პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

რა გავლენას ახდენს სკოლა ბავშვზე

ალბათ ნებისმიერ ადამიანს უნახავს სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას საგონებელში მყოფი მშობლები. ვფიქრობ, მშობლების ასეთი მდგომარეობა სრულიად გასაგები უნდა იყოს. ისინი ხომ მათთვის ყველაზე ძვირფასი არსების მომავალი განვითარების გზას ირჩევენ. ფიქრობენ იმაზე, რამდენად მომზადებული აღმოჩნდება მათი შვილი სკოლის დასრულების შემდეგ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. სასურველი სკოლის ძიების პროცესში ზოგიერთი მშობელი ბავშვისთვის სკოლების მუდმივ მონაცვლეობაშია. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ მათ შორის ძირეული განსხვავება არ არის, ნებდება და ბედს ემორჩილება.

სკოლის წლებს უწოდებენ ყველაზე ბედნიერ ხანას ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, სწორედ ამ „უდარდელ“ პერიოდში განისაზღვრება ბავშვის მომავალი და, სამწუხაროდ ბავშვების უმრავლესობა სკოლის შემდეგ სრულიად მოუმზადებელია ცხოვრებისთვის – მიღებული ცოდნა უსარგებლოა რეალობაში, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად, მნიშვნელოვანი და საჭირო უნარები კი – განუვითარებელი.

სასკოლო პერიოდი ყველაზე ხანგრძლივი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. სკოლა გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნებაზე. სწორედ სასკოლო წლებში მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელთა გამოყენება მომავალში მოუწევს მოზარდს.

უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებაზე აქტიურად უნდა მუშაობდეს სკოლა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში გამომუშავების ნაცვლად შეიძლება მათი განვითარების, ჩამოყალიბების ხელისშემშლელიც კი აღმოჩნდეს:

  • კრიტიკული აზროვნება – სკოლაში ბავშვებს მიეწოდებათ მზა და საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია თითოეული საგნის მიხედვით – მათემატიკური ფორმულები და კანონები, ისტორიული თარიღები და მრავალრიცხოვანი წესები. ბავშვი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაიმახსოვროს და დაისწავლოს. ინფორმაციის დამახსოვრების აუცილებლობა გავლენას ახდენს კრიტიკულ აზროვნებაზე. ასეთი მიდგომის გამო ბავშვი საერთოდ არ სწავლობს მიღებულ მონაცემებთან მუშაობას, დამოუკიდებლად მათ ინტერპრეტირებას და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას. ნაცვლად იმისა, რომ გაფილტროს მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანისაგან და გააკეთოს დასკვნები, მოსწავლე იზუთხავს სასწავლო მასალას არსის გააზრების გარეშე, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი შეფასება, ან ჩააბაროს გამოცდა და დააგროვოს ქულების საჭირო რაოდენობა. ამის შემდეგ კი დასწავლილიდან ბავშვი ბევრ რამეს ივიწყებს;
  • კრეატიულობა – არასტანდარტულად აზროვნების უნარი საჭიროა არა მხოლოდ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, ის ასევე აუცილებელია ბიზნესმენებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, გამომგონებლებისთვის და მეცნიერების ნებისმიერ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ბავშვების კრეატიულ აზრებსა და იდეებს არცთუ იშვიათად თრგუნავენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ თანატოლები და მშობლებიც კი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ბავშვის აზროვნება „მოარგონ“ ზოგად ნორმებს. ამიტომ მოზარდი იწყებს სტერეოტიპულად, შაბლონურად ფიქრს, აზროვნებას. მოსწავლეების კრეატიულ გადაწყვეტილებებს მასწავლებლები ხშირად უარყოფენ, რადგანაც ასეთი ბავშვი მათთვის, როგორც წესი, „ზედმეტი თავის ტკივილია“ და არც საზოგადოებაა მზად მომავალში მათ მისაღებად;
  • სწავლის სურვილი – ცოდნის დონის შესამოწმებლად სკოლებში, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ტარდება ტესტირება, შემაჯამებელი წერა, გამოცდები. სწორი პასუხებისათვის ბავშვი იღებს დადებით შეფასებებს, მცდარისთვის – უარყოფითს. მაშინაც კი, როცა მოზარდი სწორი პასუხების ძიების პროცესში ცდილობს, მოსინჯოს ამოხსნის სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ იღებს არასწორ საბოლოო შედეგს, მისი ძალისხმევა გაუფასურებულია და ნამუშევარი პედაგოგის მხრიდან მისთვის არასასურველ შეფასებას იმსახურებს. ასეთი მიდგომა თრგუნავს სწავლის მოტივაციას, მასალაში ჩაღრმავებისა და მასში გარკვევის სურვილს. მოსწავლეს ამოძრავებს მხოლოდ ცუდი ნიშნის მიღების შიში, მასწავლებლისგან შენიშვნების მოსმენა და მშობლების უკმაყოფილებასთან შეჯახება. შედეგად ვიღებთ ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ მოზარდს, რომელთანაც შემდგომში დამატებითი მუშაობა იქნება საჭირო პრობლემის დასაძლევად;
  • სტრესგამძლეობა – სკოლის წლებში ბავშვი ეჯახება სტრესის გამომწვევ უამრავ ფაქტორს: ცუდი ნიშნები, გამოცდები, საყვედურები, დასჯა, კონფლიქტები თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან. მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს ემოციურ სიმტკიცეზე. ბევრი ბავშვი ვერ უძლებს ნეგატივის აღნიშნულ ნაკადს. შედეგად სტრესული სიტუაციები კი არ აკაჟებს და აძლიერებს მათ ფსიქიკას, არამედ პირიქით – აზიანებს მას. ბავშვობაში განცდილი ეს ყოველივე მოგვიანებით, ზრდასრულობის ასაკში გაურკვევლობის და სტრესის პირობებში მუშაობისა და ცხოვრების უუნარობას იწვევს;
  • ინდივიდუალურობა – ინდივიდუალურობის განადგურება ბავშვში და მისი სტანდარტიზაცია საყოველთაოდ მიღებულ შაბლონებთან იწყება სასკოლო ფორმის ტარების იძულებიდან და გრძელდება ლიტერატურის, მუსიკის და პოლიტიკური პოზიციის თავსმოხვევამდეც კი. სასკოლო სისტემა ცდილობს, დათრგუნოს ბავშვი მის გატაცებებთან და მოსაზრებებთან ერთად. სკოლის ზეწოლით შეიძლება გაიზარდოს უზომოდ მორჩილი და „კარგი“ ბიჭი, რომელიც ცდილობს, ყველას ასიამოვნოს, ან სასოწარკვეთილი მეამბოხე, რომლისთვისაც არ არსებობს ალტერნატიული შეხედულებები. თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კი მოგვიანებით ფსიქოლოგს მოუწევს. როგორც წესი, სკოლა არ არის ალტერნატიული შეხედულებების ადგილი. ბევრი სკოლა და პედაგოგი ბოლო წლებში აქტიურად ცდილობს, დანერგოს სწავლების ახალი მიდგომები თავის საქმიანობაში, მაგრამ რეალურ სასწავლო გარემოში არსებული, მათგან დამოუკიდებელი უამრავი პრობლემის გამო მათი მცდელობა და ძალისხმევა სასურველ შედეგებს ვერ იძლევა.

განუზომლად დიდია სკოლისა და თანატოლების გავლენა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. სასკოლო სწავლას მოზარდის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, რადგანაც თავისი დროის დიდ ნაწილს ის სკოლაში ატარებს. სკოლა წარმოადგენს ბავშვის პიროვნების განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას. აქ ბავშვის პიროვნების ფორმირება ხორციელდება სწავლებისა და აღზრდის პროცესში. სკოლა არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სააღმზრდელო დაწესებულებაც. უფროსებზე, პედაგოგებსა და მშობლებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს თანატოლების გავლენას ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. იმაზე, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს თანატოლთა წრეში და რა ადგილი უკავია, ბევრად არის დამოკიდებული მომავალში მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან.

სკოლის მიზანი უნდა იყოს უამრავ სხვა უნარ-ჩვევასთან ერთად ბავშვს გამოუმუშაოს სწავლის უნარი – ასწავლოს როგორ ისწავლოს, რათა მომავალში მან უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს ეს საქმიანობა. სკოლა ეფექტიანი და წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გამოუმუშავებს თავის აღსაზრდელებს იმ უნარ-ჩვევებს და გადასცემს იმ ცოდნას, რომლებიც მათ მომავალში ცხოვრებასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი