. ნაშიერების მიმართ ზომიერად მზრუნველი და ალერსიანი იყო. მისი მეწყვილე ანჯელინა – „მოხდენილი, თითქმის სრულიად თეთრი მგელი კისერზე შემოვლებული ფაფუკი საყელოთი, განივად ჩასმული, ოდნავ ელამი თვალებით, კეკლუც ასულს წააგავდა. ლამაზი, გიჟმაჟი, ძალზე ვნებიანი და ანცი, როცა კარგ გუნებაზე გახლდათ, ძნელად თუ წარმოიდგენდით, რომ დედა იყო“. მგლების ამ აღწერას უცნაურად ამაღელვებელი სიტყვები მოჰყვება: „ჯორჯი ძალიან მომწონდა და დიდ პატივსაც ვცემდი. მაგრამ ანჯელინა საოცრად ჩამივარდა გულში და დღესაც იმ იმედით ვსაზრდოობ, რომ ოდესმე წავაწყდები ქალს, რომელშიც ანჯელინას ყველა ღირსება იქნება შერწყმული“.

ავტორის აღმოჩენები ხან მეტად სარწმუნოა, ხან – ნაკლებად. ერთ დღეს თუ გულის ამაჩუყებლად ბავშვურ გადაწყვეტილებას იღებს (მგლებს პურს გამოუცხობს – ირემი არ ჩანს და მოშივდებოდათო), სხვა დღეს გაუმართლებელ სითამამეს გამოიჩენს და მათი ბუნაგის დათვლიერებას მოინდომებს. მოხარშულ თაგვებსაც მიირთმევს – ერთი ვნახო, ჩემი მეზობლები რა გემოს ატანენო. წიგნს კი ამ სიტყვებით ამთავრებს: „ჯორჯი იდგა უდაბნოში და თავისი ოჯახის უეცრად გამქრალ წევრებს უხმობდა. ჩემთვის კი ეს იყო დაკარგულ სამყაროზე მოღაღადე ხმა, სამყაროზე, რომელიც ოდესღაც, სანამ სხვა გზას ავირჩევდით, ჩვენიც იყო; სამყაროზე, რომელსაც თვალი მოვკარი და თითქმის შევაღწიე შიგ…“.

ფარლი მოუეტთან ერთად, ჩვენც დავინახეთ ამ მომაჯადოებელი სამყაროს ანარეკლი. ჩვენც ჩავხედეთ მგელს ქარვისფერ თვალებში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი