პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რომის კანონი

ინათოს, ვამბობთ და ცას გავყურებთ. სანამ მზე ამოვა, ჩაის ვსვამთ და ცხელ ჭიქებზე ხელებს ვითბობთ. როგორც ნიჩბისის ალიონებს სჩვევია, ის დღეც დიდებულად თენდება. ძაღლები ყეფენ, მამლები ყივიან და ჩიტები ჭიკჭიკებენ, მაგრამ ჩვენთვის ყოველდღიურობის ზეიმს და ქვემო სამოთხეს ერთი ხმა აკლია.

სმარტფონში რომის ფოტოებს ვათვალიერებ და საკუთარ გულუბრყვილობაზე მეღიმება, იმ ღამეს ვეტექიმებს ნარჩევ ფოტოებს რომ ვაჩვენებდი – ნახეთ, რა მაგარი ბიჭია-მეთქი. მეგონა, რომის მზერით, ბზინვარებით და მოქნილობით მოხიბლულები დაუძლურებულ ძაღლზე მეტად იზრუნებდნენ და სიცოცხლისკენ მოაბრუნებდნენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარვინმა შვა ადამი, ადამმა შვა ფაბიანი და ძმანი მისნი, ხოლო ფაბიმ შვა რომი პეტრასგან… ბევრი ფოტო და ვიდეო გადაუღე, მალე იზრდებიან, მომწერა დეამ ორი წლის წინ და ახლაც მან მირჩია ფეისბუქზე იმ ჯგუფის მოძებნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს საერთო ტკივილს უზიარებენ და თანაუგრძნობენ.

შაკო რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერ შევძლებდი, ცოტა ხნის წინ სადღეღამისო კლინიკიდან მივწერე ლევანს. შაკო ლევანის ბავშვობის მეგობარია და მისი ყველა ძველი ოცნება იცის. იმ ღამეს ალბათ ორივეს ორი ფიქრი გვიტრიალებდა – რომის შვება ეგრძნო და პატრონისთვის ცოცხალი დაგვეხვედრებინა, რომ იქნებ მისი ხმის გაგონებაზე მაინც დაეცქვიტა ყურები. მეგობრობას და სიყვარულს გამოცდა არ სჭირდება, ვეუბნები აეროპორტიდან პირდაპირ ვეტკლინიკაში მოსულ ლევანს და ყურებჩამოშვებულ რომის ერთდროულად ვეფერებით. რამდენიმე დღეში კი ვეტექიმი დელიკატურად გვაპარებს: როგორც თვითონ გადაწყვეტს, ისე იქნება…

ჭიქებში ჩარჩენილი ჩაი გრილდება, ბიჭები ნიჩბებს იღებენ და ტყეში მიდიან. ჩვენ გათენებული ღამეების გამო გვცივა და პლედებში ვეხვევით. შარშანდელი შემოდგომის თბილი საღამო მახსენდება, ჩემს საძინებელში ყველას ჩხუბით რომ ვუხმე. „გესმით?! 4 მიზეზი, რატომ უნდა დართო შენს ცუგას შენთან ერთად ძილის ნება… თავს დავდებ, ძაღლების შეკვეთილი სტატიაა!“ თან უსაზღვრო ბედნიერებას ვგრძნობდი იმის გამო, რომ რომი გვერდით მეწვა და ძილში რაღაცას მოგუდულად უყეფდა.

ჩვენი ბიჭები ტყიდან მხრებჩამოშვებულები ბრუნდებიან. ლევანი ვისკის განახევრებულ ბოთლს თუნუქის ორი ჭიქით მაგიდაზე დებს და ამბობს: Black Label for black dogs.

–         სად? – ვეკითხები და ყელში ბურთი მეჩხირება.

–         უმზეურისკენ, ლამაზ ადგილას – ცრემლგამშრალი მპასუხობს და დიდგორის მთებისკენ იყურება.

მეორე დღეს ყველანი ერთად მივდივართ ტყეში ნიშნის დასატოვებლად. მალე წვიმების სეზონი დაიწყება და მიწაყრილს გაასწორებს. თან ეზოს ვარდები და რომის წილი სამოთხის ვაშლები მიგვაქვს წლევანდელი მოსავლიდან. ისევ რომ შევხვდე, სად მოეფერებოდი, მეკითხება მატასი. რომი – ოთხი იღლია, ძველებურად ვუმეორებ და უნებლიედ გული სიხარულით მევსება, რომ ყველაზე მამაც, მშვენიერ და მოსიყვარულე კანე კორსოს სწორედ ჩვენ ვუმასპინძლეთ დედამიწაზე.

იმავე საღამოს დიანა მწერს, რომ პირველი ძაღლივით აღარცერთი ეყვარება და დრატჰაარის ლეკვის ფოტოს მიგზავნის.

ორ კვირის მერე ირაკლი ფეისბუქში ნაწვიმარი ქალაქის ცისარტყელიან ფოტოს დებს. ჩვენი ძაღლები ხომ არ გამოჩენილან-მეთქი, ვეხმიანები და ორივეს გული გვიჩუყდება.

ერთ თვის თავზე ქეთი მეუბნება, რომ მოხუცმა მამამ ახლაღა დართო ძაღლის მიყვანის ნება, იმის სიკვდილს მაინც ვეღარ მოვესწრებიო.

ჩვენ სახელმწიფომ გაგვწირა, იმ დღის მერე ხშირად იმეორებს ლევანი და ასეცაა. ბევრი ვიბრძოლეთ, ქვეყანა შევძარით, ჟურნალისტებს შევეხმიანეთ და პარლამენტს პეტიციით მივმართეთ, რომ შესაცვლელია კანონი და თან რაც შეიძლება სწრაფად, რომ ვეტექიმს წამლის გამოწერის, ცხოველებს უმტკივნეულო სიცოცხლის, მათ პატრონებს კი ბედნიერების უფლება ჰქონდეთ.

ჩვენ ჯერ არ ვიცი თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სუნიც ქრება. დღე ერთია და  შავ ძაღლს ასჯერ „დავლანდავთ“ ხოლმე სახლსა თუ ეზოში, ხანდახან თითქოს მისი სუნთქვაც გვესმის და ტახტის ჭრიალიც – თავიდან მალულად, მერე კი უცერემონიოდ რომ მოკალათდებოდა გამოსაძინებლად. რაც არასოდეს გაქრება, მადლიერების განცდაა, ადამიანად რომ მაქცია და უპირობო სიკეთით სავსე სამყაროსკენ გამიძღვა. მართალია, ყველა სივრცე, ჩვევა და ახირება, რომელიც რომის გამო დავთმე, ახლა თავისუფლად შემიძლია დავიბრუნო, მაგრამ აღარ მინდა.

ძვირფას სახსოვრად დაგვრჩება უნიკალური ექსლიბრისებიც – რომის ნაკბილარები და ნაკაწრები ჩვენს წიგნებზე, რასაც ყველაზე დიდსულოვნად ელენე პატიობდა. ასევე, უამრავი ფოტო – თამაშის, ლაშქრობის, დარაჯობის, ძილის თუ ალერსის,  რომელთაგან ერთ-ერთს აუცილებლად დავბეჭდავთ და ბუხრის თავზე შემოვდებთ, როგორც ნიჩბისის დამფუძნებელი მამაძაღლისას. ჩვენი ოჯახის ყველა მომდევნო ოთხფეხა წევრს კი ლეკვობიდან ეცოდინება, რომ რომის მიწაზე დაპარპაშებს.

ის საქმე დაიძრა, ცოტა ხნის წინ სევდანარევი სიხარულით მითხრა ლევანმა. ჩემთვის მაინც რომის კანონი ერქმევა, ძლივს ამოვთქვი, ბუხრის თავზე შემოდებულ ვერცხლისფერ საყელურს ხელი გადავუსვი და მედალიონზე ამოტვიფრული წარწერა უხმოდ წავიკითხე:

To err is human, to forgive divine, I am neither.

რომ, ძაღლო, ძაღლის გაჩენილო, ცისარტყელაზე მართლწერით გაძაღლებულებსაც თუ გადაეყრები, არავინ მოგატყუოს, რომ მძიმე ყოველთვის რომის წინ იწერება და ჰო, იქნებ მაინც მაპატიო, რომ იმ დილით ჩამეძინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი