შაბათი, თებერვალი 4, 2023
4 თებერვალი, შაბათი, 2023

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს პოპულარული

ნებისმიერ ბავშვს გარკვეული პოზიცია უკავია თანატოლთა იმ ჯგუფში, რომელთანაც ყოველდღიურად უწევს ურთიერთობა. არიან ბავშვები, რომლებიც ყველასთვის მოსაწონი, ყველასგან აღიარებულები არიან და ლიდერის პოზიციასაც კი იკავებენ ჯგუფში. თანატოლებზე მათი გავლენა საკმაოდ ძლიერია და ისინი ჯგუფში ერთგვარად ფსიქოლოგიური კლიმატის შემქმნელებიც ხდებიან. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც მართალია ლიდერები არ არიან და ხშირად მათ ამისი სურვილიც არა აქვთ, მაგრამ პოპულარობით სარგებლობენ თანატოლთა გარკვეულ წრეში. სამწუხაროდ გვხვდება ბავშვების მესამე კატეგორიაც – თანატოლებისთვის შეუმჩნეველი და ჯგუფისგან გარიყული ბავშვები. მათთან თანატოლები, როგორც წესი, გაურბიან ურთიერთობას, არა აქვთ მათთან თამაშის, მათთან ერთად რაიმე საქმის კეთების, მათი მოსმენის ან მათთვის რაიმეს მოყოლის სურვილი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება ისეთი აუტანელი გახდეს ბავშვისთვის, რომ სწავლასაც კი მიანებოს თავი. რა თქმა უნდა უფროსები, აღმზრდელები, როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები გულგრილად ვერ შეხვდებიან აღნიშნულ სიტუაციას. ხშირად ისინი სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ შეცვალონ ბავშვის მდგომარეობა თანატოლთა ჯგუფში, თუმცა გაუმჯობესების ნაცვლად არცთუ იშვიათად სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება.

ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს იმის შემჩნევა, რომ ყველაზე მორჩილი ბავშვები, რომლებსაც აღმზრდელები მისაბაძ მაგალითად უსახავენ ჯგუფის წევრებს, პრაქტიკულად არ სარგებლობენ პოპულარობით თანატოლთა შორის, არ უყვართ მათთან თამაში, არ ეპატიჟებიან სტუმრად. სხვა ბავშვები კი, რომლებიც არც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან და არც რაიმე  განსაკუთრებული თვისებებით, დიდი მოწონებით სარგებლობენ თანატოლებში, ხშირად გამოთქვამენ მათთან თამაშის ან რაიმე საქმის მათთან ერთად  გაკეთების სურვილს, სიამოვნებით ეპატიჟებიან სტუმრად.

რატომ აფასებენ უფროსები და ბავშვები ადამიანებს განსხვავებულად, როგორ შევცვალოთ ჯგუფისგან იზოლირებული, გარიყული მოზარდის მდგომარეობა და გავზარდოთ  მისი პოპულარობა თანატოლთა წრეში. უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ არის ადვილად გასაკეთებელი საქმე და ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა ვერკვეოდეთ იმ მიზეზებში, რაც ჯგუფში ბავშვის მდგომარეობის განმსაზღვრელი ხდება. ცნობილია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე პოპულარობა სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული. თუმცა, შეიძლება იმ მახასიათებლების გამოყოფა, რომლებიც განვითარების ნებისმიერ ეტაპზე თანატოლთა წრეში ბავშვის მდგომარეობის განმსაზღვრელი შეიძლება გახდეს:

  • ბავშვები, რომლებიც ზედმეტად ჩაკეტილები და ნაკლებად აქტიურები არიან, არ სარგებლობენ აღიარებით გარშემომყოფთა მხრიდან. სიმორცხვე, გაუბედაობა, მორიდებულობა ხელს უშლის ბავშვს დაუმეგობრდეს თანატოლებს და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი მათ წრეში;
  • თანატოლებს არ უყვართ მომაბეზრებელი და ისეთი ბავშვები, რომლებიც მიისწრაფიან სხვებზე ზემოქმედებისაკენ. ასეთი ქცევა უკიდურესად არ მოსწონთ პატარებს, ამიტომ მათ არ სურთ ასეთ ბავშვებთან მეგობრობა. ისინი მუდმივად უმტკიცებენ სხვებს, რომ მათზე უკეთესები არიან. მათგან ხშირად ისმის ასეთი ფრაზები: „თქვენ არაფერი გამოგივათ, თქვენ ეს არ შეგიძლიათ“; „მოდი მე თავად გიჩვენებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს“;
  • ბავშვებს არ მოწონთ, როცა მათი თანატოლი ამჟღავნებს ლიდერობის დაჟინებულ სურვილს, მიისწრაფის დაამკვიდროს საკუთარი თამაშის წესები ჯგუფში და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით. ეგოიზმი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება ბავშვისთვის თანატოლთა წრეში სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად. თუ ის ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ანგარიშს არ უწევს, არ ითვალისწინებს ჯგუფის წევრების აზრს, ბავშვებმა შეიძლება დაკარგონ მასთან ურთიერთობის ინტერესი. პოპულარული ბავშვები არაპოპულარულებისაგან განსხვავებით ყოველთვის ამჟღავნებენ ინტერესს სხვების საქმიანობის მიმართ, მუდმივად ინტერესდებიან, თუ რით არიან მისი თანატოლები დაკავებული, სიამოვნებთ  უერთდებიან თამაშის დროს;
  • ბავშვები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებში, საოცარი გულწრფელობით და სამყაროს მიმართ დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მათ ახარებთ მეგობრების წარმატებები, წუხან, როცა მათი მარცხის მოწმენი ხდებიან და ყველანაირად ცდილობენ მათ დახმარებას. არაპოპულარული მოზარდები გამოხატავენ გულგრილობას გარშემომყოფების წარუმატებლობისა და სიხარულის მიმართ. არის შემთხვევები, როცა ისინი ნერვიულობას იწყებენ, თუ სხვისი წარმატების მოწმე ხდებიან;
  • პოპულარული ბავშვებისთვის უცხოა აგრესიულობა. მაშინაც, თუ ისინი გაანაწყენეს, არ შეეცდებიან კონფლიქტის მოგვარებას მუქარით და არ მოითხოვენ სხვების დასჯას. მათ ურჩევნიათ გაუმკლავდნენ უსიამოვნებას მშვიდობიანად, ან საერთოდ გაჩუმდნენ. არაპოპულარული ბავშვისთვის პირიქით დამახასიათებელია ძალის აგრესიული დემონსტრირება.

უფროსები, განსაკუთრებით კი მშობლები ყოველთვის განიცდიან, წუხან, როცა ხედავენ, რომ მათ შვილს თანატოლები უარყოფენ, რის გამოც ის მათ ჯგუფში სათანადო პოზიციას ვერ იკავებს. როგორც წესი, ისინი ყველანაირად ცდილობენ, მონდომებას არ იშურებენ, რომ გავლენა მოახდინონ თანატოლთა ჯგუფში შვილის მდგომარეობაზე, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევენ.

რეკომენდაციები თანატოლთა ჯგუფში ბავშვის პოპულარობის ასამაღლებლად:

  • უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავთავისუფლდეთ ბავშვის მდგომარეობით გამოწვეული შიშისგან და იმ აზრისგან, რომ მას სათანადოთ არ აფასებენ გარშემომყოფები, რადგან სწორედ ეს გრძნობა და აზრი გადაეცემა ბავშვს და აიძულებს მას დაიწყოს თვითდამტკიცება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით, რაც კიდევ უფრო აუარესებს მის მდგომარეობას თანატოლთა წრეში;
  • მეგობრებზე განაწყენებული ბავშვის დასამშვიდებლად მოვერიდოთ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა მაგ.“სხვა ბავშვები უბრალოდ სულელები არიან და ვერ ხედავენ, თუ როგორი შესანიშნავი ხარ“. ეს ნამდვილად ვერ დაეხმარება მას;
  • არ არის მიზანშეწონილი ბავშვის კრიტიკა, მის სისუსტეებზე, ნაკლოვან მხარეებზე ყურადღების გამახვილება და მის მიმართ საყვედურების გამოთქმა უცხო ადამიანების თანდასწრებით;
  • მოვერიდოთ ბავშვის სხვებთან შედარებას, რომელიმე მისი თანატოლის მისაბაძ მაგალითად მოყვანას და გულისტკივილის გამოხატვას იმის გამო, რომ ის ისეთი წარმატებული არ არის, როგორც მისი რომელიმე თანაკლასელი;
  • საკუთარი ძალების რწმენის გასაძლიერებლად და თვითშეფასების ასამაღლებლად ყურადღების მიღმა ნუ დავტოვებთ ბავშვის წარმატებულ ნაბიჯებს და მცდელობას დასახული მიზნის მისაღწევად;
  • იმისათვის, რომ ბავშვი უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გრძნობდეს თავს თანატოლთა საზოგადოებაში, აუცილებელია ვიზრუნოთ მასში საუბრის წარმართვის და დასრულების, დიალოგში ჩართვის, მოსმენის, აზრების მკაფიოდ გამოხატვის, ახსნის, ემოციების ჟესტებითა და მიმიკით გამოხატვის და სხვა სოციალური უნარების გამომუშავებაზე;
  • შევეცადოთ ვიქონიოთ ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა ბავშვთან. კარგი იქნება, თუ ჩვენ თავად მივცემთ ადამიანებთან ეფექტიანი ურთიერთობის კარგ მაგალითს პატარას – მოვიწვიოთ მეგობრები, თავად წავიდეთ ბავშვთან ერთად მათ მოსანახულებლად. ჩვენს ქცევაზე დაკვირვებით ის უნდა ხედავდეს, რომ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ზრდის ადამიანის პოპულარობას გარშემომყოფთა წრეში;
  • თუ ბავშვი არასასიამოვნო, რთულ სიტუაციაში ხვდება, საშუალება მივცეთ მას თქვას სათქმელი, გამოვხატოთ თანაგრძნობა მის მიმართ. შევთავაზოთ არასასიამოვნო სიტუაციიდან შესაძლო გამოსვლის ვარიანტები. ნუ ვეჩხუბებით და ნუ ავავსებთ საყვედურებთ. გვახსოვდეს, რომ გაგება და უპირობო სიყვარული დაეხმარება არაპოპულარულ ბავშვს საყოველთაო კეთილგანწყობის მოპოვებაში.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთა ჯგუფს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პატარა ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე. თუ ბავშვი მოახერხებს თანატოლებთან წარმატებულ ურთიერთობას, შემდგომში მას არ გაუჭირდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან და არ ექნება კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი