შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მარტოობის კიდევ ერთი წელი

ფეისბუქს, მრავალ სხვასთან ერთად, ერთი კარგი თვისება, უფრო სწორად ფუნქციაც აქვს _ გახსენებს. გახსენებს იმას, რაც არც დაგვიწყებია, მაგრამ გახსენებს მთელი სიცოცხლითა და სიცხადით, გახსენებს საკუთარ ემოციებს, რა თქვი რას ფიქრობდი, რას გრძნობდი, როგორ დარდობდი, ან გიხაროდა.

გასულ შაბათს მეც გამახსენა _ ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ილიაუნის ლექტორი, მაკა წივწივაძე, ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში გამოასალმა სიცოცხლეს. გამახსენა, როგორ გავბრაზდით, ცრემლები გადავყლაპეთ და ვთქვით, რომ არავინაა დაცული, რომ ნებისმიერი ქალი, ნებისმიერ ადგილას, შეიძლება, ძალადობის მსხვერპლი გახდეს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო თავის ყველა მოქალაქეს იცავს, რომ საზოგადოება თავის ყველა წევრს გვერდით უდგას.

გამახსენდა, როგორი იყო შარშანდელი წელი _ ფემიციდის უამრავი შემთხვევა, ქმრების, ყოფილი ქმრების და პარტნიორების ხელით დახოცილი ქალები, პატრიარქალური სისტემის მსხვერპლი ქალები, რომელთაც სიცოცხლეში ვერ გავუფრთხილდით, სიკვდილის შემდეგ კი გამოვიტირეთ. გამახსენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციები, ტრაგედიის შედეგად გაერთიანებული უამრავი ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. სახელმწიფო უწყებები თითქოს უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ქალთა საკითხების მიმართ, მედიამაც მოაბრუნა ობიექტივი ქალებისა და მათ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებისკენ, საზოგადოებაც თითქოს უფრო გაერკვა პრობლემების არსში. საკანონმდებლო ცვლილებებზეც ავლაპარაკდით. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით, ყინული დათხელდა და ლღობა დაიწყო.

ახლა, როცა შარშანდელი ამბები, ის რთული დღეები, ჩვენი ტკივილი და შეძრწუნება, მთელი ძალით გამახსენდა, გამახსენდა ერთი კონკრეტული აქციაც _ ადამიანები კონკრეტულ პოლიტიკოსებს უხდიდნენ მადლობას. არ მახსოვს, რისთვის. ჩემი წილი მადლობა მეც მაქვს სათქმელი, მადლობა ყველა იმ ქალის მისამართით, ვინც ვერ დავიცავით, ვინც პატრიარქალურმა წყობამ იმსხვერპლა, ვინც თავისი სიკვდილით, ცვლილებებს მისცა დასაბამი, ვინც დაანახა ქალებს, რომ აუცილებელია, პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ვინც დაანახა პოლიციას, რომ მოქმედება აუცილებელია, ვინც დაანახა საზოგადოებას, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვინც დაანახა სკეპტიკურად განწყობილ კაცებს, რომ დიახ, ჩვენს ქვეყანაში ქალის უფლებები დაცული არ არის, ვინც დაგვანახა ჩვენ, ქალთა ორგანიზაციებს, რომ მართალია, შეუსვენებლად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.

მე მადლობელი ვარ მათი, ქალების, რომელთაც არ შეეშინდათ, უარი ეთქვათ მოძალადესთან ცხოვრებაზე, არ შეეშინდათ მეზობლების აზრის, შვილების მარტო გაზრდის, არ შეეშინდათ წინააღმდეგობის გაწევის. ისინი ჩემი გმირები არიან, გმირები, რომლებსაც საქართველოში ძეგლს არავინ დაუდგამს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებითა და მცდელობით, შეგვიძლია, შევქმნათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ძეგლია _ სახელმწიფო, რომელიც ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, საზოგადოება, რომლისთვისაც თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულება იქნება.

მიუხედავად ცვლილებებისა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე, მაკა წივწივაძის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ, ქალები, მაინც მარტონი ვართ საკუთარ პრობლემებთან, რადგან საკითხები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხშირად ვერ მიდის გადაწყვეტილების მიმღებთა ყურამდე. გადაწყვეტილების მიმღებები კი, ქართულ სინამდვილეში, ძირითადად, კაცები არიან. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ისინი წყვეტენ ქვეყნის ბედს ჩვენი ჩართულობის გარეშე, მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობას ქალები წარმოვადგენთ.

ჩვენ მარტონი ვართ მაშინ, როცა ვალდებულებების ტვირთით დამძიმებულებს გვეუბნებიან, რომ ჩვენი შრომა სათაკილოა, რომ ჩვენი ყოფნა შვილებისგან შორს, სამარცხვინოა, მაშინაც კი, თუკი ამით სწორედ ოჯახების შიმშილისგან გადარჩენას ვცდილობთ.

ჩვენ მარტონი ვართ მაშინ. როცა სახლიდან მივდივართ და წასასვლელი არსად გვაქვს, მარტონი ვართ, როცა ადრეულ ასაკში, ძალდატანებით გვათხოვებენ, მარტონი ვართ, როცა განათლების გარეშე ვრჩებით.

ჩვენ მარტონი ვართ, ისევე, როგორც ფემიციდის მსხვერპლი თითოეული ქალი იყო ცხოვრების საბედისწერო წამს.

მაგრამ ამ მარტოობაში ჩვენ ვართ ბევრნი, ვართ ძლიერები, რაც მთავარია, ვართ ცოცხლები და ვიბრძვით, ვიბრძვით ისე, როგორც შეგვეფერება.

…ფეისბუქს ვსქროლავ და მახსენდება, როგორ ვიყავი შარშან ამ დროს, როგორ ვბრაზობდი, როგორ მტკიოდა გული, მახსენდება და ვამბობ: მადლობა, გოგოებო, ქალებო, მადლობა თქვენი სიცოცხლისთვის და ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი