ამ ზაფხულს ერთგვარი „საველე კვლევა“ ჩავატარე – ახლად გაცნობილ ბავშვებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ვეკითხებოდი – რა ინფორმაციის მისაწოდებლად ვჭირდებოდით ჩვენ მათ? რა აინტერესებდათ მედიაში? აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აქვს კითხვები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და სურს მედიამ ამ თემას მეტი ყურადღება მიაქციოს. როგორც ჩანს, სკოლასა და ოჯახებში მაინც ტაბუირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი. ინტერნეტს კი ბოლომდე არ ენდობიან, ადგილობრივ სერვისებზე ვერ პოულობენ ინფორმაციას ან ენობრივი ბარიერი უშლით ხელს ინფორმაციის მოძიებაში. ეს ჩემი „საველე კვლევის“ შედეგები ფაქტობრივად იმეორებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით – ამ კვლევამ აჩვენა, რომ 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ფსიქიკური ჯანმრთელობა აღელვებთ და არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.
გთავაზობთ რესურსებს, რომლებსაც ვურჩევდი ზაფხულში შეძენილ ახალ ნაცნობებსაც და უფრო ფართო აუდიტორიასაც. ეს არის ის უფასო, სანდო წყაროები, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ ბავშვებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღელავენ.
აისი – ესაა გვერდი ინსტაგრამზე, ერთგვარი ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც რჩევებსაც ნახავთ, განმარტებებსაც და მარტივ სავარჯიშოებსაც.
ღია – ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც ასევე ინსტაგრამზე გთავაზობთ რეკომენდაციებს, ვიდეოებს და ცხადია, სავარჯიშოებსაც.
მენტალური ალეგორიები – ესეც რჩევები და განმარტებებია ურთიერთობებზე, პრობლემურ ვითარებებზე, სხვადასხვა სირთულეზე, გამოსავლის ძიებაზე.
ბავშვები, რომლებსაც ზაფხულში შევხვდი, მართლები იყვნენ, ქართულად პოპულარული რესურსები საკმაოდ მწირია. ამიტომ მათთვის, ვისაც ინგლისური მშობლიურივით ესმის, ამ ენაზე საბავშვო პოდკასტების მთელი სიაც შემიძლია შევთავაზო ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ბოლოს კი ისევ ინგლისურ ენაზე, თავად ახალგაზრდების მიერ მომზადებული პოდკასტი, რომელიც საცაა მეხუთე სეზონს იწყებს – ეს პლატფორმა, გარდა ინფორმაციის მიღების ადგილისა, სასწავლო რესურსადაც შეიძლება გამოდგეს, იმის საჩვენებლად, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, თავად შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც მათ გარშემოა – ბოლოს და ბოლოს დღევანდელი ბავშვები ხვალ უკვე ზრდასრულები იქნებიან.


