ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მეხუთე ნომერი გამოიცა!

ეს დღეებია, ხშირად მახსენდება ჯონ ჰოლტის წიგნი, უფრო კი – მისი სათაური: „როგორ მარცხდებიან ბავშვები“.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ და ბევრს ვმსჯელობთ ამ მარცხის მიზეზებზე, მაგრამ ბავშვები მაინც მარცხდებიან, მარცხდებიან უფროსების გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის, არაჯანსაღი სასწავლო გარემოს, არათანაბარი სასწავლო პირობებისა თუ შეფასების არასწორი სისტემის გამო.

წიგნის ავტორს ბავშვების მარცხის მთავარ მიზეზებად შიში, მოწყენა და დაბნეულობა მიაჩნია. მისი აზრით, სკოლები ხელს უწყობენ შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას – წარუმატებლობის შიში, დამცირების შიში, დაწუნების შიში ყველაზე უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ინტელექტუალური ზრდის უნარზე.

მოსაწყენობა მეორე დაბრკოლებაა, რომელიც თრგუნავს სწავლისადმი თანდაყოლილ მოტივაციას და სწავლის სიყვარულს. სკოლაში შესვლამდე ბავშვები თავისუფლად იკვლევენ და აღმოაჩენენ იმას, რაც აინტერესებთ, მაგრამ როგორც კი ისინი თანამედროვე სასკოლო სისტემის ნაწილად იქცევიან, მათი განათლება იძულებითი ხდება, რასაც გაუცნობიერებლად უწყობენ ხელს სკოლაც და მშობლებიც.

სკოლები, ნაცვლად იმისა, რომ გაუღვივონ მოსწავლეებს სწავლისადმი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიყვარული, იზრუნონ მათი ინდივიდუალური ნიჭისა და უნარების გაძლიერებაზე, აძლევენ მათ უნიფორმულ განათლებას, რომელიც ბავშვებს ერთმანეთთან შეჯიბრებას აიძულებს.

სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვები ხშირად აღმოაჩენენ, რომ მათ ისეთ რამეს ასწავლიან, რაც ეწინააღმდეგება ადრე მშობლებისგან ან სხვა უფროსებისგან ნასწავლს. უფრო მეტიც – უფროსები სკოლაში მათ ისე არ ექცევიან, როგორ ქცევასაც შინ, თავისიანებისგან იყვნენ ჩვეულნი.

ბავშვის შეცბუნება კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ის იგებს, რომ ცნობისმოყვარეობა, რომელიც, როგორც მან ოჯახიდან იცის, საქებარი თვისებაა, სკოლაში შესაძლოა მასწავლებლებისა თუ თანაკლასელების მხრივ დაცინვის მიზეზად იქცეს.

ჰოლტი ფიქრობს, რომ მათ შორის, რაც იცის ბავშვმა და რაც გვგონია იცის, დიდი სხვაობაა. თითქმის ყველაფერი, რასაც სკოლებში ვაკეთებთ, იქით არის მიმართული, რომ ბავშვები შეკითხვაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და არა პრობლემის გადაწყვეტაზე, ამას კი იქამდე მივყავართ, რომ მათ აკლდებათ უნარები, რომლებიც “რეალურ სამყაროში” ცხოვრებისას გამოადგებოდათ.

კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით ამ წიგნს და გულისყურით წაგვეკითხა. მასში განხილული პრობლემები გვაიძულებს, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ გაკვეთილებს, რომლებიც უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს და რომლებიც ჯერ თავად უნდა ვისწავლოთ, რომ მათ აღარ მოუნდეთ ჩვენი გაკვეთილებიდან გაპარავა და სახიფათო თამაშებით თავის შექცევა. ან სულაც უწყინარი თამაშებით, რომლებიც შესაძლოა სახიფათო გახდეს, მეტიც – ფატალურად დასრულდეს და ჩვენ გვრცხვენოდეს, რომ ცოცხალი გადავრჩით.

მერე ისევ წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იმავე შეცდომების გამეორებით.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე,   ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ქეთევან ოსიაშვილი, თეკლა კაპანაძე,  ანა ღვინიანიძე, მაია ბლიაძე, ირენა მახარაძე, ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი, გურამ მეგრელიშილი,  თინათინ ზარდიაშილი, ნასტასია არაბული, ირმა ტაველიძე, შორენა ტყეშელაშვილი, სოფიო კუბლაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი